ყოველ წელს საქართველოში საზეომოდ აღინიშნება რკინიგზელის დღე, გამონაკლისი არც მიმდინარე წლის 10 ოქტომბერი იყო, მაგრამ ბევრმა თუ იცის ვინ იყო რკინიგზების მშენებლობის სადავეებთან და ვინ დაარსა ამიერკავკასიაში რკინიგზის საქმე?
ამიერკავკასიის რკინიგზების დამპროექტებელ, მშენებელ და შემდგომში ამიერკავკასიის რკინიგზის მიმოსვლის გზათა ხელმძღვანელს – პოლონელ ინჟინერს ბოლესლავ სტატკოვსკის 2025 წელს 200 წელი შეუსრულდა.
აღსანიშნავია, რომ ამ პიროვნების ღვაწლი საქართველოში სათანადოდ არ არის დაფასებული. ჩვენი ორგანიზაცია „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ დაინტერესდა, არსებობს თუ არა ამ პიროვნების ღვაწლის დამადასტურებელი რაიმე მემორიალი, ბარელიეფური დაფა ან თუნდაც სადმე გაკრული აბრა, რასაც ვერ მივაკვლიეთ.
როდესაც დაისვა საკითხი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე რკინიგზის მაგისტრალის გაყვანის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ წამოწყებას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ინჟინერ ბ. სტატკოვსკის ეკონომიკური გათვლების საფუძველზე მშენებლობის საკითხი დადებითად გადაწყდა, რამაც შემდგომში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში სარკინიგზო დარგის განვითარებაზე.
1856 წელს ინჟინერ – კაპიტანმა ბ. სტატკოვსკიმ შეკრიბა ყველა საჭირო სტატისტიკურ – ეკონომიკური მონაცემი და 1857 წელს კავკასიის ჯარების უფროსს მიმართა მოხსენებითი ბარათით ფოთიდან ბაქომდე რკინიგზის გაყვანის აუცილებლობის შესახებ. ფაქტობრივად, მაშინდელი მოხსენებითი ბარათი დღევანდელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანალოგს წარმოადგენდა.
მოგვიანებით, კავკასიის მხარის მეფისნაცვლის ბრძანებით, ინჟინერ ბ. სტატკოვსკის, რომელიც მანამდე დარიალის ხეობაში საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდა, დაევალა რკინიგზის მაგისტრალის დეტალური პროექტირების გეგმის მომზადება.
ამ პერიოდიდან იწყება საქართველოში იმ დროს პოლონეთიდან გამოგზავნილი რკინიგზის ინჟინრის, ბ. სტატკოვსკის, აქტიური მოღვაწეობა ამიერკავკასიაში რკინიგზების მშენებლობის მოწყობის საქმეში.
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები – ბ. სტატკოვსკი 1825 – 1898, პოლონელი დიდგვაროვანი ინჟინერი, კავკასიის ოლქის რკინიგზის მიმოსვლის გზათა ხელმძღვანელი 1889 – 1898 წლებში. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინსტიტუტი 1847 წელს. იმავე წელს გადმოყვანილი იყო კავკასიაში. 1857 წლამდე გადიოდა სტაჟირებას შვეიცარიაში, ბელგიასა და საფრანგეთში. მონაწილეობდა ალპებში ყველაზე ურთულესი მონ-სენნი-ბრენერის გვირაბის მშენებლობაში.
2025 წლის ოქტომბერში ვრცელი პუბლიკაცია ამ პიროვნების ამიერკავკასიაში მოღვაწეობის შესახებ ჩვენს გვერდზე გამოვაქვეყნეთ https://transcor.ge/amierkavkasiis-rkinigzi/.
იმავე 2025 წლის ოქტომბერშივე თხოვნით მივმართეთ თბილისის სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას, რათა საფუძვლიანად შეესწავლა ქვეყნის წინაშე ამ პიროვნების დამსახურება და სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელი მიენიჭებინა.
მიმართვის შედეგად თბილისის სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ პასუხად გვაცნობა, რომ შეისწავლიდა აღნიშნულ საკითხს და გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობებდა.
მოგვიანებით, 2025 წლის ნოემბერში, თბილისის სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ გვაცნობა, რომ საკითხის განხილვა განხორციელდებოდა ახალი მოწვევის საკრებულოს პირობებში და გადაწყვეტილების შესახებ გვეცნობებოდა.
მოგვიანებით, ამ საკითხზე კომისიამ გვაცნობა, რომ კომისიური მოსმენების დაწყების შესახებ შეგვატყობინებდნენ.
მოგვიანებით, 2026 წლის მაისის დასაწყისში, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიიდან გვაცნობეს, რომ ბოლესლავ სტატკოვსკის სახელობის ქუჩასთან დაკავშირებით საქმისწარმოება მიმდინარეობდა. როგორც კი კომისიას კონკრეტული შემოთავაზება ექნებოდა, ეს ჩვენთვისაც გახდებოდა ცნობილი.
ახლახან, 2026 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ხელახლა მივმართეთ კომისიას, საიდანაც პასუხად მივიღეთ, რომ მიმდინარე ეტაპზე 100-ზე მეტი ანალოგიური საკითხი განიხილებოდა, რითიც დავადგინეთ, რომ პროცესი განგრძობადი იქნებოდა.
ფაქტობრივად, ერთი წლის თავზე გავიგეთ ის, რომ ვერაფერი გავიგეთ. კერძოდ, გაუგებარი დარჩა, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა და განხილვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ამ თვალსაზრისით, გვინდა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას მივმართოთ თხოვნით, შეისწავლოს საქართველოში პოლონელი ინჟინრის ბ. სტატკოვსკის მოღვაწეობისა და დამსახურების შესახებ ცნობები და მიზანშეწონილობის შემთხვევაში ამ პიროვნების მოღვაწეობის ამსახველი მემეორიალური დაფა განათავსოს თუნდაც დღევანდელი საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ შენობაზე ანდაც ტურისტულად მიმზიდველ ადგილას – თბილისის ცენტრალურ სადგურზე.