რუსეთის საზღვაო ნავსადგურების ბლოკირების შედეგად, შუა დერეფნით ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით გრანულირებადი გოგირდის რეგულარული ნაკადის მოზიდვის პერსპექტივა იზრდება

ჩვენი გვერდი განაგრძობს ანალიტიკური ინფორმაციის შემოთავაზებას, რომელიც რეგიონში საომარი დაპირისპირების შედეგად შუა დერეფნით პოტენციურად მოსაზიდი ტვირთნაკადების შუა დერეფნით გადმორთვის და გატარების პერსპექტივას უკავშირდება.

მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში უკრაინის უპილოტო დრონების რუსეთის ბალტიის ზღვაში განლაგებულ უსტ – ლუგას ნავსადგურზე გახშირებულმა დარტყმებმა ყაზახური გოგირდის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებას დაბრკოლებები და ახალი რისკები შეუქმნა.

რუსეთის ნავსადგური უსტ-ლუგა, ყაზახეთის თენგიზის საბადოდან, კომპანია Tengizchevroil-ის ყველაზე მსხვილი საწარმოდან, გადამუშავებული გრანულირებული გოგირდის საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების ძირითად ნავსადგურს წარმოადგენს.

სექტემბერში გაჩენილმა ხანძარმა და დაზიანებულმა ინფრასტრუქტურამ ნავსადგურთან მისასვლელ ლიანდაგებზე ვაგონების დაგროვება, საწყობებში პროდუქციის შენახვის ღირებულების და დაზღვევის გაძვირება გამოიწვია, ყოველივე ამასთან დაკავშირებით, ყაზახეთის მიერ ტვირთმიმღებებთან დადებული საექსპორტო კონტრაქტების შესრულება საფრთხის ქვეშ დადგა.

ანალოგიურ ბლოკირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა შავი ზღვის აუზში განლაგებული გოგირდის გადამუშავების თვალსაზრისით, რუსეთის მეორე მსხვილი ტამანის ნავსადგური, რომელიც ძირითადად გოგირდის თურქეთის მიმართულებით გადაზიდვებზეა ორიენტირებული.

2024 წელს ტამანში 650 ათასი ტონა გრანულირებული გოგირდის გადატვირთვა დაფიქსირდა. 2025 წლისთვის 800 ათას ტონას გადააჭარბა. მიმდინარე წელს ნავსადგური დაახლოებით 1.5 მლნ ტონის გატარებას გეგმავდა.

ტამანის ნავსადგურის ინფრასტრუქტურა გათვლილია დიდი საზღვაო პარტიების დაგროვებაზე – 300 ათას ტონაზე გათვლილი საწყობი და 220 ათას ტონამდე DWT გემების მიღების შესაძლებლობა ტერმინალს გოგირდის მასშტაბურ საექსპორტო ჰაბად წარმოაჩენს.

მხოლოდ 2024 წელს ყაზახეთის გოგირდის ექსპორტი 4 მლნ ტონას შეადგენდა, რომლის 73% მხოლოდ მაროკოზე მოდიოდა. საომარი დაპირისპირების შედეგად, ყაზახეთი დადგა ალტერნატიული მარშრუტების ძიების წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ სადღეისოდ ყაზახეთი გოგირდის მცირე პარტიების გადაზიდვისათვის შუა დერეფანს იყენებს, ძირითადად ბათუმის ნავსადგურს, დერეფანი სრულად ადაპტირებული არ არის გაზრდილი გოგირდის ნაკადის მისაღებად.

ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში გაიზრდება დერეფნით და, პირველ რიგში, საქართველოს ინტეგრირებული რკინიგზა-ნავსადგურების სქემით გოგირდის გადაზიდვების შესაძლებლობა.

საომარი დაპირისპირების შედეგად შუა დერეფნით ცალკეული ტვირთების გადმორთვის პერსპექტივის გამოყენება კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სახელმწიფოებმა საკუთარი ინფრასტრუქტურა დამატებითი ტვირთების მოსაზიდად.

