აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნოს (ASCO) დაკვეთით, ბაქოს გემთსაშენ ქარხანაში ახალი თაობის Ro-Pax ტიპის მესამე ბორნის მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
აზერბაიჯანის მედიის გადმოცემით, ASCO-ს ფლოტის მესამე Ro-Pax-ის ბორანი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კასპიის ზღვისა და შუა დერეფნის მარშრუტზე მზარდი ტვირთებისა და მგზავრების ნაკადების უწყვეტობისა და მდგრადობის უზრუნველყოფაში.
აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო კომპანია (ASCO) 2013 წელს დაარსდა. ASCO, სატრანსპორტო ფლოტის გარდა, მოიცავს სპეციალიზებულ ფლოტსა და გემთსარემონტო ქარხნებს.
აზერბაიჯანის სატრანსპორტო ფლოტი შედგება 52 გემისგან, მათ შორის 21 ტანკერისგან, 13 ბორნისგან, 14 ზოგადი დანიშნულების მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემისგან, 2 Ro-Ro და 2 Ro-Pax გემისგან.
სპეციალიზებული ფლოტი მოიცავს 192 გემს, მათ შორის 20 ამწე გემს, 20 ბუქსირს, 23 სამგზავრო გემს, 2 მილსადენის დამგებ გემს, 5 სახანძრო გემს, 5 საინჟინრო და გეოლოგიურ გემს, 9 მყვინთავ გემს და 108 მომსახურებისა და დამხმარე გემს.
წინა მსგავსი ორი ბორნის – „აზერბაიჯანი“ და „ზარიფა ალიევა“ – ანალოგიურად, მესამე ახალი Ro-Pax ბორანი შუა დერეფნის გასწვრივ კასპიის ზღვაზე გადაზიდვებისთვის იქნება გამოყენებული.
წინა Ro-Pax-ის გემები „ზარიფა ალიევა“ და „აზერბაიჯანი“ რამდენიმე წელია, რაც ექსპლუატაციაშია გაშვებული.
თითოეულის დედვეიტი 5 878 ტონაა. ისინი კასპიის ზღვაზე ყველაზე სწრაფმავალ და მობილურ გემებს წარმოადგენენ. მათი სიგრძე 154.5 მ, სიგანე 17.7 მ, ხოლო სიღრმე 7.5 მ-ია.
ბორნებს ერთდროულად 56 რკინიგზის ვაგონის, 50 სატვირთო ავტომობილის (TIR) ან 100 მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა გააჩნიათ.


აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნოს (ASCO) დაკვეთით, ბაქოს გემთსაშენ ქარხანაში (BSY) ახალი თაობის Ro-Pax ტიპის მესამე ბორნის მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ამ დროისთვის საბორნე გემის სამუშაოების 70% დასრულებულია.
ბორნის კორპუსის მშენებლობის 99% დასრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ელექტროსამონტაჟო და მექანიკური სამუშაოები.
მსგავსი ტიპის წინა გემებთან შედარებით, ახალი ბორანი დიზაინსა და ფუნქციურ ინოვაციებს ითვალისწინებს.

ბორანი აღჭურვილი იქნება რეფრიჟერატორული კონტეინერებისა და ინფრასტრუქტურისთვის განცალკევებული ენერგომომარაგების სისტემით.
აღნიშნული ენერგომომარაგების სისტემა აგრეთვე დაეხმარება სატვირთო სათავსოში საშიში აირების ოპერატიულ გამოვლენაში.
მთავარი სამანქანო განყოფილება აღჭურვილი იქნება ინტეგრირებული დამატებითი გაგრილების სისტემით, დამონტაჟდება ორი ლუქი და ორი მომსახურების ამწე.


აზერბაიჯანში სახელმწიფო დონეზე მსხვილი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კომპანიების მენეჯმენტს 2024 წელს შექმნილი AZCON Holding ახორციელებს.
ჰოლდინგის ფუნქციაში შედის აზერბაიჯანში მსხვილი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კომპანიების მენეჯმენტის კონსოლიდაცია, მათი კონკურენტუნარიანობის, ფინანსური მდგრადობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის გაძლიერება.
AZCON მართავს აზერბაიჯანის 13 მსხვილ საწარმოსა და ორგანიზაციას, მათ შორის ავიაკომპანიებს, რკინიგზას, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის, ასევე ტელეკომუნიკაციის კომპანიებს.
კომპანიების ჩამონათვალს შორისაა – აზერბაიჯანის ავიახაზები (AZAL), აზერბაიჯანის რკინიგზა, კასპიის საზღვაო სანაოსნო კომპანია (ASCO). საკომუნიკაციო ჯგუფის შემადგენლობაში შედის „Aztelekom“-ი, „AzInTelecom“-ი, „Azərpoçt“-ი და კოსმოსური სააგენტო „Azərkosmos“-ი.