ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ახლახანს ვენაში გამართულ „თურქული სახელმწიფოების კვირეულის“ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას IRU-ს გენერალურმა მდივანმა უმბერტო დე პრეტომ განაცხადა:
„შუა დერეფნის გასწვრივ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობა სწრაფად იზრდება, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის გადაზიდვების მოცულობები გასამმაგდება, თუმცა, დერეფნის სახელმწიფოებს შორის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გაუმჯობესების გარეშე, გადაზიდვების მოთხოვნა მოსალოდნელ ზრდასთან შედარებით 35%-ით შემცირდება.“
2022 წლიდან მოყოლებული მრავალმა ლოჯისტიკურმა გადამზიდავმა კომპანიამ სიცოცხლისუნარიანი სატრანსპორტო ალტერნატივის ძიების პროცესში შუა დერეფანს მიაშურა.
ბუნებრივია, საავტომობილო გადაზიდვების შუა დერეფნისკენ გადმორთვა საქართველოს საავტომობილო მონაკვეთზეც დადებითად აისახა; მხოლოდ ერთ წელიწადში, იგულისხმება 2022 წელი, სატრანზიტო გადაზიდვები 50%-ით გაიზარდა.
მოსალოდნელი იყო, რომ პროცესი აღმავალი ტრენდით გაგრძელდებოდა, მაგრამ რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა.
მომდევნო წლებში ზრდის დინამიკის ნაცვლად შუა დერეფნის საქართველოს საავტომობილო გზებზე სატრანზიტო გადაზიდვებმა დაღმავალი ტენდენცია მიიღო.
2023 წელს ტრანზიტად საქართველო გადაკვეთა – 514 300 ერთეულმა სატვირთომ, 2024 წელს – 513 600 ერთეულმა, 2025 წელს – 489 500 ერთეულმა.
2023-2025 წლებში საქართველოს დერეფნის სატრანზიტო მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტული გადაზიდვების 5%-იანი შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა.
გადაზიდვების კლების მიზეზებს შორის გადამზიდავი კომპანიები და ცალკეული მძღოლები ერთ-ერთ ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორად გაჭიანურებულ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურებს ასახელებენ.
ასეთ პირობებში გადამზიდველები შუა დერეფნის მთელ სიგრძეზე გადაულახავ პრობლემას – სასაზღვრო გადასასვლელებზე გაჭიანურებულ პროცედურებს და არასაკმარის გამტარუნარიანობას – წააწყდნენ, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირი IRU-ს შეფასებითაც დერეფნის ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენს.

IRU-ს მოსაზრებით, ხშირ შემთხვევაში საავტომობილო გზების მოწყობაში დაბანდებული ინვესტიციები არაეფექტურადაა მიჩნეული, თუ სატვირთო ავტოტრანსპორტი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დღეების განმავლობაში არის დაყოვნებული.
საზღვარზე ერთი დღით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ფინანსური დანაკარგი შესაძლოა ასობით კილომეტრ გავლილ მანძილს უტოლდებოდეს.
საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის IRU-ს რეკომენდაცია თვალნათლივ ეხმიანება სექტორში დასაქმებული ქართველი გადამზიდველი მძღოლის მოსაზრებას, რომელიც საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე დაგროვილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას – „ამხელა მანძილებს გავდივართ, ათასი წინაღობის გავლა გვიწევს, მოადგები ღამენათევი, ნანერვიულები, გადაღლილი ქვეყნის საზღვარს და იქ კიდევ ღამეების თევა გიწევს. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეგვიწყონ და უსაფრთხოდ განვახორციელოთ გადაზიდვა, ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს საზღვრებზე გველოდება“.

რომ დავუბრუნდეთ IRU-ს გენერალური მდივნის მოსაზრებას, მან ცალსახად აქცენტი გადაიტანა შუა დერეფნის სახელმწიფოებს შორის საზღვრების გადაკვეთისას პროცედურების გამარტივებაზე და გადაკვეთის პროგნოზირებადობაზე.
უფრო მეტიც, მიუხედავად სახელმწიფოებს შორის დეკლარირებული პოლიტიკური ვალდებულებისა, სასაზღვრო გადასასვლელები შუა დერეფნის ყველაზე სუსტ რგოლად რჩება.
საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის IRU-ს კვლევის შედეგად გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები:
საზღვრებზე სატრანსპორტო საშუალებების ხანგრძლივი ლოდინის დრო, დერეფნის მთელ სიგრძეზე განმეორებითი მონიტორინგი და პერსონალის კოორდინაციის ნაკლებობა;
სატრანზიტო გადაზიდვების განხორციელებისას სასაზღვრო გამშვები პუნქტების არასაკმარისი გამტარუნარიანობა;
კასპიის ზღვის საბორნე კომპლექსების შეზღუდული გამტარუნარიანობა და გაზრდილი დროის ხანგრძლივობა;
საზღვრებთან არასაკმარისი საპარკინგე ინფრასტრუქტურისა და მძღოლებისთვის შეუსაბამო დასვენების პირობების შეთავაზება;
დერეფნის საზღვრებზე ინსპექტირების შედეგების სუსტი ურთიერთაღიარება.
IRU-ს პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა: „TIR სისტემა უზრუნველყოფს გლობალურად აღიარებულ ჩარჩოს, რომელიც დაფუძნებულია საბაჟო კონტროლის პროცედურების ურთიერთაღიარებაზე, საერთაშორისო გარანტიასა და დალუქული საქონლის უსაფრთხო გადაადგილებაზე. ფიზიკური შემოწმების, დოკუმენტაციის დუბლირებისა და ოპერატორებისთვის გაურკვევლობის შემცირებით, TIR განსაკუთრებით კარგად შეეფერება ტრანსრეგიონულ დერეფნებს, როგორიცაა შუა დერეფანი“.
საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირი IRU-ს შემაჯამებელი რეკომენდაციით – „სასაზღვრო გადასასვლელებზე შემაფერხებელი ფაქტორები ძირს უთხრის დერეფნის საიმედოობას, ზრდის ხარჯებს და ამცირებს მის კონკურენტუნარიანობას“.
რაც შეეხება საქართველოს – სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ პროცესში დროული ჩართულობა ხელს შეუწყობდა საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვების შემცირების ტენდენციების ლოკალიზებას და კონკურენტუნარიანობის დაქვეითების ტენდენციის შეჩერებას.