ბოსფორის და დარდანელის სრუტეებით წელიწადში საშუალოდ 42 000 მცირე თუ დიდი გემი სარგებლობს, სამჯერ აღემატება სუეცის და ოთხჯერ პანამის არხებში გემების მოძრაობის ინტენსიობას. თურქეთის სრუტეებით მსოფლიო ნავთობის 3 % გადაიზიდება.
რამდენს შეადგენს სრუტეებით სარგებლობის ღირებულება და ყველაზე მტკივნეულად რომელ ქვეყნებზე აისახება ბოლო წლებში ექვსჯერ გაზრდილი გადასახადი.
ამ საკითხებთან დაკავშირებით გთავაზობთ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ მომზადებულ ანალიტიკას.
თითქმის 40 წლის განმავლობაში, 1983 დან 2022 წლამდე უცხოური გემების მიერ ბოსფორის და დარდანელის სრუტეებით სარგებლობის გადასახადი უცვლელი რჩებოდა – ერთ ტონა ტვირთზე – 0.8 დოლარს შეადგენდა.
2022 წლიდან თურქეთის დღევანდელი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი აქტის საფუძველზე სრუტეების გავლის ღირებულება ხუთჯერ გაიზარდა და ტონაზე 4.08 დოლარი შეადგინა, მოგვიანებით 2023 წლიდან გადასახადი დამატებით 8.3 % ით გაიზარდა და ტონაზე 4.42 დოლარს მიაღწია.
საბოლოოდ 2024 წლის 1 ივლისიდან გადასახადი 14.7 % ით გაიზარდა და ტონაზე 5.07 დოლარს გაუტოლდა. ფაქტიურად სრუტეებით სარგებლობის გადასახადი ექვსჯერ გაიზარდა.
მაგალითისათვის თუ 2022 წელს 10 000 ტონა ნეტო ტონაჟის გემი სრუტეების გავლისას იხდიდა 3 240 დოლარს, 2024 წლის გაძვირების შედეგად იხდის 20 370 დოლარს ანუ 6 ჯერ მეტს. რამაც ბუნებრივია ტვირთების გაძვირებაზეც იქონია გავლება.
გარდა ამისა, სრუტეებში გაზრდილი ტვირთბრუნვა იწვევს ტანკერების ზენორმირებულ მოცდენებს, ასე მაგალითად, ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში და უკუმიმართულებით სრუტეების გავლა ოთხი დღიდან რვა დღემდე გაიზარდა. ერთი დღით სრუტეებში მოცდენის საშუალო ღირებულება 65 ათას დოლარს შეადგენს.

თურქეთის სრუტებში ტრანზიტის გადასახადი 1936 წლის მონროს კონვენციით რეგულირდება, რომელიც „ოქროს ფრანკის“ ღირებულებას ემყარება. 1983 წელს „ოქროს ფრანკი“ გატოლებული იყოს 0.8 დოლართან.
სრუტეებზე ტრანზიტის გადასახადის ბოლო გაძვირებით თურქეთის მთავრობას განზრახული აქვს წელიწადში დამატებით 250 მილიონი დოლარის, ხოლო ჯამურად ერთი მილიარდი დოლარის თურქეთის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა.
შედარებისათვის სუეცის არხით სარგებლობისათვის, სავაჭრო გემები ეგვიპტის ბიუჯეტს ტონაზე 10 დოლარს უხდიან. ამ სახით ეგვიპტის ბიუჯეტში წელიწადში 5 მილიარდი დოლარი აკუმლირდება, ბიუჯეტის შევსების მნიშვნელობის მიხედვით სუეცის არხის გადასახადი მეორეა.
თურქეთის ბიუჯეტში შემოსული თანხით გათვალისწინებულია, არხებში ნაოსნობის უსაფრთხოების, მოძრაობის მონიტორინგის და ინფრასტრუქტურის სრულყოფის სამუშაოების განხორციელება.
2022 წელს თურქეთის ხელისუფლებამ ბოსფორის სრუტის განტვირთვის მიზნით „სტამბულის არხის“ პროექტი დაამტკიცა.
გაზრდილი ტვირთბრუნვის გამო ბოსფორის სრუტით უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, გაითხრება 50 კმ სიგრძის არხი, როლის სიღრმე 25 ხოლო სიგანე 150 მეტრი იქნება.

როგორც აღინიშნა, სტამბულის არხის მიზანს ბოსფორის სრუტის განტვირთვა წარმოადგენს, რისთვისაც თურქეთის ხელისუფლება 13 მილიარდ დოლარს დახარჯავს.
არხის გაყვანით ფაქტიურად სტამბულის დასავლეთი ნაწილი 10 მილიონი მოსახლეობით კუნძულად გადაიქცევა, ქალაქის ამ ნაწილში მოსახვედრად მოსახლეობა რამოდენიმე ხიდით და ბორნებით ისარგებლებს.
თურქეთის სრუტეების გადასახადი სამი პუნქტისგან შედგება – სანიტარული, შუქურის და სამაშველო სამსახურების, საბაზოდ მიიღება გემის სუფთა ტონაჟის მოცულობა.
ბუნებრივია სრუტეებით სარგებლობს შავი ზღვის აუზში ყველა შემავალი თუ გამომავალი გემი, გადასახადების გაძვირებაც აისახება თვითეული გემის მიერ გადაზიდული პროდუქციის ღირებულებაზე.
მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის გადაზიდვებით დაკავებული ქვეყნებისათვის, სრუტეებით სარგებლობის გაძვირებული გადასახადი ყველაზე მტკივნეულად აისახება, რადგანაც პლაცზე სავაჭრო გარიგების შედეგად მიღებული ნავთობის ფასი არ ითვალისწინების სრუტეებით გავლის ღირებულებას, ასეთ პირობებში ნავთობის გადამზიდავი კომპანიები მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ახორციელებენ გადაზიდვებს.
სრუტეების გავლის გადასადახი ყველაზე მტკივნეულად ყაზახეთზე აისახება, შედარებით ნაკლებად – რუსეთზე, შედარებისათვის რუსეთი ბოსფორის გავლით დღეში 0.5 მლნ ბარელს, ყაზახეთი კი ნოვოროსიისკის ნავსადგურის და კასპიის ნავთობის CPC მილსადენის გამოყენებით დღეში 1 მლნ ბარელს აგზავნის.