ბალტიის ზღვაზე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო Baltic Hub-ის მშენებლობის მაგალითზე, 2029 წლისთვის ანაკლიის ნავსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება წარმოუდგენელ ამოცანას წარმოადგენს

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ანაკლიის ნავსადგური 2029 წლისთვის 600 000 TEU-მდე, ხოლო მეორე ეტაპზე – 2035 წლისთვის მინიმუმ 1 მილიონ TEU-ს დაამუშავებს.

სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადღეისოდ ნავსადგურის აკვატორიაში მიმდინარე სამუშაოთა დაბალი ტემპი ფიქსირდება. გარდა ამისა, ნაპირზე დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებთან მიმართებით სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ შეურჩევია კონტრაქტორი კომპანია, რასაც ემატება მისასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო გზების პროექტების განხორციელების ჯერ კიდევ ჩანასახოვან ეტაპზე პოზიციონირება. ეს ყოველივე ერთობლიობაში გვაფიქრებინებს, რომ 2029 წლისთვის შეუძლებელი იქნება ანაკლიის ნავსადგურის დასრულება და ნავსადგურის მიერ პირველი გემის მიღება.

იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ, რა ტიპის სამშენებლო სამუშაოებთან ექნება შეხება ანაკლიის ნავსადგურს, თვალსაჩინოებისათვის გვინდა პარალელი გავავლოთ პოლონეთში, გდანსკის ღრმაწყლოვანი ანალოგიური ტიპის ნავსადგურის მშენებლობის ეტაპებთან და ურთიერთშედარების საფუძველზე გავაკეთოთ დასკვნა, რამდენად საკმარისი იქნება ის ვადა, რომელიც დაანონსა ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პროექტის ექსპლუატაციაში გასაშვებად.

პოლონეთში, გდანსკის ნავსადგურში 2022 წელს დაწყებული რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ღრმაწყლოვანი საკონტეინერო საზღვაო ტერმინალი Baltic Hub-ის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდა და ტერმინალი ახლახანს იქნა ექსპლუატაციაში გაშვებული.
ტერმინალის მშენებლობისათვის ყველა აუცილებელი ნებართვის მიღების შემდეგ სამუშაოები 2022 წლის სექტემბერში დაიწყო, რომელსაც Haskoning-ის ზედამხედველობის ქვეშ კომპანიები Budimex-ი და DEME აშენებდნენ. ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 450 მილიონი ევრო შეადგინა.

Budimex-ი კონსორციუმის გენერალური კონტრაქტორია, რომელსაც 75%-იანი წილი ეკუთვნის. მის პასუხისმგებლობაში მშენებლობის და ინფრასტრუქტურის კომპონენტი შედიოდა.

Baltic Hub-ის პროექტი იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ 2022 წელს დაწყებული და 36 ჰექტარზე მოწყობილი ხელოვნური კუნძული სულ რაღაც სამ წელიწადში იქნა ექსპლუატაციაში გაშვებული.

თვალსაჩინოებისათვის, თანდართულ სურათზე წარმოდგენილია არსებული 3 მლნ TEU-ზე გათვლილი არსებული საკონტეინერო ნავსადგურის გაფართოების ეტაპები.

პროექტის მიხედვით არსებულ ნავსადგურს დაემატა ხელოვნური კუნძული. მომდევნო ფაზაზე დამონტაჟდა ამწე -დანადგარები და ბოლოს წარმოდგენილია საკონტეინერო ტერმინალის დასრულებული ხედი.

ხაზგასასმელია, რომ ნავსადგურის ხელოვნური კუნძილის მოწყობას და საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვას სამი წელი დასჭირდა.

ხელოვნური კუნძულის შესაქმნელად გამოყენებული იქნა 4.37 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა, 160 ათასი კუბური მეტრი ბეტონი და 17 500 ტონა ფოლადი.

36 ჰექტარზე განთავსებული ხელოვნური კუნძული მოიცავს 17.5 მ დაღმავებით 717 მ ღრმაწყლოვან ნავმისადგომს, რომელზეც მოწყობილია მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა. შვიდ ავტომატიზირებულ 150 მ სიმაღლის გიგანტურ STS ამწეს შეუძლია მოემსახუროს 24 000 TEU-იან ტევადობის უდიდეს გემებს.
გაფართოების შემდეგ გდანსკის ნავსადგურის საკონტეინერო სიმძლავრე 3 მლნ TEU-დან 4.5 მლნ TEU-მდე გაიზარდა.

ხელოვნურ კუნძულზე ყველა აღჭურვილობა მწვანე ენერგიაზე მუშაობს, რაც შეესაბამება Baltic Hub-ის თავდაპირველ სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს ემისიების 50%-ით შემცირებას 2030 წლისთვის და 2050 წლისთვის ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას.

გდანსკის ნავსადგური, ხელოვნურ კუნძულზე მოწყობილი ახალი საკონტეინერო ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვებით, ბალტიის ზღვაში ყველაზე დიდ და ღრმა საკონტეინერო ტერმინალად გადაიქცა, რომელსაც ჯამში 124 ჰექტარზე მეტი საოპერაციო ფართობი და 2.1 კმ სიგრძის ნავმისადგომები გააჩნია.

