ბოლო პერიოდში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ხშირად შეხვდებით საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და სომხეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ზანგეზურის დერეფნის არა როგორც კონკურენტი, არამედ როგორც ურთიერთშემავსებელი სატრანსპორტო არტერიების შესახებ მოსაზრებას.
გვინდა ერთი კონკრეტული საწარმოს და მის მიერ გამოშვებული პროდუქციის მაგალითზე ნათლად წარმოვაჩინოთ, ტვირთების დაკარგვის თვალსაზრისით, თუ როგორი მძაფრი კონკურენციის წინაშე აღმოჩნდება შუა დერეფანი.
სომხეთს დიდი რაოდენობით სამთო საბადოები გააჩნია, საიდანაც ისეთი ლითონების მოპოვება ხდება, როგორიცაა სპილენძი, მოლიბდენი, ოქრო და რკინა.
სამთო მოპოვებას მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. საომარ პირობებში სატრანსპორტო დერეფნების ბლოკირების შედეგად მათი მოპოვება მთელ რიგ რეგიონებში შეჩერებული იყო, მაგრამ, სადღეისოდ, რიგი საწარმოები განაგრძობენ ფუნქციონირებას.
საბადოების ძირითადი ნაწილი ლორის, სიუნიქისა და კოტაიქის რეგიონებშია თავმოყრილი.
სომხეთში აღმოჩენილი რკინის მადნის დიდი მარაგები სადღეისოდ დაკონსერვებულია. დიდი ალბათობით, სატრანსპორტო არტერიების დებლოკირების პარალელურად, განახლდება მათი ათვისება. მათ შორის გამოსაყოფია კოტაიქის რეგიონში – რაზდანის (77 მილიონი ტონა მარაგი) და აბოვიანის საბადო (250 მილიონი ტონა მარაგი). აღნიშნული საბადოები მაღალი ხარისხის მადნით და საჭირო ინფრასტრუქტურაზე მარტივი წვდომით ხასიათდება.
უშუალოდ ზანგეზურის დერეფნის სიახლოვეს, სიუნიქის რეგიონში, აღმოჩენილია ლითონის მადნის ერთ – ერთი დიდი მარაგები (1 500 მილიონი ტონა), მაგრამ უფრო დაბალი ხარისხის – სვარანცის საბადო.

როგორც აღვნიშნეთ, სამივე საბადო სადღეისოდ დაკონსერვებულია, მაგრამ სომხეთში წარმატებით ფუნქციონირებს ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის მომპოვებელი კომბინატი, რომელიც ქვეყნის სამთომოპოვებითი ინდუსტრიის ფლაგმანია.
კომპანია მსოფლიოში მოლიბდენის 10 უმსხვილეს მწარმოებელთა შორისაა. კომბინატი წელიწადში 22 მლნ ტონა მადნის მოპოვება – გადამუშავებას ახორციელებს.
2024 წელს სომხეთის სამთომოპოვებითმა ინდუსტრიამ 900 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე. ამ მოცულობის უმეტესი ნაწილი ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატზე მოდიოდა.
დღესდღეობით ინდუსტრიის წილი ქვეყნის მშპ-ს 7%-ს შეადგენს. ზანგეზურის კომბინატს ამბიციური მიზანი გააჩნია სამი წლის განმავლობაში მადნის გადამუშავების რეკორდულ – 30 მლნ ტონამდე გაზრდა წელიწადში.

ქვეყნის წამყვან სამთო კომპანიაში 4 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ქარხანა ამუშავებს კაჯარანის საბადოს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია და რომლის მადნის მარაგი თითქმის 2 მილიარდ ტონას შეადგენს. მინერალები იქ ღია კარიერული მეთოდით მოიპოვება.
ზანგეზურის კომბინატი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია – 2024 წელს ბიუჯეტში 255 მლნ დოლარი გადარიცხა.
2024 წლის ექსპორტის მოცულობა 220 000 ტონა სპილენძის და 30 000 ტონა მოლიბდენის კონცენტრატი შეადგინა. ექსპორტი ძირითადად ევროპასა და ჩინეთში განხორციელდა.
