მოლდოვა ევროკავშირთან ინტეგრაციის პარალელურად რკინიგზის სისტემურ რეორგანიზაციას იწყებს – რა ეტაპზეა საქართველოს რკინიგზის რეფორმირების პროცესი?

ევროკავშირთან ინტეგრირების პროცესის პარალელურად მოლდოვის მთავრობა საკუთარი რკინიგზის რეორგანიზაციას იწყებს, 2026 წლის ბოლოსთვის არსებული რკინიგზა ორ დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდება.

რკინიგზის რეფორმირების პროცესის დაწყება ამ სფეროში მოლდოვის რკინიგზის რიგი მონაკვეთების პანევროპულ სატრანსპორტო ქსელებთან ინტეგრირებით არის ნაკარნახევი.

რამდენიმე წლის უკან, ევროკავშირის დახმარებით საქართველოს სარკინიგზო სექტორი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით 4 მლნ ლარით დაფინანსდა.

პროექტი რომელიც საქართველოს სარკინიგზო სექტორის ევროპულ სტანდარტებსა და დებულებებთან მიახლოებას და საქართველოს რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების მხარდაჭერას ითვალისწინებდა – 2023 წელს დასრულდა.
სარკინიგზო სფეროში „დაძმობილების პროექტის“სახელით ცნობილი პროექტის ფარგლებში პოლონელი ექსპერტები ქართველ პარტნიორებს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩარჩო დოკუმენტების შემუშავებასა და პრაქტიკული წინადადებების მომზადებაში ეხმარებოდნენ.

საექსპერტო წრეებისათვის აღნიშნული პროექტის დანერგვის შესახებ ნაკლებადაა ცნობილი. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა ეტაპზეა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს რკინიგზის რეფორმირების პროექტი?

საქართველოს რკინიგზის რეფორმირების აუცილებლობა – მომსახურების დაბალი ხარისხით, ტექნიკური აღჭურვილობის ჩამორჩენილობით და მაღალი ცვეთითაა განპირობებული. ანალოგიურად როგორ თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ  დოკუმენტში „ხედვა 2030“ ში ცალსახად დაფიქსირებულია სახელმწიფო საწარმოების, მათ შორის საქართველოს რკინიგზის კორპორატიზაციის აუცილებლობა, დღემდე კონკრეტული გადაწყვეტილება ან დროში ეტაპებად გაწერილი, პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს რკინიგზის რეფორმირების სამოქმედო გეგმა არ არსებობს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მსგავსად მოლდოვის მთავრობასაც ჰქონდა დაანონსებული საკუთარი რკინიგზის რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც რკინიგზის ინფრასტრუქტურის მართვისა და გადაზიდვითი პროცესების გამიჯვნას ითვალისწინებდა.

მოლდოვის რკინიგზის რეორგანიზაცია 2022 წელს რკინიგზის ტრანსპორტის ახალი კოდექსით იყო გათვალისწინებული, თუმცა რეფორმა არ განხორციელებულა, რამაც გამოიწვია პრობლემების დაგროვება, რომლებსაც მოლდოვის რკინიგზა მრავალი წლის განმავლობაში აწყდებოდა.

ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო, როდესაც მოლდოვის სატვირთო გადაზიდვების მოცულობა თითქმის განახევრდა, კლება 2016 წლამდე გაგრძელდა, 2022 წელს კი სიტუაცია საბოლოოდ გაუარესდა.

დაგროვილმა პრობლემებმა 2026 წლის იანვარში იჩინა თავი, როდესაც რკინიგზის მენეჯმენტმა ხელფასების გადახდის დაგვიანების გამო ათასი თანამშრომლისთვის იძულებითი შვებულება გაახანგრძლივა, რაც შიდა პრობლემების გარდა რუსეთის მიერ უკრაინის რკინიგზის ინფრასტრუქტურის დაზიანებით იყო გამოწვეული.

აღნიშნული სიძნელეებიდან გამომდინარე, 2025 წლის მაისში მოლდოვის მთავრობამ რკინიგზის ინფრასტრუქტურის მართვის მრავალწლიანი კონტრაქტი დაამტკიცა.

