შავი ზღვის საზღვაო დერეფნების ბლოკირების, კომერციულ გემებზე თავდასხმებისა და უკრაინის ნავსადგურების სისტემატური დაზიანების შედეგად უკრაინა მძიმე საზღვაო -სატრანსპორტო და საექსპორტო ლოგისტიკური შეზღუდვების პირობებში აღმოჩნდა.
მხოლოდ ნავსადგურების დაზიანება არ არის ძირითადი პრობლემა – უკრაინას შეეზღუდა შავი ზღვის გავლით საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა, გაიზარდა ექსპორტის ღირებულება, გაჩნდა გემების დაზღვევისა და საზღვაო გადაზიდვების დამატებითი რისკები და მოიმატა ალტერნატიულ სახმელეთო მარშრუტებზე დამოკიდებულებამ.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დაზიანებული ან ნაწილობრივ განადგურებული იყო 1173 სანავსადგურე ინფრასტრუქტურის ობიექტი და 274 სამოქალაქო გემი.
უკრაინის სანავსადგურე ინფრასტრუქტურამ, მრავალრიცხოვანი საჰაერო თავდასხმების მიუხედავად, შეინარჩუნა მდგრადობა და განაგრძობს ფუნქციონირებას.
უკრაინის ტერიტორიების აღდგენის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის ნავსადგურების ტვირთბრუნვამ საზღვაო ლოგისტიკისა და საექსპორტო გადაზიდვების უწყვეტობა უზრუნველყო.
2026 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, უკრაინის ნავსადგურებში გადამუშავდა 46 მლნ ტონა ტვირთი, საიდანაც 42.2 მლნ ტონა დიდი ოდესის ნავსადგურებზე (ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენი), ხოლო 3.8 მლნ ტონა დუნაის ნავსადგურებზე (იზმაილი, რენი და უსტ-დუნაისკი) მოდიოდა.

უკრაინის ნავსადგურების 2025 წლის ტვირთბრუნვის მაჩვენებელი ჯერ კიდევ შორსაა თუნდაც მშვიდობიანი 2021 წლის მაჩვენებლისგან, როცა ტვირთბრუნვა 153.3 მლნ ტონას შეადგენდა.
საომარი დაპირისპირების საწყის, 2022 წელს, ტვირთბრუნვა ყველაზე მინიმალურ ნიშნულამდე – 59 მლნ ტონამდე დაეცა. შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო ზრდა და ბოლო წლების პიკს – 97 მლნ ტონას – 2024 წელს მიაღწია (იხ. დიაგრამა).

ნავსადგურებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კონტეინერების გადატვირთვის მაჩვენებლები. კერძოდ, 2025 წელს უკრაინის ნავსადგურებში ჯამურად 215 748 TEU დამუშავდა, რაც წინა წლის 129 902 TEU-სთან შედარებით 66%-იან ზრდას წარმოადგენდა. 2026 წლის ექვს თვეში გადამუშავდა 124.6 ათასი TEU.
პოტენციურად უკრაინის ყოველთვიური საექსპორტო შესაძლებლობა შავი ზღვის დერეფნებით 6 მლნ ტონას შეადგენდა. 2026 წლის აგვისტოში, რუსეთის თავდასხმების გაძლიერების შემდეგ, ოდესის, ჩორნომორსკისა და პივდენის ნავსადგურების მუშაობა ფაქტობრივად პარალიზებული იყო. განსაკუთრებით დაზარალდა მარცვლეულის, ზეთოვანი კულტურებისა და ლითონის ექსპორტი.
უკრაინა სხვადასხვა სახეობის ტვირთის, ძირითადად, ხორბლის გადაზიდვისას საზღვაო ტრანსპორტზეა დამოკიდებული.
საზღვაო დერეფნების ბლოკირების პირობებში პრობლემა მხოლოდ უკრაინული გემების დაზიანება არ იყო. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა უცხოური დროშით მცურავი კომერციული ფლოტიც. 2026 წლის ივნის – აგვისტოში კი ასეთი თავდასხმების რაოდენობა თითქმის 90-ს გაუტოლდა.
2026 წელს უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, შავი ზღვის საზღვაო გადაზიდვების შეზღუდვის გამო საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა 10 მილიარდი დოლარის ღირებულების 32 მლნ ტონა სასოფლო – სამეურნეო პროდუქცია.
უკრაინის საზღვაო ნავსადგურების ტვირთბრუნვაში დომინანტური ადგილი სასოფლო – სამეურნეო პროდუქციას, პირველ რიგში, მარცვლეულს, ასევე რკინის მადანსა და მეტალურგიულ პროდუქციას ეკავა.
უკრაინის საზღვაო ექსპორტის ძირითადი საყრდენი კვლავ აგროსასურსათო პროდუქციაა. 2026 წლის 6 თვის მონაცემებით, გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობამ 23.6 მლნ ტონას მიაღწია. რკინის მადანმა – 12 მლნ ტონას.

