რუსეთი ტრანსავღანური მარშრუტის ამოქმედებით, შუა დერეფნის გვერდის ავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებს ალტერნატიულ სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე წვდომას უფართოებს.
რეგიონში ახალი ტრანსავღანური მარშრუტის რეანიმირება, რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია, ამასთან მის სტრატეგიულ მიზნებში შუა დერეფნის მიმზიდველობის დაქვეითება და ტვირთწარმომქმნელი ცენტრალური აზიის ქვეყნების სავაჭრო შესაძლებლობების რუსეთის სატელიტ ბაზრებზე გადანაწილება წარმოადგენს.
საკითხის აქტუალობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე ტრანსავღანური მარშრუტის რეგიონის ქვეყნების ზეგავლენის გამოსავლენად, ანალიტიკას ორ ნაწილად წარმოგიდგენთ.
2025 წლის აპრილში რუსეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს ტრანსავღანური რკინიგზის პროექტის პრაქტიკული რეალიზების დაწყების შესახებ ხელშეკრულებას.
რომლის მიხედვით რუსეთის საპროექტო ორგანიზაციები ტრანსავღანური რკინიგზის პროექტის ტექნიკურ – ეკონომიკურ დასაბუთებას მოამზადებენ.
რუსეთ – უზბეკეთის მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას, 2021 წელს ტრანსავღანური უზბეკეთ – ავღანეთ – პაკისტანის დამაკავშირებელი მარშრუტის შეთანხმების რეანიმაცია უდევს საფუძვლად.

ავღანეთის ტერიტორიაზე, რუსეთმა კონცენტრირება გააკეთა (იხ. სქემა) ორმიმართულებაზე მაზარი შარიფი – ჰერატი – დილარამი – ყანდაჰარი (მწვანე წყვეტილი) და თერმეზი – მაზარი შარიფი – ლოგარი – ხარლაჩი – პეშავარი (ლურჯი მსხვილი წყვეტილი).
ორივე მიმართულებით, რუსეთი ერთ შემთხვევაში თურმენეთის გავლით მეორე შემთხვევაში უზბეკეთის გავლით უმოკლესი სახმელეთო დერეფნებით უკავშირდება პაკისტანის კარაჩის საკვანძო ნავსადგურს და გადის არაბეთის ზღვაზე.
რუსეთი ტრანსავღანური უმოკლესი მარშრუტით, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უბიძგებს საკუთარი ტვირთნაკადები ნაცვლად შუა დერეფნისა გადაამისამართონ პაკისტანის გავლით უკიდეგანო არაბეთის საზღვაო არეალისკენ.
შორეულ პერსპექტივაში რუსეთის ასეთი ქმედება, შუა დერეფნისათვის ტვირთების ჩამოცილების თვალსაზრისით, „ნელი მოქმედების ნაღმს“ წარმოადგენს.
რუსეთის მიზანი ნათელია, კერძოდ რუსეთი – ცენტრალური აზია – ავღანეთი – პაკისტანის გავლით კარაჩის ნავსადგურზე და საბოლოოდ სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიამდე გასვლით, შექმნას დამატებითი ახალი უმოკლესი ჩრდილოეთ – სამხრეთ სატრანზიტო დერეფანი, რომლითაც ფაქტიურად „ყულფში“ მოაქცევს, შუა დერეფნისათვის მნიშვნელოვან, ტვირთწარმომქმნელ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს.
რუსეთის სტრატეგიული ჩანაფიქრის მიხედვით, პროექტის განხორციელების შემთხვევაშიუზბეკეთ – ავღანეთ – პაკისტანის დამაკავშირებელი ტრანსავღანური მარშრუტი (იხ სქემაზე ლურჯი მიმართულება), გახდება ჩრდილოეთ – სამხრეთის დერეფნის შემადგენელი ნაწილი, რაც 30 – 40 % ით შეამცირებს რუსეთის ევროპული ნაწილილიდან ტვირთების სახმელეთო გადაზიდვის დროს და ღირებულებას. გარდა ამისა, სუეცის არხის საზღვაო მარშრუტზე 30 % ით იაფი და 40 % ით მოკლე იქნება.

