ზემო ლარსი რუსეთისათვის ტვირთნაკადებით მომარაგების ძირითად არტერიას და უმთავრეს სახმელეთო კარიბჭეს წარმოადგენს, რომელსაც ეკონომიკური დომინირებისათვის იყენებს რუსეთი

ზემო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტს რუსეთის ეკონომიკისათვის გადამწყვეტი ადგილი უკავია, რადგანაც იგი არა მარტო საქართველოს, სომხეთის და თურქეთის ტვირთების გამტარია, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის გავლით რუსეთ/ ბელორუსის და ცენტრალური აზიის მიმართულებით ტვირთნაკადებით მომარაგების ძირითადი არტერია და რუსეთისათვის უმთავრესი სახმელეთო კარიბჭეა.

რუსეთის ფედერაციას სახმელეთო საზღვარი 14 სახელმწიფოსთან გააჩნია. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 2025 წლის მონაცემებით, რუსეთის ტერიტორიაზე ყველა ტიპის – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო – 314 მოქმედი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს. მათ შორის 107 გამტარი პუნქტი მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი.

გატარებული ტვირთების მოცულობის მიხედვით, 107 გამშვებ პუნქტს შორის, რუსეთის ყველაზე დატვირთული საავტომობილო სასაზღვრო გასასვლელი – ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტია, რომელზეც 4.8 მლნ ტონა ტვირთმა გაიარა. მეორე ადგილზეა რუსეთ-აზერბაიჯანის იარაგ-ყაზმალიარის საბაჟო – 3.7 მლნ ტონა, მესამე ადგილზე – რუსეთ-ჩინეთის ზაბაიკალსკის საბაჟო – 2.5 მლნ ტონა (იხ დიაგრამა).

გატარებული ტონაჟის გარდა, ზემო ლარსის გამშვები პუნქტი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობის მიხედვითაც ყველაზე დატვირთულ გამშვებ პუნქტს წარმოადგენს. 2025 წლის მონაცემებით, მისი საშუალო ფაქტობრივი გამტარუნარიანობა დღეღამეში 1040 ერთეულ სატვირთოს შეადგენდა.

დღიურ ჭრილში იყო შემთხვევები, როდესაც ზემო ლარსის გამტარ პუნქტს საქართველოდან რუსეთში შემოსული 755 ერთეული სატვირთო გაუტარებია, ხოლო რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით გასულა 875 ერთეული. დღეღამეში ორივე მიმართულებით, პიკურად 1476 ერთეული სატვირთოს გატარება ითვლება.

2025 წლის 17 აპრილს რუსეთ-საქართველოს ზემო ლარსის საზღვარზე, რუსეთის მხრიდან შემომავალი 5010 სატვირთო იდგა რიგში, რავ ასევე პიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს.

წარმოდგენილი სტატისტიკური ინფორმაცია რუსეთისთვის ზემო ლარსის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

2023 წელს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის შემდეგ, რუსეთის მხარეს 14 ის ნაცვლად ფუნქციონირება დაიწყო 39, მათ შორის სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის განკუთვნილმა 13-მა ზოლმა. შედეგად, სასაზღვრო გამშვები პუნქტის საპროექტო გამტარუნარიანობა, შემომავალი და გამავალი სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის, დღეღამეში ჯამურად 1300 ერთეულამდე გაიზარდა.

ფაქტიურად ზემო ლარსის გამშვები პუნქტი სადღეისოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისათვის 80%-ით არის დატვირთული.

ზემო ლარსზე „დაწოლის“ შესამცირებლად, რუსეთის სტრატეგიაა გარკვეული ტვირთნაკადის ჩახსნა და ეტაპობრივად სარკინიგზო მიმართულებით გადაამისამართებაა, რისი მაგალითიც სომხეთის ტვირთნაკადის, ძირითადად მარცვლეულის ექსპორტის, აზერბაიჯანი-საქართველოს რკინიგზების გამოყენებით გაგზავნა.

