2025 წლის სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს ყაზახეთისთვის ლოკომოტივების მიწოდების „ყველაზე მასშტაბურ“ 4.2 მილიარდიან კონტრაქტს.
შეერთებული შტატების მხრიდან შუა დერეფნის ყველაზე მსხვილ ტვირთარმომქნელ ქვეყანასთან – ყაზახეთთან გაფორმებულ მსხვილ კონტრაქტს პოლიტიკური წინაპირობები გააჩნია, რაც პირველ რიგში რეგიონში რუსულ და ჩინურ მარშრუტებზე დამოკიდებულების შემცირებაა.
ამერიკული დიზელ ლოკომოტივები გამოყენებული იქნება შუა დერეფნის ძირითად მონაკვეთებზე, რომელსაც დასავლეთი პრიორიტეტულად განიხილავს, როგორც რუსეთსა და ჩინეთზე გამავალი ტრადიციული ლოგისტიკური ჯაჭვების ალტერნატივას.
კონტრაქტის ძირითადი გეოპოლიტიკური ქვეტექსტი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეერთებული შტატები ცენტრალურ აზიაში თავისი დამკვიდრების გასაძლიერებლად და რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის სატრანსპორტო მარშრუტებზე დამოკიდებულების შესამცირებლად იყენებს საკუთარ ტექნოლოგიებსა და ინვესტიციებს.
მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის გაფორმებამდეც ყაზახეთი ამერიკულ დიზელ-ლოკომოტივებს 16 წელია ყიდულობს, ამ კონტრაქტით, ფაქტობრივად, შეერთებულმა შტატებმა ღიად დააფიქსირეს ტვირთნაკადების შუა დერეფნით გადმორთვის პრიორიტეტულობა. კერძოდ, 2009 წლიდან ასტანაში ფუნქციონირებს Wabtec Kazakhstan Locomotive Assembly Plant (LKZ), სადაც TE33A „Evolution“-სერიის დიზელ-ლოკომოტივებს აწყობენ.

ყაზახეთმა ამ პერიოდის განმავლობაში, საკუთარი მოხმარებისთვის და ექსპორტზე გასატანად, 600-ზე მეტი ლოკომოტივი აწარმოა.
ადგილზე წარმოების ლოკალიზაციის დონე (იგულისხმება ადგილობრივი მაკომპლექტებელი დეტალებით უზრუნველყოფა) 45%-ს აღწევს. ლოკომოტივებისათვის მნიშვნელოვანი აგრეგატები, მათ შორის ძრავები და ელექტრონული კვანძები აშშ დან მიეწოდება.
არსებული ტექთნიკური აღჭურვილობით ქარხანას წელიწადში 130-მდე დიზელ-ლოკომოტივის წარმოების შესაძლებლობა გააჩნია, ყოველწლიურად კი 75–80 ერთეულს აწარმოებს.

რუსეთის პრესა ცდილობს დააკნინოს „ისტორიული კონტრაქტის“ მნიშვნელობა და მანქანათმშენებლობის სფეროში დადებული კონტრაქტი არა როგორც მნიშვნელოვან გარღვევათ, არამედ ხანგრძლივი თანამშრომლობის გაგრძელებად აფასებს.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს ამერიკულმა Wabtec-მა და ყაზახეთის რკინიგზამ 600 მლნ დოლარის ღირებულების მემორანდუმი გააფორმეს, ხოლო 2024 წელს – 405 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტი, მიმდინარე გარიგება მასშტაბურობიდან გამომდინარე რადიკალურად განსხვავდება წინა კონტრაქტებისგან.
ახალი Wabtec-ის ლოკომოტივები, რომელთა რიცხვი ახალი კონტრაქტის მიხედვით 240-დან 300-მდე მერყეობს, განკუთვნილია ყაზახეთის რკინიგზაზე მოძველებული სალოკომოტივო პარკის ჩასანაცვლებლად.
დღევანდელ პირობებში ყაზახეთის სატვირთო დიზელ-ლოკომოტივების პარკი ძირითადად მოდერნიზებული 2TE10M, 2 TE 10U, 3 TE 10M სერიის საბჭოთა დიზელ-ლოკომოტივებით და VL 80 ტიპის ელექტრო ლოკომოტივებითაა დაკომპლექტებული, რომელთა საშუალო ასაკი 30–40 წელს აღემატება. ეფექტურობის, ეკონომიურობისა და გარემოსდაცვითი პარამეტრებით ისინი ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს.
ახალი TE33A ტიპის ლოკომოტივები საწვავის მოხმარების მოცულობით და მავნე გამონაბოლქვის შემცირების თვალსაზრისით საბჭოთა ანალოგთან შედარებით ბევრად უფრო ეკონომიურია.
ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩანაცვლებას დაექვემდებარება ყაზახეთის რკინიგზის დიზელ-ლოკომოტივების არსებული პარკის 15%.
კონტრაქტის ერთ-ერთ ძირითად ელემენტს დიზელ-ლოკომოტივების გრძელვადიანი მომსახურება წარმოადგენს. კომპანია Wabtec-ი ყაზახეთის რკინიგზას ლოკომოტივების შეძენის გარდა, მოვლა-შენახვით, განახლებით და სათადარიგო ნაწილების მომარაგებით უზრუნველყოფს.
ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთის რკინიგზა ამერიკელ მწარმოებელთან მრავალი ათწლეულის განმავლობაში გრძელვადიანი კონტრაქტით იქნება დაკავშირებული.
გარიგების თანახმად, Citibank-ი ყაზახეთის რკინიგზას 900 მლნ დოლარის შეღავათიან სესხს მისცემს, რაც იმის დამადასტურებელი ფაქტორია, რომ ყაზახეთი გააძლიერებს ფინანსურ და ტექნოლოგიურ დამოკიდებულებას დასავლურ ტექნოლოგიებზე.
კრიტიკული კომპონენტები, მათ შორის ძრავები, ელექტრონიკა და მართვის სისტემები შეძენილი იქნება აშშ-დან ან Wabtec-ის საერთაშორისო მომწოდებლებისგან. ეს ყოველივე სათადარიგო ნაწილებისა და ტექნოლოგიების შეძენის თვალსაზრისით ამერიკელ მწარმოებელზე გრძელვადიან დამოკიდებულებას გააძლიერებს.
თანამედროვე მონიტორინგისა და ტელემეტრიის სისტემები დაგეგმილი გეგმიური ტექნიკური მომსახურების ნაცვლად საშუალებას იძლევა, ახალი ლოკომოტივები ავტომატურად გადავიდნენ პროგნოზირებად ტექნიკურ მომსახურებაზე.
4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ყაზახეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და რეგიონულ ტრანზიტში მისი როლის გაძლიერებისკენ. თუმცა, იგი ასევე ნათელ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ როგორ გამოიყენება ეკონომიკური პროექტები გეოპოლიტიკური მიზნებისთვის.