რამდენად იყენებს საქართველო 21 000 მეზღვაურს და საკუთარ საზღვაო პოტენციალს?

მერაბ ჩაჩავა – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პორტის მენეჯმენტის სპეციალისტი, შ.პ.ს. „საზღვაო სააგენტო ადმირალის“ თანადამფუძნებელი.

„საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა ზრდადია – დღეს საქართველოს ჰყავს თითქმის 21 000 სერტიფიცირებული მეზღვაური – ორჯერ მეტი, ვიდრე ათი წლის წინ. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, საერთაშორისო ფლოტზე მსახურობენ და წარმოადგენენ საქართველოს ერთ – ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს – მაღალკვალიფიციურ ადამიანურ კაპიტალს“, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თურქეთის საზღვაო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ცნობილია, რომ ქართველი მეზღვაურების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში ერთ მილიარდ ლარს შეადგენს. მაგრამ აქვე უნდა დავსვათ შეკითხვა – 21 000 მეზღვაური წარმოადგენს უბრალოდ რაოდენობრივ მაჩვენებელს, თუ საქართველო ამ ადამიანურ კაპიტალს სისტემურად იყენებს?

რიცხვი თავისთავად წარმატების საზომი არ არის, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რამდენი ადამიანია აქტიურად დასაქმებული, რამდენი მუშაობს საერთაშორისო ფლოტში, რამდენი იმყოფება სამუშაოს ძიების ეტაპზე, რამდენი ვერ ახერხებს კარიერულ წინსვლას, რამდენი ახალგაზრდა ელოდება პირველ კონტრაქტს და რამდენი გამოცდილი სპეციალისტი ვერ პოულობს სამუშაოს შესაბამის პოზიციაზე.

ამ განმარტების გარეშე „21 000 მეზღვაური“ სრულ სურათს ვერ გვაძლევს. ამავე დროს, არასწორი იქნებოდა ოფიციალური მონაცემების ავტომატურად უარყოფაც, პირიქით, საქართველოს საზღვაო ადამიანური კაპიტალის ზრდა რეალური და მნიშვნელოვანი პროცესია.

პრობლემა ის არის, რომ ადამიანური კაპიტალის რაოდენობრივი ზრდა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამ კაპიტალიდან მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებელს იღებს სახელმწიფო.

დღეს საქართველოს საზღვაო ადამიანური კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო ფლოტშია ჩართული, ამასთან, ოფიციალური განცხადებებით, ქართული საზღვაო კვალიფიკაციები ფართოდ არის აღიარებული საერთაშორისო საზღვაო ბაზარზე, რაც საქართველოსთვის დიდი უპირატესობაა.

მაგრამ არსებობს მეორე მხარეც –  თუ ქართველი მეზღვაური საერთაშორისო გამოცდილებას იღებს, უცხოურ კომპანიაში მუშაობს, უცხოეთში აგროვებს პროფესიულ ცოდნას და შემდეგ საქართველოში დაბრუნებისას ვერ პოულობს შესაბამის სანაპირო სამუშაოს, მაშინ მისი ცოდნის ნაწილი საქართველოს ეკონომიკაში აღარ ბრუნდება.

ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ მეზღვაურის უცხოური დასაქმება პრობლემაა, პირიქით, უცხოური დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი და გამოცდილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რესურსია. მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკის უფრო მაღალი მიზანი შეიძლება იყოს ამ ადამიანური კაპიტალის ნაწილის უკან დაბრუნება და ქვეყნის საზღვაო ინდუსტრიაში გამოყენება.

ამიტომ კითხვა „რამდენი ქართველი მეზღვაური გვყავს?“ საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია: რამდენი მუშაობს გემზე? რამდენი მუშაობს ნაპირზე? რამდენი აგრძელებს პროფესიულ განვითარებას? რამდენი ახალგაზრდა აფორმებს პირველ კონტრაქტს? რამდენი გადადის უფროს საკვალიფიკაციო საფეხურზე? რამდენი მეზღვაური ბრუნდება საქართველოში და იწყებს საზღვაო ბიზნესს? რამდენი ქმნის საკუთარ კომპანიას? რამდენი ხდება ტრენერი, ინსპექტორი, მენეჯერი ან ტექნიკური სპეციალისტი? და რამდენი რჩება პროფესიული სისტემის გარეთ? სწორედ აქ არის მონაცემთა პრობლემა.

