უზბეკეთი ახალი ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას აანონსებს, რომელიც ტაშკენტის აეროპორტსა და ტურისტულ სამარყანდს დააკავშირებს. ახლახანს სამხრეთ კორეულმა კომპანია Saman Engineering-მა ჩქაროსნული მარშრუტის სამი ვარიანტი წარმოადგინა.
უზბეკეთის მაგალითზე სიანტერესოა – საქართველოს, რომელიც შუა დერეფნის საკვანძო სახელმწიფოს წარმოადგენს, ესაჭიროება ჩქაროსნული რკინიგზა? არსებობს ქვეყანაში ჩქაროსნული მოძრაობის განვითარების კვლევა? რა ვადაშია შესაძლებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ჩქაროსნული მოძრაობისთვის გადაწყობა, ან როგორი იქნება მოძრაობის სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი? ჩქაროსნულ მოძრაობასთან მიმართებით როგორი ტენდენციები არსებობს მეზობელ სახელმწიფოებში?
ყველა ჩამოთვლილი საკითხი მოითხოვს გააზრებას, უფრო მეტიც – სისტემურ საინვესტიციო ხედვად ჩამოყალიბებას. არის კი მზად საქართველო სარკინიგზო დარგის ახალ რელსებზე გადასაწყობად?
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობამ 2023 წელს – ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობების შესასწავლად – კვლევის ჩატარება დაანონსა, რაზეც მსოფლიო ბანკმა 368 000 დოლარი გამოყო.
კვლევის ძირითად ამოცანას საქართველოში მაღალი ხარისხის სამგზავრო და სატვირთო სარკინიგზო სერვისებთან ერთად, ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლის განხორციელების ჭრილში, საქართველოს სარკინიგზო ქსელის განვითარების გეგმის მომზადება წარმოადგენდა.
დასრულებული კვლევის შედეგები დღემდე არ გამოქვეყნებულა, ბუნებრივია, საექსპერტო წრეებშიც არ განხილულა, შესაბამისად, კვლევის შინაარსობრივ მხარეზე საუბარი შეუძლებელია.
სავარაუდოდ, ხელისუფლებისთვის საქართველოს რკინიგზის ჩქაროსნულად გადაკეთება ფინანსურად ტევადი ღონისძიება აღმოჩნდა და არსებული ტვირთნაკადების პირობებში არამომგებიანი.
აუცილებელია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ნებისმიერ ქვეყანაში რკინიგზების მოდერნიზაცია არა მოგებაზე ორიენტირებულ ღონისძიებად განიხილება, არამედ ქვეყნის განვითარების პერსპექტიულ შესაძლებლობად.
დღევანდელი ანალიტიკა გვინდა დავუთმოთ უზბეკეთში ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის მშენებლობისა და ჩქაროსნული სამგზავრო მატარებლების შემოყვანის პერსპექტივებს.
პროექტის მიხედვით, ტაშკენტსა და სამარყანდს შორის 300 კმ სიგრძის მარშრუტის დაფარვას ჩქაროსნული მატარებელი საშუალოდ საათსა და ორმოც წუთში შეძლებს.
ჩქაროსნული მატარებლის საშუალო სიჩქარე წარმოდგენილი სამივე ვარიანტისთვის სხვადასხვაა და 170 – 190 კმ/სთ-ის ფარგლებში მერყეობს.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა კორეის ექსიმბანკის მხარდაჭერით მომზადდა, რისთვისაც სპეციალური გრანტი იყო გამოყოფილი.

არსებული სარკინიგზო ქსელის გამტარუნარიანობა მგზავრთა და ტვირთების გადაზიდვების ერთდროული გამოყენების გამო შეზღუდულია.
უზბეკეთის მთავრობის განცხადებით, ჩქაროსნული რკინიგზა აშენდება ტაშკენტსა და სამარყანდს შორის, დაგრძელდება სამარყანდი–ნავოი–ბუხარას მიმართულებით. ჩქაროსნული რკინიგზის მრავალი ელემენტი წინა პერიოდში უკვე აშენებულია. საერთო ჯამში, ჩქაროსნულ მატარებელს ტაშკენტიდან ხივამდე, მარშრუტის ბოლო წერტილამდე, ნაცვლად 14 საათისა, 7 საათში შეეძლება მიაღწიოს.

