ევროპიდან ცენტრალურ აზიაში ახალქალაქის სარკინიგზო კვანძის გამოყენებით – საპილოტე ინოვაციური გადაზიდვის მარშრუტი ამოქმედდა

ლევან ლომსაძე

შპს “GeoRail-Consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორი
სარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი

ბელგიიდან – ყირგიზეთში თურქეთის რკინიგზის, შემდგომ – ახალქალაქის სასაზღვრო სადგურის, ყარსი – თბილისი – ბაქოს  ერთობლიობაში შუა დერეფნის გამოყენებით საპილოტე ინოვაციური გადაზიდვის მარშრუტი ამოქმედდა.

სადღეისოდ შუა დერეფნის გადაულახავ პრობლემად ტვირთნაკადების მოძრაობის დისბალანსი სახელდება, კერძოდ, შუა დერეფნის გავლით ევროპიდან – აზიისკენ მიმავალი ტვირთნაკადების მოცულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება აზიიდან – ევროპის მიმართულებით გადაზიდვების მოცულობას. ფაქტობრივად, ევროპა – აზია – ევროპის სატრანსპორტო გადაზიდვების ღერძზე ევროპიდან – აზიის მიმართულებით „რევერსული“ ტვირთების მწვავე დეფიციტი შეიმჩნევა.
შუა დერეფნის გამოყენებით ევროპა – აზია – ევროპის მიმართულებით ტვირთნაკადების ასიმეტრიული გადაზიდვების პირობებში, დატვირთული კონტეინერის უმეტესობა დაცლის შემდგომ სახმელეთო მარშრუტით ცარიელი ბრუნდება დანიშნულების ადგილზე, რაც მნიშვნელოვნად  ზრდის ტრანსპორტირების ხარჯებს და სხვა ალტერნატიულ მარშრუტებთან მიმართებით ამცირებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას.
2025 წლის მონაცემებით, კასპიის ზღვაზე დატვირთული კონტეინერების რაოდენობა აქტაუდან – ბაქოს მიმართულებით 2.5-ჯერ აღემატებოდა ბაქოდან – აქტაუს მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებს. ასეთი თანაფარდობა გადაზიდვების უთანაბრობაზე და ევროპული ნაწილიდან „რევერსული“ ნაკადის ნაკლებობაზე მიუთითებს.

შედარებისთვის, 2025 წელს რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთ დერეფნის გამოყენებით პირველად ბოლო 15 წლის განმავლობაში ევროპიდან ჩინეთის მიმართულებით სატვირთო საკონტეინერო ბლოკმატარებლების რაოდენობა ჩინეთიდან -ევროპის მიმართულებით გაგზავნილ ბლოკ მატარებლების რეისებს აღემატებოდა.

ჩრდილოეთ მიმართულებით რევერსული ნაკადის არსებობა ნებისმიერი დერეფნისთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გადაზიდვების მომგებიანობის მარჟის გასაზრდელად და აუცილებლობის შემთხვევაში სატარიფო ფასდაკლების განსახორციელებლად.
სწორედ არსებული დისბალანსის აღმოფხვრით იყო განპირობებული 2026 წლის მარტში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ასოციაციის მიერ ევროპული ნაწილიდან აღმოსავლეთის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვებზე დამატებითი სატარიფო პრეფერენციების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

კერძოდ, შუა დერეფნის ქვეყნები შეთანხმდნენ ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებიდან ყაზახეთისა და ჩინეთის მიმართულებებით დატვირთულ კონტეინერზე 50 %-იანი ფასდაკლების გამოყენების შესახებ.

ანალოგიურად, თურქეთიდან – ყაზახეთის, ჩინეთის და ყაზახეთის გავლით ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით დატვირთულ კონტეინერზე 33 %-იანი ფასდაკლებების გამოყენების შესახებ.

ბუნებრივია, TITR ასოციაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანს შუა დერეფნის გავლით ევროპიდან – აზიის მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვების სტიმულირება და არსებული „დისბალანსის“ აღმოფხვრა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ TITR ასოციაციის მიერ სატარიფო შეღავათების დაწესების შედეგად მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში ბელგიიდან თურქეთის რკინიგზის, შემდგომ ბაქო – თბილისი ყარსის და შუა დერეფნის გამოყენებით ყირგიზეთის დანიშნულებით 11 ერთეული Swap Body-ის (გადასადგმელი ძარა) ტიპის სარკინიგზო ვაგონ-პლატფორმა გაიგზავნა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გადაზიდვა განხორციელდა ახალი ლოგისტიკური მარშრუტით, კერძოდ, 11 ვაგონისგან შემდგარი სატვირთო შემადგენლობა (აღნიშნული ვაგონები სხვა ვაგონებთან ერთად იყო ჩართული ერთიან სატვირთო მატარებლის შემადგენლობაში) სტამბოლის მახლობლად მდებარე თურქული კიოსეკოის ტერმინალიდან გამოვიდა.

