ახლახან აზერბაიჯანული მშრალტვირთმზიდი გემი ხოჯალი, რომელიც აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო კომპანიას ASCO-ს ეკუთვნის, მორიგ საერთაშორისო რეისში გაემგზავრა.
გემზე ახალი ზელანდიის ნელსონის ნავსადგურში მრგვალი ხე – ტყე დატვირთა და ჩინეთის ლანშანის ნავსადგურისკენ აიღო გეზი. ვარაუდობენ, რომ წყნარი ოკეანის გავლით განხორციელებული უწყვეტი რეისი 18 დღეს გასტანს.
ერთი შეხედვით, ასეთ გადაზიდვაში უჩვეულო არაფერია, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი ინტენსიურად ახორციელებს კასპიის ზღვის გარეთ, სხვადასხვა საოკეანო სივრცეებში, საკუთარი სავაჭრო ფლოტით ტვირთების გადაზიდვებს.
ამიტომ ფრაზა „აზერბაიჯანს შეუძლია, საქართველოს კი არა“ ზედმეტად კატეგორიულადაც შეიძლება მოგვეჩვენოს, რამ განაპირობა აზერბაიჯანის მიერ სავაჭრო ფლოტის განვითარება, გვინდა, ამ საკითხს დავუთმოთ დღევანდელი ანალიტიკა.
აზერბაიჯანის საზღვაო სახელმწიფო კომპანია ASCO-ს – Azerbaijan Caspian Shipping Company-ს სახით, დღეს უკვე შეგვიძლია საკმაოდ მკაფიოდ ვთქვათ, რომ აზერბაიჯანს კასპიის ზღვის გარეთ მოქმედი საერთაშორისო სავაჭრო ფლოტი გააჩნია.

ASCO-ს ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს კასპიის ზღვის გარეთ გადაზიდულმა ტვირთმა 1.4 მლნ ტონა შეადგინა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს უკვე მხოლოდ შავი და ხმელთაშუა ზღვების არეალებში შესრულებული ოპერაციები არ არის – აზერბაიჯანის კუთვნილი გემები რეალურად თითქმის ყველა საოკეანო მარშრუტებზე მოძრაობენ.
ფაქტიურად, სადღეისოდ ASCO-ს გემები – აზია – ავსტრალია – ამერიკა – ევროპის საოკეანო ბაზრებზე ასრულებენ ტვირთების გადაზიდვებს.
აზერბაიჯანის დროშით მცურავი ერთ-ერთი ასეთი გემია Handysize ტიპის მშრალი ტვირთმზიდი ხოჯალი, რომლის პირველი რეისი 2024 წელს სამხრეთ კორეიდან აშშ-ის მიმართულებით შესრულდა, გემი აზერბაიჯანმა ნაწილობრივ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD-ის ფინანსური დახმარებით შეიძინა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სამხრეთ ამერიკიდან ევროპის მიმართულებით მცურავი გემი მუროვდაგი, 2026 წლის სექტემბერში ჩილეში გემმა 33 ათასი ტონა თუთიის ტვირთი აიღო, შემდეგ გაიარა მაგელანის სრუტე და ევროპისკენ გაემართა.
ამ ტიპის რეისით გემმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ჩართულია გლობალურ კომერციულ ნაოსნობაში და არა უბრალოდ კასპიის ზღვის გარეთ ოპერირებაში.
გარდა ამისა, ASCO-ს საერთაშორისო მიმართულებისთვის ასევე შექმნილი აქვს დიდი ტონაჟის ტანკერების სეგმენტი. 2025 წლის იანვარში კომპანიამ შეიძინა 115 500 DWT-ის Aframax ტანკერი, რომლის პირველი კომერციული რეისი შესრულდა ბრაზილია – სინგაპური/მალაიზიის მიმართულებით. გემი სამი წლით საოკეანო მიმართულებებზეა ჩარტერებული.
ASCO-სა და SOCAR-ის ერთობლივმა კომპანიამ SA Maritime-მა შეიძინა სამი 115 000-ტონიანი Aframax-ის ტიპის გემი – ყარაბახი, შუშა და ზანგეზური.

აზერბაიჯანი აღარ ცდილობს მხოლოდ კასპიის ტვირთების გადატანას ბაქო/ალიათი – აქტაუ/კურიკის მიმართულებით. ის ქმნის საერთაშორისო საზღვაო მომსახურების ექსპორტის მოდელს, აზერბაიჯანული დროშის გემი იღებს ტვირთს ჩილეში, იაპონიაში ან ავსტრალიაში და მიაქვს ევროპაში, ამერიკაში ან აზიაში.
ASCO-ს ოფიციალურად დეკლარირებული მიზანიც სწორედ კასპიის ზღვის გარეთ საერთაშორისო საქმიანობის გაფართოებაა.
აზერბაიჯანის საზღვაო პოლიტიკამ ბოლო 12 წელიწადში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა, კერძოდ, 2014 – 2022 წწ., თუ მათი საზღვაო არეალი შავი და ხმელთაშუა ზღვებით და მცირე/საშუალო მშრალტვირთმზიდებით და ტანკერებით შემოიფარგლებოდა, 2023 – 2026 წწ. არეალი გაფართოვდა და მსოფლიო ოკეანეებით და Aframax/Handysize ტიპის გემები დაემატა.
