ევროკომისიის მიერ ახლახანს წარმოდგენილი გეგმა მიზნად ისახავს ევროკავშირის მასშტაბით ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის განვითარების დაჩქარებას, რაც მგზავრობის დროის მნიშვნელოვან დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.
ევროკომისიის ცნობით, ევროპის ქვეყნების სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციაში ჩადებული ჯამური ინვესტიცია 500 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.
ევროკავშირის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმა ემსახურება ორმაგ მიზანს – ევროპის გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას და 2050 წლისთვის ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას.
ევროკომისია ვარაუდობს, რომ 500 მილიარდი ევროს ინვესტიციის განთავსებით, ეკონომიკური ეფექტი 750 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, რაც გადაზიდვების მობილობის გაუმჯობესებით, ტურიზმის სტიმულირებით, ლოჯისტიკის განვითარებით და მავნე გამონაბოლქვის შემცირებით იქნება განპირობებული.
ახლახანს ევროკომისიამ 2040 წლისთვის ევროპაში ჩქაროსნული სარკინიგზო მოძრაობის განვითარების გეგმა წარადგინა. გეგმა ევროკავშირის დედაქალაქებს შორის მგზავრობის დროის შემცირებას ითვალისწინენს. გარდა ამისა, ბალტიისპირეთის ქვეყნებს პანევროპულ სატრანსპორტო ქსელში სრულად ინტეგრირების შესაძლებლობა ეძლევად.
პროექტი ევროპის დედაქალაქებისთვის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით რევოლუციურ ცვლილებებს ითვალისწინებს, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ეს ნიშნავს დიდი ხნის ნანატრ ჩართვას პანევროპულ სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების ქსელში.
ჩვენი ანალიტიკა რამდენჯერმე დაეთმო ბალტიის ქვეყნებში მიმდინარე ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის Rail Baltica-ს პროექტის განხორციელებას.
წარმოდგენილ ანალიტიკაში აქცენტი გადატანილია ბალტიის ქვეყნების სატრანსპორტო სექტორის ევროკავშირის ანალოგიურ სიტემებთან თავსებადობის და ინტეგრირების საკითხებზე.
ჩქაროსნული სარკინიგზო მოძრაობის განვითარების გეგმა ძირითად მარშრუტებზე მგზავრობის დროის რადიკალურად შემცირებას ითვალისწინებს. 2030 წლისთვის ბერლინიდან კოპენჰაგენამდე მგზავრობა ამჟამინდელი შვიდი საათის ნაცვლად ოთხ საათამდე შემცირდება.
2035 წლისთვის სოფიიდან ათენამდე მგზავრობას 14 საათის ნაცვლად მხოლოდ 6 საათი დასჭირდება, ხოლო პარიზიდან რომამდე მგზავრობა 11 საათიდან 9 საათამდე შემცირდება. გარდა ამისა, ევროპაში ბევრ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მგზავრობის ხანგრძლივობა განახევრდება.
2040 წლისთვის ევროკავშირის ყველა მსხვილი სატრანსპორტო კვანძი დაკავშირებული იქნება რკინიგზით, რომლის მინიმალური მოძრაობის სიჩქარე 200 კმ/სთ იქნება, მათი უმეტესობა კი 250 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს.

ბალტიისპირეთის რეგიონისთვის შემოთავაზებული გეგმა ფუნდამენტურად ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირების შექმნას ითვალისწინებს, რომლებიც ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას ერთმანეთთან და დანარჩენ ევროპასთან თანამედროვე, მაღალსიჩქარიანი ინფრასტრუქტურის მეშვეობით დააკავშირებს.
სტრატეგია ოთხ ძირითად სფეროზეა დაფუძნებული:
ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში – გეგმის მიხედვით, სახელმწიფოებს შორის საზღვრებზე ინფრასტრუქტურით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრის სავალდებულო ვადები 2027 წლისთვის დასრულდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ მონაკვეთებს, სადაც ეკონომიკურად მიზანშეწონილია სიჩქარის 250 კმ/სთ-ზე მეტით გაზრდა.
ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ეს ყოველივე ნიშნავს არა მხოლოდ შიდა მარშრუტების მოდერნიზაციას, არამედ პოლონეთთან და სკანდინავიის ქვეყნებთან თვისებრივად ახალი კავშირების შექმნას.
მომსახურების გაუმჯობესება – 2026 წლისთვის ევროკავშირის სივრცეში ხელმისაწვდომი იქნება გაუმჯობესებული ბილეთების დაჯავშნის სისტემები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის, რომლებიც რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობას გეგმავენ.
ინოვაცია და სტანდარტიზაცია – 2026 წელს კვლევითი პროგრამა დაიწყება, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის სივრცეში შეუფერხებლად მოძრავი ახალი თაობის მატარებლების სტანდარტების შემუშავებას. ეს ყოველივე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, სადაც ტექნიკური სტანდარტების განსხვავებები ისტორიულად აფერხებდა სარკინიგზო სისტემების თავსებადობას და ინტეგრაციას.
ევროკავშირის სივრცეში მონიტორინგი და კოორდინაცია – უზრუნველყოფილი იქნება შორ მანძილზე მოძრაობის პროგნოზირებადობა და ხელმისაწვდომობა. მოძრაობის მონიტორინგი განხორციელდება სპეციალური ერთობლივი ინტეგრირებული სისტემის მეშვეობით.
ახალი გეგმა არა მხოლოდ შორ მანძილზე მგზავრობისას იქონიებს ეფექტს, არამედ ამ გეგმის მიხედვით განიტვირთება რეგიონული და ღამის მატარებლების მომსახურება.
ევროპული უსაფრთხოების გაძლიერება ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია – მოდერნიზებული ქსელი საშუალებას იძლევა, სამოქალაქო ტვირთთან ერთად სწრაფად გადაისროლონ ჯარები და სამხედრო ტექნიკა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის.
პროექტი 2050 წლისთვის ევროკავშირის ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევის მთავარი ინსტრუმენტი იქნება, რაც საჰაერო და ავტომობილით მგზავრობის მწვანე ალტერნატივას შესთავაზებს.
ბალტიის ქვეყნებისთვის აღნიშნული გეგმა ისტორიულ შესაძლებლობას იძლევა, გადალახონ სატრანსპორტო იზოლაცია და გახდნენ ლისაბონიდან ტალინამდე რეგიონის დამაკავშირებელი პანევროპულ მაღალსიჩქარიანი რკინიგზის ქსელის სრულფასოვანი ნაწილი.