ზანგეზურის მარშრუტის ამოქმედება ირანს ჯულფის სარკინიგზო კვანძის გახსნისკენ და სპარსეთის ყურე – შავი ზღვის დერეფნით საქართველოზე დამატებითი ტვირთების გატარებისკენ უბიძგებს

4-5 ნოემბერს, ერევანში გამართულ „ორბელის ფორუმზე“ სახელწოდებით „მშვიდობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის მშენებლობა“, ირანის დელეგაციამ, ზანგეზურის მარშრუტის ამოქმედების კვალდაკვალ, აზერბაიჯანული ნახიჩევანისა და ირანის საზღვარზე განლაგებული ჯულფის სასაზღვრო სარკინიგზო სადგურის გახსნაზე და სპარსეთის ყურე – შავი ზღვის დერეფნის ამოქმედებით ირანიდან საქართველოს ნავსადგურებისკენ გადაზიდვების განხორციელების პერსპექტივაზე გააკეთა მოხსენება.

აღნიშნული მოხსენება პოლიტიკური თვალსაზრისით მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს, მაგრამ საქართველოზე გამავალი დერეფნის, მისი სარკინიგზო არტერიისა და ნავსადგურების გამოყენებით ირანული ტვირთნაკადის მოზიდვა ქვეყნისთვის დამატებით შესაძლებლობად უნდა იქნეს განხილული.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად სომხეთმა და აზერბაიჯანმა სარკინიგზო და საავტომობილო დერეფნების დებლოკირების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილებები, მეზობელ ირანს, რეგიონში თავისი საკვანძო გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, ჯერ კიდევ არ გააჩნია კავკასიაში სატრანსპორტო პროექტებში ჩართვისა და თანამშრომლობის მკაფიო სამოქმედო სტრატეგია.

ირანელი პოლიტოლოგების განცხადებით, ირანი, რომელიც ოდითგანვე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელ რგოლად ითვლებოდა, რეგიონში მიმდინარე ტრანსფორმაციების მიღმა რჩება.

მათივე შეფასებით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება არა მხოლოდ რადიკალურად შეცვლის ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობებს, არამედ მნიშვნელოვნად გაზრდის კავკასიის რეგიონში მათი სატრანზიტო პოტენციალს.

სომხეთი ყარსი-გიუმრის რკინიგზის ხაზის აღდგენით აქტიურად განიხილავს თურქეთთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში სომხეთი – ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო – რეგიონში ოთხ აქტიურ სატრანზიტო მარშრუტზე წვდომას მიიღებს.

მიუხედავად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებში ისტორიული როლისა, ირანს ჯერ არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს მომხდარ ცვლილებებში მონაწილეობის მისაღებად.

თეირანის განმარტებით, ისტორიული ჯულფა-ნახიჩევანი-ერევანი-თბილისის სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ოდესღაც ირანისთვის კავკასიასთან და მისი გავლით ევროპასთან ვაჭრობის სასიცოცხლო არტერიას წარმოადგენდა, სადღეისოდ უგულებელყოფილია.

ხოლო ალტერნატიული ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა, რუსეთისათვის პრიორიტეტული ჩრდილოეთ – სამხრეთის დერეფნის რეშტ-ასტარის რკინიგხა, წლების განმავლობაში დაფინანსებისა და განხორციელების პრობლემებს აწყდებოდა.

ირანის ექსპერტების მოსაზრებით, რეშტ-ასტარის რკინიგზის ხაზი არ არის ერთადერთი და შესაძლოა არც ოპტიმალური გზა ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის დასავლეთ განშტოებაზე რკინიგზით გადაზიდვების განსახორციელებლად.

გამოკვეთილი ალტერნატივაა ჯულფის სარკინიგზო სასაზღვრო სადგურის გავლით ტრანზიტის აღორძინება, რომლის გავლითაც საბჭოთა სივრციდან ირანში ოდესღაც სატვირთო გასასვლელი ფუნქციონირებდა.

ირანის პოლიტიკური წრეების განცხადებით, „თუ თეირანი არ აღადგენს ჯულფისკენ მიმავალ სარკინიგზო ხაზს და არ დაიბრუნებს თავის ადგილს კავკასიის რეგიონში, მისი პოზიცია ევრაზიის სატრანსპორტო ქსელში კიდევ უფრო შესუსტდება“.

წინა საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ირანში, ნახიჩევანის საზღვართან მდებარე ჯულფის სასაზღვრო სადგური დღეში 350-მდე სატვირთო ვაგონს ამუშავებდა. იმ პერიოდში ტვირთბრუნვა წელიწადში 3.5 მილიონ ტონას შეადგენდა.

