გარე საკონტეინერო ტერმინალები – ფოთის ნავსადგურის ლოგისტიკური აუცილებლობა თუ ქალაქის ქაოტური გაფართოების თანმდევი ინფრასტრუქტურა?

ფოთის ნავსადგურის ტერიტორიის გარეთ საკონტეინერო ტერმინალების მოწყობა მხოლოდ იმ ვითარებაშია ლოგისტიკურად გამართლებული და ეკონომიკურად პერსპექტიული, როდესაც ასეთი ტერმინალები ნავსადგურის საქმიანობას შეავსებს და არა მისგან დამოუკიდებელ, ფრაგმენტირებულ ინფრასტრუქტურად ჩამოყალიბდება.

ფოთის მომავალი არც ის არის, რომ ყველა კონტეინერი აუცილებლად ნავსადგურის ღობის შიგნით დარჩეს, რაც ფიზიკურად შეუძლებელია და ეკონომიკურადაც არასწორი მიდგომაა. მაგრამ არც ისე შეიძლება იყოს, რომ ფოთის მიმდებარედ ყველა თავისუფალი მიწის ნაკვეთი საბოლოოდ საკონტეინერო ეზოდ გადაიქცეს.

საერთაშორისო ლოგისტიკაში ასეთი მოდელი, როგორც Off-Dock Container Terminal ი ან Inland Container Depot ი (ICD) – გარე ტერმინალებითაა ცნობილი. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ საზღვაო ნავსადგურის უშუალო ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის ნაწილი გადადის ნავსადგურის გარეთ, ხოლო საზღვაო ტერმინალსა და გარე ტერმინალს შორის იქმნება ორგანიზებული სატრანსპორტო კავშირი.

სწორად ორგანიზებული გარე სატერმინალო ქსელი თანამედროვე ნავსადგურის სიმძლავრის გაგრძელებაა ხმელეთზე. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ეს სისტემა არ არსებობს და ქალაქი თავად ხდება ტერმინალი, ამიტომ გარე ტერმინალი არ არის პრობლემა – გარე ტერმინალების ინფრასტრუქტურის ქაოტური განლაგებაა პრობლემა.

ფოთს არა ათობით შემთხვევით განთავსებული ეზო, არა ქალაქის ქუჩებზე გაბნეული სატვირთო ნაკადები, არა დროებითი გადაწყვეტილებები, რომლებიც რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ უფრო დიდ პრობლემად გადაიქცევა, არამედ ნავსადგურის სახმელეთო გაგრძელება – დაგეგმილი, ინფრასტრუქტურულად დაკავშირებული და ციფრულად მართვადი სატერმინალო სარტყელი ესაჭიროება.

ფოთს ესაჭიროება სპეციალურად დაგეგმილი საკონტეინერო-ლოგისტიკური განვითარების ზონა, რომელიც ნავსადგურთან ფუნქციურად იქნება დაკავშირებული.

ასეთ სივრცეში კერძო ინვესტორს უნდა შეეძლოს თანამედროვე ტერმინალის შექმნა, მაგრამ ტერიტორიის განვითარება წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული საერთო ლოგისტიკური გეგმით. სხვა შემთხვევაში ინვესტიციები ერთმანეთისგან იზოლირებულად შეიძლება განხორციელდეს.

ფოთის შემთხვევაში გარე ტერმინალების მოდელი ოდითგანვე გამოიყენებოდა, რადგან ნავსადგურის გამტარუნარიანობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა კონტეინერების დროებითი განთავსების, შენახვის, დახარისხების, საბაჟო პროცედურებისა და სახმელეთო ტრანსპორტირების ორგანიზების საჭიროება.

იმ ვითარებაში, როდესაც ფოთის ნავსადგურის გაფართოება სახელმწიფოსა და APM Terminals Poti-ს შორის მოლაპარაკების ფაზაშია და გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მოდელი ფოთისთვის მისადაგებული და გამართლებულია.

უნდა აღინიშნოს, რომ რადგანაც ამ ეტაპზე ნავსადგურს კონტეინერების განთავსებისთვის შეზღუდული ტერიტორია გააჩნია, ნავსადგურის გარეთ საკონტეინერო ტერმინალების განვითარებას რამდენიმე ეკონომიკური და ტექნოლოგიური საფუძველი გააჩნია, მათ შორის:

პირველი – ნავსადგურის გარეთ კონტეინერების განთავსება საშუალებას იძლევა, საზღვაო ტერმინალის ტერიტორია გათავისუფლდეს ხანგრძლივი შენახვის ფუნქციისგან.

მეორე – ნავსადგურის გამტარუნარიანობის გაზრდაა. იმ ვითარებაში, თუ კონტეინერები გემიდან გადმოტვირთვის შემდეგ სწრაფად გადაინაცვლებს გარე ტერმინალებში, ნავსადგურის შიდა ტერიტორია უფრო ეფექტიანად გამოიყენება გემების მომსახურებისთვის. იზრდება კონტეინერების ბრუნვის სიჩქარე და მცირდება ტერმინალში მათი დაყოვნების პერიოდი.

