საავტომობილო გზებზე სატრანზიტო გადაზიდვები მცირდება – ქართველი მძღოლის თვალით დანახული პრობლემები

რეგიონში საომარი დაპირისპირების შედეგად საქართველოს საავტომობილო გზებზე ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა – 2022 წელს 2021 წელთან შედარებით – 50 % – ით გაიზარდა.

2021 წელს საქართველოს გავლით ტრანზიტად მოძრაობდა 332 100 ერთეული სატვირთო, 2022 წელი – 496 300 ერთეული სატვირთო (იხ. დიაგრამა).

საქართველოზე გამავალი დერეფნისათვის ზრდის ასეთი მაჩვენებელი, მოკლე პერიოდში,  უდავოდ დადებით და იმედის მომცემ ტენდენციად იქნა მიჩნეული.

ბუნებრივია, 2023, 2024 და 2025 წლებში მნიშვნელოვანი იყო, საავტომობილო გზებზე არა მხოლოდ შენარჩუნებულიყო, არამედ გაზრდილიყო ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა. საექსპერტო შეფასებით, ზრდის ყველანაირი შესაძლებლობა არსებობდა და მინიმალური მოლოდინი თუნდაც 5 – 7% – იანი ზრდის ტრენდის შენარჩუნება იქნებოდა.

მომდევნო წლებში, ზრდის დინამიკის ნაცვლად, საქართველოს დერეფნის საავტომობილო გზებზე სატრანზიტო გადაზიდვებმა დაღმავალი ტენდენცია მიიღო. 2023 წელს ტრანზიტად საქართველო გადაკვეთა – 514 300 ერთეულმა სატვირთომ, 2024 წელს – 513 600 ერთეულმა, 2025 წელს – 489 500 ერთეულმა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს 50 % ზრიდს ფონზე, სახელმწიფომ გზით სარგებლობის საფასურის არსებული გადასახადი 200 ლარიდან 350 ლარამდე 75%-ით გაზარდა.

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ 2023–2025 წლებში საქართველოს დერეფნის სატრანზიტო მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტული გადაზიდვების 5 % იანი შემცირების ტენდენცია შეინიშნება.

რაც შეეხება გადაზიდვების კლების მიზეზებს, გადამზიდავი კომპანიები და ცალკეული მძღოლები ერთ-ერთ ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორად გაჭიანურებულ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურებს ასახელებენ. მათივე განმარტებით – „მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საბაჟო პუნქტებში რიგები, მებაჟეების პასიური მუშაობა, დაუსაბუთებლად გაზრდილი სატრანზიტო – 350 ლარი და პარკის – 80 ლარი გადასახადები, რომლებსაც არ მოჰყვება ადეკვატური სერვისები“.

ქვეყანაში გაჭიანურებული საბაჟო-სასაზღვრო პროცედურების გამო, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი გადამზიდველები ხშირად მარშრუტს იცვლიან, აღნიშნული კი ნეგატიურად აისახება სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე.

სექტორში დასაქმებული გადამზიდველი მძღოლები ძირითად პრობლემად ბოლო პერიოდში საქართველოს სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე დაგროვილ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას – „ამხელა მანძილებს გავდივართ, ათასი წინაღობის გავლა გვიწევს, მოადგები ღამენათევი, ნანერვიულები, გადაღლილი ქვეყნის საზღვარს და იქ კიდევ ღამეების თევა გიწევს. იმის ნაცვლად, რომ ხელი შეგვიწყონ და უსაფრთხოდ განვახორციელოთ გადაზიდვა, ყველაზე დიდი პრობლემა  საქართველოს საზღვრებზე გველოდება“.

ხშირია საზღვარზე მძღოლების განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების დამუშავებისთვის განკუთვნილი ნორმატიული ვადის გადაცილების შემთხვევბი – „ერთ მანქანას ერთ საათში უშვებენ და, რა თქმა უნდა, რიგი იქნება. ვლადიკავკაზში ჩასვლა-ჩამოსვლას ორი კვირა უნდები, დაიღალნენ მძღოლები, ბოლოს აღარავინ წავა და უარესი არ იქნება? რატომ ვერ დალაგდა ეს საზღვარი, რა გახდა, არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება“.

ქართველი მძღოლები საზღვრებზე არასაკმარისი პერსონალის რაოდენობაზე ამახვილებენ ყურადღებას„ხშირად ათი კაცის საქმეს ერთი ადამიანი ასრულებს. საბაჟოზე მძღოლები ვიტანჯებით, რატომ არ უნდა დაალაგოს ეს საკითხი სახელმწიფომ?“. ანდაც„არსად არაფერია დალაგებული, ლაგოდეხში ღამით ერთ ადამიანს ამუშავებენ, აზერბაიჯანის მხრიდან კილომეტრიანი ოჩერედია, წითელ ხიდზე კიდევ უარესი – საბაჟოზე პერსონალი არ არის, კიდევაა დასამატებელია“.