სერტიფიცირებული მეზღვაურების რაოდენობა ერთია, ხოლო აქტიურად დასაქმებული მეზღვაურების რაოდენობა – მეორე, სამუშაოს მაძიებლების რაოდენობა – მესამე, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროფესიულ კვალიფიკაციას სრულად იყენებენ, კიდევ სხვა მაჩვენებელია.

ამიტომ საქართველოს საზღვაო ადამიანური კაპიტალის რეალური მდგომარეობის დასადგენად საჭიროა არა ერთი განყენებული ციფრი, არამედ მეზღვაურის კარიერული მოძრაობის სტატისტიკა.

აუცილებელია ვიცოდეთ, რამდენი ახალგაზრდა შედის სისტემაში და რამდენი აღწევს პირველ გემამდე, რამდენი იღებს პირველ კონტრაქტს, რამდენი აგრძელებს კარიერას, რამდენი გადადის ოფიცრის პოზიციებზე, რამდენი წყვეტს საზღვაო კარიერას და რატომ. ეს ყოველივე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო განათლებისთვის.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობა უწყვეტი სწავლებისა და პროფესიული გადამზადების აუცილებლობაზე საუბრობს. ეს სრულიად ბუნებრივი მოთხოვნაა, რადგან თანამედროვე გემზე ტექნოლოგიები, უსაფრთხოების მოთხოვნები, გარემოსდაცვითი რეგულაციები და საერთაშორისო სტანდარტები მუდმივად იცვლება. შესაბამისად, საზღვაო განათლების დასრულება პროფესიული განვითარების დასასრული კი არა, დასაწყისი უნდა იყოს.

აქ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაც არსებობს, მაგრამ მხოლოდ სახელმწიფოს დადანაშაულება არ იქნება სწორი. მეზღვაურსაც აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა – ცოდნის განახლება, ახალი მოთხოვნების გაცნობა, პროფესიული უნარების განვითარება და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტაცია.

საბოლოოდ კი სისტემა მაშინ მუშაობს, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთს ხვდება: განათლება უნდა პასუხობდეს ბაზრის მოთხოვნას, ხოლო ბაზარს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ახალი კადრის შესვლისთვის.

ამ კონტექსტში რატომ არ შეიძლება ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ ინდუსტრიული და ლოგისტიკური, არამედ საზღვაო მომსახურების კლასტერიც? პორტის გარშემო შესაძლებელია განვითარდეს გემების მომარაგება, ტექნიკური მომსახურება, გემის აღჭურვილობის შეკეთება, ელექტრონული სისტემების მომსახურება, უსაფრთხოების აღჭურვილობის შემოწმება, საზღვაო ინსპექტირება, სარემონტო სერვისები, საზღვაო IT, დოკუმენტაცია, ტრენინგი და სხვა სპეციალიზებული მომსახურებები.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

საქართველოში რკინიგზის დამაარსებელი პოლონელი ინჟინრის, ბ. სტატკოვსკის, მემორიალური დაფის რკინიგზის შენობაზე მოწყობა მისი ღვაწლის წარმოჩენის საუკეთესო მაგალითი იქნებოდა

Next Post

ყაზახეთი და აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე გაზრდილი 120 ვაგონის ტევადობის ბორნების მშენებლობის პროექტს აანონსებენ

Related Posts

რუსეთსა და სომხეთს შორის  ტვირთების გადაადგილება  ელექტრონული სანავიგაციო პლომბებით განხორციელდება

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში რუსეთსა და სომხეთს შორის ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილება ელექტრონული სანავიგაციო პლომბების გამოყენებით განხორციელდება. ორ…
მეტის ნახვა

ზემო ლარსზე ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ   ელექტრონული დაჯავშნის სისტემა საგზაო მაგისტრალების გადატვირთულობას შეამცირებს

2025 წლის 1 ოქტომბრიდან რუსეთ – საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ზემო ლარსზე სატვირთო ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ    ელექტრონულად  დაჯავშნის…
მეტის ნახვა

ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი ამოქმედება კასპიის ზღვაზე ინფრასტრუქტურულ პრობლემებს უკავშირდება

2022 წლის რუსეთ –  უკრაინის  სამხედრო დაპირისპირების შედეგად, აზერბაიჯანმა ნავთობის ძირითადი მოცულობა ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის მილსადენში…
მეტის ნახვა