მესამე – ლოგისტიკური მომსახურების გაიაფებაა. გარე ტერმინალების მფლობელებს შეუძლიათ კონკურენტული ტარიფები შესთავაზონ მომხმარებლებს, თუნდაც დატვირთული და ცარიელი კონტეინერების შენახვისას, კონტეინერების დახარისხება და გადატვირთვისას, კონტეინერების ავტომობილებზე დატვირთვისას, ტვირთების კონსოლიდაციისა და დეკონსოლიდაციისას და ა.შ.

მეოთხე – სატრანსპორტო ნაკადების უკეთესი ორგანიზებაა. იმ პირობებში, თუ გარე ტერმინალს ექნება საკუთარი სარკინიგზო ჩიხი და სათანადო საავტომობილო ინფრასტრუქტურა, შესაძლებელი იქნება კონტეინერების მნიშვნელოვანი ნაწილის გადატანა რკინიგზით, რაც შეამცირებს ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქალაქის ფარგლებში სატვირთო ავტომობილების მოძრაობას.

ფოთში გარე საკონტეინერო ტერმინალების არსებობა ახალი მოვლენა არ არის. ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ლოგისტიკურ კვლევაში აღწერილია, რომ ნავსადგურის შეზღუდული სასაწყობე ფართობების გამო კონტეინერები ნავსადგურიდან კერძო გარე ტერმინალში გადადის. სადღეისოდ ფოთის ირგვლივ ასეთი 10 გარე ტერმინალია დაფიქსირებული.

ფოთის ნავსადგურის გარეთ მოქმედი საკონტეინერო ტერმინალებია: Lion Trans Terminal Poti, Cautrex Poti, ICEBERG Poti, Poti Trans Terminal, GTE Terminal, GR Logistics & Terminal, LTD Logistex, KCB Alliance, ARM Terminals Poti Container Yard, Medlog Poti.

მიუხედავად რიგი უპირატესობებისა, გარე ტერმინალების უკონტროლო განვითარებას გარკვეული რისკებიც ახლავს, პირველ რიგში, ნავსადგურიდან ტერმინალებამდე სატვირთო ავტომობილებზე დამოკიდებულების ზრდა და ქალაქის ფარგლებში უკონტროლო გადაადგილება, ტერმინალების ჭარბი რაოდენობის გამო ინფრასტრუქტურის არასრული დატვირთვა, ხოლო ერთიანი საინფორმაციო სისტემის არარსებობა – იწვევს კონტეინერების გადაადგილების შეფერხებას, ნავსადგურთან სუსტი კოორდინაცია კი განაპირობებს გემიდან გადმოტვირთული კონტეინერების დაგვიანებულ გატანას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი გარემოების გათვალისწინება, კერძოდ, თუ კონტეინერი გემიდან გადმოტვირთვის შემდეგ ჯერ ერთ გარე ტერმინალში გადაიტანება, შემდეგ მეორეში, შემდეგ კი რკინიგზაზე დაიტვირთება, ასეთი დამატებითი ოპერაციები ლოგისტიკური ჯაჭვის გაძვირებას იწვევს – ამიტომ გარე ტერმინალების განვითარება ავტომატურად არ ნიშნავს ლოგისტიკური ეფექტიანობის ზრდას.

ფოთის ნავსადგურის ტერიტორიის გარეთ საკონტეინერო ტერმინალების განვითარება გამართლებულია იმ პირობებში, როცა წინმსწრებად ცნობილია, თუ რა რაოდენობის კონტეინერების დამუშავება უნდა ხდებოდეს უშუალოდ საზღვაო ნავსადგურში და რა რაოდენობა უნდა გადანაწილდეს გარე ტერმინალებში.

ამრიგად, ფოთის ნავსადგურის გარეთ საკონტეინერო ტერმინალების მოწყობა საერთაშორისო ლოგისტიკაში აპრობირებული და ეკონომიკურად გამართლებული მოდელია.

თუმცა მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია არა ტერმინალების რაოდენობაზე, არამედ ნავსადგურთან ინტეგრაციაზე, სარკინიგზო კავშირზე, კონტეინერის დამუშავების საერთო ღირებულებასა და ბრუნვის სიჩქარეზე.

ახლახან ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პირველად საჯაროდ ქვეყნის პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა დააანონსეს „საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების 10-წლიანი გეგმის (2026 – 2036)“ შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტი დღემდე საჯარო არ არის, გამოსვლისას გაჟღერდა გეგმის მთავარი მიზნები – კერძოდ, 2036 წლისთვის საზღვაო ნავსადგურებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება.

ფოთის ნავსადგურთან მიმართებით არსებობს მნიშვნელოვანი შეკითხვა – მთავრობის ახალი გეგმით იგეგმება თუ არა ფოთის ნავსადგურის საკონტეინერო ტერმინალის გაფართოება და რა პერიოდში?