ტრანსავღანული უზბეკეთ – ავღანეთ – პაკისტანის დამაკავშირებელი მარშრუტის განხორციელების შემთხვევაში, რეგიონის თითქმის ყველა სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება.
მიუხედავად ცენტრალურ აზიაში უზბეკეთის სტრატეგიული მდებარეობისა, ასევე ავღანეთის სამხრეთ აზიაში, ორივე სახელმწიფო ნაკლებად ინტეგრირებულია საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში და არცერთს არ გააჩნია ზღვაზე პირდაპირი წვდომა, ამ გარემოებების გათვალისწინებით ორივე სახელმწიფო ერთობლივად დაინტერესებულია ტრანსავღანული მარშრუტის განვითარებით.
ავღანეთში ხელისუფლების შეცვლამ დააჩქარა პროექტის განხორციელების გეგმები, 2022 წლის შემდეგ განახლდა ტრანსავღანური რკინიგზის მარშრუტის მიმართულების განსაზღვრისა და ავღანეთის ტერიტორიაზე პროექტის ტექნიკურ – ეკონომიკურ დასაბუთებაზე ინტენსიური მუშაობა.
წინასწარი გაანგარიშებით მაგისტრალის სიგრძე 573 კმ იქნება, სატრანზიტო პოტენციალი 20 მლნ ტონა წელიწადში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ მასშტაბური პროექტის განხორციელების ვადებზე გავლენას მოახდენს მისი ღირებულება, რომელიც ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის განსაზღვრული.
უზბეკეთის გათვლებით, მაგისტრალის ასაშენებლად 4.6 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო, პაკისტანი – მშენებლობას 8.2 მილიარდ დოლარად აფასებს.
პროექტში ჩართული მხარეების ვარაუდით, ტრანსავღანური რკინიგზის მაგისტრალის მშენებლობა 2025 წელს დაიწყება და 5 წელიწადში დასრულდება (იხ. სქემა წითელი პუნქტირი).

ყველაზე რთული საკითხი, მშენებლობის დაფინანსებაა, პოტენციურ ინვესტორებს შორის ყატარი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები ფიგურირებენ.
უზბეკეთი ტრანსავღანურ მარშრუტს, არა როგორც მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობად აღიქვამს. უფრო მეტი „უზბეკეთის რესპუბლიკის სატრანსპორტო სისტემის განვითარების 2035 წლამდე სტრატეგიაში“ ტრანსავღანური მარშრუტის განხორციელება უზბეკეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში ინტეგრირების სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.
უზბეკეთის, როგორც საქართველოზე გამავალი დერეფნის საკვანძო ქვეყნის სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფანში ჩართულობა, პირველ რიგში რუსეთის მიერ არის ნაკარნახევი და შუა დერეფნის არეალიდან ტვირთნაკადების ჩამოცილებას ითვალისწინებს.
ტრანსავღანურ მარშრუტში ცენტრალური აზიის ქვეყნების გააქტიურება, მათ სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზების შესაძლებლობისკენ უბიძგებს, რაც ერთის მხრივ, უდაოდ, ამ ქვეყნებისთვის პოზიტიური ტენდენციაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ასეთი ტენდენცია, შუა დერეფნის გვერდის ავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებს ალტერნატიულ ბაზრებზე, ახალი სატრანსპორტო დერეფნით გასვლის და დამკვიდრების შესაძლებლობებს ანიჭებს.
როდესაც ცენტრალური აზიის ქვეყნების გააქტიურებაზეა აქცენტი გაკეთებულია, მნიშვნელოვანია ტრანსავღანურ მარშრუტში, გამოვყოთ თურქმენეთის და ყაზახეთის დაინტერესება.
2024 წელს თურქმენეთი და ყაზახეთი შეთანხმდენ, თურქმენეთის მიმართულებით, ტრანასავღანური დერეფნის, განშტოების ერთობლივ ფინანსურ მხარდაჭერაზე.
შედეგად 2024 წელს, ავღანეთის ტერიტორიაზე, ყაზახეთის ფინანსური ჩართულობით, თორგუნდი – ჰერატის 22 კმ მონაკვეთზე სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.
მეორე ნაწილი იხილეთ შემდგომ ანალიტიკაში.