კიოსეკოის ტერმინალი სტამბოლთან სიახლოვეს თურქეთის მძლავრ სარკინიგზო ლოგისტიკურ კვანძს წარმოადგენს, რომელიც აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ჩინეთის მიმართულებებით ბლოკმატარებლების ფორმირებისთვისაა განკუთვნილი.

გადაზიდვა Swap Body-ის გადასადგმელი ძარით აღჭურვილი რკინიგზის პლატფორმების გამოყენებით განხორციელდა.

საპილოტე გადაზიდვა ფაქტობრივად, როგორც შუა დერეფნისთვის, ასევე ბაქო – თბილისი – ყარსის მონაკვეთისთვის გადაზიდვის ინოვაციური ლოგისტიკური გადაწყვეტის პრაქტიკულ დანერგვას წარმოადგენს.

Swap body კლასიკური კონტეინერისგან განსხვავებით დასაკეც/გასაშლელი ფეხებით აღჭურვილ გადასადგმელ ძარას წარმოადგენს. გემზე პირდაპირი გადაზიდვისთვის ნაკლებად გამოიყენება და ძირითადად სარკინიგზო + საავტომობილო ტრანსპორტირებისთვისაა ადაპტირებული.

თურქეთის სარკინიგზო მაგისტრალის გავლის შემდგომ ახალქალაქში განხორციელდა გადასადგმელი ძარის ხიდურა ამწით ევროპული 1435 მმ ლიანდაგიდან 1520 მმ სტანდარტულ ვაგონ-პლატფორმაზე გადატვირთვა.

ევროპიდან – ცენტრალური აზიის მიმართულებით საპილოტე შემადგენლობის გატარების ინოვაციურ ლოგისტიკურ გადაწყვეტას შუა დერეფნისთვის პრაქტიკული შედეგი გააჩნია.

საქართველო დერეფანში ხდება ინტერმოდალური გადაზიდვების აქტიური და სტრატეგიული მოთამაშე, ევროპიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით იზიდავს ახალ „რევერსულ“ ტვირთნაკადებს.

ლოკალურ დონეზე აქტუალობას იძენს ნაკლებად დატვირთული ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის მარაბდა – ყარწახის მონაკვეთის ამოქმედება. გარდა ამისა, ახალქალაქის სარკინიგზო სადგური იძენს დამატებით მიმზიდველობას და უჩნდება შესაძლებლობა,  მძლავრ გადამტვირთავ კვანძთან ერთად, ახლო მომავალში ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბების პერსპექტივა.

ახალი ლოგისტიკური მარშრუტის ამოქმედება ხელს უწყობს რეგიონებს შორის დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ასევე იზრდება Swap body carrier wagon-ებზე მოთხოვნა.

გარდა ამისა, ონოვაციური გადაზიდვების პირობებში გაიზრდება ბაქო – თბილისი – ყარსის მაგისტრალის მარაბდა კარწახის მონაკვეთზე მატარებლების ოპერაციული სიჩქარე, რაც თანხვედრილი იქნება ახალქალაქის კვანძში გადატვირთვის ოპერაციების დაჩქარებასთან და საბაჟო პროცესების სინქრონიზაციასთან.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

აზერბაიჯანმა და საქართველომ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისას ორმხრივი და ტრანზიტული, ასევე მესამე ქვეყნის ნებართვების რაოდენობა გაზარდეს

Next Post

იზრდება თუ არა რეალურად შუა დერეფნით გადაზიდვების მაჩვენებელი? დერეფნის საქართველოს მონაკვეთის ეფექტიანობა გატარებული ტრანზიტის კრიტერიუმით უნდა შეფასდეს

Related Posts

ზემო ლარსზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ელექტრონული რიგის დაჯავშნის საპილოტე სისტემის ამოქმედება ე.წ. შუამავლების ჩართულობას და ფინანსურ მაქინაციებს გამოიწვევს

2025 წლის 1 ოქტომბრიდან საკონტროლო – გამშვებ პუნქტ ზემო ლარსზე, რუსეთის მხრიდან სატვირთო ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ ელექტრონული დაჯავშნის…
მეტის ნახვა

საზღვაო სავაჭრო ფლოტის აღდგენის და საზღვაო დროშის ბიზნესის განვითარების რა პერსპექტივა გააჩნია საქართველოს? (ნაწილი პირველი)

გარდა იმისა, რომ საქართველოს საზღვაო ქვეყნისთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი გააჩნია, ნავსადგურების ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, მეზღვაურების მომზადებისა და დასაქმების სისტემით…
მეტის ნახვა

რუსეთი როკის გვირაბის გავლით ტრანსკავკასიური საავტომობილო დერეფნის აღდგენის ტექნიკურ და ინსტიტუციონალურ დეტალებს აანონსებს

ბოლო ხანებში რუსეთის საინფორმაციო სივრცეში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ანალიტიკურ ინფორმაციებს საქართველო – რუსეთის დამაკავშირებელი ტრანსკავკასიური საავტომობილო მარშრუტის…
მეტის ნახვა