ყულევის ტერმინალი ნავთობქიმიური ტვირთების ნომენკლატურის გაფართოების პარალელურად სარეზერვუარო ინფრასტრუქტურას ავითარებს

ყულევის ტერმინალმა, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი მართავს, 2025 წელს 2.2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნავთობგაზისა და ნავთობქიმიური მრეწველობის პროდუქცია გადატვირთა.

2025 წელს ყულევის ნავთობტერმინალის გადატვირთვის მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 12%-ით შემცირდა. შედარებისთვის, 2024 წელს ტერმინალმა სარეკორდო – 2.5 მლნ ტონა გადატვირთა.

მიუხედავად გადატვირთვის მოცულობის შემცირებისა, ტერმინალმა განახორციელა ახალი ნომენკლატურის, პირველ რიგში ნავთობქიმიური ტვირთების მიღება-გატარება.

ტვირთბრუნვის საერთო მოცულობაში მნიშვნელოვანი ნაწილი ცენტრალური აზიის ქვეყნების – ყაზახეთისა და თურქმენეთის – ტრანზიტული ტვირთია.

წინა პერიოდისგან განსხვავებით, როდესაც აზერბაიჯანული მხარე მონოპოლიურად მართავდა ყულევის ნავთობტერმინალის ინფრასტრუქტურას, ბოლო წლებში მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, აზერბაიჯანულმა მხარემ აირჩია „ღია კარის“პოლიტიკა, რაც ნავთობპროდუქტების დამამზადებელი ქვეყნის წარმოშობის მიუხედავად, ნებისმიერ ტვირთმფლობელთან კონტრაქტის მარტივად გაფორმებას ითვალისწინებს.


აღნიშნული მიდგომა უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯია შუა დერეფნით ტვირთების მომარაგების თვალსაზრისით.


ახალი პოლიტიკის კვალდაკვალ, ყაზახეთისა და თურქმენეთის სატრანზიტო ტვირთების ხარჯზე, ბოლო წლებში ტერმინალში თვეში 40 – 50 ათასი ტონა სატრანზიტო თურქმენული და 20 – 30 ათასი ტონა ყაზახური ნავთობპროდუქტები, ძირითადად – გაზოილი, პარაქსილოლი, ბენზოლი და მაზუთი დაემატა.

ტერმინალის არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი დატვირთულობის მიუხედავად, ტერმინალს ნავთობპროდუქტების წელიწადში 10 მლნ ტონის გატარების შესაძლებლობა გააჩნია. სატრანსპორტო ბაზარზე ტვირთების ახალი ნომენკლატურის გამოჩენამ მენეჯმენტი აუცილებლობის წინაშე დააყენა – შეექმნა ახალი ტვირთების შესაბამისი ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები.


SOCAR ი, რომელიც აზერბაიჯანის SOCAR-ის საკუთრებაა, ინფრასტრუქტურის გაფართოების პარალელურად ტვირთების ნომენკლატურის გაზრდას ახორციელებს.

უახლოესი პერიოდისთვის ყულევის ტერმინალს გააჩნია ამბიციური გეგმა – შეკუმშული გაზისა და ნავთობქიმიური პროდუქტების გადამუშავებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობით, გაზარდოს ტერმინალის ტვირთბრუნვა წელიწადში 4 მლნ ტონამდე.


ყულევის საზღვაო ნავსადგურს სამი ნავმისადგომი გააჩნია, რომელთაგან ორი გამოიყენება საზღვაო ტანკერების ჩასატვირთად, ხოლო მესამე – დამხმარე ფლოტის დასამაგრებლად.

იგეგმება მესამე ჩასატვირთი ნავმისადგომის მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა.

ტერმინალის არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილობრივი დატვირთულობის მიუხედავად, სატრანსპორტო ბაზარზე ტვირთების ახალი ნომენკლატურის გამოჩენამ მენეჯმენტი აუცილებლობის წინაშე დააყენა – შეექმნა ახალი ტვირთების შესაბამისი ინფრასტრუქტურული სიმძლავრეები.