ჯულფის სადგურის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონას შეადგენდა. ჯულფა ირანსა და ახლო აღმოსავლეთში ტვირთების დამხარისხებელ მძლავრ საკვანძო სადგურს წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, სადღეისოდ ირანი საკუთარ სარკინიგზო ქსელზე ევროპულ ლიანდაგს იყენებს,  ურიკების შემცვლელი სადგური ირანის მხარესაა მოწყობილი.

ირანიდან/ისკენ სატვირთო მოძრაობა, ტვირთბრუნვის არარსებობისა და ირანსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური დაპირისპირების გამო, 2005 წლიდან შეჩერებულია.

მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა შეჩერებულია, ჯულფის მიმართულებას გააჩნია ირანის სხვა ქალაქებთან რკინიგზით დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა, კერძოდ ჯულფიდან  ელექტრიფიცირებული ხაზი, ირანის ცენტრში ქალაქ თავრიზის კვანძამდე მიემართება.

აღნიშნული სარკინიგზო კავშირებადობა ერთ-ერთი ძირითადი უპირატესობაა, რაც იწვევს ამ მიმართულების სრულფასოვან დერეფნად ჩამოყალიბების წინაპირობას.

თავრიზიდან პირდაპირი მარშრუტი მიემართება თეირანისკენ და შემდგომ დერეფნის ერთ-ერთი მთავარი კვანძისკენ – სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე ბანდარ-აბასის ნავსადგურისკენ, საიდანაც ტვირთები იგზავნება მუმბაიში (ინდოეთი). პრაქტიკულად ირანის ტერიტორიაზე დერეფანს გამჭოლი სარკინიგზო მიმართულება აქვს.

ჯულფის მარშრუტის გამოყენების მთავარ დაბრკოლებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოლიტიკური უთანხმოება წარმოადგენდა, მაგრამ თუ ბარიერები საბოლოოდ მოიხსნება, ექსპერტთა ვარაუდით ტექნიკური თვალსაზრისით მატარებლები დაუბრკოლებლად მოძრაობას სულ რამდენიმე თვეში განაახლებენ.

ჯულფის კვანძის გახსნა სომხეთის გავლით საქართველოს ნავსადგურებთან დამაკავშირებელ სარკინიგზო დერეფანს შექმნის, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან დაკეტილია. აღნიშნული დერეფანი ირანისთვის ევროპულ სივრცეში ინტეგრირებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სომხეთის მხრიდან აღნიშნული საკითხი სამშვიდო მოლაპარაკების კვალდაკვალ სერიოზულად განიხილება – კერძოდ, მის ტერიტორიაზე სატრანსპორტო მარშრუტების დებლოკირების შემდეგ უფრო აქტუალური ხდება ჯულფის კვანძის გახსნა.

ირანი აცნობიერებს, რომ სადღეისოდ ეს მარშრუტი პრაქტიკულად მიტოვებულია, ხოლო კავკასია კვლავ ხდება ევროპას, რუსეთს, თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობის ახალი ცენტრი.

ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თუ ირანი არ დააჩქარებს ჯულფის სარკინიგზო ხაზის აღდგენის მიზნით და ბაქოსთან და ერევანთან მოლაპარაკებებს, კავკასია ირანის მონაწილეობის გარეშე ევრაზიის ახალ სატრანზიტო ცენტრად გადაიქცევა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საქართველოში ECMT-ის ელექტრონული ნებართვების ახალი ციფრული სისტემა 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

Related Posts

ევროინტეგრაციის პროცესის პარალელურად  უკრაინა  ევროპული  ლიანდის სტანდარტზე  გადადის

რუსეთის მხრიდან უკრაინის ნავსადგურების ბლოკირებამ, საექსპორტო საქონლის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად უკრაინას ალტერნატიული გზების ძიებისკენ უბიძგა, რამაც დღის წესრიგში…
მეტის ნახვა

შუა დერეფნით ყაზახური ხორბლის ტრანზიტი ფოთის ნავსადგურში მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობას უკავშირდება

ყაზახეთის მიერ კურიკის და აქტაუს ნავსადგურებში, მარცვლეულის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაბანდების მიუხედავთ, ყაზახური ხორბალი შუა დერეფნის, კერძოდ ფოთის ნავსადგურის…
მეტის ნახვა

საერთაშორისო სანაოსნო კომპანიებისათვის ქართული საზღვაო დროშა ნაკლებად მიმზიდველია

საქართველო თავის იურისდიქციაში, შეუზღუდავი რაოდენობის კომპანიების დარეგისტრირების რესურსს ფლობს. მაგრამ საერთაშორისო გემთმფლობელები და სანაოსნო კომპანიები, ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად…
მეტის ნახვა