როცა მეზობელი ქვეყნები ინტენსიურად ავითარებენ სატრანზიტო დერეფნებს და საავტომობილო ინფრასტრუქტურას, საქართველოს ტერიტორიაზე 20 წელი მიმდინარეობს სატრანზიტო დერეფნის ე.წ. ავტობანის მშენებლობა და ჯერ მხოლოდ მთლიანი მაგისტრალის 76%-ია დასრულებული.
2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის E 60 – E 70 ჩქაროსნული მაგისტრალის 428 კმ-დან მხოლოდ 325 კმ-ია გახსნილი.
ბოლო მონაცემებით, აღმოსავლეთ – დასავლეთის მაგისტრალის დასრულება 2032 წლისთვისაა ნავარაუდევი, ბუნებრივია, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა, არ არის გამორიცხული, რომ ამ თარიღმა კიდევ გადაიწიოს.
ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რითაც არის განპირობებული სატრანზიტო გადაზიდვების ზრდის ფაქტორის შენელება, საქართველოს საავტომობილო გზებზე სატვირთოების გაუთვალისწინებელი ვადით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე – კოლონებად დაყოვნებებია.
იმ ვითარებაში, როდესაც მეზობელ ქვეყნებში და მთლიანად რეგიონში, საავტომობილო გზებზე ინტენსიურად ინერგება გადაზიდვების ციფრული ტექნოლოგიები და საუბარია „უნაკერო“ ტრანზიტის სისტემის ამოქმედებაზე, ნაცვლად ამისა ქართველი ან უცხოელი მძღოლი, რომელიც დიდი ლოდინის შემდეგ, ღამენათევი გადმოკვეთს ქვეყნის ამა თუ იმ საზღვარს, იწყებს ე.წ. მძღოლების „ჩატის“ დახმარებით, წინმსწრები ინფორმაციის საფუძველზე, გარკვევას, თუ ქვეყნის რომელი საგზაო მონაკვეთია დაკეტილი და რა ვადით. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა სატრანზიტო ამბიციის მქონე ქვეყნისათვის მიუღებელია და ეს ყოველივე იწვევს სატრანზიტო გადაზიდვების სტაგნაციას.
გაჭიანურებული და დროში მრავალჯერ გადავადებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა ქვეყნის ლოგისტიკის ერთიან ინდექსზე აისახება.
ცნობილია, რომ საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ნებისმიერი კომპანია ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსზე (LPI) დაყრდნობით, ამა თუ იმ დერეფნის შერჩევის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.
ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსი (LPI) მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული რეიტინგია, რომელსაც ექვსი ქვეპარამეტრი გააჩნია.

წარმოდგენილი ექვსი კომპონენტიდან გამოსაყოფია ინფრასტრუქტურის (ნავსადგურები, რკინიგზა, საავტომობილო გზები, აეროპორტები) ხარისხის მაჩვენებელი, რომელშიც საქართველოს პოზიციონირება – ბოლო 10 წელიწადში – 50 პოზიციითაა გაუარესებული.
ქვეყნის ინფრასტრუქტურული მაჩვენებლის საგრძნობი ჩამორჩენილობა განპირობებულია ძირითადად იმით, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნელი ტემპებით ვითარდება, რაც ასევე ამ სფეროში ინვესტიციების შემოდინების სიმცირესთანაა თანხვედრაში.
მსოფლიო ბანკის 2023 წლის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, სადაც 2.3 ქულით საქართველო მსოფლიოში 108-ე ადგილზე პოზიციონირებს, რაც უდაოდ ვერ ჩაითვლება ლოგისტიკური ჰაბის ამბიციის მქონე ქვეყნისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგად.
საქართველო ინფრასტრუქტურის კომპონენტით ჩამორჩება რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას, შედარებისათვის, ბოლო 2023 წლის ანგარიშით, თურქეთს უკავია – 43-ე საფეხური, სომხეთს – 76-ე საფეხური, ყაზახეთს და ტაჯიკეთს – მე-80 საფეხური, ბელარუსს და რუსეთს – 68-ე საფეხური, უზბეკეთს, ყირგიზეთს და უკრაინას – 89-ე საფეხური.
ფაქტობრივად, ინფრასტრუქტურის მდგომარეობით საქართველოს მხოლოდ მოლდოვაზე უკეთესი (132-ე საფეხური) პოზიცია გააჩნია.
2023 წლის მდგომარეობით, საქართველო 2.7 ქულით ნაწილობრივ ლოგისტიკური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოს განეკუთვნება, რითაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება გაუმჯობესებული შესაძლებლობების მქონე ქვეყნების მაჩვენებელს, რომელიც 3.2-დან 3.6-მდე ქულათა დიაპაზონში მერყეობს.
დღევანდელი ანალიტიკა გვინდა დავუთმოთ ქვეყნის სატრანზიტო საავტომობილო გზებზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობის მაჩვენებლების სტაგნაციის ანალიზს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს საავტომობილო გზებზე ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა სტაბილურ ნიშნულს ინარჩუნებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ რეგიონში საომარი დაპირისპირების შედეგად 2022 წელს გადაზიდვების საფეხურებრივ 50%-იან ზრდას, მომდევნო 2022 – 2026 წლის 8 თვეში საავტომობილო ტრანსპორტის სატრანზიტო გადაზიდვების ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეინიშნება, უფრო მეტიც, შემცირების ტენდენცია ფიქსირდება.
2021 წელს საქართველოს გავლით ტრანზიტად მოძრაობდა 332 100 ერთეული სატვირთო (თვიურად 26 300 ერთეული), 2022 წელს – 496 300 ერთეულ სატვირთომდე გაიზარდა (თვიურად საშუალოდ 41 500 ერთეული) (იხ. დიაგრამა).

