ბაქო – თბილისი – ყარსის 827 კმ სიგრძის რკინიგზა, საიდანაც 183 კმ საქართველოზე გადის, ოფიციალურად 2026 წლის 2 ივნისს გაიხსნა. რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი აზერბაიჯანის მიერ გამოყოფილი 775 მლნ დოლარის კრედიტით აშენდა.
პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ 2007 წელს დააფუძნა შპს „მარაბდა – კარწახის რკინიგზა“. თავდაპირველად პროექტის განხორციელება გაცილებით მოკლე ვადებში იგეგმებოდა და მისი ქართული მონაკვეთის ბიუჯეტი 200 მლნ დოლარით განისაზღვრა, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 1%-ს შეადგენდა. მოგვიანებით მას დაემატა 575 მლნ დოლარის საკრედიტო ხაზი, რომლის განაკვეთმა 5% შეადგინა.
ფუნქციურად ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი ახალქალაქის სარკინიგზო სადგურია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ახალქალაქის სადგურის კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები – 250 მლნ დოლარი, ანუ აზერბაიჯანის მიერ გამოყოფილი მთლიანი კრედიტის 32% დაიხარჯა.

ბუნებრივია, ახალქალაქის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში ასეთი მსხვილი ფინანსური სახსრების დაბანდების პირობებში ისმის კითხვა: რამდენად ეფექტიანად იყენებს საქართველო როგორც ახალქალაქის სადგურის შესაძლებლობებს, ასევე, ერთობლიობაში, მარაბდა – კარწახის რკინიგზის გამტარუნარიანობას?
იმისათვის, რომ რეალურად გავაანალიზოთ ახალქალაქის სარკინიგზო კვანძის ფუნქციონირება, აუცილებელია წარმოვიდგინოთ, თუ რა სახის რგოლებისგან შედგება ახალქალაქის კვანძის ინფრასტრუქტურა და რა მოცულობის გადაზიდვები ხორციელდება მარაბდა-კარწახის რკინიგზის მონაკვეთზე.
ჩვენი დღევანდელი ანალიტიკის მიზანს სწორედ არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გადაზიდვითი და ფინანსური მაჩვენებლების შეფასება წარმოადგენს.
ახალქალაქის სარკინიგზო კვანძზე ხდება საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო სისტემებს შორის არსებული ლიანდაგის სიგანის განსხვავების დაძლევა და ტვირთების გადაზიდვის უზრუნველყოფა.
ლიანდაგის სიგანის განსხვავების გამო, ვაგონების თურქეთის მიმართულებით გასაგზავნად შესაძლებელია მათი ურიკების შეცვლა ან ტვირთის ერთი სიგანის ლიანდაგის ვაგონიდან მეორეზე გადატვირთვა.

საკონტეინერო ტერმინალი – ურიკების შეცვლის გარეშე კონტეინერების ერთი ლიანდაგის ვაგონებიდან მეორე ლიანდაგის ვაგონებზე გადადგმის შესაძლებლობას იძლევა.

ურიკების შეცვლის უპირატესობა საკონტეინერო ტერმინალთან შედარებით მდგომარეობს იმაში, რომ ტვირთის ვაგონიდან გადმოტვირთვა და სხვა ვაგონში ჩატვირთვა საჭირო არ ხდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარცვლეულის, სასუქების, ქიმიური პროდუქციისა და სხვა ისეთი ტვირთებისთვის, რომელთა ხელახლა გადატვირთვაც დამატებით ხარჯებსა და დროს მოითხოვს.
ახალქალაქის კვანძის მნიშვნელოვანი გამოწვევა მისი კომერციული დატვირთვაა. მაგალითად, კონტეინერების გადატვირთვა და ურიკების შეცვლა სხვადასხვა ხარჯებს წარმოშობს, ამიტომ კონკრეტული ტვირთისთვის ოპერაციის არჩევა ეკონომიკურ გაანგარიშებას მოითხოვს.
ახალქალაქის კვანძის ეკონომიკური ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფს სადგური კონტეინერების გარდა სხვა ტიპის ტვირთების მოზიდვასა და გატარებას, რითაც არსებულ ინფრასტრუქტურას ინტენსიურად გამოიყენებს.
