ყაზახეთის რკინიგზის შვილობილმა კომპანიამ KTZ Express-მა, საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების არეალის გაფართოების მიზნით, იაპონიის კობეს ნავსადგურიდან ალმაათიში ქიმიური პროდუქციით დატვირთული კონტეინერების პირველი მულტიმოდალური გადაზიდვა განახორციელა.

მარშრუტი, რომლის საერთო სიგრძე 6 000 კილომეტრია, როგორც საზღვაო, ისე სარკინიგზო მონაკვეთებს აერთიანებს – კონტეინერები ზღვით, იაპონიის კობეს ნავსადგურიდან ჩინეთის ნავსადგურ ლიანიუნგანამდე, 1 620 კილომეტრს გადის, შემდგომ, საბაჟო პროცედურების გავლის შემდეგ, ტვირთი რკინიგზის შემადგენლობაზე გადაიტვირთა და ალმაათიმდე კიდევ 4 400 კილომეტრი გაიარა. ჩინეთ-ყაზახეთის საზღვარზე, ალტინქოლის გამშვებ პუნქტზე, კონტეინერები ყაზახეთის რკინიგზის ლიანდაგის სიგანესთან თავსებად მოძრავ შემადგენლობაზე გადაიტვირთება, რის შემდეგაც ტრანსპორტირება საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე გრძელდება.
ლიანიუნგანი KTZ Express-ის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საკვანძო რგოლია აღმოსავლეთ აზიაში. აღნიშნულ ნავსადგურში ყაზახეთ-ჩინეთის საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის ინფრასტრუქტურაა განთავსებული.
ის, რომ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით სახმელეთო საკონტეინერო ბლოკმატარებლებით გადაზიდვებს გააჩნიათ დიდი პერსპექტივა, ამაზე მეტყველებს მარშრუტების გავრცელების არეალი, კერძოდ, 2026 წლის მონაცემებით, ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკმატარებლებით მომსახურე ჩინეთის ქალაქების საერთო რაოდენობა 129-ს შეადგენს, რომლებიც ჩინეთს ევროპის 26 ქვეყნის 235 ქალაქთან და აზიის 11 ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქთან აკავშირებენ და პრაქტიკულად მთელ ევრაზიას ფარავს.
ამ ტიპის გადაზიდვა მნიშვნელოვანია იმით, რომ პერსპექტივაში, საზღვაო მარშრუტების ბლოკირების პირობებში, შესაძლებელია სახმელეთო გადაზიდვა დაგრძელდეს და, ერთი მხრივ, სრულად მოიცვას შუა დერეფნის ტვირთზიდვის არეალი და, მეორე მხრივ, ტვირთარმომქმნელი ქვეყნების ჩამონათვალს დაემატოს ეკონომიკურად სტაბილური იაპონია.