ცნობილია, რომ კასპიის ზღვა შუა დერეფნის ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენს. ბოლო წლებში წყლის დონის ინტენსიურად ვარდნის გამო არსებული საბორნე გემებით გადაზიდვების განხორციელება ეკონომიკური თვალსაზრისით თანდათანობით კარგავს მიმზიდველობას.
ერთ-ერთი რაციონალური გამოსავალი ახალი, მაღალი ტევადობის ფსკერძირიანი გემების მშენებლობაა, რომლებიც შეძლებენ გაზრდილი საავტომობილო, საკონტეინერო თუ სავაგონო შემადგენლობების ტრანსპორტირებას.
ამ პრობლემის გადასაჭრელად ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე, ერთობლივად, კურიკი – ალიათის საზღვაო მარშრუტზე, ახალი ბორნების მშენებლობის პროექტს განიხილავენ.
პროექტის მთავარ მიზანს კასპიის ზღვის გადაკვეთის გამტარუნარიანობის გაზრდა, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ნავსადგურებს შორის სარკინიგზო ვაგონებისა და ტვირთების გადაზიდვის რეგულარულობის გაუმჯობესება და შეზღუდული ტვირთამწეობის ბორნებზე დამოკიდებულების შემცირება წარმოადგენს.
პროექტი ითვალისწინებს ისეთი გემების მშენებლობას, რომელთა ტევადობა ერთ რეისზე 120 – მდე სარკინიგზო ვაგონს შეადგენს, რაც ორი 60 – ვაგონიანი შემადგენლობის ერთდროულად გადაზიდვის საშუალებას იძლევა.
ორივე ქვეყნის სახელმწიფო სატრანსპორტო უწყებების განმარტებით, ბორნების გამტარუნარიანობის გაზრდა დააჩქარებს ტვირთების გადაზიდვას და გაზრდის შუა დერეფნის მარშრუტის ეფექტიანობას.

სადღეისოდ ალიათი – კურიკის საზღვაო მარშრუტზე აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო კომპანიის მიერ ექსპლუატირებულ ბორნებს ერთ რეისზე მაქსიმუმ 44 ვაგონის გადაზიდვა შეუძლიათ (იხ. არსებული ბორნები). შესაბამისად, აუცილებელია 60 ვაგონისგან ფორმირებული შემადგენლობის ორ ნაწილად გაყოფა – პირველი ნაწილი, 44 ვაგონი, ბორნის ტევადობის გათვალისწინებით, კასპიის ზღვის გავლით პირველ რეისზე გადაიგზავნება, ხოლო დარჩენილი 15-დან 20-მდე ვაგონი, რომელიც წინა პარტიას უნდა შეუერთდეს მომდევნო გემს ელოდება.

აზერბაიჯანის ალიათის ნავსადგურში ბორნის ჩასვლის შემდეგ პირველი პარტია იძულებულია, მატარებლის მეორე ნაწილის მოსვლას დაელოდოს. ეს ვითარება ზრდის ტრანზიტის დროს და ართულებს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთნაკადების კოორდინაციას.
პროექტირების პროცესში მყოფი საბორნე სისტემა გათვლილია ნავსადგურის ნავმისადგომის 4.5 – მეტრიან ჯდომადობაზე და 120 ერთეული სარკინიგზო ვაგონის გადაზიდვაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია კასპიის ზღვის დონის ვარდნის გათვალისწინებით.
ყაზახეთის „КазМунайГаз“-ის 2025 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, პროექტი ჯერ კიდევ ტექნიკურ – ეკონომიკური დასაბუთებისა და განხორციელების ფორმატის განსაზღვრის ეტაპზე იყო, შედეგად 2026 წლის პირველ ნახევარში დასაბუთების დასრულება იყო მოსალოდნელი.
ანალოგიურად, ყაზახური მედიის 2026 წლის იანვრის ცნობებით დასტურდება, რომ პროექტის განხორციელების ტექნიკურ – ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის დასრულება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იყო დაგეგმილი.
თუმცა, ყაზახურ მედიას არ დაუკონკრეტებია, დასრულდა თუ არა ეს სამუშაოები, როდის შეიძლება დაიწყოს მშენებლობა და გაფორმდა თუ არა შეთანხმებები გემთმშენებელ ქარხნებთან, ამიტამ მიმდინარე ეტაპზე პროექტის განხორციელების ვადები კვლავ უცნობია.
თუ 120-ვაგონიანი ბორნები რეალურად აშენდა, ეს კასპიის ზღვის გადაკვეთის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური განახლება იქნება. თუმცა, მხოლოდ ვაგონების რაოდენობა არ განსაზღვრავს პროექტის ეფექტს – გადამწყვეტია ბორნების რეისების სიხშირე და ნავსადგურებში ვაგონების დამუშავების ხანგრძლივობა.
დასკვნის სახით – შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთისთვის 120 – ვაგონიანი ბორნების მშენებლობის პროექტს გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან მას შეუძლია გაზარდოს აზერბაიჯანის გავლით ყაზახეთიდან შემოსული სარკინიგზო ტვირთების მოცულობა.