ჩინეთი – რკინის მადნის მსოფლიოში უდიდესი მომხმარებელი და იმპორტიორია. ჩინეთის მხრიდან რკინის მადნის მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩინეთში რკინის მადნის იმპორტი 70 მილიონი ტონიდან 1 მილიარდ ტონამდე გაიზარდა.
სომხეთში წარმოებული სამთო მრეწველობის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ტრანსპორტირება, ზანგეზურის დერეფნის უმოქმედობის გამო, სადღეისოდ ორ ვარიანტით ხორციელდება:
• საქართველოს რკინიგზისა და ნავსადგურების გავლით, საზღვაო გზით ჩინეთში;
• ირანის ბანდარ-აბასის ნავსადგურის გავლით, საზღვაო გზით ჩინეთში. ბანდარ-აბასის ნავსადგურამდე ტრანსპორტირება ხორციელდება სატვირთო ავტოტრანსპორტით.
ორ მარშრუტს შორის უპირატესობა საქართველოს მიმართულებას გააჩნია, რადგან ავტოტრანსპორტით ირანის უკიდურეს ბენდერ-აბასის ნავსადგურამდე ტრანსპორტირება ლოგისტიკის თვალსაზრისით გაზრდილ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
სომხეთ – აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებისა და სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირების შედეგად, ახალ რეალობაში, დერეფნების რაოდენობა ორის ნაცვლად ხუთამდე გაიზრდება.
ფაქტობრივად ორ არსებულს სამი დერეფანი დაემატება, რაც ბუნებრივია მძლავრ კონკურენციას შეუქმნის შუა დერეფანს.
იკვეთება დამატებით სამი ახალი დერეფანი, რომლითაც შესაძლებელია სომხეთის სამთო მოპოვებული საბადოებიდან პროდუქცია ჩინეთის მიმართულებით გადაიზიდოს:
ა) ყარსი – გიუმრიზე გამავალი თურქეთ – სომხეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მიმართულება – სომხეთის პროდუქცია თურქეთის ნავსადგურების გავლით შეძლებს ჩინეთამდე მიღწევას;
ბ) ნახიჩევანიდან ჯულფის სარკინიგზო კვანძის გახსნით და ბენდერ-აბასამდე პირდაპირი სარკინიგზო დერეფნის გამოყენებით, სომხეთის პროდუქციას შესაძლებლობა ეძლევა ირანის უკიდურეს ნავსადგურამდე ავტოტრანსპორტის რკინიგზით ჩანაცვლებით მიაღწიოს, რაც უდაოდ დაზოგავს ლოგისტიკის ხარჯებს;
გ) ზანგეზურის (სიუნიქის მონაკვეთი) დერეფნის გახსნით ყველაზე მოხერხებული იქნება რკინიგზით პირდაპირი მიმართულებით ჩინეთამდე გადაზიდვის განხორციელება.
აღნიშნული დერეფანი, თუნდაც ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის სიახლოვის გამო, ლოგისტიკის თვალსაზრისით ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდება ყველა სხვა დერეფნებთან შედარებით.
ერთი კონკრეტული საწარმოს და მის მიერ გამოშვებული პროდუქციის მაგალითზე შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ სადღეისოდ საქართველოზე გამავალ დერეფანს რეგიონში სამი დამატებითი კონკურენტი გაუჩნდება.
სომხეთ – აზერბაიჯანს შორის დერეფნების დებლოკირების პროცესი საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის არა ტვირთნაკადებით დამატებითი შემავსებელი ფაქტორია, არამედ მისი კონკურენტულ „არტახებში“მოქცევის პროცესის დასაწყისი.
იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს შუა დერეფნით რა მოცულობის ტვირთნაკადის დაკარგვაა მოსალოდნელი, სომხეთის ერთი საწარმოს ანალოგის საფუძველზე, აუცილებელი არსებული ტვირთნაკადების კომპლექსური კველევის ჩატარება.