გდანსკის ნავსადგურის ხელოვნურ კუნძულზე 2023 წელს გადაღებული ფოტო მასალა ნათლად მიუთითებს მშენებლობის ტემპებზე – ფაქტიურად 2022 წელს დაწყებული პროექტისთვის ერთ წელიწადში დასრულდა ნავსადგურისთვის აუცილებელი მიწის სამუშაოები.

გარკვეული პარალელის გავლება შესაძლებელია ანაკლიის ნავსადგურის პროექტთან მიმართებით. ფაქტიურად ნაპირზე მიწის სამუშაოების ინტენსიურად განხორციელების პირობებში ერთ წელიწადში შესაძლებელია ნავსადგურის შემდგომი ეტაპისთვის მომზადება, რაც ამწე-დანადგარების მონტაჟს ითვალისწინებს.

ანაკლიის ნავსადგურის პირობებში, ნაპირზე შესაბამისი სამუშაოების განხორცილება კონტრაქტორი კომპანიის პრეროგატივაა, რომელიც დღემდე არ არის შერჩეული.

2024 წლის ნოემბერში ხელოვნურ კუნძულზე პირველი ოთხი თანამედროვე STS (Ship-to-Shore) (გემიდან ნაპირამდე) ამწე დამონტაჟდა. სურათზე წარმოდგენილია ამწეების ტრანსპორტირების პროცესი.

2025 წლის მარტში ეკოლოგიურად სუფთა მეთანოლით მომუშავე Maersk-ის ფლოტის ერთ-ერთი უახლესი გემი Adrian Maersk შევიდა ნავსადგურში და ხელოვნურ კუნძულზე განხორციელდა გემის დამუშავება. შთამბეჭდავია კონტეინერმზიდი გემის პარამეტრები – სიგრძე 351 მ, სიგანე 54 მ, ტევადობა 16 000 TEU.

2022–2025 წლებში ინტენსიური სამუშაოების შედეგად Baltic Hub რეგიონში ერთ-ერთ ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ საკონტეინერო ტერმინალად იქცა, რომელიც მზადაა მიიღოს თანამედროვე, დაბალი გამონაბოლქვის მქონე გემები, რაც ადასტურებს მის როლს საზღვაო ინდუსტრიის უფრო მწვანე მომავლისკენ გადასვლაში.

პოლონეთში განთავსებულ Baltic Hub-ს გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა ბალტიის სამი ქვეყნის ნავსადგურებისთვის.

რუსეთის მიერ ბალტიის ნავსადგურებისთვის სახმელეთო არტერიების გადაკეტვის პირობებში შორეული აღმოსავლეთის ნაკადების ნაწილი ამჟამად პოლონეთის ნავსადგურ გდანსკში გადმოიტვირთება და გამანაწილებელი ფიდერული ხაზებით ბალტიის ქვეყნების – კლაიპედის, ტალინის და რიგის ნავსადგურებში გადაიზიდება, რითაც ბალტიის ნავსადგურებმა მიაღწიეს დაკარგული ტვირთების კომპენსირება.

დასკვნის სახით – Baltic Hub-ის მაგალითზე, ანაკლიის ნავსადგურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ტემპების გათვალისწინებით, 2029 წლისთვის მისი პირველი ფაზის დასრულება წარმოუდგენელ ამოცანას წარმოადგენს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

თბილისში გამართულმა „მულტიმოდალურ ტრანსპორტის და ტრანზიტის ფორუმმა“ შუა დერეფნის პრობლემები და განვითარების ასპექტები გააშუქა

Next Post

ვიზიტი თბილისის Dry Port-ში – ლოჯისტიკური სერვისის უახლესი მოდელი საქართველოში

Related Posts

როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას – რკინიგზა

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი ჯერ დასრულებული არ არის, გვაქვს შესაძლებლობა შევაჯომოთ, სატრანსპორტო დერეფნის ძირითადი რგოლის – რკინიგზის…
მეტის ნახვა

ზანგეზურის დერეფნის ირანული ალტერნატივა – რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არაზის სატრანზიტო დერეფანს ირანისთვის?

შეერთებული შტატების ზეწოლის საპასუხოდ, თეირანმა არაზის სატრანზიტო დერეფნის პროექტი გააქტიურა. დერეფანი აზერბაიჯანიდან ჩრდილოეთ ირანის გავლით ნახიჩევანთან დაკავშირებას ითვალისწინებს.…
მეტის ნახვა

ქიმიურ მრეწველობაში 10 მილიარდი დოლარის უზბეკური ინვესტიცია საქართველოს სატერმინალო ქსელის გაფართოებისკენ უბიძგებს

უზბეკეთი – სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე 2027 წლისათვის საკუთარი ქიმიური მრეწველობის განვითარებაში – 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას ვარაუდობს.…
მეტის ნახვა