
ლევან ლომსაძე
შპს “GeoRail-Consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორი
სარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი
ბელგიიდან – ყირგიზეთში თურქეთის რკინიგზის, შემდგომ – ახალქალაქის სასაზღვრო სადგურის, ყარსი – თბილისი – ბაქოს ერთობლიობაში შუა დერეფნის გამოყენებით საპილოტე ინოვაციური გადაზიდვის მარშრუტი ამოქმედდა.
სადღეისოდ შუა დერეფნის გადაულახავ პრობლემად ტვირთნაკადების მოძრაობის დისბალანსი სახელდება, კერძოდ, შუა დერეფნის გავლით ევროპიდან – აზიისკენ მიმავალი ტვირთნაკადების მოცულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება აზიიდან – ევროპის მიმართულებით გადაზიდვების მოცულობას. ფაქტობრივად, ევროპა – აზია – ევროპის სატრანსპორტო გადაზიდვების ღერძზე ევროპიდან – აზიის მიმართულებით „რევერსული“ ტვირთების მწვავე დეფიციტი შეიმჩნევა.
შუა დერეფნის გამოყენებით ევროპა – აზია – ევროპის მიმართულებით ტვირთნაკადების ასიმეტრიული გადაზიდვების პირობებში, დატვირთული კონტეინერის უმეტესობა დაცლის შემდგომ სახმელეთო მარშრუტით ცარიელი ბრუნდება დანიშნულების ადგილზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტრანსპორტირების ხარჯებს და სხვა ალტერნატიულ მარშრუტებთან მიმართებით ამცირებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
2025 წლის მონაცემებით, კასპიის ზღვაზე დატვირთული კონტეინერების რაოდენობა აქტაუდან – ბაქოს მიმართულებით 2.5-ჯერ აღემატებოდა ბაქოდან – აქტაუს მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებს. ასეთი თანაფარდობა გადაზიდვების უთანაბრობაზე და ევროპული ნაწილიდან „რევერსული“ ნაკადის ნაკლებობაზე მიუთითებს.
შედარებისთვის, 2025 წელს რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთ დერეფნის გამოყენებით პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით სატვირთო საკონტეინერო ბლოკმატარებლების რაოდენობა ჩინეთიდან -ევროპის მიმართულებით გაგზავნილ ბლოკ მატარებლების რეისებს აღემატებოდა.
ჩრდილოეთ მიმართულებით რევერსული ნაკადის არსებობა ნებისმიერი დერეფნისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გადაზიდვების მომგებიანობის მარჟის გასაზრდელად და აუცილებლობის შემთხვევაში სატარიფო ფასდაკლების განსახორციელებლად.
სწორედ არსებული დისბალანსის აღმოფხვრით იყო განპირობებული 2026 წლის მარტში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ასოციაციის მიერ ევროპული ნაწილიდან აღმოსავლეთის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებზე დამატებითი სატარიფო პრეფერენციების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
კერძოდ, შუა დერეფნის ქვეყნები შეთანხმდნენ ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებიდან ყაზახეთისა და ჩინეთის მიმართულებებით დატვირთულ კონტეინერზე 50 %-იანი ფასდაკლების გამოყენების შესახებ.

ანალოგიურად, თურქეთიდან – ყაზახეთის, ჩინეთის და ყაზახეთის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით დატვირთულ კონტეინერზე 33 %-იანი ფასდაკლებების გამოყენების შესახებ.
ბუნებრივია, TITR ასოციაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანს შუა დერეფნის გავლით ევროპიდან – აზიის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების სტიმულირება და არსებული „დისბალანსის“ აღმოფხვრა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ TITR ასოციაციის მიერ სატარიფო შეღავათების დაწესების შედეგად მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ბელგიიდან თურქეთის რკინიგზის, შემდგომ ბაქო – თბილისი ყარსის და შუა დერეფნის გამოყენებით ყირგიზეთის დანიშნულებით 11 ერთეული Swap Body-ის (გადასადგმელი ძარა) ტიპის სარკინიგზო ვაგონ-პლატფორმა გაიგზავნა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გადაზიდვა განხორციელდა ახალი ლოგისტიკური მარშრუტით, კერძოდ, 11 ვაგონისგან შემდგარი სატვირთო შემადგენლობა (აღნიშნული ვაგონები სხვა ვაგონებთან ერთად იყო ჩართული ერთიან სატვირთო მატარებლის შემადგენლობაში) სტამბოლის მახლობლად მდებარე თურქული კიოსეკოის ტერმინალიდან გამოვიდა.

კიოსეკოის ტერმინალი სტამბოლთან სიახლოვეს თურქეთის მძლავრ სარკინიგზო ლოგისტიკურ კვანძს წარმოადგენს, რომელიც აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ჩინეთის მიმართულებებით ბლოკმატარებლების ფორმირებისთვისაა განკუთვნილი.
გადაზიდვა Swap Body-ის გადასადგმელი ძარით აღჭურვილი რკინიგზის პლატფორმების გამოყენებით განხორციელდა.
საპილოტე გადაზიდვა ფაქტობრივად, როგორც შუა დერეფნისთვის, ასევე ბაქო – თბილისი – ყარსის მონაკვეთისთვის გადაზიდვის ინოვაციური ლოგისტიკური გადაწყვეტის პრაქტიკულ დანერგვას წარმოადგენს.

Swap body კლასიკური კონტეინერისგან განსხვავებით დასაკეც/გასაშლელი ფეხებით აღჭურვილ გადასადგმელ ძარას წარმოადგენს. გემზე პირდაპირი გადაზიდვისთვის ნაკლებად გამოიყენება და ძირითადად სარკინიგზო + საავტომობილო ტრანსპორტირებისთვისაა ადაპტირებული.
თურქეთის სარკინიგზო მაგისტრალის გავლის შემდგომ ახალქალაქში განხორციელდა გადასადგმელი ძარის ხიდურა ამწით ევროპული 1435 მმ ლიანდაგიდან 1520 მმ სტანდარტულ ვაგონ-პლატფორმაზე გადატვირთვა.

ევროპიდან – ცენტრალური აზიის მიმართულებით საპილოტე შემადგენლობის გატარების ინოვაციურ ლოგისტიკურ გადაწყვეტას შუა დერეფნისთვის პრაქტიკული შედეგი გააჩნია.
საქართველო დერეფანში ხდება ინტერმოდალური გადაზიდვების აქტიური და სტრატეგიული მოთამაშე, ევროპიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით იზიდავს ახალ „რევერსულ“ ტვირთნაკადებს.
ლოკალურ დონეზე აქტუალობას იძენს ნაკლებად დატვირთული ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის მარაბდა – ყარწახის მონაკვეთის ამოქმედება. გარდა ამისა, ახალქალაქის სარკინიგზო სადგური იძენს დამატებით მიმზიდველობას და უჩნდება შესაძლებლობა, მძლავრ გადამტვირთავ კვანძთან ერთად, ახლო მომავალში ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივა.
ახალი ლოგისტიკური მარშრუტის ამოქმედება ხელს უწყობს რეგიონებს შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ასევე იზრდება Swap body carrier wagon-ებზე მოთხოვნა.
გარდა ამისა, ონოვაციური გადაზიდვების პირობებში გაიზრდება ბაქო – თბილისი – ყარსის მაგისტრალის მარაბდა კარწახის მონაკვეთზე მატარებლების ოპერაციული სიჩქარე, რაც თანხვედრილი იქნება ახალქალაქის კვანძში გადატვირთვის ოპერაციების დაჩქარებასთან და საბაჟო პროცესების სინქრონიზაციასთან.