საქართველოს რკინიგზით ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვები შუა დერეფანს უბრუნდება – ქვეყნისთვის სტრატეგიული ტვირთნაკადის დამკვიდრების რა პერსპექტივა არსებობს?

ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ ყაზახეთის თენგიზის საბადოდან ბათუმის ნავთობტერმინალის მიმართულებით, საქართველო – აზერბაიჯანის რკინიგზის გამოყენებით, ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვები განახლდა, ეს ყოველივე საქართველოზე გამავალი დერეფნისათვის უდაოდ ისტორიულ მოვლენად უნდა შეფასდეს.

ყაზახეთის თენგიზის საბადოდან ბათუმის ნავთობტერმინალამდე ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება რთული ლოგისტიკური სქემით და სრულად სარკინიგზო ტრანსპორტით განხორციელდა.

ყაზახეთის ნავთობის მომპოვებელ თენგიზის საბადოში ვაგონ – ცისტერნებში დატვირთული ნედლი ნავთობი – კასპიის ზღვის შემოვლითი მარშრუტით, აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზების გამოყენებით, საბოლოოდ ხვდება ბათუმის ნავთობტერმინალში, სადაც გემის პარტიების ფორმირების შემდგომ ტანკერებში იტვირთება.

მიმდინარე წლის მარტის თვეში უკვე 350 ერთეული   ყაზახური ნედლი ნავთობით დატვირთული ვაგონ – ცისტერნა ბათუმის ნავთობტერმინალში იქნება გადატვირთული.

ბუნებრივია, ამ პროცესის მიღმა რამდენიმე კითხვა იბადება – პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – რამ განაპირობა ჩვენი დერეფნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტვირთის ბათუმის ნავთობტერმინალში დაბრუნება? რამდენად სტაბილური და ხანგრძლივი აღმოჩნდება ყაზახური ნედლი ნავთობის შუა დერეფნის მიმართულებით გადმომისამართების პროცესი? გააჩნია  საქართველო – აზერბაიჯანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ნედლი ნავთობის ნაკადის სტაბილური და უსაფრთხო გადაზიდვის ტექნიკური შესაძლებლობა?

აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ყაზახური ნედლი ნავთობის რეალურად დამკვიდრების შესაძლებლობას წარმოაჩენს.

ჩვენი გვერდის მკითხველისათვის საინტერესო იქნებოდა წარმოედგინა, თუ რა წინაპირობებმა განაპირობა 2007 წელს საქართველოს მიერ ყაზახეთისთვის ბათუმის ნავსადგურის და მისი ნავთობტერმინალის აქტივების რეალიზება.

რეალიზების ძირითადი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო – შერჩეული ყოფილიყო ისეთი სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ტვირთნაკადს, ამ შემთხვევაში ნედლ ნავთობს, ბათუმში შეძენილი სანავთობო აქტივების გამოყენებით, დაუბრკოლებლად მსოფლიო ბაზრებზე გაიტანდა.

საქართველოს მხრიდან ბათუმის აქტივების რეალიზებას წინ უსწრებდა 2004 – 2007 წლებში ბათუმის ნავთობტერმინალის მიერ ნავთობის გადაცლის მაღალი მოცულობები.

იმ პერიოდში ბათუმის გავლით ნედლი ნავთობის გატარების პიკურმა მოცულობამ 9 მლნ ტონა შეადგინა. ამ პროცესმა უდაოდ ბიძგი მისცა საქართველოს დერეფნით ნედლი ნავთობის, როგორც სტაბილური ტვირთნაკადის, ჩასახვის შესაძლებლობას.

წინასწარი გაანგარიშებით საქართველოსა და ყაზახეთს შორის დადებული ხელშეკრულება ორივე მხარისათვის მომგებიანი იყო, რადგანაც ქართული მხარე შეძლებდა ბათუმში სანავთობო საცავების ყაზახური ინვესტიციების ხარჯზე რენოვაციას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს რკინიგზა ყაზახური ნავთობის სახით შეიძენდა გარანტირებულ და სტაბილურ ტვირთნაკადს, რაც რკინიგზას ფინანსურ სტაბილურობას და მისი აქტივების მაღალი დატვირთვით გამოყენების შესაძლებლობას შემატებდა.

ხოლო ყაზახეთი იმ პერიოდში მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის გადაზიდვების დივერსიფიცირებული მარშრუტების ნაკლებობის გამო ევროპისკენ ახალ მიმართულებას შეიძენდა.