ცნობისათვის, საქართველოს მთავრობასა და რკინიგზას შორის ინფრასტრუქტურის მართვასთან, მოვლა-შენახვასთან ანდაც ყოველწლიურ ბიუჯეტურ დაფინანსებასთან დაკავშირებით ანალოგიური დოკუმენტი დღემდე არ არის მიღებული.

მოლდოვის რეფორმირების დოკუმენტი სარკინიგზო ქსელის შეკეთებისა და მოვლა-შენახვის ყოველწლიურ ბიუჯეტურ დაფინანსებას, მატარებლების უსაფრთხოების და სიჩქარის გაუმჯობესებას, ასევე საავტომობილო ტვირთნაკადების სარკინიგზო მიმართულებაზე გადართვას ითვალისწინებს.

ახალი სტრუქტურით მოლდოვის რკინიგზა ორ ნაწილად დაიყოფა – ერთი სტრუქტურა რკინიგზის ინფრასტრუქტურის მართვას, ხოლო მეორე – მგზავრთა და ტვირთების გადაყვანა/გადაზიდვას განახორციელებს.

სატვირთო და სამგზავრო გადაყვანა/გადაზიდვებს კერძო კომპანია განახორციელებს, ინფრასტრუქტურა კი სახელმწიფო მართვის ქვეშ დარჩება.

ახალი სტრუქტურით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო „მოლდოვის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა“ – CFM Infrastructură იქნება, ცალკე ჩამოყალიბდება კერძო სააქციო საზოგადოება – „მოლდოვის რკინიგზის ტვირთები და მგზავრები“ – CFM Marfă și Pasageri.

„მოლდოვის რკინიგზის ტვირთების და მგზავრების“ საწარმოს CFM Marfă și Pasageri 100%-იანი წილის მფლობელი საწყის ეტაპზე სახელმწიფო იქნება.

ახალი სააქციო საზოგადოება „მოლდოვის რკინიგზის ტვირთები და მგზავრები“ – CFM Marfă și Pasageri გადაიბარებს მგზავრთა და ტვირთების გადაზიდვებს, ასევე მასთან დაკავშირებულ მოძრავ შემადგენლობას, აქტივებსა და ვალდებულებებს.

სააქციო საზოგადოება „მოლდოვის რკინიგზის ტვირთები და მგზავრები“ – CFM Marfă și Pasageri განახორციელებს მატარებლების, ვაგონებისა და მასთან დაკავშირებული გადაზიდვის ოპერაციების მართვას, მთავრობის ვარაუდით, ასეთი მიდგომა დააზუსტებს და დაარეგულირებს ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხარჯებს და თავად მოძრავი შემადგენლობის ოპერირების ღირებულებას.

ახალი სტრუქტურის ფარგლებში მოლდოვის რკინიგზის ინფრასტრუქტურა – მათ შორის ლიანდაგები, სადგურები, რკინიგზის ლიანდაგთან განთავსებული მომიჯნავე მიწები და ნაგებობები – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოს „მოლდოვის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის“ მიერ მართულ აქტივად დარჩება.

რკინიგზის ინფრასტრუქტურა სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია – მთავრობის გადაწყვეტილებით იგი რკინიგზის მართვის ქვეშ დარჩება, არ იქნება პრივატიზებული და ბიუჯეტიდან სუბსიდიების მიღების შესაძლებლობა ექნება.

მთავრობის გეგმის მიხედვით კომერციული ოპერატორები სახელმწიფო სუბსიდიებს არ მიიღებენ. რაც შეეხება სახელმწიფოს ხელში დარჩენილ ინფრასტრუქტურის ქვედანაყოფს, რეფორმის პირველი ეტაპის, ანუ გამიჯვნის პროცესის დასრულების შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტში სუბსიდიებისთვის რესურსები იქნება გამოყოფილი.

