ჩინეთის მიერ საავტომობილო სატრანზიტო TIR Carnet-ის კონვენციასთან მიერთებამ შუა დერეფნით საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაზიდვების სტაბილური ზრდა უზრუნველყო

ვაჟა გაფრინდაშვილი – საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ექსპერტი 20-წლიანი გამოცდილებით. იკავებდა ევროპულ საექსპედიტო კომპანიებში გადაზიდვების დაგეგმვისა და კომერციული მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციებს.

ის ფაქტი, რომ საქართველო – ჩინეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები იზრდება, ნათლად აისახა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის გაცვლილი საავტომობილო კვოტების რაოდენობაში.

2025 წელს საქართველო – ჩინეთს შორის გაცვლილი ორმხრივი ტრანზიტული 5000 ერთეული ნებართვიდან ქართულმა მხარემ თითქმის 70% აითვისა, ხოლო მესამე ქვეყნის 2500 ნებართვიდან – 60%.

გაცვლილი და ათვისებული ნებართვების მზარდი დინამიკა ნათლად მიუთითებს ჩინეთსა და საქართველოს შორის შუა დერეფნით გადაზიდვების ზრდის ტენდენციაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მიმართებით ჩინური კომპანიები ჯერ ნაკლებად არიან გააქტიურებული, თუმცა გადაზიდვებში საკუთარი ავტოპარკის ჩართვის შემთხვევაში,
მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევენ ქართველ გადამზიდველებს.
ჩინეთის მიმართულებით სატრანზიტო ნებართვების კვოტის ზრდას გარკვეული რისკები გააჩნია, რადგან მომავალში გამორიცხული არ არის, რომ ჩინელი გადამზიდავები ქართულ კომპანიებთან რეალურ კონკურენციაში შევიდნენ.

საქართველო – ჩინეთს შორის საავტომობილო გადაზიდვების კვოტების ზრდას წინ უსწრებდა ჩინეთის მიერ საავტომობილო სატრანზიტო TIR Carnet-ის კონვენციასთან მიერთება.

დღევანდელი ანალიტიკა გვინდა დავუთმოთ ჩინეთის მიერ TIR Carnet-ის კონვენციასთან მიერთების ასპექტებს.

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ჩინეთმა სახმელეთო საავტომობილო გადაზიდვების განვითარების მიმართულებით რევოლუციური გარღვევა მოახდინა, როდესაც 2018 წელს საბაჟო პროცედურების გამარტივების, ტრანსპორტირების დროის შემცირებისა და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით საერთაშორისო კონვენციის TIR Carnet-ის რატიფიცირებას მოაწერა ხელი.

აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება, პირველ რიგში, ევროკავშირთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფნებით გადაზიდვების მოცულობების ზრდას უწყობს ხელს და საზღვაო მარშრუტებისთვის მყარ ალტერნატივას წარმოადგენს.

TIR Carnet ი საერთაშორისო საბაჟო ტრანზიტის უნიფიცირებულ დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც გადამზიდავებს საშუალებას აძლევს, ტვირთი შუალედური განბაჟების გარეშე რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე ერთიანი საბაჟო გარანტიის ქვეშ გადაზიდონ. ეს ყოველივე ამცირებს დროისა და ხარჯების დანაკარგს და ამარტივებს საზღვრების გადაკვეთის პროცესს.

თავდაპირველად, როდესაც TIR Carnet-ის გამოყენებით ჩინეთი – ევროპის სახმელეთო გადაზიდვების პროექტს სტარტი მიეცა, მოსალოდნელი იყო, რომ ევროკავშირის სივრციდან, მათ შორის შუა დერეფნის გავლით, ევროპული გადამზიდავი კომპანიები დიდ სარგებელს მიიღებდნენ. მაგრამ ამ პერიოდში კოვიდმა მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა გადაზიდვების სქემებში.

აღსანიშნავია, რომ ბევრი ევროპული გადამზიდავი კომპანია, რუსეთისა და ყაზახეთის მარშრუტებზე ტრანსპორტირების დიდი გამოცდილების მიუხედავად, იმ პერიოდში ჩინეთის საზღვრის გადაკვეთისას მნიშვნელოვან წინაღობებს წააწყდა.