მოგვიანებით საქართველოს დერეფნით ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვებს საშიშროება დაემუქრა, რადგანაც აღნიშნული პროცესის პარალელურად იმ პერიოდში ექსპლუატაციაში შევიდა რუსეთზე გამავალი კასპიის მილსადენის კონსორციუმის CPC მარშრუტი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საქართველოს მიმართულებით ნედლი ნავთობის გადაზიდვის სურათი. მარტივად რომ ავხსნათ – ნედლი ნავთობი ყველაზე იაფი ტრანსპორტირების გზით, მილსადენში გადავიდა.

ყაზახეთის ნედლი ნავთობის გადაზიდვების საქართველო -აზერბაიჯანის რკინიგზიდან მილსადენში გადანაცვლების შედეგად, 2010 წლიდან საქართველოს რკინიგზით დაიწყო ნედლი ნავთობის გადაზიდვების ეტაპობრივი შემცირების პროცესი. 2019 წლისთვის ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვები პრაქტიკულად შეწყდა (იხ. დიაგრამა).

ნედლი ნავთობის გადაზიდვების ეტაპობრივი შემცირების პროცესმა საქართველოს რკინიგზა რთული ფინანსური მდგომარეობის წინაშე დააყენა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზისთვის წინასწარ ცნობილი იყო ნედლი ნავთობის მილსადენში გადანაცვლების შესახებ, 2012 წლის შემდეგ რკინიგზის ახალმა მენეჯმენტმა ვერ უზრუნველყო ჩანაცვლების პროცესის უმტკივნეულოდ განხორციელება, რის შედეგად საქართველოს რკინიგზა შემცირებული გადაზიდვების და რთული ფინანსური მდგომარეობის წინაშე აღმოჩნდა.

წინა წლების ანალიზით დასტურდება, რომ დერეფნის საქართველო – აზერბაიჯანის სარკინიგზო სისტემას ნედლი ნავთობის უსაფრთხო გადაზიდვის გამოცდილება გააჩნია და გადაზიდვების ახალ პირობებში განხორციელება ტექნოლოგიურ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

რაც შეეხება საქართველოზე გამავალი დერეფნით ნავთობის გადმორთვის პროცესს, სადღეისოდ ნედლი ნავთობის გადმორთვა, უპირველეს ყოვლისა, ბოლო პერიოდში ნოვოროსიისკის ნავსადგურში უკრაინული დრონების ინტენსიურმა თავდასხმებმა განაპირობა.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ CPC მილსადენით თენგიზის საბადოდან ნოვოროსიისკის ნავსადგურამდე ნავთობის მიწოდების ღირებულება ტონაზე 38 დოლარია. შედარებისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების გამოყენებით ბათუმამდე გადაზიდვა 2.4-ჯერ ძვირია და ტონაზე 92 დოლარს შეადგენს.

ნათელია, რომ ლოგისტიკის ფასთა მდგენელის განსხვავება ვერ აიძულებდა ყაზახურ ნავთობს შეერჩია ახალი დერეფანი. გადმომისამართება უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების და ტვირთების დაცულობის აუცილებლობამ განაპირობა.

კასპიის მილსადენების კონსორციუმმა 2025 წელს თენგიზ–ნოვოროსიისკის მილსადენის სისტემით 70.5 მლნ ტონა ნავთობი გაატარა, საიდანაც მხოლოდ თენგიზის საბადოდან მიწოდებულმა ნავთობმა 37 მლნ ტონა შეადგინა. აღნიშნული მოცულობა ბოლო წლებისთვის სარეკორდო იყო.

გადაზიდვების 2025 წლის პიკური მაჩვენებელი ნათლად მიუთითებს ყაზახეთის მიერ მილსადენის მაღალი დატვირთვის გამოყენებაზე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საომარი მოქმედებების პირობებში ნოვოროსიისკის ნავსადგურზე სამი თავდასხმა დაფიქსირდა. ტერმინალის გაჩერების შედეგად, ყაზახეთის, როგორც მილსადენში ნავთობის მიმწოდებლის, ყოველდღიური ზარალი 43 მლნ დოლარს უტოლდებოდა.

კასპიის მილსადენების კონსორციუმმა 2025 წლის დეკემბერში ნავთობის გატარება 33 %-ით შეამცირა. შეფერხების გამო CPC-მ ნოვოოროსისკის ნავსადგურისთვის 3.8 მლნ ტონა ნავთობის მიწოდება ვერ უზრუნველყო.

უსაფრთხოების თვალსაზრისით ნოვოროსიისკის ნავსადგურში სიტუაცია უარყოფითად 2025 წლის ნოემბრის ბოლოს შეიცვალა.