ჩქაროსნული რკინიგზის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება 2026 წლის დასაწყისში დაიწყება. მშენებლობის დაფინანსება 2026 წლის ქვეყნის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.
ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის პროექტთან ერთად უზბეკეთი სინქრონულად ექვსი ერთეული ჩქაროსნული მოძრავი შემადგენლობის შეძენას გეგმავს, რისთვისაც Hyundai Rotem-მა უზბეკეთის რკინიგზასთან ექვსი ელექტრომატარებლის (სულ 42 ვაგონი) მიწოდებისა და მოვლა – შენახვის შესახებ კონტრაქტი 2024 წლის ივნისში გააფორმა.
პროექტის საერთო ღირებულება 220 მილიონ ევროდ არის შეფასებული. კორეის ექსიმბანკი უზბეკეთს 185 მილიონი ევროს ოდენობის სესხს 40 წლით გამოუყოფს, მათ შორის – 10 წლიანი შეღავათიანი პერიოდის გათვალისწინებით (წლიური 0.1%-იანი საპროცენტო განაკვეთით).
Hyundai Rotem-ის ტიპის ექვსი ჩქაროსნული მატარებლიდან პირველი უკვე გამოგზავნილია, დანარჩენები ეტაპობრივად ჩამოვლენ და მათი სრულფასოვანი ექსპლუატაციაში გაშვება 2026 წლისთვისაა ნავარაუდევი.
ჩქაროსნულ მატარებელს, რომელიც ტაშკენტი–ხივას მარშრუტს მოემსახურება, 260 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია და სპეციალურად უდაბნოს კლიმატისთვისაა ადაპტირებული.
გარდა ამისა, მატარებელი ადაპტირებულია ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი ტემპერატურისა და ქვიშის ქარიშხლებისადმი მდგრადი სისტემებით, ასევე განკუთვნილია დიდ დისტანციაზე მგზავრების გადასაყვანად.
მატარებლის დაჩქარებული ტემპით დასრულების შედეგად, ჩინეთიდან საზღვაო მარშრუტით უზბეკეთში ჩამოსვლა იანვარ–თებერვალში იგეგმება. დარჩენილი ხუთი მატარებლის მიწოდება 2026–2027 წლებშია მოსალოდნელი.

შემადგენლობის სიგრძე 175 მეტრია და მისი ტევადობა 390 მგზავრს შეადგენს, რომლებიც ვაგონების სამ კლასში – VIP, ბიზნეს და ეკონომში – არიან გადანაწილებული.
Hyundai Rotem ი Hyundai Motor Group-ის ნაწილია. კომპანია დაარსდა 1979 წელს და მას შემდეგ მსოფლიოში მატარებლებისა და ტრამვაის შემადგენლობის წამყვან მიმწოდებლად ჩამოყალიბდა.
კომპანიის მატარებლები გამოიყენება 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიასა და კანადაში. ცენტრალურ აზიაში Hyundai Rotem-ის პროდუქცია ექსპლუატაციაშია ყაზახეთში, სადაც კომპანიის მატარებლები ალმაათის მეტროს ემსახურებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ მეზობელი ქვეყნები ინტენსიურად ავითარებენ საკუთარი სარკინიგზო ქსელების ჩქაროსნულ მაგისტრალებად გადაკეთებას, შემუშავებული და დამტკიცებული აქვთ სახელმწიფო პროგრამები, იზიდავენ დონორების საინვესტიციო რესურსებს. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ჩვენ სახელმწიფოს გააჩნდეს – ქვეყნის სარკინიგზო მაგისტრალის ჩქაროსნულად გადაკეთების კონცეპტუალური ხედვა.