ევროკავშირის მიერ 25 ერთეული სამგზავრო მატარებლის სუბსიდირების სანაცვლოდ ბულგარეთმა სარკინიგზო ქსელზე კერძო კომპანიის დაშვება განახორციელა

ბულგარეთის სარკინიგზო ქსელზე კერძო სამგზავრო კომპანიის გამოჩენა რევოლუციურ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღნიშნული ქმედება, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციით, ასევე მგზავრთა გადაყვანის მომსახურების გაუმჯობესებითაა განპირობებული.

ახლახანს ევროკავშირის მიერ 25 ერთეული ახალი სამგზავრო მატარებლის სუბსიდირების სანაცვლოდ, ბულგარეთმა სამგზავრო გადაყვანების სფეროს ლიბერალიზაციის პროცესის განხორციელებას შეუდგა, რაც კერძო კომპანიების სარკინიგზო ბაზარზე დაშვებას ითვალისწინებს.

პრაქტიკულად ბულგარეთმა ევროკავშირის მხრიდან სუბსიდირებული სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის სანაცვლოდ, დარგის მონოპოლიურიდან ლიბერალურ მოდელზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ბულგარეთის ანალოგიით სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის უკმარისობით და მომსახურების დაბალი დონით ხასიათდება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანების მიმართულება, სადაც ზარალიანი სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების ხარჯები შემოსავლებს 60%-ით აღემატება.

ბოლო სამ წელიწადში საქართველოს რკინიგზაზე სამგზავრო გადაყვანების პერმანენტული შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. მხოლოდ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რკინიგზით სამგზავრო გადაყვანები 17%-ითაა შემცირებული.

ფინანსური რესურსების დეფიფიტის გამო, საქართველოს რკინიგზამ სამგზავრო გადაყვანების მოძრავი შემადგენლობის პარკის განახლების რადიკალურ გადაწყვეტილებად, არა ახალი შემადგენლობების შეძენა, არამედ 2010 – 2013 წლებში 30 მლნ დოლარად შეძენილი ხუთი ერთეული ჩინური ოთხვაგონიანი ელექტრომატარებლის კაპიტალური შეკეთება გადაწყვიტა.

ასეთ ვითარებაში, როდესაც ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენის ნაცვლად 15 წლის წინ შეძენილი ამორტიზირებული ელექტროსექციების რემონტზეა აქცენტი გადატანილი, ნათელია, რომ სახელმწიფოს სამგზავრო გადაყვანების “ჩიხიდან” გამოყვანის არანაირი სტრატეგია არ გააჩნია.

სადღეისოდ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანის სფეროში უკონკურენტო კომპანიაა, რომელიც სახელმწიფოსგან სამგზავრო გადაყვანების ზარალის კომპენსირებისთვის, არა სამგზავრო მიმართულების ეფექტიანობის გაზრდას, არამედ სახელმწიფოსგან სუბსიდირების სახით, ყოველწლიურად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის მოთხოვნის წინადადებას აყენებს.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ევროკავშირის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოს, ბულგარეთის, სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების სფეროს ლიბერალიზაციის გამოცდილების გაზიარება.

ბულგარეთში ვარაუდობენ, რომ სამგზავრო გადაყვანების მიმართულებას აშკარად ცვლილებები და დაფინანსების გაზრდა ესაჭიროება. სახელმწიფო იმედოვნებს, რომ ამ პრობლემის ნაწილობრივი მოგვარება სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე კერძო სამგზავრო კომპანიების დაშვების ხარჯზეა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, საქართველოს რკინიგზისთვის ესოდენ აუცილებელი სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის სისტემური განახლება, ევროკავშირის დაფინანსების ანალოგიური მოდელის გამოყენებით, ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომ საქართველოს საკუთარი საბიუჯეტო ან რკინიგზაში გენერირებული თანხებით მოუწევს სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის განახლება, რაც მოკლე ვადაში რთულ და მიუღწევად ამოცანას წარმოადგენს.

2025 წლის დეკემბერში ბულგარეთში ტენდერში გამარჯვებულად ქვეყანაში ცნობილი ავტობუსების გადამზიდავი კომპანია Ivkoni Express-ი გამოცხადდა.

საჯარო ტენდერი ჩრდილოეთ და სამხრეთ რეგიონებში არსებულ სარკინიგზო მარშრუტებზე სამგზავრო სარკინიგზო გადაყვანების მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებდა, გამარჯვებულს ქვეყანაში სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების ტრაფიკის 25%-ის განხორციელების უფლება მიეცა.

