საქართველოში Stadler Rail-ის რეგიონული ქარხნის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, შვეიცარიული მხარე 600 სამგზავრო ვაგონს ყაზახეთში აშენებს

ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ეტაპობრივად ევროპული ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებას – სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ინდუსტრიას ავითარებს.

რისი რეალური დადასტურებაცაა შვეიცარიული კომპანია Stadler Rail-ის მასშტაბური პროექტი, რომელიც ღამის მატარებლებისთვის 600 თანამედროვე საძილე ვაგონს აშენებას ითვალისწინებს. კონტრაქტის საერთო ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარს აღემატება.

მეზობელ ყაზახეთში შთამბეჭდავი ნაბიჯებია გადადგმული საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების, კერძოდ, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ინდუსტრიის განსავითარებლად.

შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოში ადგილობრივი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის განვითარება? ბუნებრივია, შესაძლებელი იყო, მაგრამ სახელმწიფომ ვერ შეასრულა გაცემული დაპირება.

საქართველოში გათვალისწინებული იყო სარკინიგზო მანქანათმშენებლობის დარგის განვითარებისათვის შვეიცარიულ კომპანია Stadler Rail-თან ერთობლივად თბილისში რეგიონული ქარხნის მშენებლობა, რაზეც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოფიციალურად 2018 წელს მოეწერა ხელი.

დოკუმენტს – თბილისის მერმა კ. კალაძემ, კომპანია Stadler-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ პ. შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“იმდროინდელმა გენერალურმა დირექტორმა დ. ფერაძემ მოაწერეს ხელი.

დედაქალაქის მერის მიერ გაიცა დაპირება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის Stadler-ის ვაგონების საქართველოში წარმოების შესახებ.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ Stadler-ის ვაგონების ადგილობრივი წარმოებით შესაძლებელი იყო დამატებით საქართველოს მეტროპოლიტენისთვის სავაგონო პარკის შევსება და კომბინირებული „მეტროპოლიტენი – რკინიგზის“ესოდენ აუცილებელი ქარხნის მშენებლობა.

იმდროინდელ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „ვინაიდან შვეიცარული კომპანიისთვის არსებული ბიზნეს გარემო მიმზიდველი აღმოჩნდა, Stadler-მა საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მიიღო“.

თბილისში აღნიშნული ქარხნის მშენებლობა ვერ განხორციელდა.
Stadler-ის ქარხნის მშენებლობა და ადგილობრივი სარკინიგზო მანქანათმშენებლობის განვითარება ძლიერი ბიძგი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

ის რაც ვერ გამოიყენა საქართველომ, გამოიყენა მეზობელმა ყაზახეთმა. დღევანდელი ანალიტიკა გვინდა დავუთმოთ ყაზახეთში Stadler-ის ქარხნის განვითარების ეტაპებს.

შვეიცარიულ მხარესთან კონტრაქტის ფარგლებში, ყაზახეთში გათვალისწინებულია 2030 წლისთვის 600 ვაგონის წარმოება, მათ შორის კუპე ვაგონების, დაჯავშნილი ადგილების მქონე ვაგონების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული ვაგონებისა და გენერატორ ვაგონების.

ვაგონების წარმოება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, Stadler Rail-ის ქარხანაში ხორციელდება. ყაზახური პრესის ინფორმაციით, 400 თანამშრომელი ინტენსიურად მუშაობს, რათა დროულად დაასრულონ რეგიონისთვის ერთ-ერთი უდიდესი სარკინიგზო შეკვეთა.

ტექნიკური გადაწყვეტილებებისა და ინტერიერის დიზაინის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო მომხმარებლის ყველა მოთხოვნა, კერძოდ, ყაზახეთში წარმოებული Stadler-ის ვაგონები შექმნილია ქვეყნის კლიმატური პირობებისა და გრძელი მარშრუტების გამძლეობის გათვალისწინებით. ვაგონები დაპროექტებულია − 50°C-დან + 45°C-მდე ტემპერატურის დიაპაზონში მუშაობისთვის.

კონტრაქტის თანახმად, Stadler Rail-ის ქარხანა 20 წლის განმავლობაში მიწოდებული ვაგონების ტექნიკურ მომსახურებას განახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მათ შეუფერხებელ მუშაობას.