გარდა გაჭიანურებული სასაზღვრო – საბაჟო პრობლემებისა, გადამზიდავი მძღოლები – დერეფნის გასწვრივ მაღალ გადასახადებზეა აქცენტი გაკეთებული – კერძოდ, მძღოლები წინასასაზღვრო პარკების სიძვირეზე ამახვილებენ ყურადღებას – „პარკის გადასახადი 80 ლარია, არანაირი სერვისი არ გააჩნია. შეამცირეთ – 80 ლარი ძალიან ძვირია“.

მძღოლები საზღვრებზე ინფრასტრუქტურის არასრული დატვირთვით გამოყენებასა და მისგან გამომდინარე სისტემურ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას„საქართველოს ყველა საზღვარზე ერთი და იგივე პრობლემაა, ოთხი რიგის ნაცვლად ყველგან ერთ რიგს ამუშავებენ, დანარჩენი გასასვლელები დაკეტილია“.

გარდა გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის დაბალი დატვირთვით გამოყენებისა, არსებობს სასაზღვრო გადასასვლელები სადაც გაჭიანურებულია ინფრასტრუქტურის მოწყობა„დარიალის გამშვებ საბაჟოზე ერთი წელია თითქმის აკეთებენ ერთ გამშვებ ხაზს, მაგრამ საშველი ვერ დაადგა. ძირითადად სატვირთო მძღოლები ტანჯვას გადიან. მოსულია დრო, რომ მძღოლები საძებარი გაგიხდებათ და მერე როგორ იქნება ტვირთის ბრუნვა, დაინახავთ. დააფასეთ მძღოლის შრომა“.

მძღოლები საზღვრებზე სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას – „რუსეთის მხარე დარიალის საზღვარს აფართოებს, ჩვენებმა ორი გამშვები ვერ გააკეთეს, რომ ნორმალურად ვიმოძრაოდ“. ანალოგიურ პრობლემაზე აღნიშნავენ სხვა მძღოლებიც“ზემო ლარსზე მინიმუმ, რვა ზოლი მაინც უნდა მუშაობდეს, ამუშავებენ ორს, არ ყოფნის ეგ ორი ზოლი, დიდი ნაკადია პატრონი არავინ არაა”.

ახალქალაქის რეგიონში დროში გაჭიანურებული და დაუსრულებელი საგზაო პროექტები სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სირთულეებს ქმნის, რაც პირველ რიგში საქართველოზე გამავალი დერეფნის და  სატრანზიტო გადაზიდვებზე ნეგატიურად აისახება.

ზამთრის პერიოდში ახალქალაქის რაიონის ახალქალაქი – კარწახის მონაკვეთზე არ შეცვლილა, რაზეც სატვირთოს მძღოლების მიერ გადაღებული კადრები და სოციალურ ქსელში ატვირთული მასალა მოწმობს.

აღნიშნული საავტომობილო მონაკვეთი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური გადაადგილების უზრუნველსაყოფად, არამედ ძირითად სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც სახელმწიფოთაშორის ტვირთების გადაზიდვებს ემსახურება.

გადამზიდავები სახელმწიფოთაშორის ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთის სავალალო მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას„ორმოების თავიდან ასარიდებლად საპირისპიროდ მოძრავი მანქანები ერთმანეთს გზას ვუთმობთ. ვთხოვთ ქვეყნის ხელმძღვანელობას, ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას და მიიღონ შესაბამისი ზომები გზის აღსადგენად“.

გადამზიდველი მძღოლები კომპლექსურად უყურებენ სისტემაში არსებულ პრობლემებს, გარდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებისა, ყურადღებას ამახვილებენ მძღოლების მიმართ საპატრულო პოლიციის გულგრილ დამოკიდებულებაზე –  „მარტყოფთან შემოვლით გზაზე ხშირია, პატრულის ზერელე დამოკიდებულება, გზა დაკეტილი აქვთ და მარტყოფში გეუბნება, რომ ცარილსაც არ შეგიძლია გასვლა. ხშირად მალფუჭებადი ტვირთით თუ ხარ, მაგალითად ატმით დატვირთული, გეკუთვნის პრიორიტეტში გავლა, მაინც არ გატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ნატახტარში ასეთი მალფუჭებადი ტვირთით დატვირთული მანქანებისთვის იმხელა პარკია გაკეთებული, მიუხედავად ამისა, პატრული მარტყოფში გვაჩერებს 38 გრადუს სიცხეში იმ მოტივით, რომ იქნებ ნატახტარში ადგილი არ იყოსო. არადა, მარტივად შესაძლებელია პროგრამაში ცარიელი და დაკავებული ადგილების ნახვა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ნატახტარში 380 ცარიელ ადგილს აჩვენებდა და პატრული მძღოლს ეუბნება, იქნებ ადგილები არ იყოსო, და არც გისმენს, ეს ყოველივე ხელოვნური ბარიერის შექმნის ტოლფასია”.