ცენტრალური აზიიდან, განსაკუთრებით ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან, გოგირდის გადაზიდვა შუა დერეფნისთვის ტექნოლოგიურად და ლოგისტიკურად რთული სატვირთო ნაკადია.

აღსანიშნავია, რომ Trans-Caspian International Transport Route (TITR)-ის ოფიციალურ სატარიფო დოკუმენტში გოგირდი ბათუმი/ფოთის ნავსადგურები ცალკე სატვირთო კატეგორიადაა მითითებული.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმის ნავსადგურის გავლით გოგირდის გატარება. ბათუმში Wondernet Express-ის ტერმინალში უკვე არსებობს რეალური გამოცდილება ცენტრალური აზიიდან ქიმიური მშრალი ტვირთების, მათ შორის, გოგირდის დამუშავებაში.

საქართველოსთვის გოგირდის მიღება და გატარება შესაძლებელია, მნიშვნელოვანი კითხვაა, დამატებითი ინვესტიციის გარეშე, წელიწადში რამდენი ათასი ტონა გოგირდის გადატვირთვა შეუძლია საქართველოს არსებულ ინფრასტრუქტურას. გოგირდის გადაზიდვა საქართველოს გავლით უკვე რეალური სატრანსპორტო ნაკადია.

2025 წელს ბათუმის ნავსადგურში 37 ათასი ტონა ყაზახური გოგირდი დამუშავდა, მათ შორის, 29 ათასი ტონა – მაროკოს მიმართულებით, 8 ათასი ტონა – თურქეთის მიმართულებით.

2026 წლის მხოლოდ იანვარ-მაისის პერიოდში ბათუმში 28 ათასი ტონა ყაზახური გოგირდი გავიდა მაროკოს მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ბათუმის ნავსადგური ყაზახური გოგირდის ექსპორტისთვის ჩამოყალიბებულ მიმართულებას წარმოადგენს.

პარალელურად, 2026 წელს შეინიშნება თურქმენეთიდან შემოსული გოგირდის ნაკადის ზრდაც.

ფოთის მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყაზახეთისა და თურქმენეთის გოგირდისთვის. საქართველოს რკინიგზის 2025 წლის სატარიფო პოლიტიკაში გათვალისწინებულია სპეციალური ტარიფი, რკინიგზის კუთვნილი ვაგონით ტონაზე 8 – 9 დოლარი, საკუთარი ვაგონით ტარიფი ბევრად მიმზიდველია – რომელიც 5 – 6 დოლარს შეადგენს ტონაზე.

ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის ტრანსპორტირების მიზნით, ფოთში, შპს „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ ტერიტორიაზე, ცენტრალური აზიიდან ტვირთების ახალი სახეობის მისაღებად და გადასამუშავებლად დამატებითი სიმძლავრეები იქმნება. არსებული მდგომარეობით, ნავსადგურს წლიურად 210 ათასი ტონა გოგირდის გადამუშავება შეუძლია.

ყაზახეთიდან თურქეთის მიმართულებით გოგირდის გადაზიდვისათვის ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზა წარმოადგენს ტექნიკურად შესაძლებელ ალტერნატიულ მარშრუტს, თუმცა მისი რეგულარული კომერციული გამოყენება გოგირდის გადასაზიდად ჯერ არ განხორციელებულა.

რაც შეეხება ცენტრალურ აზიაში გოგირდის წარმოების ბაზარს, იკვეთება ოთხი ძირითადი გოგირდის მწარმოებელი საწარმო, რომლებიც წლიურად 100 ათას ტონაზე მეტ კომერციულ გოგირდს აწარმოებენ. კვლევების მიხედვით, მათთვის სათანადო ლოგისტიკური პირობების შექმნის შემთხვევაში, ისინი სტრატეგიულად მიმზიდველ შუა დერეფნის მარშრუტს მისცემენ უპირატესობას.

