მეზობელ ქვეყნებში სატრანსპორტო ობიექტების დაჩქარებული მშენებლობის ფონზე – საქართველო მსოფლიო ბანკის შეფასებით, ინფრასტრუქტურის ხარისხით მსოფლიოში არასახარბიელო – 108-ე პოზიციას იკავებს

ჩვენს გვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციას „დაუსრულებელი საგზაო პროექტების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე“, რომელშიც გაანალიზებული იყო გაჭიანურებული და მრავალჯერ გადავადებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, – მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი შეფასებების დროს აუცილებელია კონკრეტული პროექტების, საინჟინრო სირთულისა და ქვეყნის რელიეფური და კლიმატური პირობების გათვალისწინება.

ამავე პუბლიკაციაში ჩვენს მიერ შედარებული იყო მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საავტომობილო გზების მშენებლობის ტემპები, რის საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, რომ მეზობელი ქვეყნები შემჭიდროებულ ვადებში აშენებენ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, შედეგად, ამ ქვეყნებში, საქართველოსთან განსხვავებით, ჯეროვნად მაღალია საავტომობილო გზების მშენებლობის ტემპი.

ეს ყოველივე მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსის მონაცემებით დასტურდება, სადაც ინფრასტრუქტურის ხარისხის მაჩვენებლით საქართველო პოზიციონირებს მსოფლიოში არც თუ ისე „საპატიო“ – 108-ე საფეხურზე, რითიც ჩამორჩება შუა დერეფნის თითქმის ყველა სახელმწიფოს.

წარმოდგენილ ანალიტიკურ ინფორმაციაში, როდესაც გარკვეულ შედარებებს ვახდენდით, ჩვენ შორს არ წავსულვართ და არ გვიძებნია ევროპის და აზიის განვითარებულ ქვეყნებში საავტომობილო გზების მშენებლობის კუთხით წარმატებული მაგალითები, არამედ შევარჩიეთ მეზობელ ქვეყნებში საგზაო პროექტები და მათი მშენებლობის ტემპების საფუძველზე გავაკეთეთ შემაჯამებელი დასკვნა.

ჩვენს მიერ წარმოდგენილ ანალიტიკურ მასალაში აქცენტი არ იყო გადატანილი კონკრეტულად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის ტემპებზე, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ რიკოთის მაგისტრალი საინჟინრო თვალსაზრისით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია, წარმოდგენილ ანალიტიკურ ინფორმაციაში გაანალიზებული იყო არა რომელიმე ცალკეული მონაკვეთის, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ – დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპი.

რიკოთის მონაკვეთის მშენებლობის საპირწონედ, არანაკლები სირთულით გამოირჩეოდა 60 %-ით უფრო გრძელი, ზღვის დონიდან 3 250 მეტრ სიმაღლეზე განლაგებული, აზერბაიჯანში ახლახან დასრულებული თოღანალი – ქალბაჯარი – ისტისუს საუღელტეხილო საგზაო პროექტი.

აზერბაიჯანში განხორციელებული საავტომობილო გზის პროექტის შედარება რიკოთის მაგისტრალთან გარკვეულ კონტრასტულ შედარებას მისცემს ჩვენი გვერდის მკითხველს, თუ რა ტემპებით ხორციელდება მეზობელ აზერბაიჯანში ურთულესი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები.

აზერბაიჯანმა რთულ რელიეფურ პირობებში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საავტომობილო გზის, თოღანალი – ქალბაჯარი – ისტისუს, პროექტის განხორციელება პრაქტიკულად დაასრულა.

ავტომაგისტრალი თოღანალიდან იწყება, გადის გათავისუფლებულ ქალბაჯარის რეგიონზე და ისტისუს ცნობილ საკურორტო ზონამდე ვრცელდება.

რეგიონი საინტერესოა იმით, რომ ისტისუში მდებარეობს მინერალური წყლის თანამედროვე ქარხანა, რომელიც 2024 წელს, 30-წლიანი შეწყვეტის შემდეგ, გაიხსნა და წლიური საპროექტო სიმძლავრე 100 მლნ მინის ბოთლია.

ყველას ახსოვს, 2026 წლის აგვისტოში, ბიშკეკში, აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების შეხვედრის დაწყებამდე, ალიევმა ირანის პრეზიდენტს ბორჯომის ნაცვლად აზერბაიჯანული მინერალური წყალი შესთავაზა და განაცხადა: „აზერბაიჯანული წყალიც სცადეთ! ეს შესანიშნავი ისტისუა, რომელიც მე ჩამოვიტანე.“

აზერბაიჯანი თოღანალი – ქალბაჯარი – ისტისუს 82 კმ სიგრძის საავტომობილო მაგისტრალს ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ერთ – ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს.