ხშირად მძღოლები საპატრულო სამსახურის მოუქნელ, ხისტ მუშაობაზე ამახვილებენ ყურადღებას„უაზრო შეზღუდვებია დაწესებული რიკოთის მონაკვეთზე, არც წყალი, არც ელემენტარული რაიმე სანიტარული სერვისი. იქნებ რამე რეაგირება მოახდინონ – ამ ტვირთნაკადის გასატარებლად, სათანადო სერვისების გარეშე საქართველო ჯერ მზად არ არის“.

გარდა გაჭიანურებული სასაზღვრო – საბაჟო პროცედურებისა, გადამზიდავები სატრანსპორტო კვანძებთან ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე, კერძოდ, ბათუმის ნავსადგურთან მისასვლელი გზის უხარისხობაზე ამახვილებენ ყურადღებას„სატრანსპორტო დერეფნით მილიარდები კეთდება, შემოსავალი სად მიდის? ბათუმის პორტი მილიონებს შოულობს და პორტის წინ ოთხი თვეა გზა ვერ შეუკეთებიათ. ნუთუ მერიას არ სცხვენია? ის მაინც გააკეთე, საიდანაც ფული შემოდის? ყველა მძღოლი დამეთანხმება, ფული რომ იშოვება, დახარჯე და გზა გამიკეთე, შე ოჯახაშენებულო. განა მეტს ვითხოვ? მე რომ არ ვიყო და არ ვიარო, მაგ ფულს ხომ ვერ იშოვი, არა? ჩემით შოულობ და ელემენტარული გზა მოაწესრიგეთ, ხომ შეიძლება?!“.

ერთ – ერთი ლოგისტიკური კომპანიის წარმომადგენელმა სისტემურად ჩამოაყალიბა დარგში დაგროვილი პრობლემები და რთულია, მას არ დაეთანხმო – „საქართველოს ნამდვილად შეუძლია არსებული ვითარების შეცვლა, თუმცა ამისთვის საჭიროა სისტემური და სიღრმისეული ანალიზი.


დღეს ყველას სურს ტვირთი ჩაიტანოს „იაფად და სწრაფად“, თუმცა ხშირად სერიოზულ სისტემურ ხარვეზებს ეჯახება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ პრობლემებზე რეაგირება ხშირად მხოლოდ წესებისა და შეზღუდვების დაწესებით შემოიფარგლება, მაგრამ პრაქტიკულად არანაირი ყურადღება არ ექცევა სერვისის გაუმჯობესებასა და სისტემის ოპტიმიზაციას.


დღეს სატრანსპორტო სექტორი – მძღოლები, გადამზიდავები და ლოგისტიკური კომპანიები – ყოველდღიურად ურთულეს გზას გადიან და ბევრ პრობლემას ეჯახებიან. ხშირად გართულებული ბიუროკრატიული პროცედურების გამო ზარალდებიან კომპანიები და ამ პროცესში ქვეყანა კარგავს საერთაშორისო პარტნიორების ნდობასა და კონკურენტუნარიანობას“.

მძღოლების თვალით დანახული პრობლემების საუძველზე გაკეთებული ზოგადი დასკვნები:


ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სასაზღვრო – საბაჟო გამშვებ პუნქტში გაჭიანურებული პროცედურების სისტემურობა, გარდა ამისა, ხაზგასასმელია საზღვრებზე პერსონალის არასაკმარისი რაოდენობა და ბოლო პერიოდში პერსონალის საგრძნობი შემცირების ტენდენცია;


საზღვრებზე სატრანსპორტო საშუალების დამუშავებისთვის განკუთვნილი ნორმატიული ვადის ხშირი დარღვევის ფაქტები;
ქვეყნის სატრანსპორტო მაგისტრალებზე მძღოლების მიმართ საპატრულო პოლიციის გულგრილი და ხისტი დამოკიდებულება;


სატრანსპორტო კვანძებთან და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და მისასვლელი გზების უხარისხობა;


სახელმწიფო სტრუქტურებში გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ პროცესში დროული ჩართულობა ხელს შეუწყობდა საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვების შემცირების ტენდენციების ლოკალიზებას და კონკურენტუნარიანობის დაქვეითების ტენდენციის შეჩერებას.

Top of Form

Bottom of Form

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

პაატა ცაგარეიშვილი – საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს

Next Post

აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავოსში გაკეთებული განცხადება, ქვეშეთი – კობის მონაკვეთის ფინანსურ უკუგებას კითხვის ქვეშ აყენებს

Related Posts

საქართველოს ნავსადგურებში, წარმატებით გაიარა ტესტირება და ამოქმედდა  საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროექტი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund) ხელშეწყობით საქართველოს…
მეტის ნახვა

კურიკის ნავსადგურში რეკორდულად მოკლე ვადაში  ფსკერდაღრმავებითი სამუშაოები განხორციელდა

შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტვირთწარმომქმნელ ქვეყნებში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გარდა დერეფნის ერთ – ერთ  „ვიწრო…
მეტის ნახვა
„მიმაჩნია, რომ იმ სახელმწიფო პირებს, რომლებიც მსხვილ პროექტებს ახორციელებენ, ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გამოცდილება არ აქვთ“, –…
მეტის ნახვა