რუსეთის საზღვაო აუზების ტვირთბრუნვის 2025 წლის ანალიზიდან ირკვევა, რომ მკაცრი სანქციების პირობებში, რუსეთმა ეტაპობრივად შეძლო გადაერთო საკუთარი ნავსადგურების ტვირთბრუნვა, შორეული აღმოსავლეთის აუზის ნავსადგურების გავლით აზიის ბაზრებზე, რითაც დააკომპენსირა დაკარგული ტვირთების მოცულობები.
2025 წელს რუსეთის ხუთი საზღვაო აუზიდან ოთხში ტვირთბრუნვის შემცირება დაფიქსირდა, მხოლოდ შორეული აღმოსავლეთის აუზში შეინიშნებოდა ზრდა, რის საფუძველზეც შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა, რომ აზიის მიმართულებით დამატებითი ტვირთების გადანაწილების ხარჯზე რუსეთმა შეინარჩუნა 2024 წლის ჯამური ტვირთბრუნვის მაღალი მაჩვენებელი.
რუსეთის საზღვაო სავაჭრო პორტების ასოციაციის 2025 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საზღვაო ინდუსტრიამ სტატუს-კვო შეინარჩუნა და რუსეთის ნავსადგურების ჯამური ტვირთბრუნვა ფაქტობრივად უცვლელი დარჩა.
რუსეთის საზღვაო ნავსადგურების ჯამური ტვირთბრუნვა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 0.4 %-ით შემცირდა და 884.5 მლნ ტონა შეადგინა.
თუ მხედველობაში არ მივიღებთ კოვიდის 2020 წელს, მოქმედი სანქციების პირობებში, რუსეთის ნავსადგურების ტვირთბრუნვა, 2025 წლის გამოკლებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდებოდა (იხ. დიაგრამა).

რუსეთის სანავსადგურე ინფრასტრუქტურა აერთიანებს ხუთ საზღვაო აუზს: არქტიკის აუზს, ბალტიის აუზს, აზოვი-შავი ზღვის აუზს, კასპიის აუზს, შორეული აღმოსავლეთის აუზს.
არქტიკის აუზის ნავსადგურები ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ტვირთბრუნვა 6.3 %-ით შემცირდა და ჯამურად 87.1 მილიონ ტონას მიაღწია.
არქტიკის აუზში განლაგებული ყველა ნავსადგურის ტვირთბრუნვა შემცირდა – მურმანსკი 47 მლნ ტონა (-9.8%), საბეტა – 29.1 მლნ ტონა (-0.4%), ვარანდეი – 4.6 მლნ ტონა (-10.3%) და არხანგელსკი – 2.2 მლნ ტონა (-14.6%).
შემცირება ძირითადად ჩრდილოეთის ყინულოვან მარშრუტზე ლოგისტიკური სიძნელებით და სატრანზიტო გადაზიდვების შემცირებითაა განპირობებული.
კასპიის აუზის ნავსადგურების ტვირთბრუნვა 5.4%-ით შემცირდა და ჯამურად 8.6 მლნ ტონას მიაღწია.
ასტრახანის ტვირთბრუნვა 4.6 მლნ ტონამდე (-5.2%) შემცირდა, მახაჩკალის ტვირთბრუნვა 3.5 მლნ ტონამდე (+6.5%) გაიზარდა.
შემცირების ძირითადი მიზეზი კასპიის ზღვის რუსეთის არეალში სიღრმეების შემცირება და ვოლგა-კასპიის სანაოსნო არხით ნაოსნობის შეზღუდვა წარმოადგენდა.
აზოვი-შავი ზღვის აუზის ნავსადგურების ტვირთბრუნვის მოცულობა 3.9%-ით შემცირდა და ჯამურად 265.4 მლნ ტონას მიაღწია.
შემცირების მთავარი მიზეზი კავკაზის 14.9 მლნ ტონა (-35%) და დონის როსტოვის 12.7 მლნ ტონა (-19.7%) ნავსადგურების ტვირთბრუნვის დრამატული ვარდნაა.