TIR Carnet-ით დადებითი წამოწყების მიუხედავად, ყველაფერი რადიკალურად უარყოფითად შეიცვალა. როგორც კი ჩინეთმა გააფართოვა TIR კონვენციის გამოყენების არეალი (პირველი წლების განმავლობაში მას მხოლოდ ექვს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იყენებდა), ქვეყანას კოვიდ პანდემიის გამო საზღვრების მჭიდროდ ჩაკეტვა მოუხდა.

კოვიდის გამო დაწესებული შეზღუდვები 2023 წლამდე გაგრძელდა, რამაც მნიშვნელოვნად შეანელა გადაზიდვების პროცესი, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო დატვირთული სატვირთო ავტოტრანსპორტის განბაჟების პროცესით. შედეგად, ჩინეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სასაზღვრო ლოგისტიკურ ცენტრებში მოხვედრილი მძღოლები, შეზღუდული სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გამო, აუტანელ პირობებში აღმოჩნდნენ.

რუსეთ-ჩინეთისა და ყაზახეთ-ჩინეთის საზღვრებზე მომრავლდა დაყოვნების რეჟიმში მყოფი სატრანსპორტო საშუალებები, რის გამოც ხშირად წარმოიქმნებოდა კონფლიქტური სიტუაციები, რაც ართულებდა სატრანსპორტო კომპანიების გამართულ ფუნქციონირებას და ერთობლიობაში ჩინეთი-ევროპის სატრანსპორტო სახმელეთო ღერძზე გადაზიდვების ხელშემშლელ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა.

მოგვიანებით პროცესმა შეიძინა დინამიური განვითარების ხასიათი, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ 2024–2025 წლებში ჩინური ლიცენზირებული TIR კარნეტიანი ოპერატორების რაოდენობა თითქმის 45%-ით, ხოლო TIR კარნეტიანი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა.

ზრდის ეს ტენდენცია 2026 წელსაც არ შენელებულა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ჩინურმა ლოგისტიკურმა კომპანიებმა სულ უფრო აქტიურად დაიწყეს TIR სისტემის გამოყენება.

შედარებისთვის, თუ 2024 წელს TIR კარნეტით აღჭურვილი საწარმოების რაოდენობა მხოლოდ 191-ს შეადგენდა, მხოლოდ ერთ წელიწადში 12-ჯერ გაიზარდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთში TIR კარნეტით აღჭურვილი კომპანიების რაოდენობა სწრაფად ფართოვდებოდა და სულ უფრო მეტი კომპანია ერთვებოდა TIR გადაზიდვების სქემაში.

საგულისხმოა, რომ თავდაპირველად პოლონურმა კომპანიამ Omega Pilzno-მ, რუსეთზე გავლით, ცხრა დღის განმავლობაში ჩამოიტანა ტვირთი ხორგოსიდან პოლონეთში.

2023 წლიდან რეგიონში საომარმა დაპირისპირებამ ჩრდილოეთის დერეფანი ნაკლებად პროგნოზირებადი გახადა.გადაზიდვების მოცულობა 50 %-ით შემცირდა, რამაც ბიძგი მისცა გადაზიდვების ჯაჭვში ჩართულ კომპანიებს სულ უფრო აქტიურად გამოეყენებინათ ჩრდილოეთის ალტერნატიული, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი.

2025 წლიდან ჩინეთის სახმელეთო ლოგისტიკური ოპერატორები ინტენსიურად ითვისებენ TIR სისტემას. ჩინეთის ხელისუფლებამ TIR სისტემა დანერგა 48 სასაზღვრო ნავსადგურსა და ევროპასთან დამაკავშირებელ 60-ზე მეტ მარშრუტზე.

საერთაშორისო საგზაო კავშირის IRU-ს კვლევა ხაზს უსვამს, რომ TIR სისტემა საზღვრის გადაკვეთის დროს 92%-მდე, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯებს 50%-მდე ამცირებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასაზღვრო ზონებში ფიქსირდება CO₂-ის გამოყოფის 90%-მდე შემცირება.

