ბალტიის ქვეყნების ევროკავშირთან დამაკავშირებელი Rail Baltica-ს სარკინიგზო პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის – ლიტვაში ლიანდაგის დაგება მიმდინარეობს

მიუხედავად რუსეთის მრავალჯერადი მცდელობისა დაემუხრუჭებინა ბალტიის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრირების Rail Baltica-ს სარკინიგზო პროექტი, რომელსაც „საუკუნის პროექტსაც“უწოდებენ, რკინიგზის მშენებლობა დაგეგმვიდან რეალურ განხორციელებაზე გადადის – ასე აფასებენ დღეს ანალიტიკოსები Rail Baltica-ს პროექტის მიმდინარეობას.

რეალურად, ამ პროექტის ამოქმედებით ბალტიის ქვეყნებს შეექმნებათ მყარი ალტერნატივა, რათა ბოლო 30 წელიწადში რუსეთის მხრიდან მათი სატრანსპორტო დერეფნების ბლოკირებისკენ მიმართულ პოლიტიკას თავი დააღწიონ.

Rail Baltica წარმოადგენს უმსხვილეს რეგიონულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც დააკავშირებს ვარშავას, კაუნასს, ვილნიუსს, რიგასა და ტალინს.

პროექტის ტექნიკური პარამეტრებიდან გამოსაყოფია: ევროპული სიგანის ორლიანდაგიანი რკინიგზა, რომელიც სრულად ელექტროფიცირებული იქნება. სამშენებლო პერიოდი 10 წელიწადს შეადგენს. იგი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. სამგზავრო მოძრაობის სიჩქარე 250 კმ/სთ-ია, სატვირთო მოძრაობის – 120 კმ/სთ.

Rail Baltica-ს პროექტის დასრულება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ვადა 2033 წლამდე გადაიწიოს.

ბალტიის სამი ქვეყნის დამაკავშირებელი რკინიგზის სიგრძე 870 კმ-ია, აქედან ლიტვის ტერიტორიაზე გაივლის 392 კმ, ლატვიის – 265 კმ, ხოლო ესტონეთის – 213 კმ ზე.

რაც შეეხება დაფინანსებას, პროექტი ბალტიის ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტებისა და ევროკავშირის Connecting Europe Facility (CEF) ფონდის დახმარებით ხორციელდება. პროექტის ღირებულების 85%-ს ევროკავშირი აფინანსებს.

ევროკავშირიდან პროექტმა უკვე მიიღო 4 მილიარდი ევროს დაფინანსება. დანახარჯებისა და ინფლაციის გათვალისწინებით, პროექტის თავდაპირველი ღირებულება, რომელიც 2017 წლის ფინანსური ანალიზის მიხედვით 5.8 მილიარდ ევროს შეადგენდა, მნიშვნელოვნად გაიზრდება და 23.8 მილიარდ ევროს მიაღწევს. მათ შორის, პირველი რიგის სამუშაოებზე 15.3 მილიარდი ევროა გათვალისწინებული.

პროექტის ასეთი გაძვირება წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს, რადგან ფინანსური ამონაგები დათვლილია თავდაპირველ ინვესტიციაზე.

რუსეთი ოსტატურად იყენებს პროექტის გაძვირებას და ხშირად ადგილობრივ მოსახლეობაზე ზემოქმედებს პროექტის არაეფექტურობითა და გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვაზე მითებით. მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, პროექტის განხორციელება ინტენსიურად მიმდინარეობს.

რუსეთი Rail Baltica-ს პროექტს ერთმნიშვნელოვნად განიხილავს, როგორც ნატოს რუსეთზე აგრესიის ფაქტორად, რადგან მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში ადვილად შესაძლებელი იქნება ევროპის ცენტრალური ნაწილიდან რუსეთის საზღვრებამდე ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადმოსროლა.

Rail Baltica არა მხოლოდ თანამედროვე სატრანსპორტო პროექტია, არამედ ბალტიის რეგიონის უსაფრთხოების გარანტიაც.

სადღეისოდ Rail Baltica-ს პროექტი აქტიურ ფაზაში გადავიდა.

Rail Baltica-ს პროექტის ფარგლებში ლიტვის ტერიტორიაზე ოფიციალურად დაიწყო ევროპული სტანდარტის 1435 მმ სიგანის რკინიგზის ლიანდაგის დაგება.