2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, უკრაინის საზღვაო ნავსადგურებიდან ექსპორტირებული ტვირთები 56 ქვეყანაში გაიგზავნა.
გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის საზღვაო დერეფნით ხორციელდება, რომელიც 2023 წლის შემოდგომიდან როგორც სტაბილური დერეფანი ისე ფუნქციონირებს.
საერთო ჯამში, 2023 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, უკრაინის საზღვაო დერეფნით 200 მლნ ტონა ტვირთი გადაიტანეს, საიდანაც 118 მლნ ტონას მარცვლეული შეადგენდა.
უკრაინა რუმინეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ხორბლისა და სხვა სასოფლო – სამეურნეო პროდუქციის ექსპორტისთვის იყენებს, როგორც ალტერნატიულ საექსპორტო დერეფანს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შავი ზღვის უკრაინული ნავსადგურების მუშაობა სამხედრო საფრთხეების გამო იზღუდება.
დუნაის წყლის დონის შემცირებამ დამატებით გაართულა მდინარის ნავსადგურების გამოყენება.
უკრაინა იძულებული გახდა, საექსპორტო ტვირთების ნაწილი სხვადასხვა ალტერნატიულ მიმართულებაზე გადაერთო, პირველ რიგში – დუნაის ნავსადგურების გავლით (რენი, იზმაილი და უსტ-დუნაისკი), რუმინეთის სახმელეთო დერეფნით და კონსტანცის ნავსადგურით, მოლდოვის სატრანზიტო დერეფნით და პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის სარკინიგზო და საავტომობილო სასაზღვრო გადასასვლელებით.
რუმინეთი უკრაინისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით, არამედ იმითაც, რომ მას აქვს დუნაის სანაოსნო სისტემა, კონსტანცის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, განვითარებული სარკინიგზო ქსელი და შავი ზღვის საერთაშორისო საზღვაო კავშირები.
უკრაინიდან რუმინეთში ხორბალი ბარჟებით გადააქვთ, შემდეგ ტვირთი იტვირთება გალაცში და იგზავნება კონსტანცის მიმართულებით ან სხვა საექსპორტო ბაზრებზე.
უკრაინიდან ხორბალი რუმინეთში შედის აგრეთვე სასაზღვრო სარკინიგზო გადასასვლელებით. განსაკუთრებით სტრატეგიულია ვადულ – სირეტის მიმართულება.
2026 წლის ზაფხულში, დუნაიზე გვალვის გამო, წყლის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად, აგვისტოს ბოლოს სულინას არხის შესასვლელთან 80 გემი ელოდებოდა გავლას.
დასკვნის სახით – სადღეისოდ უკრაინის საზღვაო ნავსადგურები მუდმივი საფრთხის ქვეშ ახორციელებენ ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს, თუმცა ნავსადგურები, რომლებიც შეზღუდულ პირობებში ფუნქციონირებენ, ქვეყნის ეკონომიკის მთავარ საყრდენს წარმოადგენენ.