ჩინეთის მიერ ინტენსიურ რეჟიმში TIR Carnet-ის დანერგვამ და შემდგომმა გაფართოებამ დადებითი გავლენა იქონია შუა დერეფნით საავტომობილო გადაზიდვების განვითარებაზე.

იმ პერიოდში პირველად საავტომობილო ტრანსპორტით დაფიქსირდა ლითიუმ – იონური აკუმულატორების ჩინეთიდან თურქეთში გადაზიდვა – 7000 კმ-იანი მანძილის დაფარვა სამ კვირაში განხორციელდა, როცა ტრადიციული ტრანსპორტირება საზღვაო მარშრუტით 30–40 დღეს შეადგენს.

2024 წელს ჩინელმა გადამზიდავებმა წარმატებით განახორციელეს შუა დერეფანში TIR Carnet ით სატვირთო მანქანების საპილოტე გადაზიდვა, რომელმაც დაახლოებით 6600 კმ მანძილი გაიარა და კასპიის ზღვა ბორნით გადაკვეთა.

2024–2025 წლებში მხოლოდ ერთ წელიწადში ჩინეთში ლიცენზირებული TIR ოპერატორების რაოდენობა თითქმის 600 %-ით, ხოლო TIR სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა თითქმის 1200 %-ით გაიზარდა.

თუმცა აბსოლუტური რიცხვები კვლავ მცირეა: 2024 წელს ჩინეთში გადამზიდავებმა 3000-ზე ნაკლები TIR კარნეტი გამოიყენეს, როდესაც პოლონეთში 7200-ზე მეტი TIR კარნეტი გაიცა.

ჩინეთის მიერ TIR სისტემის ეტაპობრივი და დაჩქარებული დანერგვა აზია–ევროპის სახმელეთო მარშრუტებზე გლობალური ლოგისტიკის სტრუქტურულ გარდაქმნაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური მაჩვენებლები ჯერ კიდევ შედარებით მცირეა, ზრდის ტემპი მკაფიო სიგნალს იძლევა, რომ აუცილებელია ერთ მარშრუტზე დამოკიდებულების შემცირება და ალტერნატიული დერეფნების გაძლიერება, განსაკუთრებით შუა დერეფნის მიმართულებით.

ჩინეთი-ევროპის სატრანსპორტო ღერძზე საავტომობილო ტრანსპორტის საშუალებების გამოჩენა მიუთითებს, რომ მომავალი კონკურენცია, ტარიფებსა და გადაზიდვების დროსთან ერთად, ინფრასტრუქტურასა და სასაზღვრო-საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე იქნება დამოკიდებული.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საზღვაო სავაჭრო ფლოტის აღდგენის და საზღვაო დროშის ბიზნესის განვითარების რა პერსპექტივა გააჩნია საქართველოს?  (ნაწილი მეორე)

Next Post

ზანგეზურის დერეფნის დაჩქარებული ტემპით აღსადგენად სომხეთი რუსეთის რკინიგზის კონცესიიდან გამოსვლის საკითხს განიხილავს

Related Posts

უკრაინის ნავსადგურებმა საომარი მოქმედების  პირობებში ტვირთბრუნვის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწიეს

საომარ პირობებში, 2024 წლის შედეგების მიხედვით უკრაინის ნავსადგურებმა ჯამურად 97 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, აღნიშნული მაჩვენებელი 57% ით…
მეტის ნახვა

ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე შუა დერეფანზე ორიენტირებული ხორგოსის მშრალი პორტი მიმდინარე წელს 10 000 ბლოკმატარებელს გაატარებს   

ბოლო პერიოდში, ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით სახმელეთო გადაზიდვების ზრდამ, დღის წესრიგში დააყენა ყაზახეთ – ჩინეთის საზღვარზე…
მეტის ნახვა

რუსეთის ნავსადგურებისთვის დაწესებული სანქციები შეაჩერებს ნავთობის „ჩრდილოვან“ გადაზიდვებს?

ახლახანს ევროკავშირმა მე 16 პაკეტის ფარგლებში სანქციები დაუწესა რუსეთის ხუთ საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს, მათ შორის რუსეთის ყველაზე მსხვილ…
მეტის ნახვა