სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე პლატფორმა transcor.ge ერთი წლისაა. ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციის გუნდის მიერ, სხვადასხვა სატრანსპორტო დარგების მიმართულებით, 250-მდე ანალიტიკური სტატია მომზადდა.
ორგანიზაციის გვერდზე ძირითადი აქცენტი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულების – საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობასა და სხვადასხვა ალტერნატიული მარშრუტებიდან ტვირთნაკადების მოზიდვის შესაძლებლობებს – ეხებოდა.
პლატფორმაზე მნიშვნელოვანი ადგილი დათმობილი აქვს შუა დერეფნის გასწვრივ არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესწავლისა და გაუმჯობესების ხედვების ჩამოყალიბებას.
ორგანიზაციის ერთ-ერთ მიმართულებას გადაზიდვებში ჩართული საავტომობილო გადამზიდავი მძღოლების ადვოკატირება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ვებგვერდზე მუდმივად შუქდებოდა საზღვრებზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების გამარტივებისა და სანებართვო პირობების სრულყოფისთვის საჭირო პრაქტიკული ასპექტები.
აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი, განვლილი ერთი წლის განმავლობაში, აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და მედია გადაცემებში.
საკუთარ პრეზენტაციებში მნიშვნელოვანი ადგილი შავი ზღვის არიალში დიჯიტალიზაციის საკითხებს, ქვეყნის როგორც ლოგისტიკური ჰაბის უპირატესობებს, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ცენტრალურ აზიასთან კავშირებადობის თემებს ეხებოდა.

ორგანიზაცია დაკომპექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. მასში გაერთიანებულ ექსპერტებს, უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური მიღწევების გარდა, სატრანსპორტო დარგებში მოღვაწეობის 30-წლიანი და რიგ შემთხვევებში უფრო მეტი პერიოდის პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ.
ორგანიზაციის ვებგვერდზე ხშირად შეხვდებით სატრანსპორტო დარგებში მიმდინარე პროცესების საექსპერტო შეფასებებს. პლატფორმაზე განთავსებული ანალიტიკური ინფორმაცია, დარგებში დაკავებული პრაქტიკოსი სპეციალისტების გარდა, ხელმისაწვდომია სამთავრობო უწყებებში დაკავებული გადაწყვეტილების მიმღები პერსონალისთვისაც.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პლატფორმას transcor.ge-ს ყოველდღიურად 10 000-ზე მეტი მკითხველი სტუმრობს. ხშირად შეხვდებით ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებს სხვადასხვა მასმედიის გვერდებზე გაზიარებულს, რაც ორგანიზაციის ვებგვერდს დამატებით მიმზიდველობასა და პრესტიჟს ანიჭებს.
ახალ, 2026 წელს ორგანიზაციას ახალი გეგმები გააჩნია, რაც პირველ რიგში ინგლისურენოვანი ვერსიის დამატებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ორგანიზაციის მიზნებშია სატრანსპორტო მიმართულებით ახალ საექსპერტო-საკონსულტაციო ცენტრად გაფართოება.