ფაქტიურად, ASCO ეტაპობრივად გადადის „კასპიის გადამზიდავიდან“საერთაშორისო გემთმფლობელ და გემთოპერატორ მოდელზე.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი – 2026 წლის პირველ ნახევარში ASCO-ს მშრალტვირთმზიდებმა 0.9 მლნ ტონა, რაც წლიურად 34%-იანი ზრდაა, ხოლო ტანკერებმა – 1.7 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს.
ეს ყოველივე ნიშნავს, რომ აზერბაიჯანისთვის საერთაშორისო ფლოტი უკვე აღარ არის მხოლოდ იმიჯური პროექტი – მან რეალური კომერციული დატვირთვა შეიძინა.
საქართველოს სურათი რადიკალურად განსხვავებულია. საერთაშორისო ვაჭრობის, ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხების გაეროს ორგანოს UNCTAD-ის მონაცემები 2024 წელს – საქართველოს დროშის ფლოტი მხოლოდ 9 ათასი DWT-ს შეადგენდა, აზერბაიჯანის კი 1.102 მლნ DWT.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პრობლემა მხოლოდ „გემების არქონა“ არ არის – პრობლემაა გემთმფლობელობის, დროშის, კაპიტალისა და საერთაშორისო ოპერატორის მასშტაბის არქონაა.
ამიტომ საქართველოს მთავარი კითხვა არ უნდა იყოს მხოლოდ:
„რამდენი გემი გვყავს?“ არამედ – „რამდენი გემი ეკუთვნის ქართულ კაპიტალს, რამდენი იმართება საქართველოდან და რამდენი შემოსავალი რჩება საქართველოში საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებიდან“.
აზერბაიჯანს გააჩნია საერთაშორისო ფლოტის გაფართოების შესაძლებლობა, რადგანაც იგი ფლობს არა მარტო გემებს, არამედ ახორციელებს – გემების მართვას, ლოგისტიკას, გემების რემონტს, გემთმშენებლობას, საზღვაო განათლებას, offshore მომსახურებას. ფაქტიურად, სახელმწიფომ შექმნა სრული საზღვაო ეკოსისტემა და არა მხოლოდ გემების რეესტრი.
გაფართოებისათვის მეორე მნიშვნელოვანი ატრიბუტია SOCAR-ის და ASCO-ს ერთობლივი მოდელის არსებობა. კერძოდ, აზერბაიჯანმა ფლოტის გაფართოება მხოლოდ ASCO-ს ბიუჯეტზე არ დატოვა, მან ნავთობის მწარმოებელ კომპანია SOCAR-თან ერთად შექმნა ერთობლივი საწარმო SA Maritime-ი, თავის მხრივ, ერთობლივმა კომპანიამ შეიძინა დიდი ტევადობის Aframax-ის ტიპის გემები საერთაშორისო ოპერაციებისთვის, ერთობლიობაში ეს ყოველივე ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს შემდგომი გაფართოებისათვის გააჩნია ყველა ატრიბუტი – საკუთარი ტვირთი და საერთაშორისო tanker fleet-ი – საქართველოს მსგავსი საფუძველი არ გააჩნია.
საქართველოს შესაძლოა გააჩნდეს ანაკლიის, ბათუმის და ფოთის სახით ნავსადგურები, მაგრამ ეს ყოველივე ავტომატურად არ ქმნის ქართულ სავაჭრო ფლოტს, რაც ქვეყნის მთავარი სისუსტეა.
ამიტომ საქართველოს შეიძლება ჰქონდეს მზარდი ნავსადგურები, მაგრამ ტვირთის ზღვით გადაზიდვის მთავარი ეკონომიკური ნაწილი უცხოურ კომპანიებს დარჩეთ.
აზერბაიჯანის უპირატესობა დღეს არა უბრალოდ გემების რაოდენობაშია, არამედ დროთა განმავლობაში აწყობილ სისტემაში.
აზერბაიჯანს გააჩნია SOCAR-ის ტვირთი, ASCO-ს ფლოტი, ბაქოს და ალიათის ნავსადგურები, გემთმშენებლობა, სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერა, შუა დერეფანი და საერთაშორისო ship – management-ი.
საქართველოს გააჩნია – ნავსადგურები, მეზღვაურები, ტრანზიტული ტვირთი და კერძო გემთმფლობელები, მაგრამ ეს კომპონენტები არ არის შეკრული ერთ მსხვილ საერთაშორისო საზღვაო კომპანიად.
ამიტომ ფრაზა „აზერბაიჯანს შეუძლია, საქართველოს კი არა“ ზედმეტად კატეგორიულია. უფრო ზუსტი ფორმულირებაა – აზერბაიჯანმა ბოლო 12 წლის განმავლობაში ააწყო სახელმწიფო – კორპორაციული მოდელი, რომელიც კასპიის ბაზრიდან გლობალურ გემთმფლობელობაზე გადასვლას ფინანსურად და ტვირთბაზით ამაგრებს, საქართველომ კი გაფლანგა ეს პერიოდი და ვერ ააწყო მსგავსი მასშტაბის ინტეგრირებული სისტემა.