Stadler Rail-ის განმარტებით, შვეიცარიულმა მხარემ თავის თავზე აიღო, თითქმის ნულიდან, ქარხნის კონტროლი და ყაზახეთში ქარხნის აშენება, რაც Stadler-ის სტანდარტების შესაბამისად წარმოების ხაზებიდან ხარისხის კონტროლის სისტემამდე სამუშაოების ორგანიზებას ითვალისწინებდა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს კომპანიის პირველი მსგავსი წამოწყება არ არის. Stadler-ი ადრე წარმოებას ბელარუსში ავითარებდა (ცნობისათვის, საქართველოს რკინიგზაზე Stadler-ის ოთხი სამგზავრო მატარებელი ბელარუსშია აშენებული), თუმცა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების დაწესების შემდეგ პროექტი შეწყდა.

ყაზახეთისთვის Stadler Rail-ის შეკვეთა შემთხვევითი არ არის, ბოლო წლებში ყაზახეთი აქტიურად ახორციელებს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, ქვეყანა ფოკუსირებულია მგზავრების კომფორტსა და შიდა მობილობის განვითარებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ღამის მატარებლებს, რომლებზეც მოთხოვნა გრძელ მარშრუტებზე გაზრდილია.

ასტანა–ალმაატის მარშრუტზე, სადაც მგზავრობის ხანგრძლივობა 14 საათია, მალე პირველი Stadler-ის საძილე ვაგონები დაიწყებს ფუნქციონირებას. მგზავრებისთვის ეს ვაგონები კომფორტის სრულიად ახალ დონეს ნიშნავს, მათ შორის თანამედროვე კუპეებს, გაუმჯობესებულ ხმის იზოლაციას, კლიმატკონტროლსა და ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებს.
Stadler Rail-ის პროექტი ყაზახეთსა და შვეიცარიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების უფრო ფართო კონტექსტში ეწერება. ცნობისათვის, შვეიცარია ყაზახეთისთვის რიგით მესამე უცხოელ ინვესტორს წარმოადგენს.

Stadler Rail-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პ. შპულერმა, ასტანის ქარხნის მონახულებისას, როდესაც შესაძლო გეოპოლიტიკურ რისკებზე ჰკითხეს, უპასუხა: „რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა; ყაზახეთში ჩვენ ვხედავთ სტაბილურობას და თამაშის მკაფიო წესებს.“

სახეზეა, რომ ყაზახეთში შთამბეჭდავი ნაბიჯებია გადადგმული საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების განსავითარებლად.

დასანანია, რომ ანალოგიური საწარმო შესაძლებელია საქართველოშიც აშენებულიყო, Stadler-ის ქარხნის მშენებლობა და ადგილობრივი სარკინიგზო მანქანათმშენებლობის განვითარება ძლიერი ბიძგი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

წითელ ზღვაში საზღვაო ტრანზიტის აღდგენა ხომ არ გამოიწვევს სახმელეთო დერეფნებიდან ტვირთების ახლებურად გადანაწილებას?

Next Post

სტუ-ს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი – სარკინიგზო დარგის განვითარებისკენაა მიმართული

Related Posts

ქვეყნის  ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას მსხვილი ინვესტიციების დეფიციტი  აბრკოლებს  

მსოფლიო ბანკის 2023 წლის კვლევის თანახმად, ლოგისტიკის ინდექსში გაერთანებული, ყველაზე მნიშვნელოვანი  ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი  ქვეკომპონენტის მიხედვით, საქართველოს  138 სახელმწიფოს…
მეტის ნახვა

საქართველოს რკინიგზა და კერძო სექტორი – სამანევრო მომსახურების ბაზრის შესაძლო გახსნის ეკონომიკური და ოპერაციული შეფასება

ლევან ლომსაძეშპს “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორისარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი საქართველოს სარკინიგზო რეფორმა წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის გარდამტეხ ეტაპს,…
მეტის ნახვა

პაატა ცაგარეიშვილი – საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს

არაქსის ხეობაში ზანგეზურის დერეფნის მშენებლობის დასრულების შემდეგ სატრანსპორტო დერეფნების გახსნის რა სცენარები არსებობს და რომელი ქვეყნები, რა სახის…
მეტის ნახვა