საქართველოს რკინიგზით ბოლო 15 წლის განმავლობაში ადგილობრივი გადაზიდვები 3-ჯერ შემცირდა – 2025 წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 1.0 მლნ ტონა დაფიქსირდა.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის სტრატეგიული ლითონის მადნების ადგილობრივი სარკინიგზო გადაზიდვები 2.3 – ჯერ შემცირდა.
ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა განაპირობებს რკინიგზით ადგილობრივი გადაზიდვების შემცირების შეუქცევად ტენდენციას? რა სტრატეგია გააჩნია საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს სარკინიგზო განშტოებების აღდგენისა და მასზე სტაბილური გადაზიდვების უზრუნველსაყოფად?
ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებლების არსებობის ფონზე, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, პერმანენტულად მცირდება საქართველოს რკინიგზაზე ადგილობრივი გადაზიდვები.
ქვეყნის ეკონომიკის სამრეწველო პოტენციალის განვითარება, პირველ რიგში, მისი სატრანსპორტო ხერხემლის – საქართველოს რკინიგზით ადგილობრივი სატვირთო გადაზიდვების ზრდაზეა დამოკიდებული.
ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ფონზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ინდიკატორის – ადგილობრივი სარკინიგზო გადაზიდვების პერმანენტული შემცირების ტენდენცია, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მრეწველობის დარგების განვითარების ხარჯზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპების ეფექტიანობას.
2025 წელს საქართველოს რკინიგზაზე ბოლო 15 წლის განმავლობაში ადგილობრივი გადაზიდვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 1.0 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა დაფიქსირდა.
2011–2025 წწ. რკინიგზის ადგილობრივი გადაზიდვები – 3.0 მლნ ტონიდან 1.0 მლნ ტონამდე 3-ჯერ შემცირდა (იხ. დიაგრამა).

2025 წელს ადგილობრივმა გადაზიდვებმა ჯამური ტვირთზიდვის 13.2 მლნ ტონის ყველაზე დაბალი – 7.5% შეადგინა.
საქართველოს რკინიგზით ადგილობრივი გადაზიდვების 60 -65% ძირითადად ლითონის მადნებით ფორმირდება. 2022–2025 წწ. სახეზეა ლითონის მადნების გადაზიდვების 2.3 – ჯერ შემცირება (იხ. დიაგრამა).

საქართველოს რკინიგზაზე ადგილობრივი გადაზიდვები ძირითადად ხუთი მიმართულებით ფორმირდება: დედოფლისწყარო – რუსთავი, ჭიათურა – ზესტაფონი, კასპი – რუსთავი, დედოფლისწყარო – კასპი, ჭიათურის სადგურის არეალში.
წარმოდგენილი ხუთი მიმართულებიდან ოთხი სარკინიგზო განშტოებას განეკუთვნება.

კირქვა – მოიპოვება დედოფლისწყაროს ღია კარიერებში და ნაწილდება – რუსთავის (90%) და კასპის (10%) ცემენტის ქარხნებში.
მანგანუმის მადნები და კონცენტრატები – მოიპოვება ჭიათურის მანგანუმის საბადოზე და ნაწილდება ფეროშენადნობების ქარხნებში – ზესტაფონში (88%) და ჭიათურაში (12%).
საავტომობილო ბენზინი – საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის მიეწოდება – თბილისში (79%) და სამტრედიაში (16%).
დიზელის საწვავი – საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის თბილისში (58%), სამტრედიაში (22%) და ბათუმში (14%) ნაწილდება.
სპეციალური საწვავი – საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ნაწილდება თბილისში (44%), სამტრედიაში (27%) და ძეგვში (23%).
საავიაციო საწვავი – თბილისში (55%) და ქუთაისში (45%) განლაგებულ საავიაციო კომპანიებს მიეწოდება.
ცემენტის კლინკერი – კასპიდან რუსთავში განლაგებულ ცემენტის ქარხნებში გადაიზიდება.
ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა განაპირობებს რკინიგზით ადგილობრივი გადაზიდვების შემცირების ტენდენციებს?
გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს რკინიგზის განშტოებებზე ხორციელდება, პირველი და უმთავრესი მიზეზი საქართველოს რკინიგზის განშტოებებზე ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ლიანდაგის სავალალო მდგომარეობითაა განპირობებული.
საქართველოს რკინიგზის განშტოებებზე ლიანდაგის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო შეზღუდულია მოძრაობის სიჩქარეები და ვაგონის ღერძზე მოსული დატვირთვები, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვაგონი სანახევროდ იტვირთება – რის შედეგადაც რკინიგზა კარგავს მობილურობას და კონკურენციას ვერ უწევს საავტომობილო გადაზიდვებს.
სატვირთო საავტომობილო ტრანსპორტი ასეთ პირობებში ასრულებს მისთვის „არაპროფილური“ ტიპის გადაზიდვებს. თვალშისაცემია საავტომობილო გზებზე სამშენებლო და ინერტული მასალებით დატვირთული სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რაც ეკოლოგიურ დაბინძურებასთან ერთად საგზაო საფარის ინტენსიურ დაზიანებას იწვევს.
ბუნებრივია, რკინიგზისთვის რთულია საავტომობილო ტრანსპორტისთვის კონკურენციის გაწევა, რომელიც საავტომობილო გზებზე, რიგ შემთხვევებში გადაჭარბებული ღერძზე მოსული დატვირთვებით უკონტროლოდ მოძრაობს.
რკინიგზის შემთხვევაში ასეთი გადამეტებული დატვირთვა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე – გამორიცხულია.
მიზანშეწონილია სახელმწიფოს გააჩნდეს სარკინიგზო განშტოებებზე სავაგონო მოძრავი შემადგენლობით უზრუნველყოფის სტრატეგიული ხედვა, სადაც სახელმწოს მიერ სპეცილიცირებული ტიპის ვაგონებით მომარაგებისა, აქცენტი კარიერების და მსხვილი ქარხნების მესაკუთრეების მიერ კერძო სავაგონო პარკის შეძენაზე იქნება გაკეთებული.
დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს რკინიგზის მიერ ახლახან 120 სატვირთო ნახევარვაგონზე გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ძირითადად ადგილობრივი გადაზიდვებისთვის – სარკინიგზო განშტოებებზე იქნება გამოყენებული.

დასკვნის სახით – დაუტვირთავი სარკინიგზო განშტოებები ამუხრუჭებს ქვეყნის რეგიონების სამრეწველო პოტენციალის განვითარებას. გარდა ამისა, ასეთი სარკინიგზო განშტოებების შენახვა დამატებით ტვირთად აწვება ფინანსურად არამდგრად საქართველოს რკინიგზას.
საქართველოს რკინიგზის განშტოებების აღდგენა და მისი შემდგომი ფუნქციონირება, საავტომობილო გზების ანალოგით, სახელმწიფოს პრეროგატივას უნდა განეკუთვნებოდეს, უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს სათანადო ფინანსური სახსრებით უზრუნველყოფას.