ნოვოროსიისკის ნავსადგურში უკრაინის უპილოტო ნავების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად კასპიის მილსადენების კონსორციუმის CPC საზღვაო ტერმინალის ნავთობის გადასატვირთი ВПУ-2 (выносное причальное устройство) მოწყობილობა დაზიანდა და გაურკვეველი დროით მწყობრიდან გამოვიდა.

კიდევ ერთი, მესამე ВПУ-3 ტივტივა გეგმიურ ტექნიკურ მომსახურებას გადის და გადატვირთვის მოცულობა სრულად ერთ დარჩენილ ВПУ-1 ტივტივაზეა დამოკიდებული, რაც გაზრდილი მოცულობების გასატარებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მოგვიანებით, ნოვოროსიისკის ნავსადგურზე დრონების თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა სახმელეთო ინფრასტრუქტურა.

ბოლო პერიოდში ნოვოროსიისკის ნავსადგურის სიახლოვეს შავ ზღვაში 13 ერთეულ ტანკერზე განხორციელდა თავდასხმა, რამაც სამჯერ გაზარდა ტვირთის სავარაუდო დაზიანების გამო სადაზღვევო პრემიების მოცულობა, რაც გადაზიდვების ღირებულებაში აისახა.

ახლახან, 14 მარტს, ნოვოროსიისკის ნავსადგურის სიახლოვეს ბერძნული ტანკერი მოჰყვა დრონების თავდასხმის ქვეშ.

სწორედ ამ ფაქტორთა ერთობიობამ ბიძგი მისცა ნედლი ნავთობის შუა დერეფნის მიმართულებით გადამისამართების პროცესის დაწყებას.

რაც შეეხება ნედლი ნავთობის შუა დერეფნით დამკვიდრების პროცესს, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ გადაზიდვები სტაბილურ ხასიათს მიიღებს და ნავთობი ეტაპობრივად დამკვიდრდება.

საექსპორტო ნავთობის გადაზიდვების მარშრუტების დივერსიფიცირების აუცილებლობის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ 2023 წელს გაკეთებული ოფიციალური განცხადება – ნედლი ნავთობის შუა დერეფნით გარანტირებულად დამკვიდრების წინაპირობას წარმოადგენს.

ყაზახეთის პრეზიდენტის იმდროინდელ განცხადებაში 2025 – 2030 წლებში ყაზახეთის ნავთობის ექსპორტიდან 20 მლნ ტონის კასპიის ზღვაზე, აქტაუს და კურიკის ნავსადგურებისკენ ეტაპობრივად გადმორთვის აუცილებლობის შესახებ არის ნათქვამი.

საქართველოს რკინიგზით ყაზახური ნედლი ნავთობის გადაზიდვების შუა დერეფნით დაბრუნება რეგიონში საომარი დაძაბულობითაა განპირობებული. მისი შემდგომი დამკვიდრება დერეფნისათვის უდაოდ ისტორიულ მოვლენად უნდა შეფასდეს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

Logistics Expo 2026 – ის სადისკუსიო პანელზე – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე არსებულ გამოწვევებზე გააკეთა აქცენტები

Next Post

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირობებში რუსეთი ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით გადაზიდვებს აჩერებს

Related Posts

როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას – სანქციების ამოქმედების შედეგად სატრანზიტო ტვირთნაკადების გადმორთვის ეფექტი განულებულია

სანქიების დაწესების შედეგად, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველოზე გამავალი დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების მყისეული – 40 % იანი…
მეტის ნახვა

რუსეთის ნავსადგურებისთვის დაწესებული სანქციები შეაჩერებს ნავთობის „ჩრდილოვან“ გადაზიდვებს?

ახლახანს ევროკავშირმა მე 16 პაკეტის ფარგლებში სანქციები დაუწესა რუსეთის ხუთ საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს, მათ შორის რუსეთის ყველაზე მსხვილ…
მეტის ნახვა

რუსეთი სომხეთში მარცვლეულის ექსპორტისთვის აზერბაიჯანის სარკინიგზო მარშრუტს ანიჭებს უპირატესობას – ხომ არ დაკარგავს საქართველო სომხეთის სატრანზიტო ტვირთნაკადს?

სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბული პროცესის სამშვიდობო კალაპოტში გადასვლამ ზეგავლენა იქონია რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილებაზე, რაც საქართველოზე გამავალ სატრანზიტო დერეფანზე მყისიერად…
მეტის ნახვა