საქართველოზე გამავალი დერეფნისათვის 50%-იანი ზრდის ასეთი მაჩვენებელი, მოკლე პერიოდში, უდავოდ დადებით და იმედის მომცემ ტენდენციად იქნა მიჩნეული, რაც, უპირველეს ყოვლისა, რეგიონში საომარი მოქმედებებით და ტვირთნაკადების ახალი მარშრუტით გადმომისამართებით იყო განპირობებული.
ბუნებრივია, შემდგომ წლებში მნიშვნელოვანი იყო საავტომობილო გზებზე სატვირთოების ტრანზიტის არა მხოლოდ შენარჩუნება, არამედ ყოველწლიურად თუნდაც 5 – 7%-იანი ზრდის ტრენდის შენარჩუნება – რაც ვერ განხორციელდა, რაზეც ანალიტიკის დასაწყისში ვისაუბრეთ.
ანალიზით დასტურდება, რომ წლების მიხედვით, თვიურ ჭრილში, ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცირდება.
მაგალითად, თვიურ ჭრილში სატვირთოების პიკური მნიშვნელობა 2023 წელს დაფიქსირდა, როდესაც საშუალოდ თვეში, საქართველოს გზებზე ტრანზიტად 42 900 სატვირთო მოძრაობდა. ამ პერიოდის შემდეგ სატვირთოების რაოდენობა მცირდება და 2026 წლის 8 თვეში საშუალოდ ტრანზიტად მოძრავი ავტოტრანსპორტის რაოდენობამ – 41 300 ერთეულს მიაღწია, რაც 4%-იანი შემცირებაა (იხ. დიაგრამა).

საქართველოს 2023 – 2030 წლების ტრანსპორტის და ლოგისტიკის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით ლოგისტიკის ინდექსის (LPI) პოზიციონირების სამიზნე მაჩვენებლად 2026 წელს – <74 ე საფეხური, ხოლო 2030 წელს – < 69 საფეხურია შერჩეული.
ჩვენი ორგანიზაცია, აწარმოებს ამ ინდექსის მონიტორინგს, სადღეისოდ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ამ პარამეტრის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლიანი პოზიციონირების გაუარესების ხარჯზე, დადგენილი სამიზნე მაჩვენებლების გაუმჯობესება სახელმწიფოებრივ ამოცანას წარმოადგენს, რომლის მისაღწევად აუცილებელი იქნება, დროში გაწერილი, მუდმივად კორექტირებადი, სამოქმედო გეგმის შემუშავება.
დასკვნის სახით – ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის (LPI) მიხედვით, საქართველოს დღევანდელი პოზიციონირება – ლოგისტიკური შესაძლებლობების ამბიციის მქონე ქვეყნისათვის დამაკმაყოფილებელ შედეგად ვერ ჩაითვლება.