ძირითადად სამი ქვეყანა – ყაზახეთი, თურქმენეთი და უზბეკეთის საწარმოებია წარმოდგენილი.

გოგირდის ექსპორტის თვალსაზრისით ლიდერობს ყაზახეთის საწარმო Tengizchevroil (TCO), რომელმაც 2026 წლის პირველ ნახევარში უკვე 1.2 მლნ ტონა გოგირდის რეალიზაცია მოახდინა.

Kashagan – North Caspian Operating Company (NCOC) / Bolashak არის ყაზახეთში გოგირდის სიდიდით მეორე ექსპორტიორი კომპანია.

Kashagan-ის გოგირდის სარკინიგზო ექსპორტი წლიურად 1.0 – 1.3 მლნ ტონა შეიძლება ჩაითვალოს საექსპორტო პოტენციალად.

წარმოებული მოცულობის მიხედვით მესამეა თურქმენული Galkynysh Gas Field Processing Complex-ი. 2025 წლის შეფასებით, თურქმენეთის გოგირდის ექსპორტმა 1.4 მლნ ტონას მიაღწია.

შემდგომი კომპანია Mubarek Gas Processing Plant-ია, რომელიც უზბეკეთის ყველაზე მნიშვნელოვანი გოგირდის საწარმოა.

უზბეკეთის წლიური მთლიანი გოგირდის წარმოება 550 ათას ტონას შეადგენს, აქედან – 300 ათასი ტონა ექსპორტისთვისაა განკუთვნილი. Mubarek-ის რეალური საექსპორტო პოტენციალი წლიურად 250 – 300 ათასი ტონით ფასდება.

დასკვნის სახით – უკრაინა – რუსეთის საომარ პირობებში, შუა დერეფნის საქართველოს ინტეგრირებული რკინიგზა /ნავსადგურების ინფრასტრუქტურის გამოყენებით, გრანულირებული გოგირდის გადაზიდვები შესაძლოა ერთ – ერთი მნიშვნელოვანი ტვირთის სახეობა გახდეს, რომელსაც შუა დერეფნისთვის ახლო მომავალში დიდი მოცულობის რეგულარულ ტვირთნაკადად გადაიქცევის პერსპექტივა გააჩნია.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

შეიძლება თუ არა საქართველოში გემთმშენებლობის აღორძინება – პატარა გემებიდან დიდ ინდუსტრიამდე

Next Post

სახმელეთო და საზღვაო დერეფნების ბლოკირების პირობებში, რუსეთი შუა დერეფნის ინფრასტრუქტურას პარალელური იმპორტის უწყვეტ არხად გამოყენებისთვის გეგმავს

Related Posts

საქართველო – აზერბაიჯანის სარკინიგზო საზღვარზე ტვირთბრუნვა – შუა დერეფნის ფუნქციონირების საკვანძო ინდიკატორია

იმისათვის, რომ შეფასდეს სატრანსპოტო დერეფნის, როგორც ერთიანი ორგანიზმის ფუნქციონირება, მნიშვნელოვანია გაანალიზირებული იქნეს, დერეფნის საკვანძო წერტილებში, როგორიცაა ნავსადგურები და…
მეტის ნახვა

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში მოქმედი ევრო დირექტივების და რეგულაციების ცოდნა გადამზიდველი კომპანიების და მძღოლების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება

წარმოდგენილი ანალიზით, ჩვენი მიზანია საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში დაკავებულ ქართველ გადამზიდველ კომპანიებს და ცალკეულ მძღოლებს გავაცნოთ და დავანახოთ…
მეტის ნახვა

სარეიტინგო სააგენტო “Fitch” ის შეფასებით საქართველოს რკინიგზის საინვესტიციო მიმზიდველობა რეგიონში ერთ – ერთ დაბალ ნიშნულზეა

სარეიტინგო სააგენტო “Fitch” მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი 2024 წლის ბოლოს „პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა, ამასთან რეიტინგი უცვლელად…
მეტის ნახვა