პირველ რიგში მოიაზრება შეკუმშული აირისა და ნავთობქიმიური ტვირთების მიღებისა და გემებზე გადატვირთვის ინფრასტრუქტურა.

რაც შეეხება ყულევის ტერმინალში თხევადი ტვირთების გადამუშავების ტარიფს, ნომენკლატურისა და ტვირთის მოცულობის მიხედვით, ტონაზე 15–20 დოლარს შეადგენს.

შეკუმშული აირის გადაზიდვის მოცულობების გაზრდის მიზნით დაინიცირებულია რამდენიმე პროექტი, რომლებიც ტერმინალის ინფრასტრუქტურის გაფართოებას ითვალისწინებს.

შეკუმშული აირის გადამუშავების მიზნით, პირველ ეტაპზე ტერმინალზე 30 ცისტერნის ერთდროულად მისაღებად გათვალისწინებულია  სარკინიგზო ესტაკადა, საიდანაც ხდება შეკუმშული აირის პირდაპირი წესით ტანკერებზე მიწოდება.

მეორე ეტაპზე გათვალისწინებულია შეკუმშული აირის შესანახი სათავსოს მოწყობა, რომლითაც შესაძლებელი იქნება თვეში 40 -60 ათასი ტონა შეკუმშული აირის რეზერვუარში დასაწყობება.


ახალი ინფრასტრუქტურა საშუალებას მისცემს, პირველ რიგში, ყაზახეთიდან წამოსული შეკუმშული აირისთვის გააფართოოს არსებული ტერმინალის შესაძლებლობები.

სადღეისოდ შეკუმშული აირის გადატუმბვა ხდება ცისტერნიდან პირდაპირ გემში. შესანახი რეზერვუარის მოწყობის პირობებში შესაძლებელი იქნება სარკინიგზო პარტიების მიღება და მათი რეზერვუარში დასაწყობება.

რეზერვუარში დაგროვების შემდეგ, გემებზე სასურველი გრაფიკით გადატვირთვის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მისი გაგზავნა ევროპის მიმართულებით, სადაც მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

SOCAR ი ყულევის ტერმინალში რეზერვუარების ახალი პარკის მშენებლობას 2026 წელს დაიწყებს, რომლის დასრულებაც 2027 წელს იგეგმება.

2025 წელს ტერმინალის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, დამტკიცდა საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება რეზერვუარების ახლად დაგეგმილ პარკ 7-ზე ოთხი ახალი რეზერვუარის მშენებლობისთვის, რომელთაგან თითოეული 20 000 კუბური მეტრის ტევადობის იქნება.

ნავთობქიმიური ტვირთების გადამუშავება ტერმინალისთვის ახალ მიმართულებას წარმოადგენს და მოიცავს რუსეთიდან რკინიგზით ქიმიკატების ტრანსპორტირებას.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, ხომ არ მოქმედებს ყულევის ტერმინალი რუსეთის სანქცირებული ნავთობქიმიური ტვირთების გატარების მოსახერხებელ ინფრასტრუქტურულ რგოლად.
2023 წლიდან ყულევის ტერმინალმა განაახლა ყაზახეთიდან, ატირაუს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან გამოგზავნილი პარაქსილოლისა და ბენზოლის გადამუშავება.

მეთანოლის გადატვირთვას ტერმინალი 2014 წლიდან ახორციელებს SOCAR-ის კუთვნილ Socar Methanol-ის ქარხანაში აზერბაიჯანული მეთანოლის გადამუშავებით.

მეთანოლის ტრანზიტისთვის ყულევის ტერმინალში 42 ცისტერნის ერთდროული ჩამოსხმის ფრონტით მოწყობილია სარკინიგზო ესტაკადა.

მეთანოლის კომპლექსის სიმძლავრე წელიწადში 600 – 650 ათასი ტონაა, საიდანაც მცირე, 5 – 20 ათასი ტონიანი პარტიებით იტვირთება თურქეთის, რუმინეთისა და უკრაინის მიმართულებებით.
SOCAR მა შექმნა სპეციალური ინფრასტრუქტურა, რითაც შესაძლებელია მეთანოლის პირდაპირ ტანკერებში გადატვირთვა.

უახლოეს პერიოდში გათვალისწინებულია ყულევის ტერმინალის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორციელება.
პერსპექტივაში არსებული 12 – 14 მ სიღრმე 15 მეტრამდე გაიზრდება.
ფსკერდაღრმავების პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება ტერმინალმა განაახლოს Aframax-ის ტიპის 80 – 120 ათასი ტონა დედვეიტის გემების მიღება, რაც უზრუნველყოფს ნავთობის გადაზიდვის პარტიების გაზრდას.

დასკვნის სახით:

ყულევის ტერმინალის გამტარუნარიანობის სრულად ათვისებისა და ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით დაგეგმილი პროექტები წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს;

ნავსადგურის მიერ „ღია კარის“ პოლიტიკის განხორციელება, რაც ითვალისწინებს ყაზახეთისა და თურქმენეთის ტვირთმფლობელების თავისუფალ დაშვებას ტერმინალის ინფრასტრუქტურაზე, ზრდის შუა დერეფნის მიმზიდველობას;


ცენტრალური აზიის ბაზარზე ახალი ტვირთების – შეკუმშული აირისა და ნავთობქიმიური ტვირთების – წარმოშობის პირობებში, ტერმინალის ინფრასტრუქტურის განვითარება მინიმუმამდე ამცირებს დერეფნის გასწვრივ „ვიწრო” ადგილების არსებობას;

ყულევის ტერმინალის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების და ტალღმჭრელის განხორციელება გაზრდის სატანკერო ფლოტის მაღალი დატვირთვით გამოყენების შესაძლებლობას;


ერთობლიობაში ყულევის ტერმინალში გათვალისწინებული პროექტები უზრუნველყოფენ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის ამოცანის გადაწყვეტას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

შუა დერეფნის კასპიის ზღვის მონაკვეთზე საკონტეინერო ნაკადის ზრდის პარალელურად, ყაზახეთი და აზერბაიჯანი გაზრდილი ტევადობის კონტეინერმზიდ გემებს ამატებენ

Next Post

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადება:

Related Posts

შუა დერეფნით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა მშრალი ტვირთებისთვის 2028 წელს, ხოლო ნავთობნაკადისთვის 2032 წლისთვისაა მოსალოდნელი

რეგიონში ახალი სამრეწველო ობიექტების მოცულობების ზრდის და ტვირთნაკადების სატრანსპორტო დერეფნებში ახლებურად გადამაწილების პირობებში საქართველოს სატრანსპორტო სისტემით  დამატებით 4…
მეტის ნახვა

ყაზახეთი ელმავლების მწარმოებელ რეგიონალურ ლიდერად ყალიბდება,  საქართველო რუსეთის ინდუსტრიაზე  დამოკიდებული რჩება

შუა დერეფნის „ვიწრო“ ადგილების იდენტიცირების მიზნით მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული  10 პუნქიანი რეკომენდაციიდან  ერთ – ერთი, საქართველოს სარკინიგზო…
მეტის ნახვა

ყაზახეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი საკუთარ ფლოტს ადგილობრივ გემთსაშენებში  წარმოებული  გემებით ავსებენ, საქართველოში გემთსაშენი საწარმოს შექმნა ჯერ კიდევ  დაპირებად რჩება

კასპიის ზღვაზე სხვადასხვა ტიპის მცირე წყალწყვის გემების დეფიციტი ზღუდავს სატრანსპორტო  დერეფნის გამტარუნარიანობას. ამ სტრატეგიული ამოცანის გადასაწყვეტად კასპიის ზღვის…
მეტის ნახვა