სწორედ აქ წარმოჩინდება მნიშვნელოვანი პრობლემა- მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის სადგურში ურიკების შესაცვლელად დამონტაჟებულია სპეციალური დომკრატები, რაზეც დიდი ფინანსური რესურსია ჩადებული, რეალურად, სადღეისოდ, ახალქალაქში ურიკების შეცვლა არ ხორციელდება. ანუ, იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალური აზიიდან თურქეთის მიმართულებით იქნება ისეთი ტვირთნაკადი, რომლისთვისაც საჭირო იქნება ურიკების შეცვლა, ასეთი ტვირთი ვერ გაივლის მარაბდა-კარწახის რკინიგზას, რაც უდავოდ აისახება ქვეყნისთვის როგორც შემცირებულ ტვირთნაკადზე, ასევე დაკარგულ ფინანსურ შემოსავლებზე.
უფრო მეტიც, საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკაში არ იძებნება ურიკების შეცვლის ტარიფი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ტვირთმფლობელმა ტვირთის გაგზავნისას. პრაქტიკულად, ახალქალაქის სარკინიგზო კვანძი, მიუხედავად საზეიმო გახსნისა, სადღეისოდ შეზღუდულად ფუნქციონირებს, რაც აისახება გატარებული ტვირთების მოცულობაზე.
თუ გავაანალიზებთ 2019 წლიდან დღემდე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარაბდა – კარწახის მონაკვეთზე გატარებული ტვირთების მოცულობებს და შევადარებთ რკინიგზის გამტარუნარიანობის პიკურ ნიშნულს, ხოლო ასეთ ნიშნულად საპროექტო დოკუმენტაციით წლიურად 5 მლნ ტონის გატარებაა მიჩნეული (იხ. დიაგრამა), გამოდის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, 2021 წელს, დაფიქსირდა რკინიგზაზე გადაზიდვის მაქსიმალური მაჩვენებელი – 483 ათასი ტონა, რაც გამტარუნარიანობის ათვისების მხოლოდ 9.7% – ს შეადგენს.
2021 წელს შედარებით მაღალი გადაზიდვის მაჩვენებელი რუსეთის მაგნიტოგორსკის მეტალურგიული კომბინატიდან თურქეთის მიმართულებით სტაბილური ტვირთნაკადის – ბრტყელი ნაგლინის – გადაზიდვების განხორციელებას უკავშირდება.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა მცირე ტვირთნაკადის პირობებში დაბალი უკუგებით გამოიყენება და მისი გამტარუნარიანობა საშუალოდ 5%-ის ფარგლებშია ათვისებული.
გამონაკლისი არც 2026 წელია, როდესაც რკინიგზის ოფიციალურად გახსნის პირობებშიც, იანვარ-სექტემბერში მხოლოდ 155 ათასი ტონაა გატარებული, რაც საპროექტო ტვირთბრუნვის ათვისების მხოლოდ მიზერული – 3.1%-ის ტოლფასია.
საქართველოს რკინიგზის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაქსიმალური შემოსავალი 2021 წელს 9.5 მლნ ლარი იყო, 2022 წელს – 8 მლნ ლარი, 2023 წელს გადაზიდვების დრამატულად შემცირების შედეგად შემოსავალი 1.7 მლნ ლარამდე დაეცა, 2024 წელს კი რკინიგზის ფუნქციონირების მანძილზე ყველაზე დაბალი შემოსავალი – 1 მლნ ლარი დაფიქსირდა. 2025 წელს კი შემოსავალმა 5.3 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად, ჯერჯერობით არცერთი წლის განმავლობაში სარკინიგზო ხაზს 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი არ ჰქონია.
ასეთი დაბალი შემოსავლების ფონზე, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ფინანსური ვალდებულებების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ პროექტის გარშემო არსებული ოპტიმისტური მოლოდინებიც მკაცრ მათემატიკურ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის.