მას შემდეგ, რაც სომხეთის მიმართულებით მარცვლეულის რკინიგზით გადაზიდვამ სისტემური და სტაბილური ხასიათი მიიღო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრასნოდარის მხარიდან ზემო ლარსის გავლით გაგრძელდეს საავტომობილო ტრანსპორტით სომხეთის მიმართულებით გადაზიდვები. ეს ყოველივე რუსეთის სამთავრობო დონეზე გაკეთებული განცხადებებით დასტურდება.

რუსეთის ვიცეპრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებით, რუსეთის რკინიგზას РЖД-სა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ლოგისტიკური მარშრუტის შემუშავების შესაბამისი ინსტრუქციები მიეცა.

რუსეთის ვიცე-პრემიერის განმარტებით – „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთსა და სომხეთს შორის მთავარი სატრანსპორტო მარშრუტი ბოლო დრომდე საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა და საქონლის მიწოდება საავტომობილო ტრანსპორტით ხდებოდა, რაც თავისთავად ზემო ლარსში არსებული სირთულეების გამო ზღუდავდა სომხეთისათვის ტვირთების მიწოდებას“.

რუსეთისათვის ზემო ლარსის გადატვირთულობიდან გამომდინარე, ეკონომიკურად მიმზიდველი და მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ზემო ლარსის გამტარუნარიანობა სხვა სახელმწიფოს – თუნდაც თურქეთთან  საქონელბრუნვის გასაზრდელად დათმოს, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სომხეთისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ნაკადის ჩახსნას და აზერბაიჯანის რკინიგზით გადამისამართებას, რითიც რუსეთი მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დაწოლის შემცირებას ცდილობს.

2026 წლის ივნისში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განცხადებით, მხოლოდ ელექტრონული რიგის სისტემაში ზემო ლარსის გადაკვეთისთვის 100 ათასზე მეტი სატვირთო ავტომობილი იყო დარეგისტრირებული. ნათელია, რომ რუსეთი ზემო ლარსს მხოლოდ საქართველოს სავაჭრო ბრუნვისთვის არ იყენებს.

პრაქტიკული შეფასებით, ზემო ლარსი – რუსეთის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ნაკადის 14-15%-ის მასშტაბის მნიშვნელობის კვანძია.

ტვირთის საშუალო ღირებულების მიხედვით, ლარსზე მოძრავი საქონლის საერთო ეკონომიკური ღირებულება წელიწადში 5-8 მილიარდი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოს გავლით რუსეთის ტვირთი თურქეთის ბაზარზე და პირიქით ხვდება. შესაბამისად, ლარსი რუსული კომპანიებისთვის თურქეთთან ვაჭრობის და საქონელბრუნვის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია.

რუსეთისათვის ზემო ლარსის ეკონომიკური მნიშვნელობა ძირითადად ტრანზიტული ტვირთების გატარებით განისაზღვრება.

ლარსის გავლით საქართველოზე გამავალ დერეფანს ირანისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით სატვირთო კავშირებისთვის მზარდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ მას არა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ვაჭრობის მნიშვნელობა, არამედ რეგიონული სატრანსპორტო დანიშნულება გააჩნია.

რუსეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარსის გავლით ექსპორტის მიმართულება, რადგანაც ლარსის გავლით რუსეთის ბაზრიდან სამხრეთის მიმართულებით ხმელეთით მოძრაობს – მარცვლეული და სასურსათო პროდუქცია, ნავთობპროდუქტები და საწვავი, სასუქები, სამშენებლო მასალები, ლითონები, სამრეწველო პროდუქცია და სხვადასხვა სამომხმარებლო საქონელი.

რუსეთისათვის ლარსის ყველაზე დიდი სისუსტე ალტერნატივის არქონაა – ლარსის გადატვირთულობის და კლიმატური პირობების გამო, მისი სრულფასოვანი სახმელეთო ალტერნატივა არ არსებობს. ამიტომ გზის ხანგრძლივი ჩაკეტვა იწვევს – სატვირთო ავტოტრანსპორტის რიგებს, მიწოდების ვადის ზრდას, ტრანსპორტირების გაძვირებას, საქონლის ფასის ზრდას და ექსპორტიორების ზარალს.

