შუა დერეფნის გადაულახავ პრობლემად ტვირთნაკადების მოძრაობის დისბალანსი სახელდება

ახლახან შუა დერეფნით რკინიგზის ტვირთზიდვის 2025 წლის მაჩვენებლები გამოქვეყნდა, ნიშანდობლივია, რომ 2021-2024 წლებში მზარდი დინამიკის შემდეგ, 2025 წელს შუა დერეფნის გადაზიდვები 9%-ით 4.5 მლნ ტონიდან 4.1 მლნ ტონამდე შემცირდა (იხ. დიაგრამა).

გადაზიდვების შემცირების ტენდენცია გარკვეულ კითხვის ნიშნებს ტოვებს და მოითხოვს საფუძვლიან გაანალიზებას, იმის დასადგენად, თუ რა ძირითადი ფუნდამენტური შემაფერხებელი ფაქტორები არსებობს შუა დერეფნის განვითარებასთან მიმართებით?


ბოლო წლებში საერთაშორისო ექსპერტები შუა დერეფნის გადაულახავ პრობლემად ტვირთნაკადების მოძრაობის დისბალანსს ასახელებენ, კერძოდ, ცენტრალური აზიისკენ მიმავალი ევროპული ექსპორტის მოცულობა გაცილებით მცირეა დასავლეთიდან მომავალი ცენტრალური აზიისა და ჩინური ტვირთების მოცულობაზე. ფაქტობრივად, ევროპიდან რევერსული ტვირთების მწვავე დეფიციტი შეიმჩნევა.

ტვირთნაკადების მოძრაობის ასიმეტრია სატრანსპორტო საშუალებების უმეტესობას აიძულებს, თუნდაც სახმელეთო გზებით, ჩინური ტვირთის ევროპაში მიტანის შემდეგ, ცარიელი დაბრუნდნენ, რაც, თავის მხრივ, აორმაგებს ტრანსპორტირების ხარჯებს და სხვა მარშრუტებთან მიმართებით ამცირებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.

პოლიტოლოგების მოსაზრებით, შუა დერეფნის განვითარების მთავარი რისკი ჩინეთსა და ევროკავშირს შორის დერეფნის გამოყენებით სავაჭრო ურთიერთობების დაბალი ათვისებაა.

სატრანსპორტო დარგის ექსპერტების ვარაუდით, შუა დერეფნის განვითარების საკვანძო გამოწვევებია:

დერეფნის ერთიანი კოორდინაცია და მართვაა: როგორ გარდავქმნათ ცალკეული სახელმწიფოების მონაკვეთებისგან შემდგარი მარშრუტი ერთიან, შეუფერხებელ სატრანსპორტო დერეფნად? როგორ უნდა გაძლიერდეს ერთიანი მულტიმოდალური “Middle Corridor Multimodal Ltd” ოპერატორი?

ინფრასტრუქტურული მდგენელის გაძლიერება: მზად არიან თუ არა აქტაუს, კურიკის და ბაქოს ნავსადგურები, ასევე ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზები ტვირთბრუნვის გაზრდისთვის? სადღესოდ რა სახის მოდერნიზაციის პროექტები ხორციელდება?


დიგიტალიზაცია და გამჭვირვალობა: რამდენად წარმატებულია ციფრული სისტემების ინტეგრაცია მონაწილე ქვეყნებს შორის? როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქვეყნებს შორის დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში შეუფერხებელი გაცვლა?
სატარიფო პოლიტიკა: მომხმარებლების მოსაზიდად როგორ უნდა გარდაიქმნას დერეფნის ტარიფები კონკურენტუნარიან, გამჭვირვალე და სტაბილურ სისტემად?

გარეგანი გამოწვევები: როგორ მოქმედებს გარემოსდაცვითი საკითხები, კასპიის ზღვის დონის სწრაფი დაწევა და გეოპოლიტიკური სიტუაცია დერეფნის მომავალზე?

ეკონომიკური მდგრადობა: დერეფნის ეკონომიკური მომგებიანობის გასაზრდელად როგორ უზრუნველვყოთ უკუმიმართულებით, ევროპიდან აზიისკენ, რევერსული ტვირთების მოზიდვა?

შუა დერეფნის პრობლემები:

ფრაგმენტაცია: დერეფანი ისტორიულად შედგება სხვადასხვა ქვეყნის მონაკვეთებისგან, რომლებსაც განსხვავებული წესები, ტარიფები და მიდგომები გააჩნიათ, რაც აფერხებს ქვეყნებს შორის სინქრონიზაციას.

