სატვირთო ვაგონების შესყიდვის პრაქტიკა საქართველოში – მიმოხილვა და რეკომენდაციები

ლევან ლომსაძე
შპს “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორი
სარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (https://procurement.gov.ge) 2021-2024 წლებში რეგისტრირებულია ექვსი სახელმწიფო შესყიდვა, რომლებიც სს „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო ვაგონების შეძენასთანაა დაკავშირებული.

წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია შესყიდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში  წარმოდგენილი  ინფორმაციის თანახმად, სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ გამოცხადებული ექვსი სატენდერო შესყიდვიდან მხოლოდ ერთი დასრულდა დადებითი შედეგით, რაც სატვირთო  ვაგონების შესყიდვის   პროცესის დაბალ ეფექტიანობაზე მიუთითებს.

2021 წელს შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის სავაჭრო სახლთან“ – 100 ერთეულ ნახევარვაგონის შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა.  ასეთი ტიპის ხელშეკრულებები, ადგილობრივი წარმოების ჩართულობის და საქართველოში მოქმედი საწარმოს განვითარების კუთხით   განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ამგვარი პროცესები ხელს უწყობს ქვეყანაში ინდუსტრიული  შესაძლებლობების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და სატრანსპორტო სექტორის ტექნოლოგიურ განვითარებას.

დანარჩენი ხუთი  ტენდერიდან  სამი  არ შედგა, რადგან არცერთი წინადადება არ იქნა წარდგენილი,  ხოლო  ორი ტენდერში ტექნიკური დოკუმენტაციის არასრულყოფილების მიზეზით  დისკვალიფიკაცირებული  იქნა პრედენდენტი  და შესაბამისად  უარყოფითი შედეგით დასრულდა. 

საერთაშორისო პრაქტიკაში, ტენდერის ჩატარება-ჩაშლის   მაჩვენებელი განსაზღვრავს იმ რესურსების ეფექტურობას, რომლებიც იხარჯება პროექტების განხორციელებაზე.

ტენდერის წარმართვის პროცესში, დაბალი მაჩვენებელი (ერთი  წარმატებული ტენდერი ექვსი გამოცხადებულიდან) მიუთითებს  სხვადასხვა სახის ხარვეზის და სირთულის არსებობას.  ეს ყოველივე აფერხებს პროექტების დროულ შესრულებას და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას.

არსებული სატენდერო პრაქტიკის პირობებში   საქართველოს რკინიგზის ოპერაციული და ინფრასტრუქტურული საჭიროებების დროულად დაკმაყოფილება ვერ ხდება, რაც  აზიანებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის კონკურენტუნარიანობას.

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაც მეტი პრეტენდენტია, მით უფრო მაღალია ტენდერის წარმატების შანსი და ეკონომიკური ეფექტიანობა.  შეზღუდული კონკურენცია, განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორიცაა ვაგონების წარმოება, პირდაპირ კავშირშია რეგიონში  ვაგონმშენებლობის ინდუსტრიის მდგომარეობასთან და ბაზარზე არსებული საერთაშორისო  მოთამაშეების რაოდენობასთან.

სატენდერო მოთხოვნების ტექნიკური ნაწილის და  შესყიდვების პირობების რთული ან გაუმართავი ფორმულირება ტენდერის ჩაშლის  ყველაზე ხშირი მიზეზია. საერთაშორისო კვლევები ხშირად უსვამს ხაზს,  რომ ტექნიკური დოკუმენტაციის ზედმეტად მკაცრი მოთხოვნები ან დოკუმენტაციის პროცესის გაურკვევლობა პრეტენდენტებს უშლის ხელს შესყიდვაში მონაწილეობაში. აუცილებელია გონივრული ბალანსის პოვნა ტექნიკური მოთხოვნებისა და რეალური ბაზრის შესაძლებლობებს შორის, რათა  არ მოხდეს პოტენციური პრეტენდენტების შეზღუდვა და/ან დისკვალიფიკაცია მხოლოდ ფორმალური მიზეზებით.

შესყიდვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში კითხვების და პასუხების მოდულში პოტენციური პრეტენდენტები ხშირად გამოთქვამენ მოსაზრებებს სატენდერო პირობების უფრო რეალური მოთხოვნების ჩამოყალიბების შესახებ. ასეთია, მაგალითად, მიწოდების ვადის გახანგრძლივება,  საგარანტიო პერიოდში ტექნოლოგიური წუნის აღმოფხვრის ვადების ზრდა,   წინადადებების მომზადების და წარდგენის ვადების არარაციონალურად მოკლე ვადა  და ა.შ. ამგვარ მოსაზრებებს ხშირად აყენებდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ДИЗЕЛЬНЫЙ ЗАВОД“, Частное акционерное общество „Днепровагонмаш“, შპს „სკაინესტ რეილ ჯორჯია“ და შპს „ას გრუპ 1990“.

 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ სატვირთო ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებული ექვსი ტენდერის ანალიზი აჩვენებს რამდენიმე მნიშვნელოვან ტენდენციასა და გამოწვევას, რომლებიც საჭიროებს შემდგომ დეტალურ განხილვას. ეს ტენდენციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო შესყიდვებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საქართველოსა და რეგიონში.

