მსოფლიოს წამყვანმა საკონტეინერო ხაზებმა სრუტის გავლით გადაზიდვები დროებით შეაჩერეს. უმსხვილესმა კომპანიებმა კონტეინერმზიდების უსაფრთხო ზონებში გაჩერების განკარგულება გასცეს.
ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი კრიზისი გლობალური ნაოსნობა უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენა. ბოლო მონაცემებით სრუტეში ბლოკირებულ 750 გემს შორის 100 მდე კონტეინერმზიდია.
ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეჩერების გამო, გადამზიდავი კომპანიები თითო TEU-ზე 4000 აშშ დოლარამდე დამატებით საკომისიოს აწესებენ. არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარისა და ბაჰრეინის ნავსადგურებში ტვირთების მიწოდება ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია.
სადაზღვევო სექტორმა ტარიფების გაზრდითა და დაზღვევის დაფარვის შეზღუდვით მოახდინა ბაზარზე რეაგირება. ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემების დაზღვევა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 12-ჯერ გაიზარდა.
სიტუაციის ესკალაციის საპასუხოდ, დანიურმა საკონტეინერო გიგანტმა Maersk-მა ჰორმუზის სრუტეში ყველა სატრანზიტო მიმოსვლის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება და კლიენტები გააფრთხილა სპარსეთის ყურის ნავსადგურების მიმართულებით ყველა შესაძლო მარშრუტის შეფერხებებისა და გრაფიკის ცვლილებების შესახებ.
Maersk-მა ასევე გამოთქვა შეშფოთება არაბთა გაერთიანებული საამიროების, ომანისა და კატარის პორტებისთვის შესაძლო ზიანის მიყენების გამო.
MSC Mediterranean Shipping Company-მ 1 მარტიდან შეწყვიტა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მომსახურებისთვის ჯავშნების მიღება და სპარსეთის ყურეში მყოფ ან მისკენ მიმავალ ყველა გემს მოუწოდა შემდგომ შეტყობინებამდე უსაფრთხო ადგილას გაჩერება მოეთხოვათ.
CMA CGM-მა გააფართოვა შეზღუდვები, შეაჩერა ტრანზიტი წითელ ზღვასა და ბაბ ელ-მანდების სრუტეში, გემების მიმართულება კი კეთილი იმედის კონცხის გარშემო გადაიტანა.
Hapag-Lloyd-მა ასევე შეწყვიტა მომსახურება სპარსეთის/არაბეთის ყურის მიმართულებით.
საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიებმა ომის რისკების დასაფარად ფინანსური ზომები შემოიღეს. მაგალითად Hapag-Lloyd-მა 2026 წლის 2 მარტიდან სპარსეთის ყურეში შემავალ და გამომავალ გემებზე თითო TEU-ზე ომის რისკის დანამატი 1500 აშშ დოლარის ოდენობით დააწესა. ასევე თითო TEU რეფ კონტეინერზე ტარიფი 3500 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
CMA CGM-მა საგანგებო კონფლიქტის დამატებითი გადასახადი TEU-ზე 2000 აშშ დოლარის ოდენობით და FEU-ზე, 3000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 4000 აშშ დოლარის ოდენობით – რეფ კონტეინერებისთვის დააწესა.
აღნიშნული გადასახადი ერაყის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იემენის, კატარის, ომანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, იორდანიის, ეგვიპტის, ჯიბუტის, სუდანისა და ერიტრეის მიმართულებით განკუთვნილ ტვირთზე ვრცელდება.
Maersk-ი 15 მარტიდან სპარსეთის ყურიდან და ინდოეთის სუბკონტინენტიდან ჩრდილოეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვაში განხორციელებულ რეისებზე საგანგებო დამატებითი გადასახადის დაწესებას გეგმავს.
ექსპერტები დამატებითი გადასახადების შემოღებას ბაზრის მხრიდან „მყისიერ რეფლექტორულ რეაქციას“ უწოდებენ. თავის მხრივ, საზღვაო ხაზები ჯავშნების განახლების ვადებთან დაკავშირებით გაურკვევლობაში იმყოფებიან.
Lloyd’s List Intelligence-ის მონაცემები 2026 წლის 2 მარტის მდგომარეობით ჰორმუზის სრუტის სამხრეთ შესასვლელთან დაახლოებით 60 კონტეინერმზიდი გემის დაგროვებაზე მიუთითებს, რომლებიც სრუტეში გავლას ელოდებიან.
ჩინურმა გიგანტმა Cosco Shipping-მა უსაფრთხოების მიზნით თავისი კონტეინერმზიდი გემების ტრანზიტი სრუტეში შეაჩერა.
რაც შეეხება China United Lines სს-ს, იგი წითელი ზღვისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით შეკვეთების მიღებას აგრძელებს, თუმცა სპარსეთის ყურეში ოპერაციები სხვა საკონტეინერო ხაზების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, რომელთათვისაც კომპანიამ დააწესა სამხედრო დანამატები თითო TEU-ზე 2000-3000 აშშ დოლარის ოდენობით.
სადაზღვევო სექტორმა ტარიფების გაზრდითა და დაზღვევის დაფარვის შეზღუდვით მოახდინა ბაზარზე რეაგირება.
ჰორმუზის სრუტეში – სპარსეთის ყურეს ომანის ყურესთან და შემდგომ ინდოეთის ოკეანესთან დამაკავშირებელ საკვანძო საზღვაო არტერიაში – ტრანზიტის დროს გემების დაზღვევის ტარიფი ამჟამად გემის ღირებულების 3%-ს შეადგენს, როდესაც კონფლიქტამდე დაზღვევის ტარიფები 0.25%-ზე მეტს არ შეადგენდა.
გემების წითელი ზღვის გარშემო, კეთილი იმედის კონცხის გავლით, გადამისამართება დომინანტური სცენარი ხდება, რაც აზია-ევროპის მარშრუტზე ტრანზიტის დროს დაახლოებით 10 დღით ზრდის და სუეცის არხით ტრანზიტზე მოთხოვნას მკვეთრად ამცირებს.
ექსპერთა ვარაუდით 2026 წელს კონტეინერმზიდი გემების წითელ ზღვასა და სუეცის არხის მარშრუტზე დაბრუნების მოლოდინები ნაკლებად სავარაუდოა.