უკრაინის სანავსადგურე ინფრასტრუქტურამ, მრავალრიცხოვანი საჰაერო თავდასხმების მიუხედავად, შეინარჩუნა მდგრადობა და განაგრძობენ ფუნქციონირებას – 2025 წელს ნავსადგურებმა – 82.2 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს.
უკრაინის ტერიტორიების აღდგენის სამინისტროს განცხადებით, ყველაფრის მიუხედავად, 2025 წელს ნავსადგურების ტვირთბრუნვამ საზღვაო ლოგისტიკისა და საესპორტო გადაზიდვების უწყვეტობა უზრუნველყო.
უკრაინის ნავსადგურების 2025 წლის ტვირთბრუნვის მაჩვენებელი ჯერ კიდევ შორსაა თუნდაც მშვიდობიანი 2021 წლის მაჩვენებელთან, როცა ტვირთბრუნვა 153.3 მლნ ტონას შეადგენდა.
2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ, რუსეთის საზღვაო ფლოტის გემების მხრიდან მეკობრეობის საფრთხის გამო, საზღვაო პორტებში ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციები შეჩერდა.
საომარი დაპირისპირების საწყის, 2022 წელს, ტვირთბრუნვა ყველაზე მინიმალურ ნიშნულამდე 59 მლნ ტონამდე დაეცა. შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო ზრდა და ბოლო წლების პიკს 2024 წელს 97 მლნ ტონას მიაღწია (იხ. დიაგრამა).

2025 წელს ტვირთბრუნვის ძირითადი ნაწილი – 44.2 მლნ ტონა, ანუ მთლიანი მოცულობის ნახევარზე მეტი, სასოფლო -სამეურნეო პროდუქციამ შეადგინა.
ნავსადგურებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კონტეინერების გადატვირთვის მაჩვენებლები, კერძოდ, 2025 წელს უკრაინის ნავსადგურებში ჯამურად 215 748 TEU დამუშავდა, რაც წინა წლის 129 902 TEU – სთან შედარებით 66% იან ზრდას წარმოადგენს.
საზღვაო ნავსადგურები მუდმივი საფრთხის ქვეშ ფუნქციონირებენ, თუმცა ეკონომიკის მთავარ საყრდენად რჩებიან. 2025 წლის განმავლობაში უკრაინული პროდუქცია 55 ქვეყანაში იქნა ექსპორტირებული.
ამჟამად უკრაინაში შვიდი საზღვაო ნავსადგური ფუნქციონირებს – დიდი ოდესის ოთხი ნავსადგური (ოდესა, ჩერნომორსკი, ბელგოროდ – დნესტროვსკი და იუჟნი) და სამი მდინარე დუნაიზე (იზმაილი, რენი და უსტ – დუნაისკი). აღნიშნული ნავსადგურების კოორდინირებული მუშაობით, უკრაინა საერთაშორისო ბაზრებზე სტაბილურ საექსპორტო გადაზიდვებს ახორციელებს.

გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის საზღვაო დერეფნით ხორციელდება, რომელიც 2023 წლის შემოდგომიდან ფუნქციონირებს.
საერთო ჯამში, 2023 წლის სექტემბრიდან მოყოლებული, უკრაინის საზღვაო დერეფნით 179 მლნ ტონა ტვირთი გადაიტანეს, საიდანაც 107 მლნ ტონას მარცვლეული შეადგენდა. ამ დროის განმავლობაში 7 087 გემი იქნა დამუშავებული.

2025 წელს ნავსადგურის ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმები სერიოზულ გამოწვევად რჩებოდა. მხოლოდ ოდესის რეგიონში განგაში 800-ზე მეტჯერ გაისმა და უსაფრთხოების შეზღუდვების გამო შეფერხების საერთო ხანგრძლიობამ ერთ თვეს გადააჭარბა – ფაქტობრივად, ოპერატიული საქმიანობის ერთი თვე საომარ პირობებში დაიკარგა.
სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსეთი სისტემურად ესხმის თავს სანავსადგურე ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც დააზიანა ან ნაწილობრივ გაანადგურა 726 ერთეული საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი და 153 სამოქალაქო გემი.
მხოლოდ 2026 წლის დასაწყისიდან დააზიანა სანავსადგურე ინფრასტრუქტურის 63 ობიექტი და 7 სამოქალაქო გემი.
მუდმივი დაბომბვის პირობებში, უკრაინის საზღვაო დერეფანი საკუთარი ნავსადგურების საშუალებით, დღესაც საიმედო ექსპორტის მარშრუტად რჩება, აგრძელებს უკრაინული პროდუქციის მიწოდებას გლობალურ ბაზრებზე და უზრუნველყოფს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, აღსანიშნავია, რომ ნავსადგურები ჯერ კიდევ შორს არის მშვიდობიანი პერიოდის ტვირთბრუნვის მაჩვენებლებისგან.