იმედოვნებენ, რომ ბულგარეთის სახელმწიფო სამგზავრო გადაყვანების ბაზარზე მონოპოლისტი აღარ იქნება, რითაც კერძო ოპერატორს სარკინიგზო ბაზარზე შესვლის უფლება მიეცემა.
Ivkoni Express-ი წარმოადგენდა ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიას, რომელმაც ჩრდილოეთ ლოტის სამი მარშრუტი და სამხრეთ ლოტის ოთხი მარშრუტის ოპერირების შესახებ ინტერესი გამოხატა.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამგზავრო სარკინიგზო მთლიანი გადაზიდვის ტრაფიკის 25% ჩრდილოეთ რეგიონში (მწვანე კონტური) და სამხრეთ რეგიონში (ლურჯი კონტური) მიიღო, ხოლო დარჩენილი ტრაფიკის 75% – დასავლეთ რეგიონი (წითელი კონტური) – სახელმწიფო ოპერატორ BDZ Passenger Transportation-ს დარჩა (იხ. ბულგარეთის რკინიგზის სქემა).

ფაქტიურად, სოფიიდან შავი ზღვის ვარნისა და ბურგასის  მიმართულებით ტურისტულად  მიმზიდველი ხაზების  ტრაფიკის ნაწილი კერძო კომპანიას გადაეცა.

ბულგარეთის პარლამენტმა, სამგზავრო გადაყვანების ბაზრის ლიბერალიზაციის პარალელურად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და რკინიგზის ტრანსპორტის შესახებ კანონში ცვლილებები განახორციელა.

კანონმდებლობით ეროვნული მონოპოლისტის მიერ ინფრასტრუქტურის საფასურის აკრეფა, მატარებლების განრიგის შემუშავება, რკინიგზის მოძრაობის მართვა და რკინიგზის გამტარუნარიანობაზე განაცხადების ექსკლუზიური განხორციელების უფლება გაუქმდა.

ბუნებრივია, იმ ვითარებაში, თუ საქართველო მიიღებს სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების ბაზრის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას, მაშინ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ანალოგიური ცვლილებების შეტანა.

ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტრომ სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების ოპერატორების შესარჩევი ტენდერი 2025 წლის აგვისტოში გამოაცხადა. ორივე – ჩრდილოეთ და სამხრეთ ლოტისთვის – კონტრაქტები 12-წლიან პერიოდს მოიცავს, ამასთან, სახელმწიფო ორივე ოპერატორ (იგულისხმება სახელმწიფო და კერძო) კომპანიას წამგებიანი გადაყვანების სანაცვლოდ სუბსიდიის სახით 1.4 მილიარდი ევროს ოდენობით თანხას გამოუყოფს.

სახელმწიფოს მხრიდან 1.4 მილიარდი ევროდან ყველაზე დიდი სუბსიდია – 1.0 მილიარდი ევრო 12 წლის განმავლობაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გადამზიდავის ხარჯების კომპენსირებას მოხმარდება. დარჩენილი 0.4 მილიარიდი ევრო კერძო კომპანიის ხარჯების კომპენსირებისათვის გამოიყოფა.

კერძო სარკინიგზო კომპანია Ivkoni Express-ი მომდევნო 12 წლის განმავლობაში, სექტორში დამატებით 100 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს.

რკინიგზის ლიბერალიზაციის პროცეს გააჩნია ოპონენტები, მათი ვარაუდით, საბოლოოდ, მომგებიანი ხაზები კერძო კომპანიებს გადაეცემათ, ხოლო არამომგებიანი დარჩება სახელმწიფოს. თუმცა სახელმწიფოს განმარტებით, დასავლეთ რეგიონი, რომელიც ბულგარეთის სახელმწიფო რკინიგზას დარჩა, მოიცავს ყველაზე მომგებიან სოფიიდან ვარნამდე და ბურგასამდე სარკინიგზო ხაზებს.

ახალი კერძო სარკინიგზო კომპანია ოპერირებას 2026 წლის 13 დეკემბერიდან შეუდგება. მანამდე კერძო და სახელმწიფო კომპანიებმა მოძრავი შემადგენლობის განაწილებასთან და მის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული საკითხები უნდა მოაგვარონ, ასევე იურიდიულ დონეზე გამიჯნონ ურთიერთქმედების პროცედურები.

პუნქტუალობისა და ჰიგიენის მოთხოვნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან კერძო კომპანიისთვის ხარისხის ინდიკატორები დაწესდება.

პროცესების კოორდინაცია სახელმწიფოს ეკისრება, კერძოდ, ის განსაზღვრავს მგზავრთა გადაყვანის მომსახურების მოცულობას და უზრუნველყოფს ამ გადაზიდვების სუბსიდირების საკითხს, ასევე განახორციელებს ზედამხედველობას.

მთავარი შეკითხვაა სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის მიერ სუბსიდირებული სამგზავრო მატარებლების კერძო ოპერატორისთვის განაწილების საკითხი.

სახელმწიფო ჩაერთვება ახალი მოძრავი შემადგენლობის განაწილების პროცესში. კერძოდ, კერძო ოპერატორი იჯარით აიღებს ახალ Škoda-ს რეგიონულ მატარებლებს, რომლებსაც ჩეხი მწარმოებელი ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიაწვდის. ეს მატარებლები (25 ერთეული) ევროპული სუბსიდიებითაა შეძენილი.

ტრანსპორტის სამინისტრო განსაზღვრავს, თუ როგორ გადანაწილდეს ახალი მოძრავი შემადგენლობები კერძო და სახელმწიფო ოპერატორებს შორის.