მთავრობა ვარაუდობს, რომ სახელმწიფოს ხელში დარჩენილი აქტივის ამ ხერხით დაფინანსება რკინიგზის ინფრასტრუქტურას სწრაფი ტემპით განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

მოლდოვის ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს, რომ დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობები კანონმდებლობისა და კოლექტიური ხელშეკრულებების შესაბამისად იქნება დაცული. რეორგანიზაცია ეტაპობრივად, საზოგადოებრივი დიალოგისა და მუდმივი კომუნიკაციის მონაწილეობით იქნება უზრუნველყოფილი.
აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ევროკავშირის მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, რომელიც ორიენტირებული იქნება – ევროპული სამართლებრივი ნორმების განხორციელებასა და პროცესების დანერგვაზე. გადრა ამისა ძირითადი აქცენტი უსაფრთხოებაზე იქნება გადატანილი.

ახალი სააქციო საზოგადოება მგზავრთა და ტვირთების გადაზიდვებს გადაიბარებს, ასევე მასთან დაკავშირებულ მოძრავ შემადგენლობას, აქტივებსა და ვალდებულებებს.

სახელმწიფო ქონების სააგენტო „მოლდოვის რკინიგზის ტვირთები და მგზავრები“– CFM Marfă și Pasageri ქვედანაყოფის ერთადერთი აქციონერი იქნება და რეორგანიზაციის პროცესს კოორდინაციას გაუწევს.

საქართველოში დღემდე არ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სარკინიგზო დარგის რეორგანიზაციაზე ნომინირებული პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო.

მოლდოვის სახელმწიფო ქონების სააგენტოს მოვალეობებში შევა მოგების განაწილებისა და ქონების გადაცემის აქტების დამტკიცება, ასევე სახელმწიფო აქტივებისა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა.

„მოლდოვის რკინიგზის ტვირთები და მგზავრების“ CFM Marfă și Pasageri ქვედანაყოფს გადაეცემა მხოლოდ მგზავრთა და ტვირთების გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული აქტივები და ვალდებულებები.

ინფრასტრუქტურის აქტივები და ვალდებულებები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ „მოლდოვის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა“ – CFM Infrastructură საწარმოს დარჩება.

მოლდოვის მთავრობა ვარაუდობს, რომ ინფრასტრუქტურული და სარკინიგზო გადაზიდვების გამიჯვნა, რკინიგზის ოპერაციებში ხარჯებისა და შემოსავლების მკაფიო აღრიცხვა, მათი რკინიგზის ეკონომიკური მაჩვენებლების ზუსტ შეფასებას უზრუნველყოფს.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა 30 წლის განმავლობაში ეტაპობრივად წარმატებით გაიარეს რკინიგზების რეორგანიზების პროცესი.

ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს სარკინიგზო სფეროს რეფორმირების – დროში გაწერილი, ეტაპებად ჩაშლილი, მუდმივად კორექტირებადი სამოქმედო დოკუმენტი.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

რუსეთის ნავსადგურებში ტვირთბრუნვის შენარჩუნება, აზიის მიმართულებით ტვირთების გადართვითაა განპირობებული

Next Post

საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირი IRU – შუა დერეფნის გადაულახავ პრობლემად – გაჭიანურებულ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურებს და საზღვრებზე ინფრასტრუქტურის არასაკმარის გამტარუნარიანობას ასახელებს

Related Posts

ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნები შუა დერეფნის საპირწონედ ტრანსავღანური დერეფნების განვითარების შესაძლებლობას განიხილავენ

„ტრანსავღანური დერეფნები – გამოწვევებსა და შესაძლებლობებს შორის“- ცენტრალური აზიის ექსპერტებმა ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული…
მეტის ნახვა

ბათუმი – სამგზავრო და საკრუიზო ნავსადგურის პერსპექტივა

2011 წელს – აჭარის მთავრობასა და საერთაშორისო საკრუიზო კომპანია Royal Caribbean თან დადებული მემორანდუმით, 2012 წლიდან ბათუმში საკრუიზო…
მეტის ნახვა
მიმდინარე წლის აპრილში სამარყანდში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის 12 მილიარდი ევროს საინვესტიციო პაკეტი დააანონსა. თანხის ინვესტირება…
მეტის ნახვა