მეზობელი აზერბაიჯანის მიერ სატრანსპორტო სფეროს განვითარების მიმართულებით ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, შუა დერეფნის ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციამ საქართველოს პოზიციონირების დათმობის შედეგად, ეტაპობრივად აზერბაიჯანში გადაინაცვლა.
აზერბაიჯანის მედია აანალიზებს ქვეყნის სატრანსპორტო სექტორში ბოლო წლებში მიმდინარე პროცესებს და აფასებს სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს.
გვინდა ჩვენი გვერდის მკითხველს გავუზიაროთ აზერბაიჯანის გამოცდილება და მათ მიერ სატრანსპორტო სფეროში გადადგმული ნაბიჯები, რაც საშუალებას მოგვცემს, კონტრასტულად შევადაროთ და შევაფასოთ მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები.
ანალიტიკური მასალის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ აზერბაიჯანი საერთაშორისო სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებაზე და რეგიონში მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბებაზე აკეთებს აქცენტს. ძირითადი მიმართულება, ქვეყანაზე გამავალი „აღმოსავლეთ-დასავლეთისა“ და „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ, როცა ამა თუ იმ სახელმწიფოს როგორც მერიდიანული, ასევე განედური სატრანსპორტო არტერიების განვითარების ფინანსური შესაძლებლობა და რეფორმირების სტრატეგია გააჩნია, პერსპექტივაში, აპრიორი, რეგიონში ძირითად მოთამაშედ ყალიბდება.
ანალიტიკურ ინფორმაციაში წარმოდგენილი მაჩვენებლებით ირკვევა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 2026 წლის პირველ შვიდ თვეში სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობამ 9.1 მილიონ ტონას გადააჭარბა და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
აღნიშნული მაჩვენებელი 11.6%-იან ზრდას წარმოადგენს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ სატრანზიტო ტვირთების მოცულობა „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მარშრუტზე 16.5%-ით, ხოლო „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მარშრუტზე 14.3%-ით გაიზარდა.
მიღწეული შედეგები მიუთითებს ბოლო წლების განმავლობაში სატრანსპორტო – ლოგისტიკურ სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და გაფართოებული საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით გატარებულ რეფორმებზე.
წარმოდგენილი მაჩვენებლების დადებითი დინამიკა, დამატებით მიუთითებს გლობალური სავაჭრო მარშრუტების ცვლილებების შედეგად „შუა დერეფნისა“ და „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნის გასწვრივ აზერბაიჯანის სტრატეგიული პოზიციისა და კონკურენტუნარიანობის არსებით გაძლიერებაზე.
აზერბაიჯანის მასმედიაში გამოყოფილია რამდენიმე პოზიცია:
ტვირთების ტრანსპორტირების დროის შემცირების და კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულება – შუა დერეფნის მარშრუტზე განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი ტვირთების გადაზიდვის ვადების დაჩქარებაა. თუკი სულ რამდენიმე წლის წინ ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვას 38-53 დღე სჭირდებოდა, ამჟამად ეს ვადა საშუალოდ 12 დღემდეა შემცირებული.
ტრანზიტის დროის შემცირებას ხელი შეუწყო ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა: საავტომობილო გადამზიდავებისთვის ელექტრონული ნებართვების სისტემების დანერგვა, ტვირთის რეალურ დროში თვალყურის დევნება, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივება და სახელმწიფო უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლის დაჩქარება.
ამ მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე მომუშავე საინფორმაციო სისტემა – ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა წარმოადგენს. აღნიშნული პლატფორმა აჩქარებს დოკუმენტბრუნვას, ამარტივებს პროცედურებს და ბიზნესისთვის უფრო მოქნილ ლოგისტიკურ ეკოსისტემას ქმნის. მომდევნო ეტაპი გულისხმობს პლატფორმის ინტეგრაციას „შუა დერეფნის“ გასწვრივ მდებარე პარტნიორ ქვეყნებში არსებულ ანალოგიურ სისტემებთან, რაც კიდევ უფრო გაზრდის ეფექტიანობას მთელი მარშრუტის მასშტაბით.
პარალელურად, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს თანამედროვე ციფრული სატრანსპორტო ინსტრუმენტების – როგორიცაა „e-CMR“, „e-Permit“ და „e-CIM/SMGS“ ელექტრონული ზედდებულების სისტემების ეტაპობრივ დანერგვაზე. აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენება ხელს შეუწყობს საერთაშორისო გადაზიდვებში “უქაღალდო” ტექნოლოგიების დანერგვის გაფართოებას და გააუმჯობესებს სატრანსპორტო მონაცემთა გაცვლის ეფექტიანობას საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების მონაწილეებს შორის.
