კასპიის ზღვის ნავსადგურებში შუა დერეფნის ქვეყნები არსებული საკონტეინერო სიმძლავრეების გაზრდისა და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების პარალელურად, ახალ, მაღალი ტევადობის კონტეინერმზიდ გემებს ამატებენ.
ამ ნაბიჯით დერეფნის სახელმწიფოები კასპიის ზღვაზე შეზღუდული გამტარუნარიანობის აღმოფხვრის ღონისძიებებს ახორციელებენ.
საკონტეინერო ნაკადის ზრდის პირობებში კასპიის ზღვაზე საკონტეინერო გემების შეზღუდული რაოდენობა და მათი ტვირთამწეობა შუა დერეფნის ძირითად „ვიწრო“ადგილს წარმოადგენს.
„ყაზმუნაიგაზის“ შვილობილმა კომპანიამ „ყაზმორტრანსფლოტმა“, რომელიც კასპიის ზღვაზე საკონტეინერო გადაზიდვების ძირითად ოპერატორს წარმოადგენს, 2025 წელს აქტაუ – ბაქო – აქტაუს მიმართულებით 59 400 TEU გადაზიდა, რაც 15%-ით აჭარბებს წინა წლის მაჩვენებელს.
საექსპერტო შეფასებით, ამ მაჩვენებლის დინამიკის მიხედვით, კასპიის ზღვაზე კონტეინერების სტაბილური ზრდის პროგნოზი არსებობს.
კასპიის ზღვაზე საკონტეინერო ფიდერული გემები აქტაუ- ბაქო – აქტაუს მიმართულებით რეგულარულ რეჟიმში 2020 წლიდან იწყებენ მოძრაობას, გადაზიდვებს ძირითადად ყაზახეთის კუთვნილი „ყაზმორტრანსფლოტის“ გემები ასრულებენ (იხ. დიაგრამა).

2025 წლის მონაცემებით მნიშვნელოვანი საკონტეინერო ნაკადი აქტაუდან – ბაქოს მიმართულებით მოძრაობს, რომელიც 2.3-ჯერ აღემატება ბაქოდან – აქტაუს მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებს. ასეთი თანაფარდობა მიუთითებს გადაზიდვების უთანაბრობაზე და ევროპული ნაწილიდან რევერსული ნაკადის ნაკლებობაზე.
ყაზახეთი კასპიის ზღვაზე ყოველწლიურად ამატებს საკონტეინერო გემებს. ცნობისათვის, სადღეისოდ ყაზახეთის ნაციონალური საზღვაო გადამზიდავი კომპანია „ყაზმორტრანსფლოტი“ სამ საკონტეინერო და ერთ კომბინირებულ (მშრალტვირთმზიდი/კონტეინერმზიდი) გემს უწევს ექსპლუატაციას. მიუხედავად ამისა, ოთხი კონტეინერმზიდისგან შემდგარი ფლოტი გაზრდილი ნაკადის ასათვისებლად სადღეისოდ საკმარისი არ არის.

კასპიის ზღვაზე საკონტეინერო გემების რაოდენობის გაზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია უშუალოდ გემებზე კონტეინერების ტევადობის (რაოდენობის) გაზრდა.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კასპიის ზღვაზე კონტეინერმზიდი გემების ტევადობა 20%-ით ნაკლები დატვირთვით გამოიყენება. ყოველივე ეს განპირობებულია იმით, რომ კასპიის ზღვის დონის შემცირების შედეგად ყაზახეთის ნავსადგურებში ნავმისადგომებთან მისასვლელი არხის არსებული სიღრმე 7–8 მეტრის ნაცვლად 5 მეტრამდეა შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ხორციელდება ძვირადღირებული ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები, მაინც რთულად მისაღწევია ნებისმიერი გემის, მათ შორის საკონტეინერო გემის, სრული დატვირთვით გამოყენება.
შედეგად არსებული საკონტეინერო გემების ტვირთამწეობა, რომელიც 350 ერთეულ TEU-ს შეადგენს, რეალურად 280 ერთეული TEU-ით იტვირთება.
ყაზახეთის ხელისუფლება ნათლად ხედავს პრობლემის აქტუალურობას და 2024 წელს კურიკის ნავსადგურში მოკლე ვადაში ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები განახორციელა. 2025 წლიდან ანალოგიური ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები აქტაუს ნავსადგურშიც მიმდინარეობს.
ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისა და გაზრდილი ტევადობის საკონტეინერო გემების დამატებით ყაზახეთი ეტაპობრივად კასპიის ზღვაზე „ვიწრო“ ადგილების აღმოფხვრას ახორციელებს.
„ყაზმუნაიგაზის“ შვილობილი კომპანია „ყაზმორტრანსფლოტი“ კასპიის ზღვაზე კავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით ორ გაზრდილი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემს ამატებს.
ყაზახეთსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს შორის 2025 წლის მაისის მოლაპარაკებებზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ორი საკონტეინერო გემის დამატების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო გემების დიზაინი შემუშავებულია იმ გათვლით, რომ გემზე კონტეინერების ტევადობა 780 ერთეულ TEU-მდე გაიზარდოს, რაც კასპიის ზღვის არსებული მახასიათებლების გათვალისწინებით მაქსიმალურს წარმოადგენს.
ყაზახეთთან სინქრონულად აზერბაიჯანი გეგმავს იმავე მახასიათებლების მქონე ორი საკონტეინერო გემის დამატებას.
მეზობელი აზერბაიჯანი კასპიის ზღვაზე კონტეინერმზიდი გემების დამატებით შუა დერეფნის როგორც „ვიწრო“ ადგილის დებლოკირებისკენ, ასევე ადგილობრივი სამრეწველო სიმძლავრეების – საკუთარი გემთსაშენი ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმედებას უზრუნველყოფს.

2025 წელს ბაქოს გემთსაშენი ქარხნის (Baku Shipyard) სახელით აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების (AZCON Holding) ჰოლდინგსა და ემირატების Abu Dhabi Ports Company-ს (AD Ports Group) შორის ხელი მოეწერა კასპიის ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებისათვის, ყაზახეთის ანალოგით, ორი 780 TEU ტევადობის კონტეინერმზიდი გემის წარმოების შესახებ შეთანხმებას.
დასკვნის სახით – ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მიერ ახალი, გაზრდილი ტევადობის საკონტეინერო გემების დამატება შუა დერეფნის კასპიის ზღვაზე „ვიწრო“ ადგილის აღმოფხვრისკენაა მიმართული.