„მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი საერთაშორისო საავტომობილო გზები გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების მოლოდინშია“- ამ სათაურით მ.წ. 4 ივლისს ჩვენი ანალიტიკა ახალქალაქი – კარწახის (თურქეთის საზღვარი) საერთაშორისო საავტომობილო გზის სავალალო მდგომარეობას დაეთმო.
ახალქალაქის რეგიონში დროში გაჭიანურებული და დაუსრულებელი საგზაო პროექტები სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სირთულეებს ქმნის, რაც პირველ რიგში საქართველოზე გამავალი დერეფნის და სატრანზიტო გადაზიდვებზე ნეგატიურად აისახება.
თითქმის ექვსი თვის შემდეგ, მდგომარეობა ახალქალაქის რაიონის ახალქალაქი – კარწახის მონაკვეთზე არ შეცვლილა, რაზეც სატვირთოს მძღოლების მიერ გადაღებული კადრები და სოციალურ ქსელში ატვირთული მასალა მოწმობს.
აღნიშნული საავტომობილო მონაკვეთი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური გადაადგილების უზრუნველსაყოფად, არამედ ძირითად სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც სახელმწიფოთაშორის ტვირთების გადაზიდვებს ემსახურება.

სოციალური ქსელიდან სატვირთოების მძღოლების რამდენიმე ამონარიდი:
სატვირთოს მძღოლების განცხადებით – „დღეს გზა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ თუ ერთ ლარს ვშოულობთ, ათ ლარს მანქანის შეკეთებაში ვხარჯავთ. დღე ისე არ გადის, რომ ტვირთი დანიშნულების ადგილზე დაზიანებით არ ჩავიტანოთ“.
საყურადღებოა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მძღოლის განცხადება, რომელიც სატრანზიტო გადასახადს ეხმიანება – „სავალალო მდგომარეობაა ნინოწმინდის მიმართულებით, ყოველ გავლაზე გზით სარგებლობის საფასურის სახით ვიხდით 350 ლარს და გამოსავალი არ ჩანს. ამ გზაზე რომ სატრანსპორტო საშუალება გაივლის, თანხა როგორ უნდა გადაახდევინო? ან რას ხმარდება ეს თანხა? მინიმუმ დღე-ღამეში 200 სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს, თანხა ხომ შემოდის ამ გზაზე, თანხას ხომ იხდიან. საზღვარს გადახვალ სომხეთის მხარეს – იდეალური გზაა, აქეთ გადმოხვალ – ჯოჯოხეთია. სამი წლის წინ კი პირიქით იყო“.
ამონარიდი მძღოლის განცხადებიდან – „აბა ეს მოსაწონია, ამდენ ფულს რომ ვიხდით, გადასახადები მოგვიმატეს, ფულს რომ ქაფავენ და გზას საერთოდ არაფერი რომ არ ხმარდება“.
სატვირთოს მძღოლის განცხადებით – „რა მთავრობაც გვყავს, აი, აგერ ჩანს ამ გზაზე, დასახვრეტია სუყველა, რა ფულიც ჩვენგან შედის, ასეთ გზაზე უნდა დავდიოდეთ?! პატრონი არ ჰყავს ამ ქვეყანას დიდი ხანია, საით მიექანება ჩვენი საცოდავი ქვეყანა ამ ადამიანების გადამკიდე“.
სატვირთოს მძღოლის სარკაზმული განცხადება – „თან საგზაო ნიშანი რომ აყენია, 40-ით დაშვებული მოძრაობაა, არადა 20-ით ვერ წახვალ, ისეთი საშინელებაა“.
ნინოწმინდის მიმართულებით საავტომობილო გზის დაზიანება ფაქტობრივად მთლიან მონაკვეთზე ფიქსირდება. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით – „ორლოვკადან ნინოწმინდამდე მონაკვეთი მთლიანად განადგურებულია“.
ანალოგიური სავალალო მდგომარეობაა თურქეთთან დამაკავშირებელ სახელმწიფოთაშორის ახალქალაქი – კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზეც.
რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ახალქალაქი – კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თურქეთ-საქართველოს საზღვართან მისასვლელად სატვირთო ავტოტრანსპორტს დაზიანებული საგზაო მონაკვეთის გადალახვა უწევს, ხშირია შემთხვევები, როდესაც ორმოების თავიდან ასარიდებლად საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ერთმანეთს მონაცვლეობით გზას უთმობენ.

მძღოლების გადმოცემით, ამ მონაკვეთით მრავალი უცხოური სატვირთო მანქანა სარგებლობს, შედეგად, ბუნებრივია, უარყოფითად ეცვლებათ შეხედულება ჩვენს ქვეყანაზე.
არსებულ ვითარებაში აუცილებელია სწრაფი რეაგირება და გადაუდებელი აღდგენითი ღონისძიებების გატარება, რეგიონში უსაფრთხო, გამართული და შეუფერხებელი სატრანსპორტო მოძრაობის უზრუნველსაყოფად.