რაც შეეხება აუზის სხვა ნავსადგურებს, უდავო ლიდერია ნოვოროსიისკის ნავსადგური, რომლის ტვირთბრუნვამ 168 მლნ ტონა შეადგინა (+1.9%), ტამანი – 29.5 მლნ ტონა (+4.1%), ტუაფსე – 21.8 მლნ ტონა (+1.7%).
ნოვოროსიისკის ნავსადგურისთვის 2025 წელი სარეკორდო აღმოჩნდა – 168 მლნ ტონა, სქემაზე ნოვოროსიისკის გარდა რუსეთის მეორე მსხვილი ნავსადგურის, უსტ-ლუგის მონაცემებია მოყვანილი, რომელიც ბალტიის აუზშია განთავსებული (იხ. დიაგრამა).

ბალტიის აუზის ნავსადგურებმა წელი 0.6%-იანი უმნიშვნელო შემცირებით დაასრულეს, ჯამურად 271.3 მლნ ტონა.
უსტ-ლუგას ტვირთბრუნვამ შეადგინა 130.5 მლნ ტონა (-3.4%), პრიმორსკი – 63.9 მლნ ტონა (+5.2%), სანქტ-პეტერბურგი — 54.6 მლნ ტონა (+3.0%), ვისოცკი – 11.6 მლნ ტონა (-6.6%).
შორეული აღმოსავლეთის აუზი ერთადერთი იყო, რომელმაც 6.6%-ით ზრდა განიცადა, ტვირთბრუნვის მთლიანმა მაჩვენებელმა 252.1 მლნ ტონა შეადგინა.
ტვირთბრუნვის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ვანინოს ნავსადგური იყო, რომელმაც შთამბეჭდავი 43.6%-იანი ზრდა (42.1 მლნ ტონა) აჩვენა. ვლადივოსტოკმა გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომელმაც 11.1%-იანი (41.6 მლნ ტონა) ზრდა აჩვენა.
ვოსტოჩნის ტვირთბრუნვამ შეადგინა 84.7 მლნ ტონა (-3.5%), ნახოდკა – 28.1 მლნ ტონა (-2.1%), პრიგოროდნოიე – 13.4 მლნ ტონა (+1.5%).
ცალკე გამოსაყოფია რიგი რუსეთისთვის სტრატეგიული ტვირთნაკადები ექსპორტის მაჩვენებლები.
ქვანახშირი – რუსეთის ძირითადი საექსპორტო პროდუქცია აღმოჩნდა, 2025 წელს 7.8%-ით მოიმატა და ყველა ნავსადგურის მთლიანმა ექსპორტმა 203 მლნ ტონას მიაღწია.
რუსეთის მეტალურგიის ინდუსტრიაზე სანქციების ზეწოლამ მსოფლიო ბაზრებზე კოქსის ქვანახშირის მოთხოვნა შეზღუდა, თუმცა თერმულმა ქვანახშირმა დააკომპენსირა კოქსის ქვანახშირის მოთხოვნა, უფრო მეტიც, ახალი ბაზრები აზიაში იპოვა.
კოქსის ქვანახშირის ექსპორტმა სამხრეთ კორეაში 21.4 მლნ ტონას (+40%) მიაღწია, თურქეთში – 17.9 მლნ ტონას (+22%), ვიეტნამში – 7 მლნ ტონას (+30%).
ამავდროულად, რუსეთის საზღვაო ნავსადგურების მეშვეობით მარცვლეულის ექსპორტმა კატასტროფული – 31.1%-იანი კლება განიცადა, რითაც ექსპორტი 52.2 მილიონ ტონამდე დაეცა, რაც ბოლო წლებში ყველაზე ექსპორტი აღმოჩნდა.
მარცვლეულის ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი 2024 წლის დაბალი მოსავალი იყო, რომელმაც მხოლოდ 125.9 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 19.5 მილიონი ტონით ნაკლები აღმოჩნდა 2023 წლის მაჩვენებელზე.
