საქართველოში გემთმშენებლობის აღორძინების საკითხს – “პატარა გემებიდან დიდ ინდუსტრიამდე”, ჩვენს გვერდზე, ახლახან საზღვაო დარგის სპეციალისტის, მერაბ ჩაჩავას, პუბლიკაცია დაეთმო.
რაციონალურია, როგორც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს – საქართველოში მცირე და საშუალო ზომის გემების, კატარღების, საპატრულო და სამსახურებრივი ხომალდების, პილოტბოტების, ბუქსირების, თევზსაჭერი გემების, ტურისტული კატარღებისა და იახტების წარმოების დაწყება. სწორედ ასეთი ეტაპობრივი განვითარება შეიძლება გახდეს მომავალში სრულფასოვანი ქართული გემთმშენებლობის ინდუსტრიის საფუძველი.
საქართველოში ამის ისტორიული გამოცდილება ოდითგანვე არსებობდა. ფოთისა და ბათუმის გემთმშენებლობის საწარმოებში სხვადასხვა ტიპის მცირე და საშუალო ტიპის გემები აშენებულა.
პუბლიკაციის ავტორი აქცენტს არა ახალი, სრულიად უცხო ინდუსტრიის შექმნაზე, არამედ დაკარგული საინჟინრო და საწარმოო კომპეტენციის თანამედროვე პირობებში აღდგენაზე აკეთებს.
“საქართველოში შესაძლებელია ეტაპობრივად შეიქმნას საწარმო, რომელიც თავდაპირველად 8 – 15-მეტრიან საპორტო კატარღებს, შემდეგ 15 – 25-მეტრიან სამუშაო და სამსახურებრივ ხომალდებს, შემდეგ კი უფრო რთულ ბუქსირებს, პილოტბოტებსა და სპეციალიზებულ გემებს ააშენებს”.
პუბლიკაციის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გემთმშენებლობის აღორძინება მხოლოდ ერთი ქარხნის აშენების პროექტი არ უნდა იყოს – ეს უნდა იყოს შუა დერეფნისათვის დამხმარე საზღვაო ინდუსტრიული კლასტერის შექმნა.
ავტორის მოსაზრებით, განსაკუთრებით საინტერესო მიმართულება იახტების მშენებლობაა. საქართველო შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, აქვს ტურისტული პოტენციალი და საზღვაო ტურიზმის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა მცირე ზომის კერძო და კომერციულ ხომალდებზე. “ჩვენთან შესაძლებელია დაიწყოს 8 – 15 მ-იანი თანამედროვე კატარღებითა და იახტებით, შემდეგ კი გაიზარდოს როგორც ზომა, ისე ტექნოლოგიური სირთულე”.
რაც შეეხება გასაღების ბაზარს, პირველი შეკვეთები შეიძლება სწორედ ქვეყნის შიგნით გაჩნდეს. შემდეგ უკვე შესაძლებელია ექსპორტზე გადასვლა – პირველ ეტაპზე შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონია.
გემთმშენებლობისთვის ასეთი შესავლის დათმობა იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს გვერდზე პუბლიკაციის შემდგომ, გემთმშენებლობით დაკავებულმა ერთ-ერთმა პიროვნებამ გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება ყულევში, სპეციალიზებულ საწარმოში იალქნიანი იახტის მშენებლობასთან დაკავშირებით.
იალქნიანი იახტა სახელად „პირველი“ ერთ-ერთი ქართველი მეწარმის მიერ ინდივიდუალური შეკვეთით შენდება, იახტის სიგრძე 14, ხოლო სიგანე 4 მეტრს შეადგენს, მშენებლობა ექვსი თვის უკან დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

მშენებლობისათვის ნაკვეთიც გამოძებნილია სოფ. ყულევთან, გზის პირას, მდინარის სიახლოვეს და 340 კვ. მ-ზე აშენებულია საამქრო, შეძენილია იახტის მშენებლობისათვის საჭირო სხვადასხვა დანადგარები, მათ შორის ლითონის ფურცლების საჭირო გრადუსზე მოსაღუნი პრესი, პლაზმა და ავტოტვირთავი. პერსპექტივაში ნავარაუდევია სამუშაო ფრონტის გაფართოება, საამქროს ფართობის 800 კვ. მ-მდე გაზრდა.

ამ ეტაპზე ყულევში იახტის მშენებარე საწარმო შედარებით მცირეა, შეზღუდული ტექნოლოგიით, დაკავებულია ოთხიოდე კვალიფიცირებული მუშა პერსონალი, მშენებლობის მწარმოებელს და მეთვალყურეს, როგორც თვითონ განგვიმარტა, ფოთის გემთსაშენ 201 ქარხანაში აქვს შესწავლილი ერთ-ერთი ბერძენი გემთმშენებლისგან ეს სპეციალობა.
ბუნებრივია, ასეთი მცირე საწარმოსთვის მნიშვნელოვანია სამომავლო შეკვეთები და ფინანსური მდგრადობა, გარდა მიმდინარე შეკვეთისა, კიდევ არსებობს ორი ახალი იახტის აშენების პერსპექტივა.
ასეთი ტიპის საწარმოების გაფართოებისათვის და განვითარებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს ხელშეწყობა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარების 2023 წლის კონცეფციაში ცალკე მიმართულებად არის გამოყოფილი გემთმშენებლობისა და გემების შეკეთების ინდუსტრიისათვის ხელშეწყობა.
ფოთის არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ოდესღაც 201 გემთმშენებელი ქარხანა ფუნქციონირებდა, სადღეისოდ იმ ადგილას ე.წ. პეისის “ახალი ნავსადგური” ფუნქციონირებს და არსებული ფოთის და ბათუმის ნავსადგურების ჩარჩოებში პრაქტიკულად გამორიცხულია გემთმშენებლობის განვითარება.
მიმდინარე ეტაპზე, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გემთმშენებლობისათვის ყველაზე მორგებულია სოფ. ყულევთან, მდინარე ხობის წყალის სათავეში, ზღვის ნაპირთან სათანადო ადგილის გამოყოფა და სამშენებლო პოტენციალის განვიტარება.
აღსანიშნავია, რომ მეზობელ შუა დერეფნის ქვეყნებში, აზერბაიჯანში, თურქმენეთში, უკვე სრულფასოვნად ფუნქციონირებს გემთმშენებლობის და გემთშეკეთების ინდუსტრია. სულ ახლახან, ყაზახეთი კურიკის ნავსადგურის სიახლოვეს ამ მიზნით შეუდგა ახალი ერსაის ნავსადგურის განვითარებას.
რაც შეეხება ყულევში “პირველი” – იახტის მშენებლის მოსაზრებას, იგი აღნიშნავს, რომ “რადგან ქვეყანას გააჩნია ზღვა, გემთმშენებლებიც უნდა ვიყოთ, რადგანაც ჯერ კიდევ არიან დარჩენილი სპეციალისტები, თუ არ განვითარდა ეს სფერო, შეიქმნება მშენებლების დეფიციტი”.
დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ შესაძლოა სწორედ ეს პატარა იალქნიანი იახტა იყოს ის პირველი ნაბიჯი, რომელიც მომავალში დიდ ქართულ გემთმშენებლობამდე მიგვიყვანს.