ბოლო პერიოდში აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე გადაზიდვების და შემოსავლების ზრდამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება განაპირობა

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე ლიანდაგის კაპიტალური შეკეთება არ ჩატარებულა. სწორედ ამ მიზნით 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთს რკინიგზის აღსადგენად „ექსპორტის კრედიტით“ ცნობილი ორი მილიარდი რუბლი გამოუყო.

კრედიტის აღების საჭიროება გამოწვეული იყო აფხაზეთის რკინიგზის უკიდურესად არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობით, კერძოდ ფსოუ (რუსეთის საზღვარი) – სოხუმის მთავარ ხაზზე ადგილი ჰქონდა სალიანდაგო მეურნეობის მწყობრიდან გამოსვლას და მატარებლების მოძრაობის ხშირ შეჩერებას.

მატარებლების მოძრაობის აღდგენა პირველ რიგში აუცილებელი იყო აფხაზეთის ეკონომიკისთვის, რადგან გარკვეული სახის ტვირთების, მათ შორის საწვავის და სამშენებლო მასალების, გადაზიდვა მხოლოდ რკინიგზით უნდა განხორციელებულიყო.

აფხაზეთის სარკინიგზო ექსპერტების განცხადებით, რომ არა რუსეთისგან აღებული კრედიტი და შედეგად განხორციელებული ლიანდაგის კაპიტალური რემონტი, რუსეთის რკინიგზა იძულებული იქნებოდა შეეწყვიტა სარკინიგზო კავშირი და მომსახურება აფხაზეთთან.


აღებული სესხით განხორციელდა ფსოუდან სოხუმის სადგურამდე 104 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის კაპიტალური შეკეთება, დაგებული იქნა 45 ახალი საისრო გადამყვანი.

მაგიტრალის 30 კილომეტრზე სიძველის გამო მწყობრიდან გამოსული ხის შპალები შეცვლილი იქნა რკინაბეტონის ახალი შპალებით.

გარდა ამისა, რიგ მონაკვეთებზე უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების მიზნით მოეწყო 800-მეტრიანი უპირაპირო ლიანდაგი. განხორციელებულმა ღონისძიებებმა აფხაზეთის რკინიგზას შემდგომში ლიანდაგის მოვლა-შენახვაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრების დაზოგვის საშუალება მისცა.

კრედიტის ფარგლებში ელექტრომომარაგების თვალსაზრისით კაპიტალური სამუშაოები ჩაუტარდა რკინიგზის წევის ქვესადგურებს, მათ შორის ცანდრიპშში, ბზიფში, გუდაუთასა და სოხუმში.

რკინიგზის ფუნქციონირებისთვის აღდგა ელექტროფიკაციის და ყველა ტიპის სასიგნალო კომუნიკაცია, კაპიტალურად შეკეთდა ორი სახიდე გადასასვლელი.

აღსანიშნავია, რომ რკინიგზის კაპიტალური შეკეთებისთვის გამოყენებული თითქმის ყველა მასალა (გარდა ქარხნულად გარემონტებული რელსებისა) იყო ახალი. ყველა ჩამოთვლილი სამუშაო რუსეთიდან მიღებული კრედიტით დაფინანსდა.

ფაქტობრივად, რუსეთის მხრიდან მიღებული კრედიტით იმ პერიოდში აფხაზეთის სარკინიგზო სექტორში განხორციელდა პირველი ეტაპის გადაუდებელი კაპიტალური სამუშაოები.

აფხაზეთის ადგილობრივი სარკინიგზო დარგის სპეციალისტების განმარტებით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის კაპიტალური რემონტი იყო დროული, რადგან მან აფხაზეთის რკინიგზის ინდუსტრიას არსებობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა. მათივე განმარტებით, სადღეისოდ აფხაზეთის რკინიგზის შემდგომი განვითარება იმ პერიოდში ჩაყრილ საფუძველს ემყარება.

იმ პერიოდში განხორციელებულმა პირველი ეტაპის აღდგენითმა ღონისძიებებმა გადაზიდული ტვირთებისა და რუსეთიდან მიღებული დატვირთული ვაგონების ზრდის დადებითი დინამიკა აჩვენა.

დადებითი დინამიკა თვალნათლივ მიუთითებს, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე გადაზიდული ტვირთების მოცულობა, ბოლო ექვს წელიწადში, ერთ მილიონ ტონას მიუახლოვდა, ხოლო რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით დატვირთული ვაგონების რაოდენობა წლიურად 14 000 ერთეულს აღწევს (იხ. დიაგრამა).

