ჩვენი გვერდის წინა პოსტი ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას ეხებოდა, დღეს გვინდა ანალოგიურ თემას შევეხოთ და წარმოვაჩინოთ, თუ რა ნაბიჯებს დგამენ მეზობელი აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაზე სამგზავრო გადაყვანების განსავითარებლად.
ყაზახეთი და აზერბაიჯანი ბაქოსთან სიახლოვეს განლაგებულ ალიათის და კურიკის ნავსადგურებს შორის სამგზავრო საბორნე მიმოსვლის აღდგენისათვის ემზადებიან, ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი ახალ იმპულს მისცემს კასპიის ზღვაზე სამგზავრო საზღვაო ბიზნესის განვითარებას.
ნავარაუდევია, რომ გადაზიდვები იქნება კომბინირებული და მოემსახურება როგორც ტვირთებს, ასევე მგზავრებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის კომბინირებული სამგზავრო გადაყვანები 2020 წლამდე მოქმედებდა, რის შემდეგაც პანდემიის გამო შეჩერდა.
ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებამ, პარალელურად ნავსადგურების გამტარუნარიანობის ზრდამ, შესაძლებელი გახადა ორ ქვეყანას შორის რეგულარული საზღვაო სამგზავრო გადაყვანების აღდგენა.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა, მგზავრთა გადაყვანისას უნდა შემოიფარგლონ თუ არა ეს ქვეყნები მხოლოდ კომბინირებული სატვირთო ბორნებით, თუ კასპიის ზღვაზე სპეციალიზებული სამგზავრო საკრუიზო ლაინერებით გადაყვანებიც შესაძლებელია?
ბუნებრივია, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, კერძოდ, კომბინირებული ბორნებით სამგზავრო გადაყვანები არაკომფორტული იქნება, რადგანაც მგზავრი ვალდებული იქნება ბაქოსთან 70 კმ დაშორებით ალიათის ნავსადგურით, ისევე როგორც ყაზახეთში, აქტაუდან დაახლოებით იმავე მანძილზე დაცილებული კურიკის ნავსადგურით ისარგებლოს. რაც პირველ როგში ტურისტული ბიზნესისათვის მოხერხებული არ იქნება.
ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის კომბინირებული ვარიანტი განიხილება, კერძოდ, სატვირთო ბორნებით ტვირთების გარდა, იმავე გემებზე მგზავრების გადაყვანაა გათვალისწინებული.
რამდენად მისაღებია ეს ვარიანტი და თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ არა კომბინირებული, არამედ სრულად სამგზავრო ლაინერებით მოხდეს ჩანაცვლება?
ექსპერტთა მოსაზრებით, ალიათის და კურიკის დაკავშირება კომბინირებული ბორნებით მიმზიდველი არ იქნება და აქცენტი სამგზავრო საკრუიზო ლაინერებზე უნდა იქნეს გადატანილი, მით უმეტეს, რომ ორივე სახელმწიფოს საბჭოთა პერიოდში ამის გამოცდილება გააჩნდათ.
როდესაც ჩნდება უშუალოდ სამგზავრო გადაყვანის საკითხი და აუცილებელია სამგზავრო საზღვაო სექტორის განვითარება, სასურველი იქნებოდა სპეციალური სამგზავრო რეისის ამოქმედება, რომელიც უშუალოდ, თუნდაც ბაქოდან – ბულვარის, ძველი საზღვაო ტერმინალის ან იახტ-კლუბის გამოყენებით, დაიწყებდა ფუნქციონირებას და პირდაპირ კავშირს დაამყარებდა ყაზახეთის მხარეს მდებარე აქტაუს მსხვილ სამრეწველო ცენტრთან.
სავარაუდოდ, ასეთი ვარიანტი მგზავრებისთვის გაცილებით მოსახერხებელი, ტურისტებისთვის კი – უფრო მიმზიდველი იქნებოდა. სამგზავრო ტრანსპორტით სარგებლობისას მოგზაურისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კასპიის ზღვის გადაკვეთის ფაქტი, არამედ ისიც, თუ სად იწყება და სად მთავრდება მგზავრობა. პირდაპირი სამგზავრო მიმოსვლის შემთხვევაში, მარშრუტი შესაძლოა უფრო მარტივი და მიმზიდველი გახდეს.
ექსპერტების ვარაუდით, ეს ყოველივე საბოლოო ჯამში მგზავრთა რაოდენობაზეც გავლენას იქონიებდა.
საბჭოთა პერიოდში შესაძლებელი იყო ბაქოდან კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე სხვა ქალაქებში მგზავრობა, არა კომბინირებული ბორნებით, არამედ ჩვეულებრივი სამგზავრო ლაინერებით. 1960-იანი წლების დასაწყისში ამ მარშრუტებზე დაცურავდნენ ლაინერები – ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, ფაქტობრივად, საზღვაო ტრანსპორტი იმ პერიოდში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციას ასრულებდა.

არსებობს მოსაზრება, რომ გაზიარებული იყოს საბჭოთა გამოცდილება და დამოუკიდებლად იქნეს გამოყენებული გემები მხოლოდ სამგზავრო გადაყვანებისათვის.
სამგზავრო საკრუიზო ტიპის გემები – კერძოდ, რაშიდ ბეჰბუდოვი და მუსლიმ მაგომაევი – უკვე ახორციელებენ რეისებს ბაქოს ნავსადგურიდან კასპიის ზღვაში განთავსებული ნავთობპლატფორმების მიმართულებით.
ამ ტიპის გემების სიჩქარე 65 კმ სთ-ს აღწევს და 150 – 170 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია განხილული იქნეს მსგავსი ტიპის გემების გამოყენება ბაქოსა და აქტაუს შორის რეგულარული სამგზავრო გადაყვანებისთვის.

ექსპერთა ვარაუდით, მთავარი პრიორიტეტი მგზავრთა კომფორტი უნდა იყოს, რაც გულისხმობს ფიქსირებულ განრიგს, ბილეთების სისტემას, კომფორტულ მომსახურებას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის სათანადო ორგანიზებას.
ასეთი მარშრუტი უნდა ფუნქციონირებდეს როგორც მგზავრთა გადაყვანაზე ორიენტირებული დამოუკიდებელი სერვისი და არა უბრალოდ როგორც სატვირთო გადაზიდვების დამატებითი ელემენტი.
აზერბაიჯანელი ექსპერტები თვლიან, რომ პრიორიტეტი არა კომბინირებულ ბორბებს, არამედ ცალკეულ სამგზავრო სწრაფმავალ ლაინერებს უნდა მიეცეს.
შუა დერეფნის არსი მხოლოდ ტვირთების გადაზიდვით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. დერეფნები არ არის მხოლოდ ხაზები, რომელთა გასწვრივ კონტეინერები გადაადგილდებიან. დერეფნები ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქებს, ეკონომიკებსა და ადამიანებს. დღეს მნიშვნელოვნად შეიცვალა ტექნოლოგიები, საპორტო ინფრასტრუქტურა, მგზავრთა მოთხოვნები და თავად სატრანსპორტო კავშირების სტრუქტურა, შესაბამისად, მიზანი არსებულ რეალობასთან ეფექტიანი კონცეფციით მისადაგება წარმოადგენს.
აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის კასპიის ზღვაზე სამგზავრო ბიზნესის განვითარებასთან შედარებით გაცილებით დიდი შესაძლებლობა ბათუმში ნავსადგურში საკრუიზო ბიზნესის განვითარებას გააჩნია, რაზედაც ჩვენი გვერდი წინა ანალიტიკაში იტყობინებოდა.