ბათუმის ნავსადგურის ინფრასტრუქტურა დაბალი დატვირთვითაა გამოყენებული, რაც ტვირთბრუნვის ზრდის მნიშვნელოვანი რეზერვის არსებობაზე მიუთითებს

2025 წლის მონაცემებით ბათუმის ნავსადგურის სიმძლავრეები არათანაბრადაა დატვირთული, კერძოდ ნავთობის და ნავთოპროდუქტების ნავმისადგომების გამტარუნარიანობა 13% – ითაა ათვისებული, საბორნე კომპლექსის – 52%-ით, საკონტეინერო ტერმინალის – 55%-ით, მშრალი და ნაყარი ტვირთების ნავმისადგომების – 68%-ით. ეს ყოველივე ბათუმის ნავსადგურში ტვირთბრუნვის ზრდის მნიშვნელოვანი რეზერვის არსებობაზე მიუთითებს.

ნებისმიერი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული ობიექტის გამტარუნარიანობის ათვისების შეფასება, რომელიმე განყენებული ერთი წლის მაჩვენებლების წინა წელთან შედარებით, ხშირ შემთხვევაში არასწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

რა გვაქვს მხედველობაში? იმისათვის, რომ ამა თუ იმ სატრანსპორტო ობიექტის, ჩვენს შემთხვევაში ბათუმის ნავსადგურის ფუნქციონირება სრულფასოვნად შეფასდეს, აუცილებელია:
ა. მინიმუმ 10-წლიანი ტრენდის გათვალისწინებით ტვირთბრუნვის მაჩვენებლების შედარება;

ბ. ცალკეული ნავმისადგომების მიხედვით გადამუშავებული ტვირთების და ფაქტიური გამტარუნარიანობის თანაფარდობის შეფასება, რაც სავარაუდო რეზერვის დადგენის შესაძლებლობას იძლევა;

ბათუმის ნავსადგურის ჯამური გამტარუნარიანობა, არსებული ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, წელიწადში 18.5 მლნ ტონას და 200 000 TEU-ს შეადგენს (იხ სქემა).

ტვირთების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნავსადგური ამუშავებს მშრალ და გენერალურ ტვირთებს, რომლის წლიური გამტარუნარიანობის შესაძლებლობა 2.5 მლნ ტონაა (მე-7, 8, 9 ნავმისადგომი).
მე-7 ნავმისადგომზე განლაგებულია ქიმიური ტვირთების (კარბამიტი) გადამამუშავებელი ტერმინალი.

ნავთობი და ნავთოპროდუქტები – წლიური გამტარუნარიანობის შესაძლებლობა 15 მლნ ტონაა (პირველი, მე-2 და მე-3 უნავმისადგომო ჩამოსასხმელი).

საბორნე და გენერალური ტვირთისთვის – წლიური გამტარუნარიანობის შესაძლებლობა 0.7 მლნ ტონაა (მე-6 ნავმისადგომი).
საკონტეინერო ტერმინალი – წლიური გამტარუნარიანობის შესაძლებლობა 200 000 TEU-ა (მე-4, 5 ნავმისადგომი).

ნავსადგურის მიერ ნავთობის და ნავთოპროდუქტების გატარების 2013 – 2025 წწ. ტრენდს თუ გავაანალიზებთ, თვალნათლივ დავინახავთ, რომ 2013 წლიდან ნავთობის გადატვირთვა 5.7 მლნ ტონიდან მცირდება და 2018 წელს დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ნიშნული – 0.9 მლნ ტონა.

მომდევნო წლებში ნავთობნაკადი იზრდება და 2025 წელს მიაღწია 1.9 მლნ ტონას. ფაქტობრივად, 2013 წელთან შედარებით, 2025 წელს ნავთობის გატარება ნავსადგურში 3-ჯერ შემცირდა (იხ. დიაგრამა).

რაც შეეხება ნავსადგურში ნავთობნაკადის გატარების და გამტარუნარიანობის ათვისების მაჩვენებელს, 15 მლნ ტონიდან მხოლოდ 1.9 მლნ ტონა იქნა 2025 წელს გატარებული, რაც ნავსადგურის სანავთობო ინფრასტრუქტურის დაბალი, 13%-იანი დატვირთვით გამოყენებაზე მიუთითებს.

კონტეინერების გადამუშავების 2013–2025 წწ. ტრენდს თუ გავაანალიზებთ, 2015 წლიდან საკონტეინერო ნაკადის ზრდამ განაპირობა საკონტეინერო ტერმინალის სიმძლავრის 200 000 TEU-მდე გაზრდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2025 წელს ნავსადგურმა 109 579 TEU გადაამუშავა, გამოდის, რომ ნავსადგურმა საკონტეინერო სიმძლავრე მხოლოდ 55%-ით აითვისა, რაც საკონტეინერო ტვირთბრუნვაში მნიშვნელოვანი რეზერვის არსებობის შესაძლებლობაზე მიუთითებს (იხ. დიაგრამა).