  დასკვნა და რეკომენდაციები

 სს „საქართველოს რკინიგზა“- ს მიერ  გამოცხადებული   შესყიდვების ანალიზი აჩვენებს საჯარო შესყიდვების სისტემაში არსებულ სტრუქტურულ პრობლემებს. კონკურენციის დაბალი დონე, ტექნიკური დოკუმენტაციის მიზეზით დისკვალიფიკაციის მაღალი მაჩვენებელი და მოქნილობის ნაკლებობა წარმოადგენს იმ გამოწვევებს, რომლებიც ცალსახად საჭიროებს გაუმჯობესებას.  შესაბამისად  კერძო  სექტორისთვისაც   მნიშვნელოვანია  შემდეგი  რეკომენდაციები:

  1. ტექნიკური მოთხოვნების გადახედვა: ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების გასამარტივებლად და დისკვალიფიკაციის შემთხვევების შესამცირებლად საჭიროა ტექნიკური მოთხოვნების არსებული სტანდარტების გადახედვა და მათი შესაბამისობაში მოყვანა  ბაზრის შესაძლებლობებთან.   აუცილებელია 1520  მმ-იანი    სივრცის  მიღმა არსებული მწარმოებლების  დაინტერესება(მაგალითად: Tatravagónka a.s. PopradP). 
  2. შეფასების კრიტერიუმების დახვეწა: აუცილებელია ტენდერის შეფასების პროცესის უფრო გონივრული კრიტერიუმების გამოყენება, და სწორი ბალანსის გამონახვა ტექნიკური წინადადების ხარისხსა და ფინანსურ წინადადებას შორის. ხშირ შემთხვევაში ყველაზე დაბალი ფინანსური წინადადება ტენდერში გამარჯვების გადამწყვეტი კრიტერიუმია, რაც ხშირად არაჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას ქმნის. ამგვარი მიდგომა თავიდან აგვაცილებს ეკონომიკური დანაკარგების გამომწვევ დისკვალიფიკაციას (ნაკლებხარისხიანი ვაგონი აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკურ დანაკარგს ექსპლუტაციიას),  და  უზრუნველყოფს ვაგონების   მეტი მწარმოებლების ჩართულობას  შესყიდვის  პროცესში. 
  3. მოქნილი პირობების შემოღება: პრეტენდენტების მოსაზრებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ტენდერის პროცესის მოქნილი პირობების შემოღება, როგორიცაა მიწოდების ვადების გახანგრძლივება და წინადადებების მიღების ვადების გაზრდა, რათა მეტი პრეტენდენტის მონაწილეობა მოხდეს.

 შესყიდვების პროცესის ამგვარი გაუმჯობესება   ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სატვირთო ვაგონების ბაზარზე კონკურენციის ზრდას, რაც საბოლოოდ გამოიწვევს შესყიდვების პროცესის უფრო ეფექტურად  და წარმატებულად წარმართვას.

წინასწარი შეფასებით, საქართველოში,  შესაძენი სატვირთო  ვაგონების  პოტენციური ბაზრის მოცულობა და  კერძო სექტორის პოტენციური     მოთხოვნა    აჭარბებს 65 მილიონ აშშ დოლარს.  გათვლები ეფუძნება  სახელმწიფო შესყიდვებში დაფიქსირებულ სატენდერო და საკონტრაქტო ფასებს.   

შესყიდული სატვირთო ვაგონების რაოდენობა (სულ 100 ერთეული ნახევარ-ვაგონი), არასაკმარისი აღმოჩნდა სატვირთო სავაგონო პარკის განახლებისა და, შესაბამისად, გაახალგაზრდავებისთვის.

შესყიდული ახალი  ვაგონების    მცირე რაოდენობის გამო, ინვენტარული პარკის  ვაგონების   ტექნიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად  ჩამორჩება  არსებულ  მოთხოვნას. ეს პრობლემა პირდაპირ აისახა პარკის ეფექტურობასა და ექსპლუატაციაზე, რაც დამატებით გამოწვევებს უქმნის საოპერაციო  საქმინობას. შესაბამისად, ვაგონების პარკის განახლების საკითხი საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს.  სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ყველაზე მოთხოვნად და დეფიციტურ ტიპის 120 ნახევარვაგონის შესყიდვის გამოცხადება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიმდინარე ოპერირების სტაბილურობისათვის.  გრძელვადიანი განვითარება აუცილებლად მოითხოვს სავაგონო პარკის განახლებას კერძო სექტორის უფრო ფართო ჩართულობით — კერძო ოპერატორების მონაწილეობით, რომლებიც საკუთარ სავაგონე პარკს შექმნიან. ასეთი მიდგომა საშუალებას მისცემს სს „საქართველოს რკინიგზას“საკუთარი ფინანსური რესურსები ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ახალი მაგისტრალური ლოკომოტივების შეძენაზე მიმართოს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ნოვოროსიისკის ნავსადგურის პარალიზების შემთხვევაში -ყაზახური ნავთობის საქართველოზე გადმორთვის პერსპექტივები

Next Post

„თბილისი დრაი პორტი“ – ნავსადგურებში დამუშავებული საკონტეინერო ნაკადის ბლოკმატარებლებით გადაზიდვების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს

Related Posts

რუსეთის სტრატეგიული ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტის პერსპექტივები

ბოლო წლებში, აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან სავაჭრო კავშირების გასაღრმავებლად, ჩრდილოეთ საზღვაო მარშრუტი რუსეთის ევროპული ნაწილისათვის  სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.  …
მეტის ნახვა

Royal Caribbean თან მემორანდუმის გაუქმებით ქვეყანამ საკრუიზო ბიზნესის განვითარების პერსპექტივა დაკარგა

არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომელსაც ტურისტული ქალაქი ვერ იყენებს. წლების წინ, ბათუმში საკრუიზო ბიზნესის განვითარება საკმაოდ აქტუალური და პოპულარული იყო.…
მეტის ნახვა

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გაფართოება ცენტრალური აზიიდან ახალი ტვირთნაკადების მოზიდვაზეა ორიენტირებული

უნდა აღინიშნოს, რომ თუ 15 – 20 წლის უკან ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნები, მსოფლიო ბაზრებზე საკუთარი ბუნებრივი რესურსების…
მეტის ნახვა