შედეგად, 2025 წელს მარცვლეულის ინდუსტრიას ექსპორტისთვის ნაკლები რესურსი გააჩნდა, რადგან 2025 წელს ქვეყნის ხორბლის მარაგი წინა წელთან შედარებით 32%-ით ნაკლები იყო. შედეგად, მასშტაბური ექსპორტისთვის მარცვლეული არასაკმარისი იყო.
გარდა ამისა, საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებისას, რუსეთის მარცვლეულმა ტრადიციულ ბაზრებზე დამატებითი ლოგისტიკური ხარჯების გამო მიმზიდველობა დაკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიაში შეინარჩუნა მარცვლეულის რეალიზების ბაზრები, საერთო ჯამში ამ მიმართულებებით შეუმცირდა შესყიდვების აბსოლუტური მოცულობა.
რუსეთის ნავსადგურებში დადებითი ძვრები დაფიქსირდა ტვირთების ექსპორტის სხვა სეგმენტებში. მაგალითისთვის, შავი ლითონების ექსპორტი გაიზარდა 20.8%-ით (23 მლნ ტონა), მადანი – 29.1%-ით (15.9 მლნ ტონა), მინერალური სასუქები – 8%-ით (45.9 მლნ ტონა).
რუსეთის ნავსადგურების გავლით შავი ლითონების ექსპორტის 20.8%-იანი ზრდა (23 მლნ ტონა) განპირობებული იყო აზიაში ფოლადის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდით, ამას დაემატა დადებითი ცვლილებები ჩინეთში სამშენებლო ინდუსტრიის აღორძინებასთან დაკავშირებით.
მინერალური სასუქების მოცულობის 8%-ით გაზრდამ (45.9 მლნ ტონა) ტვირთის ამ სახეობის მიხედვით რუსეთი ექსპორტის მხრივ მსოფლიო ლიდერი გახადა.
მოსალოდნელი იყო, რომ 2025 წელს თხევადი ტვირთების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, მაგრამ რეალურად უმნიშვნელოდ – მხოლოდ 0.5%-ით შემცირდა. ნავსადგურებში ჯამური გადატვირთვის მთლიანმა მოცულობამ 442.8 მლნ ტონა შეადგინა.
თხევადი ტვირთების მაჩვენებლების კლება მხოლოდ ნავთობპროდუქტებმა გამოიწვია, 2025 წელს ნავთობპროდუქტებში მნიშვნელოვანი 7.7%-იანი კლება დაფიქსირდა და ექსპორტი 121.1 მლნ ტონამდე დაეცა.
რაც შეეხება თხევად ტვირთებს, ნედლი ნავთობის ექსპორტის მოცულობა 2.8%-ით გაიზარდა და 274.9 მლნ ტონას მიაღწია. თხევადი ბუნებრივი აირი 2.5%-ით გაიზარდა – მოცულობამ 37.2 მლნ ტონა შეადგინა.
მილსადენების სისტემის ოპერატორების მონაცემებით, 2025 წელს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის მიწოდება 228.3 მილიონ ტონამდე შემცირდა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენდა.
რუსეთის ნავსადგურებში ტვირთბრუნვის მდგომარეობა, სავარაუდოდ, მიმდინარე 2026 წელს აშშ-ის მიერ 2025 წლის დეკემბერში დაწესებული დამატებითი სანქციების შემდგომ უფრო გართულდება, რაც, სავარაუდოდ, 2026 წელს ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობებზე ნეგატიურად აისახება.
დამატებითი სისტემური სანქციები განპირობებულია იმით, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული რიგი კომპანიებისთვის შეზღუდვები გამოაცხადეს.
გარდა ამისა, გაძლიერდა ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტზე“ ნადირობა, რომელსაც დასავლეთი რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საექსპორტო გასაღების საკვანძო მიმართულებად მიიჩნევს.
ყველა ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი ართულებს რუსეთის ნავსადგურების გავლით ტვირთბრუნვის დინამიკის შესახებ 2026 წლის პროგნოზებს.