კასპიის ზღვაზე საზღვაო გადაზიდვების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულება – ბოლო წლებში ბაქოს მახლობლად განლაგებული ალიათის ნავსადგურისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა შექმნა ხელსაყრელი პირობები მზარდი სატრანზიტო ტვირთნაკადების შეუფერხებელი და ეფექტიანი გადაზიდვისთვის.
აზერბაიჯანის მასმედია ალიათის ნავსადგურის, როგორც სტრატეგიული ინფრასტრუქტურული კვანძის, შესაძლებლობების გაზრდაზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ – მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ, ალიათის კონტეინერების გადამუშავების სიმძლავრე, მოკლე ვადაში – 100 000 TEU-დან 150 000 TEU-მდე გაიზარდა. ექსპლუატაციაში შევიდა მეშვიდე ნავმისადგომი და 125-ტონიანი ტვირთამწეობის მქონე ახალი თაობის პორტატული ამწე. ამჟამად ნავსადგურის წლიური გამტარუნარიანობა 15 მლნ ტონას შეადგენს. გაფართოების მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მაჩვენებლები, სავარაუდოდ, 25 მლნ ტონას და 500 000 TEU-ს მიაღწევს.
სადღეისოდ ნავსადგურის არსებულ მაღალ მოთხოვნას მისი საოპერაციო მაჩვენებლებიც ადასტურებს, გასულ წელს ალიათის ნავსადგურში 8.2 მლნ ტონა ტვირთი და 107 000 TEU კონტეინერი დამუშავდა.
ალიათის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ალიათში სატვირთო აეროპორტის მშენებლობის პროექტია. საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო ტრანსპორტის შესაძლებლობების გაერთიანებით, ახალი აეროპორტი მულტიმოდალური ლოგისტიკური კომპლექსის ნაწილი გახდება, რითაც გაიზრდება ტვირთების დამუშავების ეფექტიანობა და გაფართოვდება შუა დერეფნის პოტენციალი.
ამავდროულად, კასპიის ზღვაში გადაზიდვების მზარდი მოცულობების ასათვისებლად, ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში მიმდინარეობს ოთხი სატვირთო გემის მშენებლობა, რაც პირველ საერთაშორისო კომერციულ შეკვეთას წარმოადგენს. გარდა ამისა, 2025 წლის სექტემბერში, „ბაქოს გემთმშენებელ ქარხანასა“ და AD Ports Group-ს შორის ხელი მოეწერა ორი ერთეული, თითოეული 780 TEU ტევადობის კონტეინერმზიდი გემის მშენებლობის ხელშეკრულებას, რომლებიც კასპიის ზღვაში ექსპლუატაციისთვის იქნება განკუთვნილი.
ამასთანავე, შუა დერეფნის შესაძლებლობების გასაფართოებლად უკვე დაკონტრაქტებულია ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა დიდი ტევადობის ბორნის პროექტი, Ro-Ro გადაზიდვების გაფართოება, კერძო სექტორის ჩართულობით საზღვაო სავაჭრო ფლოტის ეტაპობრივი განახლება და კასპიის ზღვაზე “უნაკერო” საბორნე გადაზიდვების უზრუნველყოფა.
საზღვაო სფეროში გატარებული ღონისძიებები უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. კერძოდ, 2026 წლის 7 თვეში, ალიათის ნავსადგურში კონტეინერების გადამუშავება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა და 72 370 TEU შეადგინა, ხოლო მშრალი ტვირთების გადამუშავება 82%-ით გაიზარდა და 1.4 მილიონ ტონას მიაღწია.
შუა დერეფნის გასწვრივ სახელმწიფოებს შორის კოორდინაციის გაფართოება – აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობს შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანასთან, რათა მოახდინოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სინქრონიზაცია და გაზარდოს ამ მარშრუტზე გადაზიდვების ეფექტიანობა. ამ მიზნით, ხელი მოეწერა არაერთ ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლებიც ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის, სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მრავალმხრივი შეთანხმების პროექტზე, რაც მნიშვნელოვანი “გარღვევა” იქნება შუა დერეფნის სამომავლო განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების გზაზე.