მოგვიანებით, 2023 წელს, ტვირთბრუნვისა და საკუთარი შემოსავლების ზრდის შედეგად შესაძლებელი გახდა ორი მაგისტრალური ორსექციაანი ლოკომოტივის (VL-10 ელექტროლოკომოტივი და 2TE116 დიზელის ლოკომოტივი) შეძენა.

ლოკომოტივების შეძენის შედეგად აფხაზეთის სარკინიგზო ქსელზე გაიზარდა გადაზიდვების მოცულობა. ლოკომოტივების წარმადობის მიხედვით, შეუძლიათ სრული 50 ვაგონისგან შემდგარი შემადგენლობების გადაზიდვა. აღსანიშნავია, რომ 1992–1993 წლების შემდეგ ეს იყო საკუთარი სახსრებით ლოკომოტივების პირველი შესყიდვის პრეცედენტი.

ფაქტობრივად, შემოსავლების ზრდის შედეგად აფხაზეთის რკინიგზა გეგმაზომიერად გადავიდა ძირითადი მიმართულების მთელ სიგრძეზე – სოხუმიდან გუდაუთამდე და ოჩამჩირემდე – სალიანდაგო მეურნეობის გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებზე. გარდა ამისა, გაფართოვდა რკინიგზის სადგურებისა და შავი ზღვის გასწვრივ ნაპირსამაგრი ნაგებობების აღდგენის სამუშაოები.

2024 წელს ოჩამჩირის ნავსადგურთან მისავლელი 350-მეტრიანი ლიანდაგის მონაკვეთი აშენდა. აღნიშნული სალიანდაგო განვითარება ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდისთვის და ნავსადგურთან ახლოს ახლად აშენებულ საკონტეინერო მოედანთან კავშირებადობის გაუმჯობესებისთვის იყო აუცილებელი.

სადღეისოდ სალიანდაგო მეურნეობის აღდგენის პარალელურად მიმდინარეობს სადგურების აღდგენა. მოდერნიზაცია ჩაუტარდათ გუდაუთისა და სოხუმის სადგურებს, სამუშაოები დაიწყო ახალ ათონსა და გაგრიფშში, ხოლო მომავალში იგივე იგეგმება გაგრასა და ცანდრიფშში.

საზღვაო ზოლთან განთავსებული ლიანდაგის დასაცავად მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, მათ შორის საყრდენი კედლების შეკეთება. სამუშაოები გრძელდება გაგრის რაიონში, რკინიგზის იმ მონაკვეთზე, რომელიც ზღვის სანაპიროზე ზემოქმედების გამო ხშირად ზიანდება.

ამჟამად როსტოვის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის ცენტრის სპეციალისტების მიერ აფხაზეთში რკინიგზის გვირაბების შემოწმების პროცესი მიმდინარეობს. სულ გათვალისწინებულია 11 კმ სიგრძის 10 სარკინიგზო გვირაბზე, გვირაბების საიმედობაზე ანგარიშების მომზადება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავლები, აფხაზეთის რკინიგზა ჯერ კიდევ შორსაა ფინანსურად მომგებიან, დამოუკიდებელ კომპანიად ჩამოყალიბებისკენ.

წინასწარი შეფასებით, მინიმუმ 2.5–3.0 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვის პირობებში შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ კომპანია ფინანსური წონასწორობის მდგომარეობაში იმყოფება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ზანგეზურის დერეფნის ირანული ალტერნატივა – რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არაზის სატრანზიტო დერეფანს ირანისთვის?

Next Post

რუსეთში საავტომობილო გადამზიდავი კომპანიების მასიური გაკოტრების და ლიკვიდაციის პროცესი – რა გამოწვევების წინაშე დააყენებს ქართულ სატრანსპორტო კომპანიებს?

Related Posts

საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ჩინეთის გავლენების შეფასება

მრავალი მაგალითი არსებობს იმის, თუ როგორ ებმევა და შემდგომში ეუფლება ჩინეთი  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას. ერთ – ერთი გავრცელებული და…
მეტის ნახვა

გლობალური სავაჭრო კავშირების აღსადგენად სუეცის არხით ნაოსნობის ტარიფი  15% ით შემცირდა

15 მაისიდან სუეცის არხით სარგებლობისათვის,  გემებისთვის რომელთა ტონაჟი  130 000 ტონას აღემატება 15 % იანი ფასდაკლება დაწესდა. ფასდაკლება…
მეტის ნახვა

ყაზახეთი შუა დერეფნის მონაკვეთზე 600 მლნ დოლარის ინვესტიციის განთავსებით – საქართველოს უბიძგებს საკუთარი ინფრასტრუქტურის სინქრონული განვითარებისკენ

ყაზახეთის მიერ, შუა დერეფნის საკუთარ მონაკვეთზე 600 მლნ დოლარის ინვესტიციის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, მიმართულია მასზე გამავალი…
მეტის ნახვა