პროექტის ფარგლებში აღებული სესხების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთები ქმნის ისეთ ფინანსურ ტვირთს, რომლის მომსახურებაც საოპერაციო დონეზე თითქმის შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, კომპანიის ძირითადი ფინანსური ვალდებულება ორი მსხვილი სასესხო კომპონენტისგან შედგება, რომელთა ჯამური მოცულობა 775 მლნ დოლარს აღწევს. მხოლოდ ამ ვალის ყოველწლიური საპროცენტო მომსახურება, ძირითადი თანხის შემცირების გარეშე, შემდეგნაირად გამოიყურება:
575 მლნ დოლარის 5%-იანი საკრედიტო ხაზის მომსახურება წელიწადში 29 მლნ დოლარამდეა. 200 მლნ დოლარის 1%-იანი საკრედიტო ხაზის მომსახურება წელიწადში 2 მლნ დოლარის ტოლფასია. ფაქტობრივად, მარაბდა – კარწახის რკინიგზის მხოლოდ ჯამური საპროცენტო მომსახურება წელიწადში 31 მლნ დოლარს შეადგენს.
ეს ნიშნავს, რომ მანამ, სანამ საწარმო ძირითადი სესხის თუნდაც ერთი დოლარით შემცირებას დაიწყებს, მან ყოველწლიურად 31 მლნ დოლარი უნდა გამოიმუშაოს მხოლოდ და მხოლოდ დაგროვილი პროცენტის დასაფარად.
რაც შეეხება შემოსავლებისა და აღებული სესხის მომსახურების პროცენტის თანაფარდობას, ფაქტობრივად, გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 8 ჯერ ნაკლებია მხოლოდ იმ საპროცენტო განაკვეთზე, რომელიც ყოველწლიურად უნდა დაუბრუნდეს სესხის გამცემ სახელმწიფოს.
ბუნებრივია, ასეთ პირობებში ისმის კითხვა: რა მოცულობის ტვირთი უნდა გადაზიდოს „მარაბდა- კარწახის“ რკინიგზამ, რომ შესაძლებელი იყოს თუნდაც ყოველწლიური პროცენტის დაფარვა?
სს საქართველოს რკინიგზის საჯარო ფინანსური ანგარიშგებების ანალიზი გვაძლევს საშუალებას, გამოვთვალოთ სარკინიგზო სექტორში გადაზიდვების არსებული საშუალო მარჟა. კერძოდ, 1 ტონა ტვირთის გადაზიდვისას, ყველა საოპერაციო და ფიქსირებული ხარჯის დაფარვის შემდეგ, სუფთა მოგების მარჟა (EBITDA margin) 6 დოლარის ტოლფასია.
თუ ამ პროპორციას გადმოვიტანთ „მარაბდა-კარწახის“ მოდელზე, ფინანსური წონასწორობის პირობებში, 31 მლნ დოლარს შევაფარდებთ სუფთა მოგების მარჟაზე – 6 აშშ დოლარზე – მივიღებთ 5.1 მლნ ტონას.
მარტივი დასკვნა რომ გავაკეთოთ, ერთობლივმა საქართველო-აზერბაიჯანის საწარმომ BTKI Railways-მა წელიწადში მინიმუმ 5.1 მლნ ტონა ტვირთი უნდა გადაზიდოს, რომ მხოლოდ ვალის პროცენტი დაფაროს და ფინანსური წონასწორობის პირობებში, ანუ ნულზე გავიდეს.
შედარებისთვის, ეს მოცულობა თავად პროექტის საწყისი ფაზის მაქსიმალური ტექნიკური სიმძლავრის 100%-ს შეადგენს და მთელი საქართველოს სარკინიგზო ქსელში მიმდინარე წლიური სარკინიგზო გადაზიდვის – 13 – 14 მლნ ტონის – თითქმის 35 – 40%-ია.
დასკვნის სახით, ფინანსური მოდელირება აჩვენებს, რომ მხოლოდ „მარაბდა – კარწახის“მონაკვეთის დამოუკიდებელი საოპერაციო შემოსავლებით აზერბაიჯანისგან აღებული სესხის დაფარვა ეკონომიკურად წარმოუდგენელია.
მარაბდა-კარწახის პროექტი ვერ იარსებებს, როგორც წმინდა კომერციული და თვითკმარი ბიზნესერთეული, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მუდმივად იქნება გარე სუბსიდირებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერაზე ან ვალის რადიკალურ რესტრუქტურიზაციაზე დამოკიდებული.