ბიუროკრატია და დოკუმენტაცია: ქვეყნების საბაჟო და სატრანსპორტო სისტემებს შორის ციფრული სინქრონიზაციის არარსებობა იწვევს შეფერხებებს და მონაცემების ხელით შეყვანის საჭიროებას.


ინფრასტრუქტურის შეზღუდვები: ნავსადგურებისა და რკინიგზის მონაკვეთების არსებული გამტარუნარიანობა მზარდი ტვირთბრუნვის დასამუშავებლად მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს.

გარემოსდაცვითი რისკი: კასპიის ზღვის დაშრობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის აქტაუს ნავსადგურის ფუნქციონირებას და მოითხოვს ძვირადღირებულ ფსკერდაღრმავებით სამუშაოებს.

ტვირთნაკადების დისბალანსი: ძირითადი მოძრაობა აღმოსავლეთ – დასავლეთის მიმართულებით ხორციელდება, ხოლო საპირისპირო მიმართულება (დასავლეთ-აღმოსავლეთი) ნაკლებადაა დატვირთული.

ტარიფების გაუმჭვირვალობა: ბაზრის მონაწილეებისთვის მთავარი ბარიერია, რადგან კლიენტებს მკაფიო, გამჭვირვალე და გრძელვადიანი ტარიფები ესაჭიროებათ.

გადაწყვეტის გზები:

ინტეგრირებული მიდგომა: შუა დერეფნის მიმზიდველობა და კონკურენტუნარიანობა დამოკიდებულია არა ერთ, არამედ სხვადასხვა მიმართულებით სინქრონულ მუშაობაზე – ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები, ერთიანი წესებისა და ტარიფების ფორმირება და დერეფნის დიგიტალიზაცია.

ერთი ოპერატორი რაციონალური ნაბიჯია: “Middle Corridor Multimodal Ltd” ერთობლივი საწარმოს ფუნქციონირება აღიარებულია როგორც მართვის ცენტრალიზაციის, კოორდინაციისა და კლიენტებისთვის ერთიანი „ფანჯრის“ შეთავაზების ერთ-ერთი მთავარი და ოპტიმალური ნაბიჯი.


დიგიტალიზაცია ეფექტიანობის საფუძველია: ყაზახეთის რკინიგზის მიერ „ერთიანი ციფრული ფანჯრის“ პლატფორმის დანერგვა რევოლუციური გადაწყვეტაა. შემდეგი ამოცანა აზერბაიჯანისა და საქართველოს სისტემებთან ერთიანი ციფრული სივრცის შესაქმნელად სრული ინტეგრაციაა.

ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში: აქტაუსა და ბაქოს ნავსადგურების მოდერნიზაცია, ასევე რკინიგზების გამტარუნარიანობის გაზრდა ნავსადგურებისა და რკინიგზების გამტარუნარიანობის სინქრონიზაციისკენ უბიძგებს, რაც შუა დერეფნის მიმზიდველობის გაზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

დასკვნის სახით – შუა დერეფნის განვითარებისას ოთხ მიმართულებაზე უნდა იქნეს აქცენტი გადატანილი – საერთაშორისო თანამშრომლობა, კოორდინაცია, დიგიტალიზაცია და ინფრასტრუქტურა. ამასთან, ოთხივე მიმართულებით დერეფნის ქვეყნებს შორის სინქრონიზაციის აუცილებლობაა მნიშვნელოვანი.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირობებში რუსეთი ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით გადაზიდვებს აჩერებს

Related Posts

შუა დერეფანი – ახალი ევრაზიული მაგისტრალი თუ გადაჭარბებული ამბიციების  პროექტი?

ახლახანს ყაზახურ Magistral Life ის პლატფორმაზე „შუა დერეფანი – ახალი ევრაზიული მაგისტრალი თუ გადაჭარბებული ამბიციების  პროექტი?“ ამ სათაურით,…
მეტის ნახვა

ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსრულებელი რიგები და გაუსაძლისი პირობები ქართველ მძღოლებს უცხოეთში სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს

ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსრულებელი რიგები და გაუსაძლისი პირობები ქართველ მძღოლებს უცხოეთში სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს სატვირთო ავტოტრანსპორტის…
მეტის ნახვა

ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, ის 12 მლრდ ევროს დებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვების და იქ საწარმოების გახსნაში – შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა

ევროკავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვებასა და იქ ერთობლივი საწარმოების გახსნაში 12 მლრდ ევროს ჩადებას გეგმავს. როგორც სატრანსპორტო…
მეტის ნახვა