ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით სატვირთო ბლოკმატარებლების საერთო რაოდენობის მხოლოდ 2% შუა დერეფნით მოძრაობს, ეს ყოველივე ტვირთბრუნვის გაზრდის რეზერვზე მიუთითებს

2025 წელს ჩინეთი – ევროპა – ჩინეთს შორის სარკინიგზო სატვირთო მატარებლებით 20 022 რეისი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.2% – ით აღემატება (იხ დიაგრამა).

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით სატვირთო მატარებლების რეისების რაოდენობა, ჩინეთიდან – ევროპის მიმართულებით გაგზავნილ რეისებს  აღემატებოდა.

სულ განხორციელებული 20 022  რეისიდან, ჩინეთიდან – ევროპის მიმართულებით იყო 9 898   გაგზავნილი, ხოლო 10 124 გაგზავნილი ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით.

აღნიშნული თანაფარდობა რევერსული ნაკადის არსებობაზე მიუთითებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დერეფნისათვის გადაზიდვების მომგებიანობის მარჟის გასაზრდელად და აუცილებლობის შემთხვევაში ფასადაკლების განსახორციელებლად.

თუ ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით ჩრდილოეთ, რუსეთზე გამავალი დერეფნით გადაზიდვებისას სახეზეა რევერსული, უკანა მიმართულებით კონტეინერნაკადი,  შუა დერეფნით გადაზიდვებისას რევერსული ნაკადი ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით პრაქტიკულად განულებულია, სწორედ ამითაა განპირობებული, რომ  შუა დერეფნის სახმელეთო მარშრუტით, ძირითადად ცარიელი კონტეინერები ბრუნდება ჩინეთში, რაც ამცირებს გადაზიდვების მომგებიანობის მარჟას.  

ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის ყველა მიმართულებებით კონტეინერების გადაზიდვების მთლიანმა მოცულობამ 2025 წელს – 2.05 მლნ TEU-ს გადააჭარბა, თუმცა ეს წინა წელთან შედარებით 1.3 %-ით შემცირებას წარმოადგენს.

იმისათვის, რომ ზუსტად შევაფასოთ შუა დერეფნით ბლოკმატარებლების ზრდის დინამიკა, აუცილებელია გავაანალიზოთ, ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის საერთო მოცულობაში რა წილი უკავია შუა დერეფნით გატარებულ ბლოკმატარებლებს.
სახმელეთო დერეფნებით ტვირთების დამკვიდრების მიზნით, ჩინეთში ბოლო წლებში ექსპლუატაციაში შევიდა რამდენიმე მსხვილი ტერმინალი – სიანში, ჩენდუში, ჩუნცინში, ჩენჩჟოუში და იუში.

პრაქტიკულად, ამ ტერმინალებში ხდება საკონტეინერო ბლოკმატარებლების ფორმირება და ევროპაში გაგზავნა, ასევე იქიდან რევერსული ტვირთის მიღება.

თუ დავეყრდნობით აზერბაიჯანის ოფიციალურ ინფორმაციას, და მას ინდიკატორად მივიჩნევთ, 2025 წელს შუა დერეფნის ჩინეთი – აზერბაიჯანის მიმართულებით 392 ბლოკმატარებელმა გაიარა, რაც 37%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. მიუხედავად ერთ წელიწადში ჩინეთიდან ბლოკმატარებლების ზრდის ასეთი მაღალი ტემპისა, საერთო მოცულობაში – 20022-ში  მისი თანაფარდობა უმნიშვნელოა და მხოლოდ 2%-ს შეადგენს,რაც ამბიციური შუა დერეფნისთვის არ წარმოადგენს მაღალ მაჩვენებელს და კიდევ ერთხელ მიუთითებს შუა დერეფნით ჩინეთიდან ბლოკმატარებლების რაოდენობის გაზრდის რეზერვზე.
წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს გაიზარდა ჩინეთიდან შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების რაოდენობა, საერთო მოცულობაში მისი წილი უმნიშვნელოა და შეადგენს მხოლოდ – 2%-ს.
ბუნებრივია, 2030 წლისთვის ამ მაჩვენებლის გაზრდა, თუნდაც 5%-მდე (წელიწადში 1000 ბლოკმატარებელი), უნდა წარმოადგენდეს შუა დერეფნის სახელმწიფოთა ერთობლივ ამოცანას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ზანგეზურის დერეფნის დაჩქარებული ტემპით აღსადგენად სომხეთი რუსეთის რკინიგზის კონცესიიდან გამოსვლის საკითხს განიხილავს

Related Posts

ვიზიტი თბილისის Dry Port-ში – ლოჯისტიკური სერვისის უახლესი მოდელი საქართველოში

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებლის და ცენტრის საბჭოს წევრების ინიციატივით  (პაატა ცაგარეიშვილი, ასმათ აბესაძე, ლევან ლომსაძე) შედგა ვიზიტი…
მეტის ნახვა

ჩქაროსნული რკინიგზის შორეული პერსპექტივა  

ესაჭიროება საქართველოს ჩქაროსნული რკინიგზა? არსებობს ქვეყანაში ჩქაროსნული მოძრაობის განვითარების კვლევა? რა ვადაშია შესაძლებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ჩქაროსნული მოძრაობისთვის გადაწყობა,…
მეტის ნახვა

ყაზახეთი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობას ავითარებს, ევროპაში სარკინიგზო თვლების მიწოდებას შუა დერეფნით გეგმავს

შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებული ქვეყნები, სატრანსპორტო ლოგისტიკური ტერმინალების მშენებლობის პარალელურად, სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის კლასტერების განვითარებას ახორციელებენ. ჩვენი გვერდი მუდმივად…
მეტის ნახვა