თოღანალი – ქალბაჯარი საგზაო მონაკვეთი 56 კმ-ს, ხოლო ქალბაჯარი – ისტისუს მონაკვეთი – 26 კმ-ს მოიცავს. გზის მე-16 კილომეტრიდან იწყება მუროვდაღის ქედი, სადაც სიმაღლე ზღვის დონიდან 1 700-დან 3 250 მეტრამდე იზრდება.

გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი მუროვდაღის ქედზე გადის, სადაც სიმაღლე ზღვის დონიდან 3 250 მეტრს აღწევს. ავტომაგისტრალის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად, მუროვდაღის ქედის ქვეშ გვირაბი იქნა გაყვანილი.

მუროვდაღის გვირაბის საერთო სიგრძე 23.4 კმ-ს შეადგენს და ორი დამოუკიდებელი 11.7 კმ გვირაბისგან შედგება. გვირაბში მოძრაობის ოთხი ზოლია მოწყობილი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში აშენდა დამატებით ოთხი გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 2.6 კმ-ს აღწევს.

გზის ძირითადი მონაკვეთი შეესაბამება გზის მეორე ტექნიკურ კატეგორიას, ხოლო მუროვდაღის გვირაბის შემცველი მონაკვეთი, ოთხი სამოძრაო ზოლით, გზის პირველ ტექნიკურ კატეგორიას მიეკუთნება.

თოღანალი – ქალბაჯარი – ისტისუს ურთულესი 82 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო, 2022 წელს პროექტი გადავიდა გვირაბის ინტენსიური მშენებლობის ფაზაში, 2022 წელი, ფაქტობრივად, პროექტის ძირითადი საინჟინრო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების პერიოდი იყო. 2023 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ურთულესი გვირაბის მშენებლობის მონაკვეთზე. 2024 წელს სამუშაოების 67.5% დასრულდა, ხოლო 2025 წელს შედგა მუროვდაღის გვირაბის პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის – ტექნიკური გახსნა. თუმცა, ტექნიკური გახსნა არ ნიშნავდა გვირაბის სრულად ექსპლუატაციაში გაშვებას, ვინაიდან საინჟინრო და საგზაო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობდა. ამ პერიოდში პროექტის შესრულების მაჩვენებელმა 87% შეადგინა. 2026 წელს დასრულდა მუროვდაღის გვირაბის ასფალტირება და ოთხი დამატებითი გვირაბის მშენებლობის დასრულება.

ფაქტობრივად, აზერბაიჯანში თოღანალი – ქალბაჯარი – ისტისუს ერთ – ერთი ურთულესი და გრძელი გვირაბის და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ექვს წელიწადში დასრულდა.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელმა აზერბაიჯანმა ბოლო ხუთ წელიწადში ჯამურად 70 კმ საგზაო გვირაბები გაიყვანა, ფაქტობრივად, ის, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის ანგარიშით არასახარბიელო 108-ე საფეხურზე იმყოფება, ცალსახად იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან შედარებით მეზობელი ქვეყნები უფრო სწრაფი ტემპით აშენებენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და დაწინაურებულ პოზიციებს იკავებენ.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

დაუსრულებელი საგზაო პროექტების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე – როდის მიიღწევა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სრული უწყვეტობა?

Next Post

200 ვაგონის შესყიდვით საქართველოს რკინიგზამ სატვირთო პარკის განახლებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

Related Posts

დაუსრულებელი საგზაო პროექტების გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე – როდის მიიღწევა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სრული უწყვეტობა?

სადღეისოდ, საქართველოს აღმოსავლეთ – დასავლეთის დერეფნის განვითარება ხასიათდება არა მხოლოდ მშენებლობის დაბალი საშუალო ტემპით, არამედ „ვიწრო ადგილების“ პერმანენტული…
მეტის ნახვა

ბათუმი – კონსტანცა – ბათუმის ახალი საბორნე ხაზის ამოქმედებით, ქვეყნის ევროპულ სივრცესთან სატრანსპორტო დაკავშირებადობის კომპონენტი ძლიერდება

ევროპულ სივრცესთან სატრანსპორტო დაკავშირებადობის გაძლიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ქვეყნის ნავსადგურებიდან საბორნე გადაზიდვების განვითარება წარმოადგენს. რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებამ…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის მიმზიდველობა – საქართველოში სატვირთო ვაგონების პარკის სისტემურ განახლებას და მასში კერძო სექტორის ჩართვას უნდა ემყარებოდეს

ლევან ლომსაძეშპს “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორისარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი შუა დერეფნის (MC) ეფექტიანობის გაზრდის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას სატვირთო…
მეტის ნახვა