მშრალი და გენერალური ტვირთების ნავმისადგომების 2013 -2025 წწ. ტრენდს თუ გავაანალიზებთ, 2013 წლიდან მუდმივად მცირდებოდა ტვირთბრუნვა და 2019 წელს მინიმუმს – 0.7 მლნ ტონას მიაღწია, რის შემდეგაც ბოლო წლებში გაიზარდა და 2025 წელს 1.7 მლნ ტონა შეადგინა.

მშრალი და ნაყარი ტვირთების გამტარუნარიანობის ჯამური მაჩვენებლის 2.5 მლნ ტონასთან მიმართებით, მშრალი ტვირთების ნავმისადგომების დატვირთულობამ 68%-ს მიაღწია.


მშრალი და ნაყარი ტვირთებით ნავმისადგომების შედარებით მაღალი მაჩვენებლით დატვირთულობა, უპირველეს ყოვლისა, მე-7 ნავმისადგომზე ქიმიური ტვირთის გამოყენებითაა განპირობებული (იხ. დიაგრამა).

მე-7 ქიმიური ტვირთების ტერმინალის მაღალი დატვირთვით ფუნქციონირება კარგი მაგალითია იმისა, თუ რამდენად აუცილებელია ცენტრალურ აზიაში არსებული ტვირთნაკადის და საქართველოში ამ ტვირთის შესაბამისი ტერმინალების სინქრონული განვითარება.

საბორნე კომპლექსი – ძირითადად გამოიყენება გენერალური ტვირთების დასამუშავებლად. როგორც 2013 – 2025 წწ. ტრენდიდან ჩანს, 2016 წლიდან საბორნე კომპლექსი მაქსიმალური დატვირთვით გამოიყენებოდა. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შემდგომ, როდესაც უკრაინულმა ბორნებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება, საბორნე კომპლექსზეც შემცირდა ტვირთბრუნვა და 2025 წელს 0.37 მლნ ტონას გაუტოლდა, რაც საბორნე კომპლექსის სიმძლავრის 52%-ით გამოყენებას შეესაბამება (იხ. დიაგრამა).

ბათუმის ნავსადგურის 2013–2025 წწ. ტვირთბრუნვის მაჩვენებლების ანალიზი გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ნავმისადგომების მიხედვით გადამუშავებული ტვირთების და გამტარუნარიანობის ათვისება ნავსადგურში არათანაბრადაა გადანაწილებული, რაც მიუთითებს ბათუმის ნავსადგურში ტვირთბრუნვის გაზრდის მნიშვნელოვანი რეზერვის შესაძლებლობაზე.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირი IRU – შუა დერეფნის გადაულახავ პრობლემად – გაჭიანურებულ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურებს და საზღვრებზე ინფრასტრუქტურის არასაკმარის გამტარუნარიანობას ასახელებს

Next Post

საზღვაო სავაჭრო ფლოტის აღდგენის და საზღვაო დროშის ბიზნესის განვითარების რა პერსპექტივა გააჩნია საქართველოს? (ნაწილი პირველი)

Related Posts

ვოლგა დონის სამდინარო არხით ნავიგაციის სეზონის გახსნა შუა დერეფანს დამატებითი კონკურენციის წინაშე აყენებს

31 მარტს ვოლგა დონის სამდინარო არხით 2026 წლის ნავიგაციის სეზონი გაიხსნა და პირველმა სამდინარო გემმა ვოლგოგრადის ჰიდრო კვანძის…
მეტის ნახვა

რუსეთის მხრიდან ზემო ლარსის საბაჟო – გამშვები პუნქტის გაფართოებამ გამტარუნარიანობა ორჯერ გაზარდა – რატომ ფერხდება სატვირთოების გადაადგილება საზღვარზე?

რუსეთის მიერ ზემო ლარსის საბაჟო – გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის შემდგომ, სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლების რაოდენობა 4  დან 13…
მეტის ნახვა
რატომ მიდის ქართველი მძღოლი სამუშაოს საძებნელად ევროპაში?

რატომ მიდის ქართველი მძღოლი სამუშაოს საძებნელად ევროპაში?

მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო კომპანიების მიერ, შესრულებული საერთაშორისო გადაზიდვების რეისები იზრდება, რაც დასტურდება…
მეტის ნახვა