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ APM Terminals-ის მიერ 2024 წელს წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებდა მინიმუმ 200 მლნ დოლარის ინვესტიციას, სადღეისოდ საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილების შედეგად პროექტის ღირებულება მინიმუმ 350 მლნ დოლარია. რაც დრო გადის, ინვესტიციის მოცულობაც იზრდება.

ბუნებრივია, ამ კითხვიდან გამომდინარე, ფოთის ნავსადგურის გარე ტერმინალების შემდგომი ფუნქციონირება სხვა დატვირთვას შეიძენს.

ფოთის ნავსადგურის საკონტეინერო ტერმინალის გაფართოების განხორციელების შემთხვევაში გარე საკონტეინერო ტერმინალების განვითარება აუცილებელი აღარ იქნება იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს დღეს შეიძლება განიხილებოდეს. თუმცა მათი საჭიროება სრულად არ გაქრება.

საკითხი განხილული უნდა იყოს არა როგორც ნავსადგურის შიდა ტერმინალის მიერ გარე ტერმინალების ურთიერთჩანაცვლება, არამედ როგორც ერთიანი საკონტეინერო ლოგისტიკური სისტემის ოპტიმიზაციის კუთხით.

ნავსადგურის ტერმინალის გაფართოება ზრდის გემების მომსახურებისა და კონტეინერების უშუალოდ ნავსადგურში გადამუშავების შესაძლებლობას, ხოლო გარე ტერმინალები უზრუნველყოფენ ნავსადგურის ტერიტორიისგან მოშორებით კონტეინერების დასაწყობებას, დახარისხებასა და ლოგისტიკურ მომსახურებას.

გაფართოების პროექტის განხორციელების შემთხვევაშიც გარე ტერმინალების საკითხი უნდა შეფასდეს მათი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით.

ფოთის ნავსადგურის გაფართოების შემთხვევაში გარე ტერმინალების განვითარება კვლავ იქნება საჭირო, მაგრამ უნდა შეიცვალოს მათი განვითარების სტრატეგია.

მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს არა ახალი საკონტეინერო ტერმინალების რაოდენობის ზრდა, არამედ არსებული და ახალი ტერმინალების ფუნქციური სპეციალიზაცია და ინტეგრაცია ფოთის ნავსადგურთან.

შუა დერეფნის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობისთვის მიმზიდველი იქნებოდა ფოთის ნავსადგურის გაფართოება ერთიანი, სპეციალიზებული გარე ლოგისტიკური ქსელის განვითარებით, რაც საშუალებას მისცემს ფოთს, ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ საზღვაო ნავსადგურად, არამედ რეგიონულ საკონტეინერო და ლოგისტიკურ ჰაბად.

ფოთის მომავალი არ უნდა იყოს ქალაქი, რომელშიც კონტეინერები უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს. ფოთის მომავალი უნდა იყოს ქალაქი, რომლის გარშემოც ლოგისტიკური სივრცე სწორად იქნება დაგეგმილი. ეს არის განსხვავება ნავსადგურის გაფართოებასა და განვითარებას შორის.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

პაატა ცაგარეიშვილი – საპორტო ინფრასტრუქტურის დაკავშირებადობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 111-ე ადგილს იკავებს, ეს კი ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებელ შედეგად და ვერ ასახავს საზღვაო ამბიციების მქონე ქვეყნის შესაძლებლობას

Next Post

უკრაინის ნავსადგურები მუდმივი საჰაერო თავდასხმების საფრთხის პირობებში ეკონომიკის მთავარ საყრდენად რჩებიან

Related Posts

აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზებზე გადაზიდვების შემცირების მიზეზების კვლევა ამ ქვეყნების მთავრობების პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს

სადღეისოდ, როდესაც რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია, გაანალიზებული იქნეს შუა დერეფნის ქვეყნებში სარკინიგზო გადაზიდვების სტრუქტურა, რათა…
მეტის ნახვა

ევროპა საპარკინგე სივრცეების წვავე დეფიციტს განიცდის – არსებობს საქართველოს საავტომობილო გზებზე სატვირთო ავტოტრანსპორტის საპარკინგე ადგილების განთავსების სქემა?

საქართველოს საავტომობილო გზაზე, სადაც მრავალი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი გადაადგილდება, ხშირად წააწყდებით გვერდულაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანების რიგს. ასეთი…
მეტის ნახვა

აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე მოძველებული სატრანსპორტო ფლოტის – გაზრდილი ტევადობის, მაღალი სიჩქარისა და გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე გემებით – ეტაპობრივ მოდერნიზაციასა და ჩანაცვლებას ახორციელებს

რაუფ აგამირზაევი – აზერბაიჯანელი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ექსპერტი. სპეციალიზირებულია სატრანსპორტო დერეფნებისა და ურბანული ტრანსპორტის მობილურობის მიმართულებით. აანალიზებს შუა…
მეტის ნახვა