სახელმწიფოსგან ახალი სამგზავრო მოძრავი შემადგენლობის იჯარის გარდა, კერძო კომპანიას დამოუკიდებლად საკუთარი მოძრავი შემადგენლობის შეძენა შეუძლია.

ძველი მატარებლები BDZ Passenger Transportation-ს დარჩება. ამავდროულად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიას კერძო კონკურენტი კომანიისათვის საბაზრო პირობებით მათი იჯარით გაცემა შეეძლება.

ახალი მატარებლები სატრანსპორტო მომსახურების მოცულობის ტრაფიკის პროპორციულად გადანაწილდება. კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, სამგზავრო შემადგენლობები სახელმწიფოს გამართულ მდგომარეობაში დაუბრუნდება. ცხადია, პირველ ეტაპზე კერძო გადამზიდავი უბრალოდ გამოიყენებს სახელმწიფოსგან იჯარით აღებულ მატარებლებს და არ შეიძენს ახლებს.

კერძო კომპანიას სოციალური ვალდებულებების შესრულება მოუწევს. კერძოდ, სახელმწიფო BDZ Passenger Transportation-დან 800 თანამშრომელს, მათი სურვილის შემთხვევაში, არსებული სამუშაო პირობების შენარჩუნებით Ivkoni Express-ში დაასაქმებს.

ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, 2027 წლისთვის იგეგმება მატარებელ-კილომეტრზე სუბსიდიის 50 % -ით, ამჟამინდელი 6 ევროდან 9 ევრომდე გაზრდა. აღნიშნული თანხა დაფარავს არა მხოლოდ საოპერაციო ხარჯებს, არამედ მოდერნიზაციაში, უსაფრთხოებასა და გაუმჯობესებულ მოვლა-შენახვაში ჩადებულ ინვესტიციებსაც.

როგორც სახელმწიფო ასევე კერძო კომანიისათვის, სუბსიდიებით დაფინანსებული მგზავრთა გადაყვანის მომსახურების მოგება ლიმიტირებულია და კანონით 3.57%-ის ზღვრამდე იქნება შეზღუდული.

კერძო კომპანიის პოტენციური უპირატესობა ხარჯების მკაცრი კონტროლი და მოქნილი მენეჯმენტია. რისკი – სარკინიგზო სექტორში გამოცდილების ნაკლებობა და პირველი თვეების განმავლობაში რთული გარდამავალი პერიოდია.

ფინანსური ანალიტიკოსების ვარაუდით, კერძო ოპერატორი Ivkoni Express-ი სახელმწიფო რკინიგზის ოპერატორს „ჯანსაღ კონკურენციას“ შეუქმნის.

ბულგარეტის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ამჟამად რკინიგზის ინფრასტრუქტურის შეკეთების 40-ზე მეტი პროექტი ხორციელდება – ბულგარეთის რკინიგზის სრული მოდერნიზაცია 2029 წლისთვის არის ნავარაუდევი.

დასკვნის სახით – ევროკავშირის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოს, ბულგარეთის, სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანების სფეროს ლიბერალიზაციის მოდელის გაანლიზება, ნათლად წარმოაჩენს, დარგში სამოქმედო სტრატეგიის და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას. საქართველოს სამგზავრო გადაყვანების სისტემური განახლება ქვეყანას ანალოგიური პროცესის გაზიარების წინაშე დააყენებს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

შუა დერეფნით საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის დინამიკა ყაზახეთს კასპიის ზღვაზე ერსაის ნავსადგურში ახალი საკონტეინერო სიმძლავრეების დამატებისკენ უბიძგებს

Next Post

ევროკავშირში საავტომობილო გადაზიდვების თანმხლები დოკუმენტები მხოლოდ ციფრულ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი – რატომ ფერხდება საქართველოში ნებართვების ელექტრონული გაცვლის მექანიზმის ამოქმედება?

Related Posts

საქართველოში Stadler Rail-ის რეგიონული ქარხნის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, შვეიცარიული მხარე 600 სამგზავრო ვაგონს ყაზახეთში აშენებს

ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში ეტაპობრივად ევროპული ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებას – სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ინდუსტრიას ავითარებს. რისი რეალური დადასტურებაცაა…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის  ტვირთნაკადების ფორმირებაში  ცენტრალური აზიის ქვეყნების მონაწილეობა დაბალია

2023 წელს ყაზახეთის რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვებმა – 92 მლნ ტონა შეადგინა, ამ მოცულობის მხოლოდ უმნიშვნელო – 1.8 %…
მეტის ნახვა

საზღვაო სავაჭრო ფლოტის აღდგენის და საზღვაო დროშის ბიზნესის განვითარების რა პერსპექტივა გააჩნია საქართველოს?  (ნაწილი მეორე)

გარდა იმისა, რომ საქართველოს საზღვაო ქვეყნისთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი გააჩნია, ნავსადგურების ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მეზღვაურების მომზადებისა და დასაქმების სისტემით…
მეტის ნახვა
top 10 online casinos Canada top real money casinos for Canadians no deposit bonus casino Canada online casinos ranked Canada 2026 offshore casino Canada