ამ თვალსაზრისით საქართველომ დამოუკიდებლად აიღო  ქვეშეთი -კობის 23-კმ-იან ახალ მონაკვეთის მშენებლობა, პროექტის სავარაუდო ღირებულება 1.2 მილიარდი  დოლარია, რომელიც რეალურად მიმართული იქნება რუსეთისათვის სტრატეგიული ტვირთნაკადების გადაზიდვების მომსახურებაზე.

იმ პირობებში როცა პრაქტიკულად გაურკვეველია ქვეყნისთვის სტრატეგიული ანაკლიის ნავსადგურის დაფინანსების საკითხი, ისმის კითხვა, რამდენად პრიორიტეტული იყო მეტწილად რუსეთის სტრატეგიული მიზნებისათვის ორიენტირებული ახალი საგზაო მონაკვეთის და 9 კმ გვირაბის მშენებლობა?

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ბევრად ნაკლებია რუსეთ – ჩინეთის ან რუსეთ – ყაზახეთის ვაჭრობასთან შედარებით, ზემო ლარსის საავტომობილო სასაზღვრო პუნქტის ტვირთების ტონაჟის მიხედვით ყველაზე მაღალი დატვირთულობა ნიშნავს, რომ ზემო ლარსის მთავარი ღირებულება არა მხოლოდ რუსეთ – საქართველოს ორმხრივი ვაჭრობაა, არამედ მისი დერეფნული ფუნქციაა, რომელსაც თავისი ეკონომიკური დომინირებისათვის მუდმივად გამოიყენებს რუსეთი.

ამ თვალსაზრისით იკვეთება მთავარი დასკვნა, ზემო ლარსის მნიშვნელობა რუსეთის ეკონომიკისთვის უნდა შეფასდეს არა რუსეთ-საქართველოს საქონელბრუნვის მოცულობით, არამედ რუსეთისათვის პრიორიტეტული რეგიონალური დერეფნის ფუნქციის საჭიროებით.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

შუა დერეფნით ყაზახური ნედლი ნავთობის დამკვიდრების პროცესი მიმდინარეობს – აგვისტოში საქართველოს რკინიგზისა და ბათუმის ნავთობტერმინალით – დაკონტრაქტებული 100 000 ტონა ნედლი ნავთობის გატარებაა გათვალისწინებული

Next Post

როგორ აისახება კასპიის ზღვის დონის კლება შუა დერეფნის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებაზე?

Related Posts

ქვეყნის მშპ – ში ტრანსპორტის წილის დაბალი მაჩვენებელი გაჭიანურებული და დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლითაა განპირობებული

ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს მშპ-ში სატრანსპორტო სექტორის პროცენტული მდგენელის დაბალი 5 – 7 % – იანი მაჩვენებელი,…
მეტის ნახვა

ევროპული ქვეყნების „ლენდლორდის“ მოდელის გამოყენება  ანაკლიის ნავსადგურშია შესაძლებელი

დასავლეთ ევროპის ე.წ. „საზღვაო კარიბჭის“ ტიპის ნავსადგურების მშენებლობის, რეფორმირების და შემდგომი განვითარების აპრობირებული „ლენდლორდის“ მოდელი, რამდენად შესაძლებელია განზოგადოებული…
მეტის ნახვა

დემპინგური ფასებით მხოლოდ შუამავლები ე.წ. დისპეჩერები სარგებლობენ – ქართველი საავტომობილო გადამზიდველების პრობლემები

საქართველოს გადაზიდვების ბაზარზე შედარებით მძლავრი სატრანსპორტო კომპანიები კონკურენციაში შედიან მცირე, ერთი მანქანის მფლობელ მძღოლ – გადამზიდველებთან, რის შედეგად…
მეტის ნახვა