საქართველოს რკინიგზამ საომარი დაპირისპირების შედეგად გამოწვეული „შესაძლებლობის“- სატრანზიტო ტვირთნაკადის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება ვერ უზრუნველყო, უფრო მეტიც, სადღეისოდ სარკინიგზო გადაზიდვები კლების ტენდენციით ხასიათდება.
ფაქტიურად ვერ იქნა უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრივი პრიორიტეტი – დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობის სრულფასოვანი გამოყენება.
ახლახანს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნდა სატრანსპორტო დარგების, მათ შორის საქართველოს რკინიგზის 2025 წლის 6 თვის ფუნქციონირების ძირითადი მონაცემები.
ნათელია, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საომარი დაპირისპირების შედეგად, სადღეისოდ ახლებურად მიმდინარეობს სატრანსპორტო ნაკადების გადანაწილების და სხვადასხვა დერეფნების გასწვრივ ტვირთების დამკვიდრების შეუქცევადი პროცესი.
ბუნებრივია, ამ პროცესში საქართველოს უმთავრეს ამოცანას მასზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობის გაძლიერება და დამატებითი სატრანზიტო ტვირთების უსაფრთო გატარება წარმოადგენს.
ამ თვალსაზრისით ჩვენი ორგანიზაციის კვლევის და შეფასების ძირითად კრიტერიუმად, რეგიონში საომარი დაპირისპირების შემდგომ პერიოდში, საქართველოს რკინიგზის მიერ, მასზე გამავალი დერეფნით, დამატებითი ტვირთების მოზიდვის და ეკონომიკური შესაძლებლობის გაანალიზება წარმოადგენს.
კერძოდ, იზრდება თუ არა საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები, აქცენტი გადატანილი იქნება ძირითადად სატრანზიტო ტვირთებზე.
ამ შეფასების საფუძველზე განვსაზღვრავთ, თუ როგორ იყენებს სახელმწიფო მის ერთ – ერთ ძირითადი პრიორიტეტს – სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას.

შეფასებისათვის შერჩეულია საქართველოს რკინიგზის 2021წლის 6 თვე – 2025 წლის 6 თვე გადაზიდვების ხუთ წლიანი დიაპაზონი (იხ დიაგრამა).
უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში საომარი დაპირისპირების შედეგად, მყისეურად 2022 წლის 6 თვეში 2021 წლის 6 თვესთან შედარებით, საქართველოს დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების 28 % იანი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, სატრანზიტო ნაკადი გაიზარდა 3.2 მლნ ტონიდან 4.1 მლნ ტონამდე, ბუნებრივია, რომ ერთწლიან ჭრილში ასეთი ზრდა დადებითად იქნა შეფასებული.
სატრანზიტო გადაზიდვების ასეთი ზრდა, წინაპირობას იძლეოდა, რომ მომდევნო 2023, 2024 და 2025 წლებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებული იქნებოდა, რაც დადებითად აისახებოდა როგორც საქართველოს ნავსადგურებში ტვირთების გადამუშავებაზე ასევე ერთობლიობაში დერეფნის ფუნქციონირებაზე.
მაგრამ, რეალურად სატრანზიტო გადაზიდვები, ბოლო სამ წელიწადში არა თუ გაიზარდა არამედ 0.4 მლნ ტონით შემცირდა და 2025 წლის 6 თვეში 3.7 მლნ ტონის დონეზე დაფიქსირდა.
გარდა სატრანზიტო ტვირთნაკადისა, ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად მცირდება ადგილობრივი გადაზიდვები, კერძოდ 2025 წლის 6 თვეში, ადგილობრივმა გადაზიდვებმა ბოლო წლები მინიმალურ მნიშვნელობა 0.5 მლნ ტონა შეადგინა, რაც საერთო გადაზიდვების მხოლოდ 8 % ია.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი გადაზიდვების ასეთი შემცირების ტენდენცია, წინა პერიოდში არასდროს არ დაფიქსირებულა.
ადგილობრივი გადაზიდვების შემცირების ასეთი ტენდენცია, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოსაზრებას, ქვეყნის “ორნიშნა” ეკონომიკური ზრდის – სტაბილურ დარგებზე დაყრდნობით განვითარებაზე.
დასკვნის სახით – ჩატარებული ანალიზის საფუძველზე შესაძლოა დავასკვნათ, რომ 2022 წელს, რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად, გამოწვეული სატრანზიტო ტვირნაკადის ზრდის შენარჩუნება ვერ მოხერხდა, უფრო მეტიც სატრანზიტო გადაზიდვები სადღეისოდ შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რაც 2025 წლის 6 თვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით დასტურდება.
შემცირების კონკრეტული მიზეზების გამოსავლენად, აუცილებელია დერეფნის გასწვრივ სატრანსპორტო ნაკადების და სატარიფო მდგენელების ჩაღრმავებული კვლევა, რაც სხვა ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სახელმწიფო პრეროგატივას განეკუთვნება.