მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ნოვოროსიისკის ნავსადგურში უკრაინის უპილოტო ნავების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, კასპიის მილსადენების კონსორციუმის CPC საზღვაო ტერმინალში ყაზახური ნედლი ნავთობის მიწოდება დროებით შეწყდა.
გამორიცხული არ არის, ყაზახური ნავთობის ნოვოროსიისკის გავლით კასპიის მილსადენების კონსორციუმის CPC მეშვეობით ტრანსპორტირების შეზღუდვების მზარდი რისკის გათვალისწინებით, ყაზახეთმა ბათუმის ნავთობტერმინალში რკინიგზის საშუალებით გაზარდოს გადატვირთვა, რითაც კიდევ უფრო მეტ დატვირთვას შეიძენს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი.
გვინდა დღევანდელი ანალიტიკა ბათუმის ნავთობტერმინალში ყაზახური ნავთობნაკადის გატარების არსებულ მდგომარეობას დავუთმოთ, კერძოდ, თუ როგორ სრულდება საქართველოსა და ყაზახეთის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულება ყაზახური მხარის მიერ ბათუმის ტერმინალით გარანტირებული ნავთობნაკადით უზრუნველყოფის თაობაზე.
სადღეისოდ, ბათუმის საზღვაო ნავსადგურს, ყაზახური KazTransOil-ი მისი შვილობილი კომპანიის – ბათუმის ნავთობტერმინალის – მეშვეობით მართავს.
საქართველოსა და ყაზახეთის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება, თუ ბათუმის ნავთობტერმინალი ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ვერ უზრუნველყოფს წელიწადში მინიმალური 4 მილიონი ტონა ნავთობის გადატვირთვის მოცულობის ვალდებულებას.
.
გარდა ამისა, თუ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მოცულობა წელიწადში 6 მლნ ტონაზე ნაკლები იქნება, ბათუმის ნავთობტერმინალი ვალდებული იქნება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაკლებული ნავთობის ყოველ ტონაზე გადაიხადოს ჯარიმა.
ჯარიმის ოდენობა, მიბმული გარანტირებული ტვირთის მოცულობაზე და შემდეგი წესით გამოითვლება:
თუ ერთი მილიონი ტონის ფარგლებში ვერ შესრულდება გადატვირთვის მოცულობა, მაშინ ბათუმის ნავთობტერმინალი ჯარიმის სახით გადაიხდის ყოველ დაკლებულ ტონაზე 0.1 აშშ დოლარს.
თუ ორი მილიონი ტონის ფარგლებში ვერ შესრულდება გადატვირთვის მოცულობა, ჯარიმა ყოველ დაკლებულ ტონაზე 0.2 აშშ დოლარს შეადგენს.
ორი მილიონი ტონის ზემოთ გადატვირთვის მოცულობის ვერ შესრულების პირობებში, ჯარიმა ყოველ დაკლებულ ტონაზე 1 აშშ დოლარს შეადგენს.
ბათუმის ნავთობტერმინალში 2014 – 2024 წწ. გადატვირთვის მოცულობის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხოლოდ 2017-2020 წლებში ვერ შეძლო ტერმინალმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 მლნ ტონის გატარება; ფაქტობრივად, ყაზახურმა მხარემ მხოლოდ ამ წლებში მცირედით ვერ შეასრულა გატარების მოცულობები (იხ. დიაგრამა).
გარკვეულწილად, ჩვენს მიერ მომზადებული ანალიტიკა ემყარება ყოველწლიური აუდიტორული შემოწმების ანგარიშებს და მონაცემებს.
აუდიტორული ანგარიშების მიხედვით, ბათუმი ნავთობტერმინალი შესრულებულ პირობათ ასახელებს, ტერმინალამდე მოტანილ და ტერმინალში გადატვირთული ნავთობის ჯამურ მოცულობას, ფატქიურად მათ მიერ მოტანილი ტვირთი აღირიცხება ორჯერ, ბუნებრივია ასეთი აღრიცხვის პირობებში გარანტირებული ტვირთის მოზიდვის პირობა ითვლება შესრულებულად. (ტვირთების აღწერის ასეთი მეთოდი მოითხოვს დამატებით შესწავლას).
დანარჩენ წლებში ბათუმის ნავთობტერმინალმა უზრუნველყო გარანტირებული ნავთობნაკადის მოზიდვა. ბოლო 10 წელიწადში 2014 წელს დაფიქსირდა მაქსიმალური მაჩვენებელი -7.8 მლნ ტონა.

ბათუმის ნავთობტერმინალისთვის სარეკორდო იყო 2006 წელი, როდესაც ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაცლის მაჩვენებელმა 11 575 000 ტონა შეადგინა, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება ტერმინალის შესაძლებლობა, გაუთვალისწინებელ პირობებში გაატაროს დამატებითი ნავთობნაკადი.
2025 წლის 9 თვის აუდიტირებული ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ნავთობტერმინალით გატარების მოცულობამ 5.5 მილიონი ტონა შეადგინა (2024 წლის პირველი ცხრა თვისთვის – 5 მილიონი ტონა).
ბათუმის ნავთობტერმინალი მიმდინარე წლის ბოლომდე 6 მილიონი ტონის გადატვირთვის მოცულობის ვალდებულების შესრულებას ვარაუდობს.
ბათუმის ნავთობტერმინალი ოპერირებს 132 რეზერვუარით, რომელთა საერთო სასარგებლო ტევადობა 400 ათას ტონას შეადგენს.

ნავთობტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა 12 მლნ ტონაა. ტერმინალში მოწყობილია 6 სარკინიგზო ჩამოსასხმელი ესტაკადა, სადაც დღეში 700 ვაგონ ცისტერნის მომსახურება ხორციელდება.
2024 წელს ნავთობპროდუქტების გადატვირთვის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 20.2 მლნ დოლარი შეადგინა.
ნავთობნაკადით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ხელშეკრულებაში გარანტირებული ტვირთის მოცულობის ინდიკატორის (6 მლნ ტონა) დაფიქსირება, დადებითად უნდა იქნეს განხილული, რადგანაც, ერთის მხრივ ფინანსურად მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდა, მომიჯნავე სარკინიგზო სექტორი, მეორეს მხრივ, მუდმივ მზადყოფნაშია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი, რაც თავის მხრივ იძლევა შესაძლებლობას, საომარ პირობებში რუსეთში ამა თუ იმ მილსადენის ბლოკირების შემთხვევაში, ყაზახური ნავთობი მყისეურად იქნეს გადმომისამართებული საქართველოს მიმართულებით.
წყარო: ბათუმის ნავთობტერმინალის აუდირებული ანგარიშები: