ზანგეზურის დერეფნის დაჩქარებული ტემპით აღსადგენად სომხეთი რუსეთის რკინიგზის კონცესიიდან გამოსვლის საკითხს განიხილავს

სომხეთის რკინიგზა რომელიც  – სააქციო საზოგადოება „Южно-Кавказская железная дорога“ (ЮКЖД) სახელითაა ცნობილი, 2008 წლიდან 30-წლიანი კონცესიით, დამატებით 10 წლით მართვის გაგრძელების უფლებით, РЖД ს რუსეთის რკინიგზისთვისაა გადაცემული. ფაქტიურად სომხეთის რკინიგზა 100 %-ით რუსეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

რუსეთის მხარის განცხადებით, იგი მკაცრად იცავს სომხეთის მთავრობასთან დადებული საკონცესიო ხელშეკრულების პირობებს, რომლის მიხედვითაც კონცესიის პერიოდში რკინიგზის ინფრასტრუქტურის და მოძრავი შემადგენლობის აღდგენა – განახლებაში ჯამურად 435 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

2008 – 2025 წლებში რუსეთის მხრიდან სომხეთის რკინიგზაში კონცესიის პირობით ჩადებულმა თანხამ 388 მლნ დოლარს (90 %) მიაღწია, მათ შორის ინფრასტრუქტურაში – 271 მლნ დოლარი, მოძრავ შემადგენლობაში – 117 მლნ დოლარი.

ჩადებული თანხის მოცულობიდან გამომდინარე, რუსეთის მხარემ არაერთხელ აღნიშნა, რომ საკონცესიო ხელშეკრულების პირობებს გეგმიურად და, უფრო მეტიც, წინმსწრებადაც ასრულებს.
რუსეთის მხარის განმარტებით, საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით, არსებული 700 კმ სარკინიგზო ქსელიდან 520 კმ აღდგენილია, გარემონტებულია 50 საინჟინრო ნაგებობა, 38 სახიდე გადასასვლელი, ორი გვირაბი.

გარდა ამისა რკინიგზაში დასაქმებულია 2500 პერსონალი, როდესაც მოთხოვნა მხოლოდ 1500 შეადგენს, რითაც რუსეთის მხარე სოციალური ვალდებულებების შესრულებაზე ამახვილებს ყურადღებას.

მიუხედავად რუსეთის მხარის საინვესტიციო ვალდებულებების გადაჭარბებით შესრულების შესახებ გაკეთებული არაერთი განცხადებისა, სომხეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურა სახარბიელო მდგომარეობაში არ იმყოფება.

სომხეთის სარკინიგზო ქსელზე სატვირთო მატარებლების 35 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის პირობებში, რთულია კონკურენცია გაუწიოს საავტომობილო ტრანსპორტს.

შედეგად, ისედაც დაბალი ტვირთბრუნვის მაჩვენებლები, რომლებიც 3.0 – 3.5 მლნ ტონის ფარგლებში (იხ. დიაგრამა) მერყეობდა, ბოლო ორ წელიწადში კატასტროფულად შემცირდა. 2025 წელს სომხეთის რკინიგზამ – 1.85 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა.

ნათელია რომ ტვირთბრუნვის ასეთ შემცირებულ პირობებში, რუსეთის ხელში არსებული სომხეთის რკინიგზა აპრიორი წამგებიან კომპანიას წარმოადგენს.

შემცირებული ტვირთბრუნვის, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე უმოქმედო სარკინიგზო მონაკვეთების დაჩქარებული ტემპით აღდგენის მიზნით, სომხეთის პრემიერმა სომხეთის რკინიგზის რუსეთის კონცესიიდან გამოსვლის მიზანშეწონილობის საკითხი დააყენა.

პრემიერის განცხადებით – „ის ფაქტი, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის რკინიგზის კონტროლის ქვეშაა, ნიშნავს, რომ ვკარგავთ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას“.

სომხეთის პრემიერის განმარტებით, რუსეთის მიერ სომხეთის რკინიგზის არაეფექტური მართვა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც თურქეთსა და აზერბაიჯანს 2025 წლის აგვისტოში სომხეთის მარშრუტის პარალელურად ახალი კონკურენტი ყარსი-იღდირი-არალიკ-დილუჯუს (ნახიჭევანი) რკინიგზის ხაზის მშენებლობის გადაწყვეტილება მიაღებინა.

ყოველივე ამას წინ უძღოდა სომხეთის მიმართვა რუსეთის მხარისადმი, ზანგეზურის დერეფნის შემადგენელი იერასხი – აზერბაიჯანის (ნახჭევანის) საზღვარი და ახურიკი – თურქეთის საზღვარი ორი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით.

მოსკოვმა თავდაპირველად სომხეთის წინადადებას, კერძოდ, სომხეთ – თურქეთის და სომხეთ – აზერბაიჯანის 12.4 და 1.6 კმ მონაკვეთების აღდგენასთან დაკავშირებით, მზადყოფნით უპასუხა.

დამატებით, მოსკოვმა განმარტა, რომ 2008 წელს სომხეთის მხარესთან გაფორმებულ საკონცესიო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ არის სომხეთის უმოქმედო სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენის პასუხისმგებლობა. უფრო მეტიც, რუსეთის მხარე აღნიშნავს, რომ უმოქმედო სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენა ცალკე ხელშეკრულების საგანია და ახალ საინვესტიციო პაკეტად უნდა იქნეს განხილული.

ნათელი გახდა, რომ რუსეთის მხარემ სომხეთის ტერიტორიაზე ზანგეზურის დერეფნის უმოქმედო მონაკვეთების აღდგენასთან დაკავშირებით დროის გაყვანის სტრატეგიას მიმართა.

შედეგად, სომხეთის პრემიერმა დიამეტრალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა, კერძოდ, მოსკოვს შესთავაზა, კონცესია სომხეთისა და რუსეთის მეგობრული ერთ – ერთი ქვეყნისთვის მიეყიდა. უფრო მეტიც, დაასახელა რიგი ქვეყნები, კერძოდ – ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კატარი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერევნის განცხადებას უცნაური და მიუღებელი უწოდა და კონცესიის ხელშეკრულების პირობების თანმიმდევრულ და გადაჭარბებულ შესრულებაზე მიუთითა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ კონცესიის გეგმის მიხედვით, რუსეთი სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და მოძრავ შემადგენლობაში მნიშვნელოვან ფინანსურ სახსრებს დებს და ამ ეტაპზე ამონაგების სახით მას  ჯერ არ დაბრუნებია ფინანსური სახსრები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უშიშროების საბჭოს მდივნის გაფრთხილებაც დაემატა – „ამ ტიპის სახიფათო ექსპერიმენტებისთვის სომხეთის რიგით მოქალაქეებს მოუწევთ გადახდა“.

უფრო მეტიც, გაისმა კატეგორიული გაფრთხილებაც, კერძოდ – „თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში აშენებული სარკინიგზო სისტემა შეიძლება მყისიერად დაიშალოს, რისთვისაც პასუხისმგებლობა არცერთ „მეგობრულ ქვეყანას“ არ დაეკისრება“.

რუსული მხარის ინერტულობის ფონზე, სომხეთი ნათლად ხედავს თურქეთის ტერიტორიაზე კონკურენტული მარშრუტის ყარსი-იღდირი-არალიკ-დილუჯუს მიმართულებით სარკინიგზო დერეფნის მშენებლობის გააქტიურებას.

თურქეთმა უკვე დაიწყო ნახჭევანის მიმართულებით რკინიგზის მშენებლობა. ყარსი-იღდირი-არალიკ-დილუჯუს რკინიგზის მშენებლობის ოფიციალური საძირკვლის ჩაყრის ცერემონია 2025 წლის 22 აგვისტოს გაიმართა, მას შემდეგ, რაც 2025 წლის 8 აგვისტოს ხელი მოეწერა TRIPP-ს.

ცერემონიალის პარალელურად, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი ხაზი თურქეთს, ნახჭევანსა და აზერბაიჯანს შორის „ხიდი“ გახდებოდა, რომელიც კასპიისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებს (ევროკავშირისკენ) ზანგეზურის დერეფნით დააკავშირებდა.

სომხეთის მხარე ვარაუდობს, რომ რუსული მხარე დროულად არ პასუხობს სომხეთის წინადადებას, უფრო მეტიც, თურქეთის გავლით ნახჭევან-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაჩქარებული ტემპი გამოიწვევს სომხეთის გავლით ყარსის (ნახჭევანი – იერასხი – ახურიკი – ყარსი) მარშრუტის აქტუალობის დაკარგვას.

ასეთი სცენარით განვითარების პირობებში, სომხეთის მხარეს შესაძლებლად მიაჩნია განაცხადოს, რომ ზანგეზურის დერეფნის სომხეთის მონაკვეთზე სატრანზიტო პოტენციალის დაკარგვა კონცესიონერის – კერძოდ, რუსეთის ინერტულობის მიზეზს წარმოადგენს, რასაც სომხეთის ვარაუდით საკონცესიო შეთანხმების გადახედვა უნდა მოჰყვეს.

ამგვარად, ზანგეზურის დერეფნის ირგვლივ მკაფიოდ გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყნების ინტერესების გადაკვეთა. ამ თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურის აღდგენა რეგიონში უფრო ფართო გეოპოლიტიკური დაპირისპირების წინაპირობად იქცა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ჩინეთის მიერ საავტომობილო სატრანზიტო TIR Carnet-ის კონვენციასთან მიერთებამ შუა დერეფნით საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაზიდვების სტაბილური ზრდა უზრუნველყო

Next Post

ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის მიმართულებით სატვირთო ბლოკმატარებლების საერთო რაოდენობის მხოლოდ 2% შუა დერეფნით მოძრაობს, ეს ყოველივე ტვირთბრუნვის გაზრდის რეზერვზე მიუთითებს

Related Posts

ზანგეზური – კონკურენტი თუ ურთიერთშემავსებელი სატრანსპორტო დერეფანი?

ბოლო პერიოდში მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ხშირად შეხვდებით საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და სომხეთ-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ზანგეზურის დერეფნის არა როგორც…
მეტის ნახვა

ათასობით „მიტოვებული“ ვაგონი, გადაზიდვების რეკორდული ვარდნა, ლოკომოტივების დეფიციტი, ცხრაჯერ შემცირებული წმინდა მოგება –   რა გავლენა იქონია ომმა  რუსეთის ყველაზე დიდ სახელმწიფო კომპანიაზე – რუსეთის რკინიგზაზე

რუსეთის რკინიგზის არსებული ფინანსური მდგომარეობა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა უარყოფითი შედეგი მოუტანა ომმა, რუსეთის ერთ – ერთ…
მეტის ნახვა

ტრანსავღანური მარშრუტი – რუსეთის მიერ  შუა დერეფნისთვის დაგებული ხაფანგი (ნაწილი პირველი)

რუსეთი ტრანსავღანური მარშრუტის ამოქმედებით,  შუა დერეფნის გვერდის ავლით ცენტრალური აზიის ქვეყნებს ალტერნატიულ სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე წვდომას…
მეტის ნახვა