პროგრესის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაჩვენებელია ის, რომ პირველი 8.8-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

სამუშაოების განსახორციელებლად ოპერატორმა კომპანიამ LTG Infra-მ შეიძინა 86 200 ტონა ღორღის საბალასტო მასალა, 29 500 ერთეული რკინაბეტონის შპალი და 42 კილომეტრი სარელსო ლიანდაგი.

25-მეტრიანი სტანდარტული რელსები დაკავშირებული და თარაზოში გასწორებული იქნება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობა.

LTG Infra-ს დირექტორის განმარტებით: „ინვესტირებული ყოველი ევრო სახელმწიფოს მინიმუმ ორმაგ შემოსავალს მოუტანს, რაც ეკონომიკაში მდგრად ინვესტიციას წარმოადგენს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ დასაქმებას, ტურიზმს და სხვადასხვა ბიზნეს სექტორს“.

ლიანდაგის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება ჩქაროსნული რკინიგზის ელექტრიფიკაცია. მიმდინარე წლის სექტემბერში ბალტიის სამმა სახელმწიფომ და ერთობლივმა საწარმომ RB Rail AS-მა COBELEC Rail Baltica-სთან ხელი მოაწერეს რეგიონში რკინიგზის ელექტრიფიკაციის ყველაზე დიდ კონტრაქტს, რომლის ღირებულება 1.77 მილიარდ ევროს შეადგენს.

ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში Rail Baltica-ს პროექტი უკვე სრულმასშტაბიანი მშენებლობის ფაზაშია – აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები მთავარ ხაზებზე, სადგურებზე, ხიდებსა და ესტაკადებზე.

ესტონეთში მაგისტრალის 105 კილომეტრზე მიმდინარეობს მშენებლობა, მათ შორის ეწყობა ესტაკადები, გზაგამტარები და სატრანსპორტო კვანძები. ხელმოწერილია კონტრაქტები 200-კილომეტრიანი სანაპირო ზოლისა და ლიანდაგის დაგების მშენებლობაზე.

ლატვიაში Rail Baltica-ს მთავარი ხაზის 202 კმ-ზე მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს – ტარდება მიწის სამუშაოები და ეწყობა ხელოვნური ნაგებობები.

ლიტვაში სამუშაოები გრძელდება კაუნას–პანევეჟისის მონაკვეთზე, სადაც 77 კილომეტრზე სარკინიგზო ყრილების საინჟინრო ნაგებობები შენდება. 2025 წლის ბოლოსთვის სამუშაოები 114 კილომეტრამდე გაფართოვდება.

2025 წლის ბოლოსთვის Rail Baltica-ს მთავარი ხაზის მიწის ვაკისის და ხელოვნური ნაგებობების 43% ლიანდაგის მშენებლობისთვის მზად იქნება, რაც ევროპის სარკინიგზო ქსელთან ინტეგრაციის მიმართულებით უდიდეს გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

Maersk-ის მიერ 200 გემისგან შემდგარი ფლოტის მასშტაბური მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება ხომ არ გამოიწვევს საქართველოს საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებში მონოპოლიურ ჩარევას?

Next Post

დეპორტირებული სატვირთოების მძღოლები, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მხარდაჭერას ითხოვენ  

Related Posts

ქვეყნის  ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას მსხვილი ინვესტიციების დეფიციტი  აბრკოლებს  

მსოფლიო ბანკის 2023 წლის კვლევის თანახმად, ლოგისტიკის ინდექსში გაერთანებული, ყველაზე მნიშვნელოვანი  ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი  ქვეკომპონენტის მიხედვით, საქართველოს  138 სახელმწიფოს…
მეტის ნახვა

რამდენს შეადგენს თურქეთის სრუტეებით სარგებლობის გადასახადი 

ბოსფორის და დარდანელის სრუტეებით წელიწადში  საშუალოდ 42 000 მცირე თუ დიდი გემი სარგებლობს, სამჯერ აღემატება სუეცის და ოთხჯერ…
მეტის ნახვა

რეგიონის ქვეყნებში ფართოდ ინერგება საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა

მიღებულია, რომ ორ სახელმწიფოს შორის დადგენილი კვოტების ფარგლებში ყოველწლიურად მოქმედებს საავტომობილო ნებართვების ბლანკების გაცვლის აპრობირებული სისტემა. საერთაშორისო დიპლომატიური…
მეტის ნახვა